The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე (წინასიტყვაობა)

წყარო

ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე

 

წინასიტყვაობა

ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აღნუსხავს ამა თუ იმ ხელოვანის ღვაწლს და, როგორც ისტორიულ-ბიოგრაფიული დოკუმენტური გამოცემა, უმნიშვნელოვანესი წყაროა მკვლევართათვის. ქართველი მეცნიერების ილია გორგაძისა და ნოდარ გურგენიძის მიერ 1987-2003 წლებში გამოქვეყნებული ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ალექსანდრე ყაზბეგისა და იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანეები დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ათწლეულების მანძილზე რჩებოდა სამაგიდო წიგნებად.

მატიანის ღირსება განისაზღვრება იმით, თუ რამდენად სრული და დოკუმენტურად დადასტურებულია მასში თავმოყრილი ინფორმაცია. შესაბამისად, დროთა განმავლობაში საჭირო ხდება მისი შევსება ახალგამოვლენილი წყაროებისა და სამეცნიერო კვლევების საფუძველზე. ამ მიზანს ისახავდა წინამდებარე ელექტრონული გამოცემაც. „ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანის“ 1987 წლის ბეჭდურ ვერსიასთან შედარებით იგი მოცულობით სამჯერ გაიზარდა და საგრძნობლად დაიხვეწა მასალის ორგანიზების სტრუქტურა.

ილია ჭავჭავაძე, სიცოცხლეშივე „ერის მამად“ წოდებული, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი და „ილია მართლად“ სახელდებული, არის პიროვნება, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის სულიერი, კულტურული, სოციალური და პოლიტიკური განვითარების საქმეში. მისი პოპულარობა და მნიშვნელობა საუკუნეების შემდეგაც არ კლებულობს, რადგან რაც უფრო უკეთ ვეცნობით მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, რაც უფრო ვუღრმავდებით მის მხატვრულსა და დოკუმენტურ მემკვიდრეობას, მით უფრო ცხადად ვხედავთ ამ პიროვნების ღირსებებსა და ღვაწლს.

მნიშვნელოვანია, რომ წინამდებარე ქართულ გამოცემასთან ერთად ქვეყნდება მატიანის ინგლისური ვერსიაც. იგი უცხოელ მკითხველს ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებასთან ერთად გააცნობს საქართველოს იმჟამინდელ ყოფასაც, რადგან მე19 საუკუნის 60-იანი წლებიდან მწერლის გარდაცვალებამდე ჩვენი ერის ცხოვრებაში არ მომხდარა არცერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელშიც მას მონაწილეობა არ მიეღოს ან არ გამოხმაურებოდეს, როგორც მწერალი და ჟურნალისტი.

კვლევითი საფუძვლები: როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანეების მომზადების გარკვეული გამოცდილება საქართველოში დღემდეც არსებობდა, მაგრამ, იმის გამო, რომ ამ საქმეს ინდივიდუალური პირები ასრულებდნენ, ხერხდებოდა მხოლოდ მზა ინფორმაციის თავმოყრა სხვადასხვა წყაროებიდან. თუ მასალას სჭირდებოდა თარიღის დადგენა, ავტორის ან ადრესატის იდენტიფიცირება, იგი ჩვეულებრივ მატიანის გარეთ რჩებოდა, სხვადასხვა გამოცემებში არსებული ხარვეზები კი წიგნში პირდაპირ გადმოდიოდა.

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით მოხერხდა, რომ წიგნის მზადების პარალელურად გვეწარმოებინა ტექსტოლოგიური კვლევები იმ საკითხების შესასწავლად, რომელთა გარკვევაც იყო საჭირო მატიანისთვის. გამოცემაში ვერ შევიტანდით ინფორმაციას ვერცერთი ტექსტის შესახებ, თუ არ გავარკვევდით, რომ ის ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის, ვერცერთ მოვლენას ქრონოლოგიურ რიგში ვერ ჩავსვამდით, თუ არ დავადგენდით თარიღს, მკითხველს ვალიდურ ინფორმაციას ვერ მივაწვდიდით, თუ არ დავაზუსტებდით, ვინ იყვნენ ანოტაციაში მოხსენიებული პირები და სხვ. უახლესი ტექსტოლოგიური ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოებულ სამეცნიერო ძიებათა შედეგად მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ფაქტების გარდა, დათარიღდა: 176 პირადი წერილი და 7 ლექსი, დადგინდა 8 თხზულების ადრესატი, დაზუსტდა არაერთი ტექსტის ავტორობის საკითხი და გაირკვა თხზულებებში მოხსენიებული 100-ზე მეტი პირის ვინაობა. სამეცნიერო სტატიების კრებული, რომელშიც კვლევის შედეგები სრულად არის ასახული, გამოიცა სათაურით „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისათვის“. მიღებულმა შედეგებმა ნათლად წარმოაჩინა, ტექსტოლოგიური კვლევების არსებითი მნიშვნელობა ისტორიულბიოგრაფიული ხასიათის გამოცემებისათვის.

მასალის მოძიება: საინფორმაციო წყაროდ გამოვიყენეთ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ტექსტოლოგიის განყოფილების არქივში დაცული ნუსხები, რომლებიც წლების წინ მოამზადეს ამ ცენტრის ყოფილმა მეცნიერ-თანამშრომლებმა: ზურაბ კალანდაძემ და ქეთევან ვაშაყმაძემ. მასალის მოძიებაზე რამდენიმე კაცისგან შემდგარი ჯგუფის მუშაობამ საშუალება მოგვცა სრულად ამოგვეკრიფა ინფორმაცია ხელნაწერთა საცავების ასობით დოკუმენტიდან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ეროვნულ არქივში დაცული „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სხდომათა ოქმები. მათ საფუძველზე შექმნილი ანოტაციებით მკითხველი გაეცნობა იმ დადგენილებებს, რომლებსაც ილია ჭავჭავაძე, როგორც სხდომის თავმჯდომარე საკუთარი ხელმოწერით ადასტურებდა და მსვლელობას აძლევდა. ამ გადაწყვეტილებებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ხალხის განათლებისა და კულტურული განვითარებისთვის.

მატიანის პირველი პუბლიკაციის ინფორმაციულ სრულყოფაში დიდი დახმარება გაგვიწია მას შემდეგ განხორციელებულმა სამმა მნიშვნელოვანმა გამოცემამ: ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრულმა კრებულმა ოც ტომად, მკვლევარ გურამ შარაძის მიერ მომზადებულმა ორტომეულმა ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება - ფოტომატიანე) და ქართული ლიტერატურის მუზეუმის საარქივო გამოცემამ (ლექსები, პოემები, თარგმანები, ჩანაწერები, პირადი წერილები). ყველაზე დიდი მოცულობის მასალით ახალი მატიანე მწერლის თხზულებათა ოცტომეულიდან შეივსო, რადგან მასში შეტანილია წინა კრებულებში გამოუქვეყნებელი ასობით პუბლიცისტური წერილი. ეს ტექსტები ხელმოუწერლად ან ფსევდონიმებით იყო მიმოფანტული ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით („საქართველოს მოამბე“, „ივერია“) ან თანარედაქტორობით („დროება“) გამომავალი ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე და მხოლოდ ფუნდამენტური ატრიბუციული კვლევების შედეგად გახდა შესაძლებელი მათი ავტორის დადგენა. განსაკუთრებით დიდი წვლილი შეიტანა ამ საქმეში ცნობილი ტექსტოლოგის – ლევან ჭრელაშვილის ნაშრომებმა.

პუბლიცისტური წერილების ერთი ნაწილი აკადემიურ გამოცემაში განთავსებულია „სავარაუდონის“ განყოფილებაში, რაც მიგვანიშნებს, რომ ილია ჭავჭავაძისადმი მათ კუთვნილებაზე გარკვეული მოსაზრებები არსებობს, მაგრამ საკითხი ცალსახად გარკვეული არ არის. ასეთი ტექსტების ანოტაციებს მატიანის სამეცნიერო აპარატის „ატრიბუციის“ რუბრიკაში მივუთითეთ წყაროები, რომლებშიც მოცემულია არგუმენტირება ავტორობის საკითხთან დაკავშირებით.

მე-19 საუკუნის ბეჭდური გამოცემებიდან ინფორმაციის მოძიებაში მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგებისა და ჟურნალ-გაზეთების დიგიტალიზაციამ. ციფრულ მასალასთან მუშაობა გარდა იმისა, რომ ზოგავს დროს და ენერგიას, საგრძნობლად ზრდის კვლევის შესაძლებლობებს. მატიანეში შეტანილი მასალის მოსაპოვებლად გამოყენებული წყაროები სანდოობის ხარისხით ერთმანეთისგან განსხვავებულია. არის როგორც ოფიციალური დოკუმენტები, ავტოგრაფები და მწერლის სიცოცხლისდროინდელი პუბლიკაციები, ისე თანამედროვეთა მოგონებები, ხელნაწერი ასლები, და სხვ. შესაბამისად, სავსებით ბუნებრივია, რომ ყველა ანოტაცია ერთნაირი სიზუსტით არ ასახავს რეალობას. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მკითხველს თითოეულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ეცოდინება, რა წყაროს ეყრდნობა იგი და თავად შეეძლება განსაზღვროს, რამდენად სარწმუნო შეიძლება იყოს.

ზოგჯერ არასწორი ინფორმაცია იმდენად სწრაფად ვრცელდება და ისე გადადის წიგნიდან წიგნში, რომ საზოგადოება დაფიქრებას ვერ ასწრებს მის სანდოობაზე. მაგალითად, სალომე ლოლაძე, რომელიც არაერთ წყაროში ილია ჭავჭავაძის „გამდელად“ მოიხსენიება, ამ ქალბატონისავე მოგონების მიხედვით, ილიას თანატოლი იყო და, შესაბამისად, მისი „გამდელი“ ვერ იქნებოდა. წინამდებარე მატიანე და მასთან დაკავშირებით წარმოებული ტექსტოლოგიური კვლევები დოკუმენტური წყაროების ანალიზის საფუძველზე არაერთ ასეთ მითს ამსხვრევს.

ელექტრონული ფორმატი: ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და შემოქმედება აინტერესებს არა მხოლოდ სამეცნიერო წრეებს, არამედ ფართო საზოგადოებას. ამიტომ ჩვენი მიზანი იყო, რომ მატიანე ერთი მხრივ მეცნიერულად სანდო ყოფილიყო, მეორე მხრივ კი – იოლად საკითხავი და ყველასათვის ხელმისაწვდომი. მიზნის მიღწევაში დაგვეხმარა ამ ტიპის გამოცემისთვის პირველად გამოყენებული ორშრიანი ელექტრონული ფორმატი. მატიანის ძირითადი ტექსტი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით არის განლაგებული ციფრული დოკუმენტის ზედაპირზე, თითოეული ანოტაციის ბოლოს კი არის ღილაკი, რომელზე კურსორის დაჭერითაც იხსნება ქვედა შრე - სამეცნიერო აპარატი, რომელიც ძირითადად სპეციალისტთა ინტერესებს ემსახურება. იგი მოიცავს რუბრიკებს: „წყარო“, „ატრიბუცია“, „დათარიღება“, „პირთა იდენტიფიკაცია“, „პირთა ანოტაციები“ და „ფოტო / დოკუმენტი“. ბმულზე მოთავსებულ ასეთსავე ღილაკზე კურსორის დაჭერით მკითხველი ბრუნდება იმავე გვერდზე, რომელსაც კითხულობდა.

რუბრიკა „წყარო“ მკითხველს წარმოუდგენს იმ ხელნაწერებსა და ბეჭდურ გამოცემებს, რომელთა საფუძველზეც მომზადდა ანოტაცია. „ატრიბუცია“ – სამეცნიერო კვლევებს, რომლებიც ასაბუთებს მატიანეში შეტანილი ტექსტის ილია ჭავჭავაძისადმი კუთვნილებას, „დათარიღება“ – ნაშრომებს, რომლებშიც დადგენილია დრო, ხოლო „პირთა იდენტიფიკაცია“ – პუბლიკაციებს, რომლებშიც გარკვეულია მოხსენიებულ პირთა ვინაობა. მითითებების გარდა, ამავე რუბრიკებში არის მოკლე შენიშვნებიც, მაგ. რას ეყრდნობა დათარიღება, რა ფორმით არის მოხსენიებული წყაროში ესა თუ ის პირი და სხვ. „პირთა ანოტაციები“ მკითხველს აწვდის მოკლე ინფორმაციას მოხსენიებული პირების შესახებ, „ფოტო / დოკუმენტი“ კი სთავაზობს იმ ფოტოს ან დოკუმენტის ციფრულ ასლს, რომლის შესახებაც არის საუბარი ანოტაციაში. ამისათვის გამოყენებულია მასალები საქართველოს ეროვნული არქივიდან, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმიდან.

სიახლეები: 1987 წელს დაბეჭდილ „ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანეში“ წლები ყველგან მითითებული იყო მხოლოდ პირველი თვის დასაწყისში. ამის გამო, როცა ვეცნობოდით ინფორმაციას წლის ბოლოს, მაგ. 31 დეკემბერს მომხდარი ფაქტის შესახებ, თორმეტი თვის ანოტაციების უკან-უკან ფურცვლა იყო საჭირო, რომ გვენახა, რომელი წელი ეწერა მათ წინ და რომელ 31 დეკემბერს გულისხმობდა ანოტაცია. მსგავსი მოუხერხებლობის თავიდან ასაცილებლად ახალ მატიანეში წლები მივუთითეთ ყველა ანოტაციასთან.

წინა გამოცემაში წყაროები აქა-იქ გვხვდებოდა. ისინი ტექსტშივე იყო ჩართული, არ ჰქონდა მიჩენილი გამოკვეთილი ადგილი და ანოტაციისგან მხოლოდ ფრჩხილები ჰყოფდა, რაც აღქმას საგრძნობლად ართულებდა. წინამდებარე ელექტრონულ გამოცემაში წყაროებზე მითითება ახლავს თითოეულ ანოტაციას, ისინი გადამოწმებულია, დაზუსტებულია და, სამეცნიერო აპარატის სხვა რუბრიკებთან ერთად, ჩატანილია  ბმულში

1987 წლის მატიანეში შეტანილი იყო ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდგომი მოვლენებიც: პანაშვიდები, გამოსვენება და დაკრძალვა. წინამდებარე გამოცემაში ფაქტების აღნუსხვა წყდება მწერლის მკვლელობით, რადგან სიცოცხლის შემდეგდროინდელი მოვლენები ვერ თავსდება სათაურის შინაარსში: „ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე“.

ამავე პრინციპის მიხედვით მატიანეში არ უნდა შეგვეტანა არც ის წიგნები, რომლებიც 1907 წელს ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ დაიბეჭდა. ზღვარის გავლება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან მათზე გამოცემის მხოლოდ წელია მითითებული. გამოსვლის დროის დაზუსტებაში დაგვეხმარა იმდროინდელ გაზეთებში განთავსებული განცხადებები ახალი წიგნების შესახებ. აღმოჩნდა, რომ „ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ მიერ გამოცემული „რჩეული ლექსები“, „რამდენიმე სურათი, ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ და „დედა და შვილი“ მწერლის გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა და, შესაბამისად, მატიანეში აღარ შეგვიტანია.

ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანის 1987 წლის გამოცემაში იყო თემატური ციტირებები მისი და სხვა ავტორების ნაწერებიდან. რამდენადაც ეს ტექსტები არაერთგზისაა გამოცემული, ციფრულადაც მოიპოვება და ყველასათვის ხელმისაწვდომია, ინფორმაციულობაზე ორიენტირება კი ძალზე მნიშვნელოვანია დოკუმენტური გამოცემის ფუნქციური მოქნილობისთვის, მატიანის ტექსტი ასეთი ციტატებისგან განვტვირთეთ.

ზოგადი პრინციპები: მატიანის ანოტაციებში ასახული თითოეული ფაქტი ილია ჭავჭავაძეს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, თითქმის ყველა წინადადება უნდა დაწყებულიყო მისი ხსენებით. იმის გამო, რომ ერთნაირი დასაწყისები ხელს შეუშლიდა მკითხველს მრავალფეროვანი ინფორმაციის სწრაფ აღქმაში, მისი სახელი გამოვტოვეთ ყველგან, სადაც ეს გაუგებრობას არ გამოიწვევდა. მაგ. იმის ნაცვლად, რომ დაგვეწერა: „ილია ჭავჭავაძე იღებს პეტრე უმიკაშვილის ბარათს“, დავწერეთ: „იღებს პეტრე უმიკაშვილის ბარათს“ და სხვ.

მატიანეში ყველა პირს სახელითა და გვარით ვიხსენიებთ, მაგრამ თუ ერთი და იმავე სახელისა და გვარის მქონე ორი სხვადასხვა პირი გვხვდება, ანოტაციებში ვუთითებთ მამის სახელებსაც.

მეცხრამეტე საუკუნეში გვარების ქართულ დაბოლოებებს ცვლიდნენ რუსულით. მატიანეში მათ უნიფიცირებას ვახდენთ და ქართული ფორმით ვწერთ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რუსული დაბოლოება გვხვდება ციტატაში, უცვლელად ვტოვებთ და საძიებელში ამ ფორმასაც ვუთითებთ. ასევე უცვლელად ვტოვებთ უცხოური გვარსახელების დაწერილობასაც. წყაროებში, რომლებსაც ანოტაციების მომზადებისას ვეყრდნობით, პიროვნებები ზოგჯერ მოხსენიებულნი არიან მხოლოდ სახელით, გვარით, ინიციალით, ფსევდონიმით ან სხვაგვარი მინიშნებით. მას შემდეგ, რაც ვარკვევთ მათ ვინაობას, ანოტაციაში ყველას ვიხსენიებთ სახელითა და გვარით, მაგრამ ინფორმაციული სიზუსტისთვის რუბრიკაში „პირთა იდენტიფიკაცია“ ვუთითებთ, თუ როგორ იყო იგი მოხსენიებული წყაროში. ილია ჭავჭავაძის საგაზეთო სტატიების დიდი უმრავლესობა იწერებოდა ნომრის გამოსვლის წინა დღეს და სათაურის ნაცვლად მითითებული ჰქონდა თარიღი, მაგ. „ტფილისი, 14 თებერვალი“ და სხვ. ზოგი ასეთი ტექსტი გამოცემებში სხვადასხვა სათაურით არის გამოქვეყნებული. იმისათვის, რომ მკითხველს შესძლებოდა ამ მასალის იდენტიფიცირება და იოლად მოძიება, ანოტაციაში ვუთითებთ თარიღსაც, ტექსტის დასაწყის ფრაზასაც და ყველა იმ სათაურს, რომლითაც იგი გამოქვეყნებულია მწერლის თხზულებათა კრებულებში.

ქრონოლოგია: რადგან მატიანეში შეტანილი მასალის ერთი ნაწილის დათარიღება მიახლოებითია, საჭიროა განვმარტოთ ჩვენ მიერ გამოყენებული აღნიშვნები და ქრონოლოგიაში ჩასმის პრინციპი:

„თვის დასაწყისში“ ვგულისხმობთ პირველ სამ დღეს, „ბოლოში“ – ბოლო სამს და „შუა რიცხვებში“ – თარიღებს 14-დან 16-ის ჩათვლით. „თვის პირველ ნახევარში“ მოვიაზრებთ რიცხვებს 1-დან 15-ის ჩათვლით, ხოლო „მეორე ნახევარში“ – თვის დანარჩენ ნაწილს. სავარაუდო ზოგადი თარიღი მოვლენათა თანმიმდევრობაში იწერება იმავე პერიოდის ზუსტი თარიღების ბოლოს. როცა დადგენილია მოვლენის მხოლოდ წელი, 7

იგი თავსდება ამ წლის ყველა კონკრეტულთარიღიანი ანოტაციის ბოლოს. როცა დადგენილია წელი და თვე, იგი თავსდება ამ წლისა და ამ თვის კონკრეტულთარიღიანი ანოტაციების ბოლოს.

„1907-მდე“ და მსგავსი ტიპის დათარიღებები გულისხმობს, რომ მითითებული წელი დროის ინტერვალში არ შედის და ანოტაცია თავსდება ამ წლის კონკრეტულთარიღიანი მასალის წინ.

„1901-დან“ და მსგავსი ტიპის დათარიღებები გულისხმობს, რომ მითითებული წელი დროის ინტერვალში შედის და ინფორმაცია თავსდება ამ წლის კონკრეტულთარიღიანი ანოტაციების ბოლოს.

„1875-დან 10 ოქტომბერი“ და მსგავსი ტიპის დათარიღებები გულისხმობს, რომ იგულისხმება 1875 წლიდან მწერლის გარდაცვალებამდე რომელიმე 10 ოქტომბერი და მას ვათავსებთ მითითებული წლის, თვისა და რიცხვის მასალის შემდეგ. როდესაც ანოტაციას აქვს გაფართოებული თარიღი, ტექსტოლოგიაში მიღებული პრინციპების მიხედვით, ქრონოლოგიურ რიგში თავსდება დროის ზედა ზღვარზე ორიენტირებით.

საძიებლები: ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანეში ასობით პირია მოხსენიებული, რის გამოც საჭირო გახდა გამოცემისთვის პირთა ანოტირებული საძიებლის დართვა. განსამარტავად გამოტანილია წიგნის ძირითად ნაწილში მოხსენიებული ყველა სახელი და გვარი, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილი პიროვნებებისთვის ვრცელი ანოტაციის გაკეთება ზედმეტად ჩავთვალეთ და მხოლოდ მოკლედ ვუთითებთ, ვისზეა საუბარი.

პირთა ანოტირებულ საძიებლებში ძირითადად შეტანილია ისეთი ცნობები, რაც მატიანეში არ არის ასახული, მაგრამ თუ ანოტაციაში მოხსენიებული პირის შესახებ სხვა არავითარი წყარო არ იძებნება, ინფორმაცია ამ პირის შესახებ გაგვაქვს მატიანის ტექსტიდან. ეს ძირითადად ეხება ილია ჭავჭავაძის დუშეთის მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობის ხანას. ამ პერიოდის ანოტაციებში ნახსენებია სოფლის რიგითი მაცხოვრებლები, რომელთა საჩივრებსაც განიხილავდა ან რომელთა წინააღმდეგაც საქმეს აღძრავდა მაზრის სასამართლო.

რამდენადაც საძიებლებში გატანილ პირთა დიდი უმრავლესობა ქართველია, ეროვნებას ვუთითებთ მხოლოდ უცხოელებთან.

კალენდარული სტილი: დროის იმ მონაკვეთში, რომელსაც ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე მოიცავს, საქართველოში გამოიყენებოდა იულიუსის კალენდარი. შესაბამისად, ქრონოლოგიაში წარმოდგენილი ყველა თარიღი მოცემულია ე. წ. ძველ სტილით.

შემოკლებანი: წიგნში შემოკლებით ვწერთ იმ ორი ორგანიზაციის სახელს, რომლებშიც ილია ჭავჭავაძე ათწლეულების განმავლობაში მოღვაწეობდა და ანოტაციებში ძალიან ხშირად გვხვდება: „ქშწ-კგ საზოგადოება“ – „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ და „თსს ბანკი“ – თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი. ტექსტის აღქმის გაიოლების მიზნით, არ ვამოკლებთ ბოლო სიტყვებს: „საზოგადოება“ და „ბანკი“.

წყაროების მითითებისას ვიყენებთ შემოკლებას „თსკ“ – თხზულებათა სრული კრებული.

სამომავლო პერსპექტივები: „ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების“ ახალი მატიანე არის ამ ტიპის ისტორიულ-ბიოგრაფიული გამოცემის ტექსტოლოგიურ კვლევებზე დაფუძნების და ელექტრონულ ფორმატში განხორციელების პირველი ცდა საქართველოში. ვფიქრობთ, წიგნის აკადემიურობა, ინფორმაციულობა და სტრუქტურული მოქნილობა მალე დაგვარწმუნებს მის უპირატესობებში და დასაბამს მისცემს სხვა გამოჩენილი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მსგავსი გამოცემების მომზადებას. ;