The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


წყალტუბულისა ილიას ... მიმართ

წყალტუბელი

გაზ. „თეატრი“, 1890, №6

ეპისტოლე

წყალტუბულისა ილიას ... მიმართ

გამოჩენილო იურისტო, ჭეშმარიტო პოეტო, სახელოვანო ფინანსისტო, ფილოსოფოსო და მეცნიერო, უაღრესო პოლიტიკოსო და პუბლიცისტო, ბატონო ილია!

მადლი უფლისა ჩვენისა იყავნ თქვენ ზედა! მას ჟამსა შინა ჩვენ მისთვის მოგმართეთ თქვენ, შესახებ „ივერიის“ პირველი ნომრის უწესოებისა, რომ რედაქტორი ამ ბედკრულ გაზეთისა გვეგონეთ თქვენ, რადგანაც მასზედ თქვენი გვარი და სახელი აწერია. მაგრამ აღმოჩნდა, სამწუხაროდ, რომ ჩვენ შემცდარი ვყოფილვართ: რედაქტორი „ივერიისა“, თურმე თქვენ კი არა ბრძანებულხართ, არამედ ვიღაც „ჩიტი-ჩიორა ყოფილა, როგორც გამოაცხადეთ თქვენ ეს საქვეყნოდ ,,ივერიის“ მე-22-ე ნომერში. ჩვენ რაღა გვეთქმის მის მეტი, რომ ბოდიში უნდა მოვიხადოთ თქვენ წინაშე და დღეის შემდეგ ჩიტი-ჩიორასთან უნდა დავიჭიროთ საქმე და მას გაუწიოთ ანგარიში. მაშ, თუ ჩვენ ამას იქით, ისე პატივისცემითა და თავაზიანად აღარ მოგეპყრათ «ივერიის» რედაქტორს, როგორც ამდენხანს ვეპყრობოდით, ბრალი თქვენი იყოს.

ჩემო ჩიტუნია, ჩიტო-ჩიორა! რა გაწყენინეთ მისთანა, რომ აპილპილებულხარ, ქანდარაზე ვეღარ დამაგრებულხარ?! ჩვენ მხოლოდ ის მოგახსენეთ, რომ თქვენ გაზეთს „ივერიას“, პატრონობის ნაცვლად, დედინაცვლობას უწევთ, რიგიანად თვალ-ყურს არ ადევნებთ, წამბილწველი ძიძებსა და გამდლებს ჩაუგდეთ ხელში; ხელის მომწერლებს კი უსამართლოდ ეპყრობით, და, არა თუ ჩვეულებრივ დროს, არამედ ახალ წელიწადსაც კი ლანძღვა-გინებით აღვსებული და დამძაღებული ნომრით აბერებთ (*). ამის მეტი ხომ არაფერი გვითქვამს და გვიკადრებია? მაშ გაწყრომა რათ ინებეთ?!

მართლაც, საკვირველია, რათ გწყენიათ მართლის თქმა! თქვენ ხომ ჭეშმარიტება ყოველ საქმეში ძრიელ გიყვართ, როცა თქვენ თვითონ არ შეგეხებათ იგი? ან კიდევ, თუ თქვენ მართალი ბრძანდებოდით და ჩვენა ვსცდებოდით, რატომ პირ-დაპირ არ მოგვეცით ჩვენ კითხვებზე პასუხი? რად დასტოვეთ უმთავრესი და უსაჭიროესი საგანი უყურადღებოდ და უპასუხოდ? წილა-დობილას რისთვის მოჰყოლიხაოთ? ნუ თუ ამითი ფიქრობთ აუბათ ვისმეს თვალები და გამოიძვრინოთ თავი საზოგადოების წინაშე იმ მძიმე უღელისაგან, რომელიც თქვენ გიკისრნიათ!

რომ კვეხულობთ და ბრძანებთ: „მუდამ რედაქციაში გახლავარ და უჩემოდ არაფერი არ იბეჭდება ჩემს გაზეთშიო“, ეს ხომ ნამდვილი სიცრუვე გახლავს. რედაქციაში კი არა ბძანდებით და მის მახლობლა კი გიყვართ ფრენა და ცხოვრება, მაგრამ ამისი მიზეზი სულ სხვა გახლავს: საკენკს მოელით, ჩემო ჩიტო-ჩიორა! ან კიდე და, რედაქცია შიდაც რომ იმყოფებოდეთ, რა გამოვიდა, თუკი გაზეთისთვის არა გცალიათ და სულ სხვა საქმეს უნდებით დღე და ღამე! მაშ, ის არა სჯობდა, ჩემო ჩიტო-ჩიორა, გამომტყდარიყავით და გეთვათ, თქვენებურად, მოცალება არა მაქვსო. ეს ნამდვილი ჭეშმარიტება მაინც იქნებოდა, მაგრამ საზოგადოება და ხელის მომწერლები რა შუაშია, თქვენ რომ არ გეცალოსთ? რაკი საქმე გიკისრნიათ და წელიწადში ჩვენ ღარიბ ხალხს ათას თუმნამდის ხარჯს ახდევინებთ, კიდეც უნდა გცოდნოდათ, რომ მოვალე ბრძანდებით ამ ხალხის წინაშე ნამდვილი, სასარგებლო და ფასის შესაფერი სულიერი საზრდო მიაწოდოთ მას. ესეც ხომ კარგად გესმის, რომ ჩვენი ხალხი ათას თუმანს სხვა არაფრისთვის არ იმეტებს წელიწადში. მაშასადამე, სჩანს რომ სულიერი საზრდო მას ძრიელ მოშივნია. იმ ფულით, რომელსაც თქვენ მას ახდევინებთ, ხომ ბევრად უფრო კარგად გაკეთდება ის საქმე, რომელიც თქვენ გიკისრნიათ, მაგრამ არ ასრულებთ კი. თუ თქვენ არა გცალიათ ანუ, ვინიცობაა, არ შეგიძლიათ, ის არა სჯობია და უფრო პატიოსნება არ იქნება, თავი დაანებოთ გაზეთს, სხვას დაუთმოთ... თქვენ ხომ არასოდეს არ იკადრებთ და არც ისე ღარიბი ბრძანდებით, ღვთის მადლით, რომ ფულების ინტერესისთვის შაიწუხოთ თავი!...

აი, თქვენ სწორედ ამაზე უნდა გეფიქრნათ კარგად და მოგეცათ ჩვენთვისა და თქვენი გაზეთისხელის მომწერლებისათვის გულახდილი პასუხი, ან თავი უნდა გაგემართლებიათ. რითიმე და, ან კიდევ ბოდიში უნდა მოგეხადათ. წილა-დობილობა რა საჭირო იყო, ბატ. ჩიტო-ჩიორა! ან რათ გეკადრებათ თქვენისთანა დარბაისელ ჩატუნიას, რომ მოგვდომილხართ და ილანღებით ისე საძაგლად, რომ თქვენ კი არა და, თქვენ ყურ-მოჭრილ ყმებსაც, რომლებიც თქვენი ნასუფრალით იკვებებიან, ფეხებს გილოკვენ და გუნდრუკს გიკმევენ, იმათაც კი არ ეკადრებათ ხოლმე!..

ან ეს რა საკადრისია, რომ არც კი თაკილობთ თქვენ შეცდომას და იკვეხნით კიდეც: ვიცოდი კიდეცა, წავიკითხე და დავბეჭდე კიდეც თქუენი დაწუნებული ნომერი I რითი კვეხულობთ? მითი, რომ პირველ ნომერში, ახალ-წელიწად დღეს მიუილოცეთ თქვენ მკითხველებს ლანძღვა და უპატიურება... დიაღ, კვეხულობთ მითი, რაც ყოველ გონიერსა და თავმოყვარე კაცს უნდა მიაჩნდეს სათაკილოთ! ნუ თუ ის, რაც ყოველ რიგიან საზოგადოებაში ითვლება უზრდელობათ... მწერლობაში უფრო სადევნელი და აკრძალული არ უნდა იყოს?! მაგრამ ასე არ ესმის რედაქტორს ჩიტი-ჩიორას და ის თავის გაზეთის უზრდელობით კვეხულობს, თავი მოსწონს ამითი და უკვირს კიდეც, რომ სხვებიც არ უწონებენ ამას, და, რაკი არ უწონებენ გამოდის და ანთხევს თავის გესლს მათზედ, ვინც გაუბედა და მეგობრული შენიშნა მისცა! ეს ხომ სწორეთ ასე გახლავს, ჩიტო-ჩიორა?

ეხლა ისიც გვიბრძანეთ, როდის, ან სად მოგახსენეთ მე, რომ გამოჩენილი მწერალი გახლავარ და რაიმე სამსახური მიმიძღვის საზოგადოების წინაშე ? მაშ რა საჭირო გახლდათ, რომ მოყოლიხართ და გიანგარიშიათ, როდის რა, და როგორ დამიწერია? თუ კიდევ მოცლილი ბრძანდებოდით, რატომ ის კი არ მოიხსენიეთ თქვენს უებარს ანგარიშში, რომ წყალტუბელი ერთ დროს ჟურნალ „მნათობს“ სცემდა, რომელსაც ათასი თუმანი კი არა, ათი თუმანიც არ შემოსდიოდა ხელის მომწერლებისაგან, მაგრამ მაინც კიდე ბევრად სჯობდა თქვენ გაწყალებულსა და დაობებულ „ივერიას“ რომელიც სამას თუმნამდის მარტო ჩვენი ბანკებიდგან იღებს წელი წადში რათ დაგავიწყდათ, რომ, როცა ქათამი წყალს დალევს, ღმერთს შეხედავს. თქვენც ხომ ფრინველი ბრძანდებით, „ჩიტიჩიორა“! წყალტუბელს ცოტა სხვაც რამე გაუკეთებია, თუგინდ პედაგოგიურს ასპარეზზედ, მაგრამ მიტომ კი - არა, რომ თქვენსავით ათასობით და ათი ათასობით დივიდენდებს მოელოდა. მაგრამ, რაც უნდა იყოს, თქვენ ისეთი “ჩიტი-ჩიორა“ ბრძანდებით, რომ სხვა ფრინვლების თქვენთან ხსენება რა საკადრისია! თქვენა ბრძანდებით მარტო, ერთად-ერთი, თქვენ ჩვენი ქვეყნის ბურჯი და მიტომაც ხომ ყველაფერი საქმე თქკენ ხელში გახლავსთ, თუმცა კი არც ერთისთვის დრო და მოცალება არა გაქვსთ. მხოლოდ ეს კი ნუ დაგავიწყდებათ, რომ ვისაც ბევრი მისცემია, მას ბევრიც მოეთხოვება. და აი, ჩვენც ამ საფუძველით ვითხოვთ თქვენგან, ჩიტო-ჩიორავ, გაზეთის კარგად მოვლას, გაუმჯობესობას და ხელის მომწერლების სამართლიან მოთხოვნილების რიგიანად დაკმაყოფილებას...

ჩვენი უმეცრების დასამტკიცებლად თქვენ, ბატ. ჩიტო-ჩიორა, ეხებით უკანასკნელ ჩვენ „წერილს შვეიცარიელ მეგობართან“ რომელშიაც ირონიულად გვქონდა დახატული ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, და გვისწორები სახელმძღვანელოს შემწეობით, რომ ბრინჯაო, თითბერი და თუჯი პირ-და-პირ ბუნებაში კი არ მოიპოება, არამედ ადამიანები ამზადებენო“*. საკვირველია, ჩიტო-ჩიორა, როგორ ვერ მიმხვდარხარ, რომ თვითონ ელემენტებს მაინც კიდე ბუნება იძლევა და რენკვისტის ქარხანაში არ აკეთებენ, როგორც თქვენ მოგჩვენებიათ! თუ კიდევ, მაინც-და-მანც, ვერ გაგიგიათ, შედარებით აგიხსნით: რომ ანბობენ, მაგალითად, რომ «ივერიის» რედაქცია სავსეა უნიჭო და უმეცარი ვიღაც ქუჩის ბიჭ-ბუჭებითაო, ეს განა იმას ნიშნავს, რომ ყველა ისინი თქვენ რედაქციაში არიან შექმნილნი, შობილნი და აღზრდილნი, თუ იმას, რომ ისინი თვითონ თქვენ გიძებნიათ, გიპოვნიათ და ისე შეგიდგენიათ ეს უებრო და უბადრუკი გუნდი ბიჭ-ბუჭებისა, რათა დაგემოვენებიათ თქვენი რედაქცია, თქვენ „ენციკლოპედიური ნიჭის ბუმბერაზობაც მათ შორის ნათლად გამოჩენილ ყოს და თან უფრო იოლათაც წასულიყავით?.. მაგრამ ვსთქვათ, რომ ჩვენ შევსცდით. რას ჭრიხინებთ მერე, ჩიტო-ჩიორა? თქვე თქვვნი გაზეთის საშუალებით თითქმის ყოველ დღეს ავრცელებთ ხალხში მოგონილს ჭორებსა და ცრუამბებს და მითი ჯერ ქვეყანა არ დაღუპულა. ჩემი ერთი შეცდომით, ნეტავ, ვის რა მოუვიდა, რო მოთქვამ: „ჰო, საკვირველებავ! ჰო, სასწაულო მოქმედებავ! არა, ჩემო ჩიტო-ჩიორა! თქვენ თვითონ კარგად იცით, რომ მე სამეტალურგიო ლექციებს არა ვსწერდი, რადგანაც ჩემი წერილის მიზანი და კილო. სულ სხვა გახლავსთ, მაგრამ თქვენ ეს ხელზე მისთვის დაგიხვევიათ, რომ თვითონ უმთავრესს საგნისათვის გვერდი აგეხვიათ, რომელზედაც მოვალე იყავით გეთქვათ რაიმე და თავი გაგემართლებიათ. თქვენ წინ ნუ მისწრობთ, საბრალო ჩიორა. მართალია, ჩიტი-ჩიორობა მოგნატრებიათ ამ სიბერის დროს, მაგრამ ყურში გიჩურჩულებთ, სხვამ რომ არ გაიგონოს...

* საბრალო ჩიტუნიას ჰგონია, რომ ბრინჯაო, თითბერი და თუჯი მხოლოდ კაცის ხელით კეთდება. სხვა ლითონები კი, რომელნიც ჩვენს წერილში იყვნენ დასახელებულნი. გამოუტოვებია, მაშასადამე, ჩიტი-ჩიორა დარწმუნებულია, რომ რკინასა და ფოლადს მაგ., ბუნება წმინდათ, თავის თავად ამზადებს და აც“ მხოლოდ მიწედგან მათი ამოთხრის მეტი არაფერი დარჩენია,

დასასრულ, რაც უნდა იწყინოთ, ღობე-ყურეს მოედოთ და ილანძღოთ, მე მაინც კიდევ განმეორებით მოგახსენებთ, რომ თქვენ მოვალე ბრძანდებით, თქვენი ხელის მომწერლების წინაშე, გაზეთის საქმე კარგად და სინიდისიერად აწარმოვოთ, ფულები ამაოდ ჯიბეში არ ჩაიწყოთ, ხარჯს არ მოერიდოთ, ნამდვილი ლიტერატორები მიიშველიოთ და საზოგადოების წინაშე პირნათლად გამოხვიდეთ. ლანძღვა-გინება ხომ უძლური ბებრუცანას წესია! თქვენ რათ გეკადრებათ, ჩვენო დიდო მეცნიერო, დიდო პოეტო*) და სხ. და სხ. და სხვა, ჩიტოჩიორა! მაგრამ უკაცრავად, დამავიწყდა, რომ ეს ხელობა თქვენ ახალ-წელიწადს დაიბედეთ...

* ჩემი ლექსის თობაზედ რომ ვიღაც უსახელო „კრიტიკოსის“ აზრი მოჰყავს, - რატომ თავის ყურმოჭრილს მოჯამაგირეებს არა ჰკითხავს, იქნება, იმათ შორისაც კი, წარმოიდგინეთ, აღმოჩნდეს ისეთი, რომელიც ბეჭდითი სიტყვით სამასხარაოდ იღებდა „ატსტივნოი პოეტის, კნიაზ ილ. ჭავჭავაძის პიიტიკას“.

ჩვენ, ჩვენი მხრით, ლანძღვის ნაცვლად, ქება დიდებას შეგასხამთ და აღვიარებთ, რომ თქვენ დიდი ბუნების მეცნიერი, ფილოსოფოსი, ეკონომისტი, ისტორიკოსი, არქეოლოგოსი, გრამატიკოსი, პედაგოგი, ღვინის მკეთებელი, ქვევრების მცოდნე და მკეთებელი (კნიაზ ჭავჭავაძე ამაზედაც სწერდა!) და პოეტი ბრძანდებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ისიც ცხადათ და საკმაოდ დაგვიმტკიცეთ, რომ, როგორც პუბლიცისტი და დღიური გაზეთის რედაქტორი, თქვენ, ჩვენო ჩიტუნიავ... ძრიელ გონიერად მოიქცევით და კარგს იზამთ, თუ ამ საქმეს თავს დაანებებთ. გარწმუნებთ, ჩიტო ჩიორა, რომ დღეს მთელი საუკეთესო ნაწილი ჩვენი საზოგადოებიისა, სწორეთ ამ აზრისა გახლავს თქვენზე და თქვენს გაზეთზედაც... სალამისთვის დიდათ გმადლობ, ჩემო ჩიტო-ჩიორა. მეც უმდაბლესად მოგიკითხავთ. ამასთანავე თქვენ მშვენიერსა და უებარს სიტყვებს: „ყბადაღებულსა და წყალ-წაღებულს“ უკანვე გიბრუნებთ, რადგანაც იგინი, ერთი რომ, თქვენი შემოღებული გახლავს ლიტერატურაში და კვლავ დაგჭირდებათ, მეორეც, სწორედ ზედ-გამოჭრილი გახლავსთ თქვენი გაზეთისა და რედაქციისათვის.

მშვიდობით, ჩემო ჩიტო-ჩიორა! იმედი მაქვს , რომ თავის დღეში აღარ დაგავიწყდებათ თქვენი უმორჩილესი მონა

წყალტებელი