The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


თ. ნიკოლოზ ბარათაშვილზედ
თ. ნიკოლოზ ბარათაშვილზედ

ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის
ეს განწირული სულის კვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი,
მერანო ჩემო, მაინც დარჩება.

                                  ნ . ბარათაშვილი .

აღარა გვყევხარ!.. უღმრთო იყო შენი სიკვდილი!
ვინ უწყს, რავდენი საუნჯენი დავმარხეთ ჩვენა,
ეგ მტკიცე გული, სიყვარულის სხივქვეშ გაშლილი,
რაოდენ გრძნობით, ჯერ უთქმელით, ჩვენ ჩაგვესვენა?
ვინ იცის, თანა რაოდენი წარიღე ფიქრნი?
მათ მნიშვნელობა დაგვეკარგა ჩვენ საუკუნოდ...
რაოდენ იმედთ და ნუგეშთა კოკრად ყვავილნი
ჩასჭკნენ შენს გულში განუშლელად ეგრე უდროოდ?
არა დედ-მამა, - მაგ სიკვდილით დაობლდა ერი!..
ვისღა მივანდოთ ჩვენი გრძნობა, ტანჯვა და ლხენა?
მაგრამ, პოეტო საყვარელო, ხარ ბედნიერი,
რომ შენი ლექსი სიკვდილითაც არა გკლავს შენა!

პავლოვსკი, აგვისტო, 1860წ.

 

ხელნაწერი:

U: ავტოგრაფები -კრებ. № 108, გვ. 128 (B), № 109 (C).

ნაბეჭდი:

ჟურნ. «საქართველოს მოამბე», 1863, № 6, გვ. 31 (D); დედა და შვილი და რამდენიმე ლექსი თ. ილია ჭავჭავაძისა, ზ. ჭიჭინაძის გამ., 1882, გვ. 32 (E); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 98 (A); სიტყვიერების თეორია, შედგენილი არხიმანდრიტის კირიონისა და გრ. ყიფშიძის მიერ, ტფილისი, 1898, გვ. 576 (F); ლექსები ილია ჭავჭავაძისა, ტფილისი, 1904, გვ. 38; ილია ჭავჭავაძის რჩეული ლექსები, წ. კ. გ. საზ[1]ის გამოცემა, №81, ტფილისი, 1907, გვ. 27.

სათაური:

ნიკოლოოზ ბარათაშვილზედ C; ნიკოლოოზ ბარათაშვილს (სარჩევში) A.

თარიღი:

1860 A; პავლოვსკი, აგვისტო, 1860 წ. B; აგვისტოს, 1860 D; 1860 წ., აგვისტოს E; - C.

ხელმოწერა:

*** C.

B ავტოგრაფი სუფთა ნაწერია, C - ნასწორები.

ავტოგრაფებისა და ნებეჭდი წყაროების შედარება ძირითად (A) ტექსტთან ასეთ სხვაობას იძლევა:

1 აღარ გვყევხარ!...] ჭაბუკ-პოეტო! B, ვაი დავკარგეთ C, ყრმაო პოეტო DE; უღმრთო] უღვთო B. 2 რავდენი] რაოდენ B, რამდენი CE; საუნჯენი] საუნჯენნი B. 3 ეგ მტკიცე გული] ეგე ზღვა-გული C; გაშლილი] განშლილი B. 5 თანა] განა C. 8 ჩასჭკნენ] ჩაჭკნენ BC.

ბოლო, III სტროფი განსხვავებულად იკითხება ავტოგრაფებში და ნაბეჭდ წყაროებში. ნაბეჭდი ყველა წყარო მისდევს A-ს:

«არა დედ-მამა, - მაგ. სიკვდილით დაობლდა ერი!..
ვისღა მივანდოთ ჩვენი გრძნობა, ტანჯვა და ლხენა?
მაგრამ, პოეტო საყვარელო, ხარ ბედნიერი,
რომ შენი ლექსი სიკვდილითაც არა გკლავს შენა!

«საქართველოს მოამბეში» (D) არის მხოლოდ ერთი სხვაობა: ნაცვლად სიტყვისა «სიკვდილითაც» დაბეჭდილია «თვით სიკვდილშიც» (როგორც B-შია). B ავტოგრაფში ეს III სტროფი ასე იკითხება (იგი გადახაზულია ავტორის მიერ):

არა დედ-მამა, შენ სიკვდილით დაობლდა ერი!
ვინღა მოგვითხრას ჩვენი გრძნობა, ტანჯვა და ლხენა?...
მაგრამ, პოეტო საყვარელო, ხარ ბედნიერი,
რომ შენი ლექსი თვით სიკვდილში გაცოცხლებს შენა.

C ავტოგრაფში ეს ადგილი კიდევ უფრო განსხვავდება A-საგან:

არა დედ-მამა, მაგ სიკვდილით დაობლდა ერი.
ვინღა მოგვითხრას ჩვენი ურვა, ჭირი და ლხენა?
ვაი ჩვენ, თვარემ შენ მით მაინც ხარ ბედნიერი,
რომ შენი ლექსი თვით მკვდრეთითაც აღგადგენს შენა!

აქედან: «ურვა»-ს ნაცვლად ავტორს ჯერ დაუწერია «სევდა», შემდეგ გადაუხაზავს. ასევე «ვაი»-ს ნაცვლად ჯერ დაუწერია «მაგრამ», შემდეგ გადაუხაზავს. მე-2 3 სტრიქონების («ვაი ჩვენს...» ნაცვლად ავტორს ჯერ დაუწერია:

 

მაგრამ, პოეტო საყვარელო, ხარ ბედნიერი,

რომ შენი ლექსი თვით მკვდრეთითაც ადგადგენს შენა.

შემდეგ ეს სტრიქონები გადაუხაზავს და შეუცვლია სტრიქნებით «ვაი ჩვენ»...

1925 წლის გამოცემაში ძირითად ტექსტად აღებულია 1892 წლის გამოცემის (A) ტექსტი, მაგრამ ბოლო სტრიქონში BD წყაროებიდან შეტანილია სიტყვები «თვით სიკვდილში», რის გამოც 1892 წლის გამოცემაში დაბეჭდილი ტექსტის ბოლო სტრიქონმა («რომ შენი ლექსი სიკვდილითაც არა გვკლავს შენა») ასეთი სახე მიიღო: «რომ შენი ლექსი თვით სიკვდილში არა გკლავს შენა». ეს სტრიქონი წინამდებარე ტომში აღდგენილია 1892 წლის გამოცემის ტექსტიდან. 1937-1951 წწ. გამოცემებში კი 1892 წელს დაბეჭდილი ლექსის ნაცვლად ძირითად ტექსტად უკვე ჩვენი ლიტერით C ავტოგრაფია (ძვ. № 5169-S) აღებული.

პ. ინგოროყვა ამ ავტოგრაფს 1892 წელს დაბეჭდილი ტექსტის გადამუშავებულ რედაქციად მიიჩნევს (იხ. ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, 1951 წ., ტ. I, გვ 411) და 1937-1951 წწ. გამოცემებში შეაქვს, როგორც ავტორის ბოლო ნება; თუმცა მკვლევარს ამ ტექსტშიც შეუტანია ცვლილებები და ავტოგრაფისეული სიტყვა «დავკარგეთ» შეუცვლია სიტყვით «დაგკარგეთ»; «რამდენი»-ს ნაცვლად 1892 წლის ტექსტიდან (ჩვენი A) შემოტანილია «რავდენი», ავტოგრაფისეული «განა» შეცვლილია სიტყვით «თანა», ხოლო ნაცვლად ფორმისა «ჩაჭკნენ» ნახმარია «ჩასჭკნენ».

ზემოთ მოტანილი ვარიანტების შესწავლამ დაგვარწმუნა, რომ C არ არის 1892 წელს დაბეჭდილი ტექსტის (A) რედაქციული გადამუშავების შედეგი (იხ. ზემოთ), რადგანაც მასში გადახაზული სიტყვები (ე.ი. C-ს პირვანდელი სახე) არ ემთხვევა A-ს ტექსტს, რომელიც C-ს ჩასწორების შემდეგ უნდა მიღებულიყო. ამიტომ ლექსის ძირითად ტექსტად ჩვენ ისევ 1892 წელს დაბეჭდილ ტექსტს ვიღებთ, როგორც ავტორის ბოლო ნებას (A).

რაც შეეხება ავტოგრაფებს: ილიას თხზულებათა მიხ. გედევანიშვილისეულ გამოცემაში აღნიშნულია, რომ ეს ლექსი სამჯერ არის დაწერილიო (იხ. ილია ჭავჭავაძე, თხზულებანი, 1914 წ., ტ. I, შენიშვ. გვ. VII). თუ ამ «დაწერილში» სამი ავტოგრაფი იგულისხმება, აქედან მოხსენებულია მხოლოდ ერთი - ძვ № 4993 (ჩვენი № 108). მეორე ავტოგრაფში ნაგულისხმევია ჩვენი ლიტერით C ავტოგრაფი, მაგრამ რომელია მესამე, - ძნელი გასარკვევია. დღემდე ცნობილია ამ ლექსის ორი ავტოგრაფი (ასე მიუთითებს პ. ინგოროყვაც. იხ. ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, 1951 წ., ტ. I, გვ. 410-411, გვ. 433). ვფიქრობთ, მესამე «დაწერილი» (ე.ი.III ვარიანტი) არის სწორედ 1892 წლის ტექსტი, რომელიც ემთხვევა 1914 წელს დაბეჭდილ ლექსს (იხ. გვ. 53). იგი B ტექსტთან ერთად გატანილია ძირითად ტექსტად (ე.ი. 1914 წლის მიხ. გედევანიშვილრაცისეულ გამოცემაში ამ ლექსის ორი ვარიანტი A და B გატანილია, როგორც ძირითადი ტექსტები), ხოლო G ვარიანტი, რომელსაც პ. ინგოროყვა ლექსის ბოლო რედაქციად მიიჩნევს, მოთავსებულია ვარიანტების განყოფილებაში (იქვე, გვ. 506).

ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1925-1951 წლების გამოცემებში ილიას პირველი ლექსი «თ. ნიკოლოზ ბარათაშვილზედ» (იხ. ჩვენი ტომის გვ. 100) მიჩნეულია წინამდებარე ლექსის პირველ რედაქციად, რასაც არ ვიზიარებთ (იხ. გვ. 378). მითითებულ გამოცემებში ლექსს თარიღად უზის მხოლოდ წელი («1860 წ.» ) თუმცა სარედაქციო შენიშვნებში (ილიას მხატვრულ ნაწარმოებთა ქრონოლოგიურ სიაში) ლექსი, B ავტოგრაფზე დაყრდნობით, დათარიღებულია ასე: «1860 წ. აგვისტო, პავლოვსკი».

1914 წლის გამოცემაში (სარჩევში, გვ. 11) ლექსი დათარიღებულია 1860 წლის 19 ივლისით და მითითებულია ლექსის დაწერის ადგილიც - პავლოვსკი; ლექსის B ვარიანტი, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, აქ ძირითადად ტექსტებთან ერთადაა დაბეჭდილი, დათარიღებულია (სარჩევში, გვ. VI) 1860 წლის აგვისტოთი (დაწერის ადგილის - პავლოვსკის - აღნიშვნითურთ), ისევე, როგორც ვარიანტების განყოფილებაში დაბეჭდილი ტექსტიც.

ლექსი დავათარიღეთ B ავტოგრაფის მიხედვით.