The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


კ. ბ. მ-სას

კ. ბ. მ-სას

ნუ, ნუ მაყვედრი, რომ ყოველს ჩვენგანს
ხელსა ვაწვდიდი მეგობრობისას,
რომ უარვყოფდი ჩემთ მოძმეთ შორის
სულის სიმდაბლეს, შხამსა მტრობისას...
მე კაცთ სიკეთის მხურვალე რწმენა
ჭირში თუ ლხინში წინ მიმიძღოდა...
გული, თრობილი მის წმინდა მადლით,
ჭკუის ცივს თათბირს ეურჩებოდა.
ნუ მეუბნები, რომ იგი იყო
უგუნურება და ცდომილება, —
ოღონდ კვლავ მომე: ის ცდომა მიჯობს,
ვიდრე უცდომი გამოცდილება!
დავკარგე იგი!.. აწ მის დამკარგავს
უმადლ, უნუგეშ მივის-ღა გული...
უმისოდ გული ცივია, ბნელი,
ვითა სადგური გაუქმებული.
ნეტა მას, ვისაც იმ რწმენის შუქი
ერთხელ მაინცა გულსა ჰფენია!
უფრო ნეტა მას, ვისც სამარემდე
გულით რწმენილი გულსვე შთენია!
ნუ, ნუ მაყვედრი, რომ ყოველ ჩვენგანს
ხელსა ვაწვდიდი მეგობრობისას,
რომ უარვყოფდი ჩემთ მოძმეთ შორის
სულის სიმდაბლეს, შხამსა მტრობისას!..

1877 წ.

 

ნაბეჭდი:

გაზ. “ივერია”, 1877, № 4, გვ. 8 (B); დედა და შვილი და რამდენიმე ლექსი თ.

ილია ჭავჭავაძის ა, ზ. ჭიჭინაძის გამ., ტფილისი, 1882, გვ. 30 (C); თხზულებანი

ილია ჭავჭავაძის ა, I, ტფილისი, 1892, გვ. 177 (A).

თარიღი:

B; 1877 A.

ხელმოწერა:

*** B. 151. 1 ჩვენგანს] ჩემგანს BC. 8 უარვყოფდი] უარვჰყოფდი BC. 4 სიმდაბლეს] სიდაბლეს B. 152. 4 შთენია] ჰშთენია B.

კ. ბ. მ-სა - ვინ იგულისხმება ამ ინიციალებმში, გაშიფვრა ვერ მოხერხდა.