The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ჩრდილნი მაღალ მთებისა
ჩრდილნი მაღალ მთებისა

რიუკერტი

ჩრდილნი მაღალ მთებისა

***

(რიუკერტისა)

ჩრდილნი მაღალ მთებისა
აგერ წყალზე გადმოწვნენ
და გუნდი ბატებისა
თეთრად შორსა აღმოჩნდნენ.
სიჩუმეა... დაღლილად
მკერდში სუსტად გული ჰსცემს...
აწ მეგობარს რარიგად
მაგრად მივაპყრობდი მკერდს!
გზაზედა სიხარულით
გამოდის მგზავრი დილით,
მაგრამ კი საღამოჟამს
შინ ნატრობს განსვენებას.

18 იანვარი, 1859 წ. ს.

პეტერბურღი

  * * *

ჩრდილნი მაღალ მთებისა

ხელნაწერი
: ავტოგრაფი U №108 (B); M №17501 (C).

ნაბეჭდი: თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, ტ. I, ქართველთა ამხანაგობის გამოცემა, თბ., 1892, გვ. 48 (A).

სათაურის ქვეშ: რუკერტით BC.

თარიღი: 1859-სა წელსა, 19-სა იანვარს, ს. პეტერბურღი B, 18 იანვარს, 1859, პეტერბურღი C, 1859 A.

რიუკერტი ფრიდრიხ (ნამდვ. გვარი ფრაიმუნდ რაიმარი, 1788-1866) გერმანელი პოეტი, დრამატურგი და მთარგმნელი. ი. ჭავჭავაძემ გადმოაქართულა მისი „მგზავრის მწუხრისეული სიმღერა“ (1833), რომელსაც თარგმანში ეწოდება „ჩრდილნი მაღალ მთებისა“.

24. 3 წყალზე] წყალზედ BC. 5 თეთრად] თეთრათ BC. 6 დაღლილად] დაღლილათ BC, ჰსცემს] სცემს B. 7 მკერდში სუსტად გული] სუსტათ გული მკერდში C, სუსტად] სუსტათ B. რარიგად] რარიგათ BC. 9 მაგრად] მაგრათ BC, მივაპყრობდი მკერდს] მოვხვევდი მე ხელს C. 12 მაგრამ] მარამ B.

________________

* ჰ. ჰაინეს ეს ლექსი 1892 წლის გამოცემაში (ტ. I) მოთავსებულია 1871 წელს დაბეჭდილი ლექსების გვერდით. ხოლო სარჩევში დაწერის თარიღად კვლავ არასწორადაა მითითებული (1863 წ.). დამატებით იხ. ჩვენი გამოცემის გვ. 668.