The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


მარტო მივცურავ

* * *  (მარტო მივცურავ)

მარტო მივცურავ ცხოვრების ზღვაში,
თითქო უსურვლოდ და უფიქრელად,
და ზღვის ღელვაში, გრიგალთ ქროლაში
არარა აქვს რა ჩემს გულს იმედად.
ზვირთი ზვირთზედა ჩემკენა სრბიან,
ჯერ ჩემს მცირეს ნავს ზედ ასქდებიან
და, ვუჭვრეტ რა მე ჩემ ნავის რხევას,
ვუცდი ანუ მის, ანუ ზღვის ძლევას.
რარიგ მაქანებს ზღვა გამოუცდელს
და მათამაშებს თვის მსხვერპლს წარუვლელს;
ვიცი, როს კი სურს, გადამკრავს მძლავრს ხელს
და ჩამღუპავს მე თვის ცივსა სიღრმეს;
და ურგებს ჩემს კვალს იგი სიჩქარით
სქლადა დაჰფარავს ზვირთთა კამარით...
თუ ეგრე წარვხდე, ნუ ატირდები,
მე იმ ცრემლებად არ ვეღირები!..

1858-სა წელსა, 5 ნოემბერს,
ს. პეტერბურღი.

  ხელნაწერი : M:

ავტოგრაფი, კრებ № 17501, გვ. 5.

თარიღი:

1858 წელსა, 5 ნოემბერს, ს. პეტერბურღი. ავტოგრაფის ბოლოს არის მინაწერები: «და ურგებს», «ჩემს კვალს», «კვალს, კვალს სიჩქარით».

ლექსი პირველად დაიბეჭდა 1914 წელს, ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მიხ. გედევანიშვილისეულ გამოცემაში (გვ. 23), დათარიღებულია 1858 წ. 5 სექტემბრით (სარჩევში, გვ. 1).

სარედექციო კოლეგიის გადაწყვეტილების თანახმად, ტექსტში ილიასეული ენობრივი ნორმების შესაბამისად გასწორდა რამდენიმე ფორმა. ავტოგრაფშია: 2 უსურვლოთ და უფიქრელათ. 4 იმედათ. 7 უჭვრეტ. 8 უცდი. 11 გადამკრამს. 14 სქლათა. 16 ცრემლებათ.