The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


მგზავრის წერილები. ვლადიკავკასიდამ ტფილისამდე

 

ჭავჭავაძე ილია

მგზავრის წერილები

ვლადიკავკასიდამ ტფილისამდე

I

დილის ექვსი საათი შესრულდა თუ არა, იმ სასტუმროს წინ, რომელშიაც მე წინა ღამეს ჩამოვხტი, რუსის პირდაუბანელმა და თავდაუვარცხნელმა „იამშჩიკმა“ ფოშტის პოვოსკა მოაყენა. ეს იყო ვლადიკავკასში. საკვირველია! რუსის მხატვრების სურათებზედ რა ლამაზად არის ხოლმე გამოყვანილი ამ სქელკისერა „იამშჩიკის“ ბრიყვი სახე, იმისი ოყრაყული სანახაობა, იმისი მიდუნ-მოდუნებული ზლაზვნა, უადამიანო და პირუტყვული მიხვრა-მოხვრა. რამოდენადაც სურათია კარგი, ორ იმოდენად საძაგელია ნამდვილი. მაგრამ ამბობენ: И дым отечества нам сладок и приятен. კვამლის სიტკბოებაზედ კი უკაცრავოდ, და სიამოვნებაზედ კი ამას მოგახსენებთ, რომ კვამლი ფრიად სასიამოვნოა, – პირველი იმისათვის, რომ კვამლი თვალს ეფარება და მართლჭვრეტას უშლის, მეორე იმისათვის, რომ კვამლი ხშირად თვალიდამ ცრემლს გვაყრევინებს ხოლმე. ოჰ, მამულის კვამლო, მართლა-და ტკბილი და სასიამოვნო ხარ: ხანდისხან ისე აგვიბამ თვალებს ხოლმე, რომ ჩვენ ჩვენს საკუთარს უბედურობასაც ვერა ვხედავთ.

როცა ავიბარგე, ესე იგი ჩემი ერთადერთი ბოხჩის ოდენა ტყავის ხურჯინი ჩავაგდე პოვოსკაში, მივუბრუნდი ჩემს ახლად გაცნობილს ფრანსიელს გამოსასალმებლად.

– ეგ ეტლი ვისი მოგონილია? – მკითხა მან და მიმიშვირა ხელი ფოშტის პოვოსკაზედ, რომელზედაც ჯერ არგამოფხიზლებული „იამშჩიკი“ უგემურად სთვლემდა.

– რუსისა, – ვუპასუხე მე.

– მგონი, არა ხალხი მაგაში არ შეეცილოს. მებრალებით, რომ თქვენ იძულებული ხართ მაგას გაალაყებინოთ ტვინი და გაადღვებინოთ გულ-მუცელი.

– არა უშავს-რა. მთელი რუსეთი მაგით დადის, და მე რა ღმერთი გამიწყრება, რომ დამიშავდეს რამე.

– მაგით დადის?! იმიტომაც შორს არის წასული!.. ღმერთმა მშვიდობის მგზავრობა მოგცეთ. მე კი, სწორედ გითხრათ, თავს ვერ გამოვიმეტებდი, რომ მაგაში ჩავმჯდარიყავ. მშვიდობით! თუ შევხვდეთ ერთმანეთს კიდევ როდისმე, გთხოვთ მიცნობდეთ.

ამ სიტყვებზედ მომაწოდა ხელი გამოსასალმებლად და ისე მჭიდროდ მომიჭირა ხელი ხელს, როგორც მარტო ევროპიელმა იცის ხოლმე.

პოვოსკაში ჩავჯექ.

პოვოსკა ჩემს ჩაჯდომაზედ შეტოკდა. „იამშჩიკმა“ თვალები აახილა და მე ბღვერა დამიწყო. მერე აკრიბა სადავეები, „მწუო, მწუო,“ დაუწრუწუნა უჭმელობისაგან გადალეულს და ყურებჩამოყრილს ცხენებს და მოუღერა შოლტი. ცხენები მიდგნენ-მოდგნენ, მაგრამ ალაგიდამ არ დაიძრნენ. Ну, чо-о-рт, трогай што-ли! დაიყვირა „იამშჩიკმა“, აიქნივა სადავენი და ფეხებითაც ტყაპუნი დაიწყო. შენც არ მომიკვდე, ცხენებმა ყურიც არ გაიბღერტყეს. ამ ყოფას ის ჩემი ნაცნობი ფრანსიელი ფანჯრიდამ უყურებდა და სიცილითა სკდებოდა. რა უხაროდა იმ სულელს?

– მაგით დადის!.. ხა, ხა, ხა! – ხითხითებდა იგი, – ვიღა დაეწევა! თუმცა მე სასიხარულო არა მჭირდა-რა, მაგრამ მეც გამეცინა. „იამშჩიკმა“ თავისი ძროხის თვალები ჩემკენ მწყრალად მოაბრუნა და ისე მრისხანედ შემომიბღვირა, თითქო მემუქროდა: შენც ეგრეო. მერე ისევ ცხენებს მიუბრუნდა და ყოველს მათგანს თითო შოლტი გადუჭირა. ცხენებმა ამის პასუხად ტყუპ-ტყუპი ტლინკი აყარეს, როგორც იყო ადგილიდამ დასძრეს ჩვენი პოვოსკა და ძუნძულით გასწიეს. დანჟღრეულმა ზარმა დაიწყო თავისი უგემური ჟღარაჟღური, პოვოსკამ ქვებზედ ხტომა და მე ლაყლაყი ხან აქეთ და ხან იქითა.

II

ამ ყოფით განვშორდი ვლადიკავკასს და პირი ჩემის ქვეყნისაკენ ვქენი. თერგის ხიდი ისე გამოვიარე, რომ, არამც თუ წყალი დამელიოს, თვალიც არ ამიხილებია. მეშინოდა, რომ თერგდალეულობა არ დამწამონ-მეთქი. თერგდალეულები ჩვენს ქართველს კაცს როგორღაც არ ეჭაშნიკება და არ მოსწონს. ამაზედ ფრიად საფუძვლიანი საბუთი აქვთ: პირველი, იმიტომ არ მოსწონთ, რომ თერგდალეულები მართლა-და თერგდალეულები არიან, მეორე იმიტომ... იმიტომ, რომ მეორედაც თერგდალეულები არინ, მესამე იმიტომ... იმიტომ... იმიტომ, რომ მესამედაც თერგდალეულები არინ. მოდი და ამისთანა ჭკვიანური საბუთი სხვა საბუთით დაურღვიე ჩვენს დარღვეულს ქართველობას.

ეგ დასაღუპავი თერგი! რა ორპირი ყოფილა! დახე, როგორ მიმკვდარა. რაკი ზურგი ჩვენკენ უქნია და პირი რუსეთისაკენ, რაკი გაუმინდვრებია და გაუვაკნია, როგორღაც ის დევგმირული ხმა ჩასწყვეტია. ჩვენი დამთხვეული თერგი ვლადიკავკასთან ის თერგი აღარ არის, რომელზედაც ჩვენს პოეტს უთქვამს:

„თერგი რბის, თერგი ღრიალებს,

კლდენი ბანს ეუბნებიან“...

იქ ისე მიმკვდარა, ისე დადუმებულა, თითქო ან როზგქვეშ არის გატარებულიო, ან დიდი ჩინი მიუღიაო. მაგრამ იქნება თერგი იქ ეგრე იმიტომ მიჩუმებულა, რომ მობანე კლდენი გვერდით არ ახლავს, ის კლდენი, რომლის:

„კლდოვანთა გულთა ღრუბელნი

შავადა ზედ დასწოლიან

და მრისხანებით ქვეყანას

წარღვნითა ემუქრებიან“.

მაგრამ მაინცდამაინც ვაი შენ, ჩემო თერგო! შენ, ჩემო ძმობილო, ზოგიერთ კაცსავით, საცა მისულხარ, იქაური ქუდიც დაგიხურავს. ცოდვა არ არის, შენი ჭექა-ქუხილი, შენი ზარიანი ხმაურობა, შენი შფოთვა და ფოთვა, შენი გაუთავებელი ბრძოლა ქვა-კლდე-ღრესთან, თითქო შენი განიერი წადილი შენს ვიწრო საწოლში ვერ მოთავსებულაო. ბევრი რამ საგულისყუროა შენში, ჩვენო დაუმონავო თერგო, შენს ძლევამოსილს და შეუპოვარს დენაშია. აქ კი მიმრჩვალხარ დამარცხებულ და ნათრევ ლომსავითა. ცოდვა ხარ და ცოდვას შვრები!..

„ჰე, სოფელო, რაშიგან ხარ,

რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა?”

შუადღე იყო, რომ ლარსის სტანციაში მოვედი. ლარსამდი ჩემმა გულმა ვერაფერი განსაკუთრებითი სიამოვნება ვერა მიიღო-რა, გარდა იმისა, რომ რამოდენადაც ჩემს სამშობლოს ქვეყანას ვუახლოვდებოდი, იმოდენად გარემო ბუნებას ჩემის ქვეყნის ფერი ემატებოდა და თერგს შფოთვა და ღელვა.

შევედი სტანციის ცარიელს ოთახში, ჩაის დალევა მინდოდა და ამის გამო სამოვარის დადგმა შევუკვეთე ერთს ფეხმოტეხილს სალდათსა, რომელიც ბოლოს სტანციის გუშაგად გამოდგა. მინამ სამოვარს შემოიტანდნენ, მივწექ გაფიცრულ ტახტზედ და თავი ფიქრებს მივეცი.

ოთხი წელიწადი იყო, რაც მე რუსეთში ვიმყოფებოდი და ჩემი ქვეყანა არ მენახა. ოთხი წელიწადი!.. იცი, მკითხველო, ეს ოთხი წელიწადი რა ოთხი წელიწადია! პირველი, რომ მთელი საუკუნეა მისთვის, ვინც თავის ქვეყანას მოშორებია. მეორე, ეგ ოთხი წელიწადი ცხოვრების საძირკველია, ცხოვრების წყაროს სათავეა, ბეწვის ხიდია, სიბნელესა და სინათლის შუა ბედისაგან გადებული. მაგრამ ყველასთვის კი არა, მარტო იმათთვის, ვინც რუსეთში წასულა, რათა ჭკუა ავარჯიშოს, ტვინსა და გულს მოძრაობა მისცეს, – ფეხი აადგმევინოს. ეს ის ოთხი წელიწადია, რომელიც ჭაბუკის ტვინსა და გულში გამოჰკვანძავს ხოლმე ცხოვრების კვირტსა. ეს კვირტი კიდევ ის კვირტია, რომლიდამაც მშვენიერი და ბრწყინვალე მტევანიც გამოვა და ძაღლყურძენაცა... ოო, ძვირფასო ოთხო წელიწადო! ნეტავი იმას, ვისაც შენგან გადებული ბეწვის ხიდი ფეხთაქვეშ არ ჩასწყდომია, ნეტავი იმას, ვინც შენ რიგიანად მოგიხმარა.

III

რაკი ვლადიკავკასიდამ გამოვედი და ჩემის ქვეყნის სიომ დამკრა, გულმა სულ სხვარიგად დამიწყო ფეთქა. პოვოსკაში ქვებზედ ხათქა-ხუთქი უკეთესთა ფიქრთა დამიბნევდა ხოლმე. ახლა კი, როცა სტანციის ოთახის ტახტზედ მამაპაპურად გავიშოტე, ღვთის წყალობა შენა გქონდეს, რომ მე ფიქრს მივეცი სრული ჩემი გულისყური და ყურადღება. ჯგუფად მომიგროვდა ყოველიფერი, რაც კი დამეტოვა ჩემს მშვენიერს პატარძალსავით მორთულს ქვეყანაში, რაც კი მენახა, მეცადნა და მეცნო უცხოეთშია. მრავალნაირი ფიქრები ერთად, რეულად, გონების თვალწინ წარმომიდგნენ, მაგრამელვის უმალეს ერთი ფიქრი მეორეზედ მეცვლებოდა, ასე რომ ჩემი გონების თვალი ერთ და იგივე საგანზედ ერთს წუთსაც ვერ გავაჩერე – ერთის სიტყვით, ჩემს ტვინში სრული რევოლუცია მოხდა: ძირს მილაგებულნი ფიქრები მაღლა მოექცნენ, მაღლა დალაგებულნი ძირსა და მერე აირივნენ ერთმანეთში. სიტყვამ „რევოლუცია“ არ შეგაშინოს, მკითხველო! რევოლუცია იმისთვის არის გაჩენილი, რომ მშვიდობიანობა მოაქვს. ღვინო ჯერ უნდა ადუღდეს, აირიოს- დაირიოს და მერე დაწმნდება ხოლმე. ესეა ყველაფერი ამ ქვეყანაზედ.

ამ ყოფაში ვიყავ. ბოლოს ჩემთა ფიქრთა, ყოველმა თითოეულად, თავისი შესაფერი ადგილი დაიჭირა ჩემს გონებაში. მათ შორის ერთი უფრო ბრწყინვალედ გამომეხატა. იმ ერთს მოჰყვა მეორე, მეორეს – მესამე, ასე რომ ბოლოს ერთ განუწყვეტელ გრეხილად შემექმნენ. როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე, – ვიფიქრე. რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე? ვინ იცის: იქნება მე ჩემმა ქვეყანამ ზურგი შემომაქციოს, როგორც უცხო ნაიადგზედ გადარგულსა და აღზრდილსა? იქნება ზურგიც არ შემომაქციოს, იქნება მიმითვისოს კიდეცა, რადგანაც ჩემში მაინცდამაინც ჩემის ქვეყნის დვრიტაა დადებული. მაგრამ მაშინ რა ვქმნა, რომ ჩემმა ქვეყანამ მამიყოლოს და მიამბოს თავის გულისტკივილი, თავისი გლოვის დაფარული მიზეზი, თავისი იმედი და უიმედობა, და მე კი, მის ენას გადაჩვეულმა, ვერ გავიგო მისი ენა, მისი სიტყვა? იქნება მიმიღოს კიდეც და, როგორც თავისი შვილი, გულზედაც მიმიკრას და ხარბად დამიგდოს ყური, მაგრამ მე შევიძლებ კი, რომ მას ღვიძლი სიტყვა ვუთხრა და იმ სიტყვით გულისტკივილი მოვურჩინო, დავრდომილი აღვადგინო, უნუგეშოს ნუგეში მოვფინო, მტირალს ცრემლი მოვწმინდო, მუშაკს შრომა გავუადვილო; იმ სიტყვით ვასმინო, რომ არის მრავალი ქვეყნები, ჩვენზედ უფრო უბედურად გაჩენილნი, მაგრამ უფრო ბედნიერად მცხოვრებნი; და ის თითოეული ნაპერწკალი, რომელიც არ შეიძლება რომ ყოველს კაცში არა ჟოლავდეს, ერთ დიდ ცეცხლად შევაგროვო ჩემის ქვეყნის გაციებულის გულის გასათბობლად. შევიძლებ კი? შევიძლებ გასაგონის ღვიძლის სიტყვის თქმასა? გადავწყვიტე, რომ ჩემი ქვეყანა მიმიღებს და მიმითვისებს კიდეც, იმიტომ რომ იმისი სისხლი და ხორცი ვარ; იმის სიტყვასაც და ენასაც გავიგებ, იმიტომ რომ მამულის სიტყვას მამულის შვილი ყურს უგდებს განა მარტო ყურითა, გულითაცა, რომლისათვისაც დუმილიც გასაგონია; ჩემს სიტყვასაც გავაგებინებ, იმიტომ, რომ შვილის სიტყვა მშობელს ყოველთვის ესმის. მაგრამ ამას სულ სიტყვაზედ ვლაპარაკობ, საქმე კი საქმეშია, შენმა ქვეყანამ საქმე რომ მოგთხოვოს, მაშინ რასა იქმ? – ვკითხე მე ჩემს თავს და გავჩერდი კიდეც. ვიგრძენ, რომ ამ კითხვამ შესწყვიტა ის ზემოხსენებული ჩემი ფიქრების ფერადი გრეხილი.

– მართლა-და რა უნდა ვქნა? – ვკითხე ჩემს თავს ხმამაღლივ.

– ჩაი უნდა მიირთოვო, – მიპასუხა სტანციის გუშაგმა, რომელმაც ამ დროს შემოიტანა სამოვარი და ჩემს სტოლზედ დადგა.

– ჩაიო!..

– სამოვარი იმისთვის არ მიბრძანეთ? – მიპასუხა სულელმა გუშაგმა და გავიდა გარეთ. არ გასულა ამის შემდეგ რამდენიმე წუთი, რომ კარი ისევ გაიღო და ერთმა რუსის აფიცერმა შემოჰყო თავი. იმისი სახის მეტყველება ამჟღავნებდა, რომ ღვინოსა და არაყს ძალიან დაახლოვებით იცნობდა. თვალად ერთი ოცდაათის წლისას ჰგვანდა. ზედ ეტყობოდა, რომ მგზავრი არ იყო.

– ნება მომეცით, – მითხრა მან რუსულად, – გაგაცნოთ ჩემი თავი: მე გახლავართ პადპარუჩიკი N. აქ ლარსში ვდგევარ, როტა მაბარია.

– ძალიან მოხარული ვარ, – ვუპასუხე მე, წამოვუდეგ ფეხზედ და ჩამოვართვი გამოწვდილი ხელი.

– საიდამ მობრძანდებით?

– პეტერბურგიდამ.

– ფრიად სასიამოვნოა. ამ უდაბურსა და ვერანა ადგილას ერთი ეგ სიამოვნებაღა მაქვს, რომ შევხვდები ხოლმე მგზავრს განათლებულის ქყვეყნიდამ. კაცი, რომელიც გონებითა სცხოვრობს, მოვალეა ღვთისა და ქვეყნის წინაშე შეხვდეს განათლებულს კაცს საბაასოდ გონების გასაფხიზლებლად. დიდად მოხარული ვარ. ბაასი ჭკვის საზრდოა.

მითხრა ესა და კიდევ გამომიწოდა ხელი, მეც ხელმეორედ ხელი ჩამოვართვი.

– თქვენ ვინა ბრძანდებით? – მკითხა მან.

– მე გახლავართ ერთი სომხის სოვდაგრის დახლდარი.

– დახლდარიო!.. – თქვა და ტუჩები აიპრუწა.

– დიაღ, ბატონო!

ჩემმა ახალმა ნაცნობმა რომ ეს გაიგონა, მყისვე დიდკაცური სანახაობა მიიღო: მხრები მოიმარჯვა, ის პირველად მორიდებული ლაპარაკი სხვა ჰანგზედ შესცვალა.

– საიდამ მოდიხა-ა-ართ?!. – მკითხა გაკვირვებით და დაცინებითაცა.

– პეტერბურგიდამ.

– ჰმ, – ჩაიცინა აფიცერმა, – პეტერბურგიდამ. კარგია, გღირსებიათ პეტერბურგის ნახვა. პეტერბურგი!.. ძალიან კარგი ქალაქია, – თქვა ესა და არხეინად ჩამოჯდა სკამზედ: – პეტერბურგი!.. ო, ო, დიდი ქალაქია. პეტერბურგი!.. ვრცელი ქალაქია!.. არა ჰგავს თქვენ წიტიან ქალაქსა. აბა რა ქალაქია თქვენი ქალაქი? ერთი თავიდამ რომ გადააფურთხო, ფურთხი ქალაქის ბოლოს დაეცემა. პეტერბურგი კი... ხომ გინახავთ პეტერბურგი? რუსეთის გულია. მართალია, აქამდისინ მთელი რუსეთი ჰფიქრობდა, რომ მისი გული მოსკოვია, მაგრამ მთელს რუსეთს მე განვუფანტე ეგ ცრუ და უგუნური აზრი: მე მწერალი გახლავართ. გთხოვთ, რომ მიცნობდეთ. ეგრე კი ნუ მიყურებდით. მე დავამტკიცე, რომ პეტერბურგია მთელის რუსეთის გული. იზლერის ბაღი ხომ გინახავთ?

დავუგდე კი ყური ამ აფიცერს და გულში კი ვფიქრობდი, ხომ არ გაგიჟებულა-მეთქი, მაგრამ გარდა ამ გადარეულის ლაპარაკისა არა შევატყე-რა.

– არა, იზლერის ბაღი გინახავთ, თუ არა? – მკითხა კიდევ იმან.

– პეტერბურგის გულობა რით დაამტკიცეთ? – ვკითხე მე და არ მივეცი პასუხი მის უკანასკნელს კითხვაზედ.

– არა, ჯერ მე მითხარით: იზლერის ბაღი გინახავთ, თუ არა? თქვენ, აქაურები, ესე იგი ქართველები თუ სომხები, სამეცნიერო ლაპარაკს ჩვეულნი არა ხართ, ამტომაც ერთის საგნიდამ მეორეზედ გადახტებით ხოლმე. თქვენ ზედმიყოლებითი, რიგიანი სჯა არ იცით. ეგ, რასაკვირველია, გაუნათლებლობისაგან მოგდით. მგონი, თქვენ არც კი იცით, – რა არის ცივილიზაცია, ასოციაცია, არღუმენტაცია, ინტელიგენცია, კასსაცია და ფილოლოღია. მაგრამ ეგ არაფერი, წარმავალია. თქვენც გაიწურთნებით. მადლობა ღმერთს, აფიცრობა და ჩინოვნიკობა ბევრი მოდის რუსეთიდამ თქვენს გასანათლებლად. არა, ჯერ მითხარით, იზლერის ბაღი გინახავთ, თუ არა? თუ ეგ არ გინახავთ, პეტერბურგიც არ გინახავთ.

– მინახავს.

– გინახავთ? მაშ თქვენ განათლებულებში ფეხი ჩაგიდგამთ, ფრიად მოხარული ვარ, ფრიად მოხარული ვარ. იზლერის ბაღი? როგორი ბაღია, ჰა? ფერიებით სავსე სამოთხე ის არის, აი! ფერიები, ხომ იცით, რა არის? ეგ სამეცნიერო სიტყვაა, იქნება არ იცოდეთ. ეგ მდაბიურად რომ ვთარგმნოთ, იმასა ჰნიშნავს, რომ ის ბაღი სავსეა ჟუჟუნათვალებიან ქალებითა. გინდა ერთს ჩაავლე ხელი, გინდა მეორეს. აი, განათლებას რა შეუძლიან. თქვენი ქალები კი კაცს დაინახავენ თუ არა, იმალებიან. არა, პეტერბურგი... დიდი ქალაქია, ფრიად განათლებული, და იზლერის ბაღი განათლების გვირგვინია, ასეთი ბაღია, რომ „მწუ“.

ამ სიტყვებზედ მეცნიერმა აფიცერმა თითებზედ იკოცა.

– მე იმედი მაქვს, რომ ეს სამოვარი ამ სტოლზედ თქვენთვის სდგას.

– თქვენმა იმედმა არ მოგატყუათ თქვენ.

– მე იმედი მაქვს, რომ თქვენ, როგორც განათლებულის ქვეყნიდამ მოსული კაცი, მეც მითავაზებთ ჩაისა.

– არც მაგ იმედს გაგიმტყუნებთ.

– რომიც, რასაკვირველია, გვექნება.

– მაგაზედ კი უკაცრავოდ.

– ეგ ვერაფერი ნიშანია. თქვენ სომეხი ხართ, თუ ქართველი?

– ქართველი.

– ძალიან მიამა, რომ ქართველი ხართ. თუმცა ჩვენი ლერმონტოვი კი ამბობს, რომ бежали робкие грузины, მაგრამ მაინც ქართველები სჯობიან იმ პოიებსა. პაპიროსები კი, რასაკვირველია გექმნებათ.

– გახლავთ.

– იმედი მაქვს, რომ მითავაზებთ.

– დიდი სიამოვნებით. ინებეთ.

– აბა, მაშ თქვენ ჩაი დაასხით და მერე მოვყვეთ სამეცნიერო ლაპარაკსა. თუმცა თქვენთვის ძნელი იქნება სამეცნიერო ლაპარაკის გაგება, მაგრამ მე შიგადაშიგ სამეცნიერო სიტყვებს მდაბიურად გითარგმნით და ამ რიგად სამეცნიერო ლაპარაკის გაგებას გაგიადვილებთ.

მე ჩაი დავასხი და ერთი ჭიქა იმას დავუდგი. ჩაი რომ მოსვა, გამოაბოლა პაპიროსი და მოჰყვა ლაპარაკსა.

– თქვენი ქვეყანა, მეცნიერის ენით რომ ვთქვა, განათლებული არ არის, ესე იგი, მდაბიურის ენით რომ ვთქვა, გაუნათლებელია. ხომ გესმით?

– ძალიან კარგად.

– აკი მოგახსენეთ, გაგიადვილებთ-მეთქი სამეცნიერო სიტყვის გაგებასა. ახლა დავიწყოთ იქიდამ, რომ თქვენი ქვეყანა განათლებული არ არის, ესე იგი, გაუნათლებელია. ეს ჩაი მოსკოვისა უნდა იყოს?

– არა, სტავროპოლში ვიყიდე.

– სულ ერთია. ახლა დავიწყოთ, როგორც წეღანა ვთქვით, იქიდამ, რომ თქვენი ქვეყანა განათლებული არ არის. ეგ იმასა ნიშნავს, რომ თქვენი ქვეყანა ბნელია. ხომ გესმით?

– დიაღ, კარგად.

– ახლა რაკი იქიდამ დავიწყეთ, რომ თქვენი ქვეყანა განათლებული არ არის, ისიც უნდა ვთქვათ, რომ განათლება რა არის. მე ამას მაგალითებით აგიხსნით: წარმოიდგინეთ ბნელი ოთახი. წარმოიდგინეთ, თუ არა?

– წარმოვიდგინე.

– არა, იქნება სადმე ერთი ფანჯარა ღია დაგრჩათ, ისიც დაკეტეთ.

– დავკეტე, – ვუპასუხე კი და სიცილი მომივიდა.

– ძალიან კარგი. რაკი ის ფანჯარაც დაკეტეთ, ფარდაც ჩამოაფარეთ.

– ჩამოვაფარე.

– რაკი ფარდაც ჩამოაფარეთ, ოთახიც დაბნელდა, ვეღარაფერს დაინახავთ. უეცრად შემოიტანეს სანთელი, განათდა ოთახი. განათლებაც ეგ არის. სწორედ მოგახსენოთ, არც ეს პაპიროსია ურიგო. პეტერბურგიდამ იქნება?

– არა, ვლადიკავკასში ვიყიდე.

– სულ ერთია. ახლა ხომ გესმით განათლების მნიშვნელობა?

– ძალიან კარგად.

– ახლა, რადგანაც აგიხსენით განათლების მნიშვნელობა, თქვენ უნდა ერთი რამა გკითხოთ: თქვენში ცივილიზაცია როგორ მიდის?

– მაგისას ვერას მოგახსენებთ: დიდი ხანია ჩემს ქვეყანაში არა ვყოფილვარ.

– ეგ არაფერი, მე ეხლავ შევიტყობ, როგორ მიდის: რამდენი გენერლები გეყოლებათ თქვენ, ქართველებს?

– იქნებ ერთი ოციოდე მოგროვდეს.

– რაო, ოციოდეო!.. ო, ო, ეგ დიდი საქმეა, – წარმოსთქვა დიდის ყოფით ჩვენმა მეცნიერმა აფიცერმა, – ოციოდეო!.. ამ ერთ მუჭა ხალხში და ოცი გენერალი!.. ეგ, ბატონო, დიდი ცივილიზაცია გქონიათ. ვერ უყურებთ, ოციოდე გენერალი! არა მჯერა. იქნება თქვენ, მეცნიერების ენით რომ ვთქვა, დეისტვიტელნი სტაცკის სოვეტნიკებსაც მართალ გენერლებშია სთვლით, ესე იგი, მდაბიურის ენით რომ ვთქვა, იქნებ შტაცკის გენერლებსა, ანუ უფრო მდაბიურად რომ ვთქვა, უეპოლეტო გენერლებსა, ანუ ამაზედ უფრო მდაბიურად რომ ვთქვა, უულვაშო გენერლებსაც მართალს გენერლებში სთვლით? უთუოდ ეგრე იქნება.

– არა, თქვენმა მზემ, – დავუფიცე მეც, – არა, თქვენმა მზემ, სულ მართალს გენერლებს მოგახსენებთ.

– ოციოდ მართალი გენერალი! ბარაქალა მართლმადიდებელ რუსეთს! სახელი და დიდება! საცა ფეხს შესდგამს, დაამყარებს ხოლმე ცივილიზაციას. სულ რამდენი წელიწადია, რაც რუსეთი აქ შემოვიდა?

– იქნება სამოცდაათი.

– შვიდს წელიწადში ორი გენერალი? დიდი საქმეა, დიდი ცივილიზაცია არის. მერე როგორი გენერალი?! მართალი გენერალი! თუ ღვთის ძალით თქვენში ცივილიზაციამ ეგრე იარა, სამოცდაათ წელიწადს უკან კიდევ ოცი გენერალი მოგემატებათ და სულ ორმოცი შეიქნება.დიდი საქმეა. მე ეგ არ ვიცოდი. ან საიდამ უნდა შემეტყო? სულ არ იქნება სამი წელიწადი, რაც ამ ქვეყანაში ვარ. სწორედ მოგახსენოთ, არც მოცლა მქონდა, რომ თქვენის ქვეყნისათვის მეცნიერი თვალი დამეკვირვებინა. მე ერთს დიდს საოსტატო საგანს გამოვეკიდე, მრავალი ვიძიე, ისტორიები წავიკითხე და ჩემი დრო სულ ამ სამეცნიერო საქმეზედ გადავაგე. მაგრამ ცუდად არ წახდა ჩემი ღვაწლი, შთამომავლობა მოიგონებს ჩემს სახელსაცა.

– რა იმოქმედეთ?

– რა ვიმოქმედე! ადვილი სათქმელია. აი, ბატონო, რუსეთში მებატონეებს ყმები ჩამოართვეს. მებატონეს ბიჭი აღარ შერჩა. მოჯამაგირეს ანაბარას დარჩა. შეწუხდა ქვეყანა, მოჯამაგირეებმა დაუწყეს ყველაფერს სახლში პარვა. მე, როგორც გულმტკივნეული შვილი, ჩავუფიქრდი ამ ჩემის ქვეყნის მწუხარებას, – ვთქვი: ქვეყანას შველა უნდა-მეთქი. მადლობა ღმერთს, ვუშველე კიდეც. ასეთი რამ მოვიგონე, რომ მოჯამაგირეს სახლში პარვა აღარ შეუძლიან. ერთმა უბრალო შემთხვევამ კი მაპოვნინა წამალი. ჩემი დენშჩიკი ფრიად დიდი ქურდი იყო, საშაქრეში შაქარს აღარ უშვებდა. ვიფიქრე, ვიფიქრე, როგორ ვუშველო ამ საქმეს-მეთქი. დავიწყე ყუთის დაკეტა, მაგრამ ხან დაკეტა დამავიწყდებოდა ხოლმე, ხან გასაღები სტოლზედ დამრჩებოდა ხოლმე, და როცა სახლიდამ გავიდოდი, დენშჩიკი შაქარს მომპარავდა. ბოლოს ავიღე, ორი ბუზი დავიჭირე და ჩავსვი საშაქრეში, თავი დავხურე და არ დავკეტე კი. ახლა მკითხავ – რისთვისაო? იმისთვისა, რომ თუ დენშიკი კიდევ შაქრის მოპარვას დააპირებდა, ხომ ყუთი უნდა გაეღო. რაკი ყუთს თავს ახდიდა, ბუზები მაშინვე ამოფრინდებოდნენ. მერე, როცა შინ მოვიდოდი, ავხდიდი ყუთს და შიგ რაკი ბუზებს აღარ ვნახავდი, აშკარა იქნებოდა, რომ ყუთის თავი აუხდია ვისმე. ვინ ახდიდა, თუ არ ჩემი დენშჩიკი. რაკი ეს გამოვიგონე, მე დენშჩიკი შაქარს ვეღარ მპარავს. ეხლა, ყოველ დილას ჩაის გავათავებ თუ არა, ოთახში ბუზებს ვიჭერ, დავიჭერ ბუზებს, ჩავსვამ შაქრის ყუთში და მთელი დღე არხეინადა ვარ. ვიცი, რომ არავინ მომპარავს. როგორ მოგწონს ჩემი აზრი? იაფი და ქურდობის უებარი წამალია. ეგ წამალი ყველაფერში იხმარება, რასაც კი ჩვენს ოჯახში ყუთში ვინახავთ ხოლმე. ეს აზრი ჯერ არავისთვის არ გამიმჟღავნებია, მაგრამ თქვენი ქვეყანა ისე მიყვარს, რომ თქვენ ეგ გაცნობეთ და გთხოვთ – თქვენს გაუნათლებელს მებატონეებს აცნობოთ. ერთი ეს არის, რომ არყის ქურდობას ჯერ ვერა ვუშველე-რა. არაყის ბოთლშიაც კი ვცადე ბუზების ჩასმა, მაგრამ ეგ წყეულები შიგ ირჩობიან – губа не дура. მაგრამ მაგის წამალსაც მალე მოვიგონებ. არა, როგორ მოგწონთ ჩემი ოსტატობა? ფრანცუცებმაც იციან ხოლმე მაგისთანა ეშმაკობის მოგონება, მაგრამ იმათის მაშინების ყიდვა ძვირია. ეს ჩემი ოსტატობა კი გროშიც არ დაჯდება. აბა რა არის ორი ბუზის დაჭერა და ყუთში ჩასმა? დიდი არაფერი აბა ეხლა ჰნახეთ, რა შედეგი ექნება ამ ჩემ მოგონილ საქმეს: ეს ჩემი ოსტატობა რომ გავრცელდება, მაშინ შეიძლება რომ ბუზების სყიდვა დაიწყონ. აი, ქვეყანაში ახალი აღებ-მიცემობაც გაჩნდება: ჩაივლით ერთს მშვენიერს დილას თქვენს ქალაქში და დაინახავთ ბუზების მაღაზიასა. ცუდია თუ? რამდენი მშიერი კაცი ლუკმას იშოვნის ბუზების მეოხებითა. ეხლა კი ბუზები რანი არინ? არაფერი. რის გამოსადეგნი არიან? არაფრისა. აი, მეცნიერის და ჭკვიანის კაცის ნამოქმედებსა და ნაღვაწლს რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისათვის. მე აქ არ მოვდიოდი, თუმცა კი ბევრს მეხვეწებოდნენ. ჩემს გულში ვამბობდი: ღმერთს თუ ნიჭი მოუცია რამე ჩემთვის, ისევ ჩემებს გამოვადგე-მეთქი, მაგრამ ამ ახლად დაჭერილ ქვეყნებს უფრო განათლება უნდა-მეთქი; აქ განათლებული კაცები საჭირონი არიან. აბა ცოტა ხანი მოიცადეთ, რა მოხდება. მე ხომ, ზევით რომ ვთქვი, ის მოვიგონე, ახლა სხვა ჩემისთანა სხვას მოიგონებს, იქნება იმისთანა კაციც გამოვიდეს, რომ თქვენს ქალაქშიაც იზლერის ბაღი გამართოს: მეცნიერის კაცისათვის ყველაფერი შესაძლოა. ამ ყოფითა მთელის პეტერბურგის განათლება აქ გადმოვა. მაშინ ჰნახავთ, რომ ერთს მშვენიერს დღეს სეირნობა გაიმართება იზლერის ბაღში, იმ ბაღში თქვენი ქალები თამამად სიარულს დაიწყებენ, გინდა ერთს უთხარ „შენი ჩირიმე“, გინდა მეორეს, ხმასაც არ გაგცემენ. აბა ხალხი მაშინ დაინახავს თავისს სამოთხეს, როგორც მეცნიერნი იტყვიან, ესე იგი, სამოთხე რომ მდაბიურად ვთქვათ... მაგრამ რა ვთქვათ, მდაბიურადაც სამოთხე სამოთხეა. ხომ გესმით?

– ძალიან კარგად.

IV

იმ საღამოს სტეფანწმინდას ამოვედი. მშვენიერი საღამო იყო, ასე რომ იმ ღამეს იქ დავრჩი, რათა თვალი გამეძღო მშვენიერის სანახავების ხილვითა. ოხ, საქართველოვ!

„სხვა საქართველო სად არის,

რომელი კუთხე ქვეყნისა?“

ოთახიდამ გარეთ გამოვედი და შევხედე სტეფანწმინდის პირდაპირ აყუდებულს მყინვარსა, რომელსაც ყაზიბეგის მთას ეძახიან. დიდებული რამ არის ეგ მყინვარი. აბა მაგას შეუძლიან სთქვას: ცა ქუდადა მაქვს და დედამიწა ქალამნადაო. ცისა ლაჟვარდზედ მოჩანდა იგი თეთრად და აუმღვრევლად. ერთის მუჭის ოდენი ღრუბელიც არა ჰფარავდა მის მაღალს შუბლსა, მის ყინვით შევერცხლილს თავსა ერთადერთი ვარსკვლავი, მეტად ბრწყინვალე, ზედ დაჰნათიდა, ერთს ალაგს გაჩერებული, თითქო მყინვარის დიდებულს სახეს განუცვიფრებიაო. მყინვარი!.. დიდებულია, მყუდრო და მშვიდობიანი, მაგრამ ცივია და თეთრი. დანახვა მისი მაკვირვებს და არ მაღელვებს, მაციებს და არ მათბობს, – ერთის სიტყვით მყინვარია. მყინვარი მთელის თავის დიდებულებით საკვირველია და არა შესაყვარებელი. აბა რად მინდა მისი დიდება? ქვეყნის ყაყანი, ქვეყნის ქარიშხალი, ქროლვა, ქვეყნის ავ-კარგი მის მაღალს შუბლზედ ერთ ძარღვსაც არ აატოკებს. ძირი თუმცა დედამიწაზედ უდგა, თავი კი ცას მიუბჯენია, განზედ გამდგარა, მიუკარებელია. არ მიყვარს არც მაგისთანა სიმაღლე, არც მაგისთანა განზედ გადგომა, არც მაგისთანა მიუკარებლობა. დალოცა ღმერთმა ისევ თავზედ ხელაღებული, გიჟი, გადარეული, შეუპოვარი და დაუმონავი მღვრიე თერგი. შავის კლდის გულიდამ გადმომსკდარი მოდის და მობღავის და აბღავლებს თავის გარეშემოსა. მიყვარს თერგის ზარიანი ხუილი, გამალებული ბრძოლა, დრტვინვა და ვაივაგლახი. თერგი სახეა ადამიანის გაღვიძებულის ცხოვრებისა, ამაღელვებელი და ღირსსაცნობი სახეც არის: იმის მღვრიე წყალში ჩანს მთელის ქვეყნის უბედურობის ნაცარტუტა. მყინვარი კი უკვდავებისა და განცხრომის დიდებული სახეა: ცივია – როგორც უკვდავება და ჩუმია – როგორც განცხრომა. არა, მყინვარი არ მიყვარს, მით უფრო, რომ მიუკარებლად მაღალია. ქვეყნის ბედნიერების ქვაკუთხედი კი ყოველთვის ძირიდამ დადებულა, ყოველი შენობა ძირიდამ ამაღლებულა, მაღლიდამ კი შენობა არსად არ დაწყებულა. ამიტომაც მე, როგორც ქვეყნის შვილს, თერგის სახე უფრო მამწონს და უფრო მიყვარს. არა, მყინვარი არ მიყვარს: მისი სიცივე ჰსუსხავს და სითეთრე აბერებს! მაღალიაო! რად მინდა მისი სიმაღლე, თუ მე იმას ვერ ავწვდები და ის მე ვერ ჩამომწვდება. არა, არ მიყვარს მყინვარი. მყინვარი დიდ გეტეს მაგონებს და თერგი კი მრისხანე და შეუპოვარს ბაირონსა. ნეტავი შენ, თერგო! იმით ხარ კარგი, რომ მოუსვენარი ხარ. აბა პატარა ხანს დადეგ, თუ მყრალ გუბედ არ გარდაიქცე და ეგ შენი საშიშარი ხმაურობა ბაყაყების ყიყინზედ არ შეგეცვალოს. მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი...

V

ჩამოღამდა. თერგისა და მყინვარის ყურებაში და ზოგიერთ ფიქრების გართვაში დრო ისე გამეპარა, რომ თითქმის ვერ შევიტყე, მზე როგორ გამოესალმა მისგან გამთბარ ქვეყნიერებასა და როგორ მიეფარა მთებსა. დაღამდა, თვალწინ აღარა სჩანს-რა, მისწყდა ხმაურობა ქვეყნისა, ქვეყანა დადუმდა.

დაღამდა, მაგრამ არ ვიცი, რას ვიქმოდი, რომ იმედი არა მქონდეს კვლავ გათენებისა. სიცოცხლე სიცოცხლედ-ღა ეღირებოდა?.. მიყვარს, ბუნებავ, შენი დაწყობილობა, რომლის მეოხებითაც ყოველი ღამე თენდება ხოლმე.

დაღამდა, მაგრამ მე მაინც სტანციის გარეთა ვარ და დაჟინებით ყურაცქვეტილი გონებას ვადევნებ თერგის თავზედ ხელაღებულის დენის ხუილსა. ყველა დადუმდა და შენ არ სდუმობ, თერგო! მერწმუნეთ, მე მესმის ამ ხმაგაკმენდილს ქვეყანაში თერგის დაუჩუმარი ჩივილი. არიან ადამიანის ცხოვრებაში იმისთანა წუთნი მარტოობისა, როცა ბუნებას შენ თითქო შენსას აგებინებ და იგი თავისას შენ გაგებინებს. ამიტომაც შეგიძლიან სთქვა, რომ მარტოობაშიც არსად მარტო არა ხარ, ჰოი, ორფეხო ცხოველო, რომელსაც ადამიანს გეძახიან. ამ ღამეს ვგრძნობ, რომ ჩემის ფიქრებისა და თერგის ჩივილის შუა არის რაღაც იდუმალი კავშირი, არის რაღაც თანხმობა. გული მიტოკს და მკლავი მითრთის. რისთვის? დროს დავაცალოთ ამის პასუხის მიცემა.

დაღამდა. მისწყდა ადამიანის ფეხის ხმა, მისწყდა ადამიანის მორჭმული ხმაურობა, აღარ ისმის მისის დაღლილის ზრუნვისა და წადილის გუგუნი, ქვეყნის ტკივილმა დაიძინა, ადამიანი აღარა სჩანს ჩემს გარშემო. ვაი, რა ცარიელია ეს სავსე ქვეყანა უადამიანოდ!.. არა, წარიღეთ ეს ბნელი და მშვიდობიანი ღამე თავის ძილითა და სიზმრებითა და მომეცით მე ნათელი და მოუსვენარი დღე თავის ტანჯვითა, წვალებითა, ბრძოლითა და ვაი-ვაგლახითა! ჰოი, ბნელო ღამევ, მეჯავრები შენ მე! შენ რომ არ დაარსებულიყავ ქვეყნისათვისა, მე მგონია, რომ ნახევარი უბედურობაც ადამიანისა ქვეყანაზედ არ იქნებოდა. შენთა მოვლენათა დასცეს პირველად თავზარი ადამიანის გონებასა და დააფრთხეს იგი. მას აქეთ შეშინებულსა გზა თვისი ვერ უპოვნია, – და აჰა, იბრძვის ადამიანი და დღევანდლამდე ათასში ერთსა თავისი ერთხელ დამფრთხალი გონება ფრთხოლას ვერ გადუჩვევია. აი მიზეზი ქვეყნის უბედურობისა. ჰოი, ბნელო ღამევ! მეჯავრები შენ მე. შენის კალთის ქვეშა, ვინ იცის, რამდენი გაბოროტებული მტერი ადამიანისა ეხლა თავს იმალავს? ვინ იცის, ამ ბნელ ფარდის ქვეშ, რომელიც ეხლა ჩემს თვალს ჩამოაფარე, რამდენი მჭედელი და მტარვალი ქვეყნისა სჭედავს ბორკილთა ადამიანის ბედის შესაჭედად? შენ ხარ ხელის შემწყობი იმ ხელობისა, რომელსაც თვალთმაქცობას ეძახიან და რომელიც ადამიანის დამფრთხალს გონებასა უბედურობას ბედნიერებად აჩვენებს ხოლმე; შენ ხარ ჟამი და დრო კუდიანების სერობისა, საცა ისმის სადღეგრძელო სიბნელისა. ჰოი, ბოროტო, წარვედ ჩემგან, დღეო ნათელო, მოვედ შენ!..

VI

სტანციაში შევიტყე, რომ მთებში დიდი დაბრკოლებაა ფოშტით მიმავალისათვის, რადგანაც სტანციებში ცხენები ხშირად თურმე აკლდებათ. მირჩიეს ფასანაურამდე ცხენი მექირავნა და ცხენდაცხენ გადავსულიყავ. მე ეს რჩევა ჭკვაში დამიჯდა იმ ფიქრით მივეცი თავი ძილს, რომ ხვალე საჯდომს ცხენს ვიქირავებ და ისე გავივლი მთებსა.

გათენდა. რა მშვენიერი რამა ხარ, დილის რიჟრაჟო! რა მშვენიერი რამა ხარ, დილის ცვრით პირდაბანილო ქვეყანავ! მე მგონია, რომ ამ დილას ყოველი ტკივილი ქვეყნისა უნდა დაყუჩებულიყოს, მაგრამ თერგი მაინც ჰბღავის და იბრძვის. სჩანს, ქვეყნის ტკივილი დაუყუჩავია.

გათენდა და გაიხმაურა ქვეყანამ ადამიანის ხმითა. დღემ დაიწყო თავისი დაუდეგარი ფაცაფუცი. კარგია გაღვიძებული ადამიანი!.. მაგრამ უფრო უკეთესია ადამიანი, რომელსაც ძილშიაც არა სძინავს, ქვეყნის უბედურობით გულაღტყინებულსა. ჩემო ლამაზო ქვეყანავ, არიან ამისთანანი შენში? მე მოვნახავ და, თუ ვიპოვე, ვეთაყვანები.

გავედი სტანციის გარეთ და ერთს მოხევეს შევხვდი. ვიქირავე მისგან ცხენი იმ პირობითა, რომ თითონაც ცხენით გამომყოლოდა. ბოლოს არამც თუ ვინანე, დიდად კმაყოფილიც დავრჩი, რომ ჩემი საქმე ეგრე მოეწყო. ჩემი მოხევე ძალიან კაცი გამოდგა. იგი იყო ჭაღარამორეული, ხანში შესული კაცი. ბოლოს გამოჩნდა, რომ იგი თვალყურმადევარიც ყოფილა იმ პატარა ქვეყნისა, რომელიც მის გარეშემო ბედს შემოეხაზა და რომელიცა იმის უფერულის ცხოვრების მისაქცევ-მოსაქცევად დაენიშნა.

შევსხედით ცხენებზედ და წამოვედით სტეფანწმინდიდამ. უკანასკნელად შევხედე მყინვარს. იგი როგორღაც დიდკაცურად იბღვირებოდა თავის სიმაღლიდამ. ამან ამირია იმ დილით დამშვიდებული გონება. გულმა კვლავ ტოკვა დამიწყო და მკლავმა თრთოლა. სრულის მძულვარებით მოვაშორე თვალი მყინვარის დიდებულებასა და უფრო დიდის პატივით გამოვეთხოვე მის ფეხთა ქვეშე გაგიჟებით მავალს თერგსა.

ჩემი მოხევე სანახავად ღირსი იყო. იგი, თითონ ზორბად მოსული, იჯდა ერთს პატარა მთის ცხენზედ, რომელიც თითქმის მთელს გზას მგლურის ძუნძულით სასაცილოდ მოძუნძულებდა. ჩემს მოხევეს ჩამოეფხატა ბანჯგვლიანი ქუდი თვალებზედ და ისე გარინდებული იდვა განიერ უნაგირზედ გადაბოტებული, ისე არხეინად და გულაუმღვრევლად აყოლებდა თავის ახოვანს ტანს ცხენის ძუნძულს, ისეთის დამშვიდებით და განცხრომით აბოლებდა თავის ჩიბუხსა, რომ გეგონებოდათ – ამისთანა ქეიფში სხვა კაცი ძნელად თუ იქნება დედამიწის ზურგზედაო.

– რა გქვიან ძმობილო? – ვკითხე მე.

– ...ლელთ ღუნიას მიხმობენ, – მომიგო მან.

– სადაური ხარ?

– სადაველ? გაიბოტნიდამ, აქაივ მთაჩია, თერგ-კიდურზედ.

– ქართველი ხარ, თუ ოსი?

– ოვსი რაიდ ვიქნები?! ქართველ ვარნ მახევე.

– კაი ადგილია ეს თქვენი ადგილი.

– არაა გონჯაი∗: ჩვენს ბეჩაობას შეჰფერობს.

– ამისთანა წყალი, ამისთანა ჰაერი სწორედ ბედნიერებაა.

– ჰმ! – ჩაიცინა მოხევემ.

– რას იცინი?

– საცინალს ვიცინი. ცარიალ სტვამაქი მაგნით ვერ გაძღების.

– აქ ძალიან მოსავალი უნდა იცოდეს?!

– რაიდ არ ეცოდინების? ადგილ არაა გონჯაი, პატარ გვაქვნ: თვითვაულს კაცს ორ-ორ შაბადის ყანა არ ექმნების. ვიწროდ ვარნ.

– ეს დიდი გზა დიდ ხელს მოგცემთ.

– რაი ბედენაა გზაი? იგ მისთვის ვარგობს, ვისეც თვის ნაშვრელ-ნამუშევერ გასატან-გასასყიდ აქვნ.

– მაშ ქირაზედ არ დადიხართ?

– რაიდ არ დავდივართ? დავდივართ.

– მაშ ქირით ფულს იშოვნით.

– ვშაულაბთ. ჯიბეჩი არ რჩების: მთის კაცი მახევე სვამეხის კერძია. ჭამადი, სმადი არაა სახლჩი, ნაშოვერ დუქანჩი მიდის.

– მაშ ისევ ბარი სჯობნებია: იქ ხალხი უფრო მაძღარია.

– ვინ უწყის? იქაითაც საჭირბოროტოია დარჩენა. ადგილ ჰხაშმობს. იქაველ კაცს ფერი არა აქვნ, ჯანი არა აქვნ. აქაველ ჯანმრთელნი არნ. ცარგვლის გამჩენმა განაგო: იქაით მაძღრობა, აქაით სიმრთელე.

– რომელი ქვეყანა სჯობია, მაძღარი თუ მრთელი?

– ორივენ ერთადა. უერთურთოდ ქვეყანაი გონჯაა.

– ორში რომ ერთი ამოგარჩევინონ?

– ორჩიდა? არჩევანზედ? ამ ღორღიან კლდეთ ვიჯობდი, ჯანმრთელია. ადამის ძეი ბალახითაც, გაჭირდის, გაძღების, სატკივარს რაი ეყვის?

ამ დროს ჩემს მოხევეს უეცრად თოკის უზანგი ჩაუწყდა, თავი ვერ დაიმაგრა და ცხენს გვერდზედ მოექცა. მერე ისევ გასწორდა, ჩამოხტა ცხენიდამ და დაიწყო უზანგის გამართვა.

– საჭირბოროტოია შეკაზმულ ცხენ, – წამოიძახა ღიმით მოხევემ, – დაილოც შიშვალ ცხენ: ფეხ გადაწვდიდი და გადაჯდიდი.

მე აღარ მოვუცადე მოხევეს და წინ წავედი.

________________

∗ გონჯაი – ცუდი.

VII

– ერთი მითხარ, თუ ღმერთი გწამს, – ვუთხარი მოხევეს, როცა მე დამეწია, – აი სტეფანწმინდის პირდაპირ რა მონასტერია?

– თერგ-გაღმით?

– დიაღ.

– გიწყალობნოსთ ცოცხალთა, შეგინდნოსთ მკვდართა, წმინდა სამების სახტარი არნ, უწინდალთ განძთა საფარი, ერთა საბჭო.

– როგორ თუ განძთა საფარი, ერთა საბჭო?

– ქართველთა მეფეთა განძი აქაიდ უფარვან მტრიანობას, მცხეთაიდ საუნჯეი საფარად აქ ზიდულა მრავალჯერ.

– საბჭო რაღა არის?

– საბჭოი? იქაიდ არნ სენაკ, სად სამართალი ბჭეთაგან იბჭოდის. რაიც მძიმა საქმე ხევჩი ავარდის, მუნ იბჭობიდნეს.

– ვერ მეტყვი, როგორ იყო ეგ ბჭობა და რაზედ უფრო მოხდებოდა ხოლმე?

– რაიდ ვერ გეტყვი? რაიც ვუწყი შეგასმენ. როდეს ასტყდის ერობაჩი დიდ-დევა, დიდ-საქმე, დიდ-არჩევანი, ერობას იქაიდ გამართვინ, აირჩივინ ბჭედა ბრძენ-ბერკაცნი, პეიტრობით1 სახელდებულნი, დასხმინ მათ იმ სენაკჩი საბჭობად. რაიც მერედ სამების სახელით, ხთისგან მათხავნილ მადლით იგნ ბჭენი სთქმიან, გადასჭრიდიან, არვინ შეშლიან, არვინ გადავლიან.

– შენ მოსწრებიხარ მაგისთანა ბჭობას?

– რაიდ შევესწროდი? ადრინდალ თქმულობას გიზრახავნ.

– ეხლა რატომ აღარ არის ეგა?

– აწინა?

ჩაფიქრდა ჩემი მოხევე და პასუხი კი არ მომცა. ცოტა ხანს შემდეგ თითონ მკითხა მე:

– შენ რაი მილეთის ხარნ?

– ქართველი ვარ განა ვერ შემატყე?

– რად შეგეტყვის? ტალავარ2 არა გაქვნ ქართველთა: რუსად მორთულხარნ.

– განა კაცს ქართველობა მარტო ტანისამოსზედ შეეტყობა?

– თვალთათვის ტყობად სამასელ არნა.

– ენა და საუბარი?

– ქართველთ ენად ბევრი საუბრობს: სვამეხიც, ოვსიც, თათარიც, სხვა მილეთიც.

– ტანისამოსს ქართვლისას კი ცოტანი იცმენ?

– ქართველის ტალავრის იერი3 სრულად სხვაია. რუსულჩი ქართველ კაც მეუცხოების.

– ქართველი გულით უნდა ქართველობდეს, თორემ ტანისამოსი რა არის?

– მართალ ხარნ. მაგრამად გულჩი ვინ ჩაიხედნის? გული შიგნიდ არნ, უხედველ, ტალავარ გარედ არნ, სახედველ.

– თუმცა მე რუსული მაცვია, დამიჯერე, რომ გულით ქართველი ვარ.

– იქნების.

არ ვიცი, ჩემმა მოხევემ დამიჯერა, თუ არა, ეს კია, რომ ამის შემდეგ ამისთანა ბაასი გავაბით.

– წეღანდელ სიტყვაზედ რომ პასუხი არ მომეცი, – დავიწყე კვლავ მე: – მე გკითხე, ეხლა რატომ აღარ ბჭობენ-მეთქი სამების სენაკში.

– აწინა?.. ერობა სადა არნ? რუსობაჩი ვარნ. აწინა ყველაი გაცუდდის. ყველაი გაუქმდის. სამების ძირჩი სოფელ გერგეთ არნ. იქაველ კაცთ მეფეთა შეუთქვეს სახტრის დარაჯობაი. მის სამაგიერ მეფეთა თარხნობა მიანიჭის სრულ სოფელს, გუჯარიც მაჰსცის საშვილიშვილად. ყვაველ ღამ აწინაც გერგეთიდ სამ-სამ კაც დარაჯად იგზავნების. გერგეთელნ აწინაც სახტრის დარაჯობას თავ-დებულობენ, მაგრამად რუსობაჩი თარხნობა გაუცუდდის, მეფეთ გუჯარს რუსობამ ყური არ ათხოვის. გერგეთი აწინა სხვავითა ბეგრობს. გაუქმდის ადრინდალ დაწყობაი, ხთის მათხავნილ მადლითი ბჭობაიც სამებაჩი გადავარდის.

– მაშ უწინდელი დაწყობა და დრო უკეთესი იყო?

– რაიდ არა?

– რით იყო უკეთესი?

– ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენ ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნეს, მით იყვის უკედ. ადრიდა ერი ერობდის, გული გულობდის, ვაჟაი ვაჟაბდის, ქალაი ქალაბდის. ადრიდა?! ერთურთს დავეყუდნით, ერთურთს ვიხვეწებდნით. ადრიდა?! ქვრივ-ობოლთ ვიფარევდით, შინ მიწრიელს4, გარედ მავნეს დავულაგმნდით, ხთისა და ბატონის იასაულს მის ყუდროს არ მივკერძდნით, ერთურთს ლაღ მტერთან ჩავეფარვიდნით, დაცემულ ვიურვებდნით. ატირდომილს ვიხოიშნიდნით და ესრედ იყვის ბრალება კაცისა, ერთურთობა. აწინა ერობა დაიშალის, მეძავ-მრუშობაი ჩამოვარდნის, ხარბობაი, ანგარი გვერივნის, ერთსულობაი დავარდნის, მტრობა-ბძარვაი გახშირდნის. აწინა ქვრივ-ობოლ ვინ განიკითხის, ატირდომილ ვინ გააცინის, დაცემულ ვინ აღადგინის? აწინა არა არნ კაცნი და თუ არნ – პირად და გულად ჯუღურ არნ. ერი დავარდნილ, გალახულ არნ, ვრდომილ-კრთომილ. წარხდა ქართველთა სახელი, ქართველთა წესთ-წყობაი. ადრიდა ჩვენობა იყვის. წარხდა, მოისრნა ქვეყანაი, რაია აწინა ჩვენი დარჩენა? ჭამად-სმად სასყიდვალ, ტყეი სასყიდვალ, გზაი სასყიდვალ, ლოცვა-კურთხევაი სასყიდვალ, სამართალ სასყიდვალ, რაიდ დარჩების ბეჩავი მახევე?..

– ეხლა რომ მშვიდობიანობა არის?

– რაის ვაქნევ ცარიალ მშვიდაბას ცარიალ სტვამაქით. რაი არნ მშვიდაბა? უხმარ სატევარს ჟანგი დაედვის, უსრბოლო წყალჩი ბაყაყნი, ჭია-ჭუაი, ქვემძრომი გამრავლდის. უდეგარ, უსვენარ თერგჩი კი კალმახი იცის! რაი არნ მშვიდაბა ცოცხვალ კაცთათვის? რაი არნ მტერობა, თუ ერი ერობს? ცარიალ მშვიდაბა მიწაჩიც გვეყოფის.

– მტერი რომ დაგეცემოდათ, აგიკლებდათ და ცოლ-შვილს გიწიოკებდათ ხოლმე?

– აწინა მავალე სვამეხი უფროს გვაწიოკებს, უფროს სახლს გვიკლებს. ადრიდა მტერს მაინც ფარ-ხრმალით შევეთამაშით, ვიგერიებდით, სვამეხს რაი ეყვის, ვერმოსაგერიებელ, ვერ შესათამაშებელ? ადრიდა მტერთან ბრძოლაჩი, სწორების ჯობინობაჩი, სახელ ვშოობდით, სვამეხთან ვაჟაი რაი სახელ ჩამორჩების? ადრიდა, მართალ ხარნ, მტერ იყვის, ერთგულთა ვაჟათა ჩუქებაც დიდ-იყვის: ადგილ-მამულ ებოძვის, თარხნობაი მიეწყვებოდის. აგერნა თერგკიდურზედ ხელთუქმნი ციხეი ჩნდების. იგ ციხეი არშისა ციხედა ცნობილ არნ.

– როგორ ხელთუქმნი?

– ხთით არნ ციხედა, არ შეუვალ, არ შეულეწ.

– მერე რა უნდა გეთქვა?

– იქაიდ ადრიდა კახთ ლაშქარ მისევოდის. ელაშქრნათ, იგ ციხე ხელთ ეპყროთ. ხევსა შეძრწუნებულს ბატონთან შველაი ეზრახნა. მან შველა ვერ მასცის. შაწუხდის უშველი ერი. კახთა ვაჟანი ხევისანი მრავალნი მახოცნეს, მავიდნენ ციხეჩი, ალამნი დასცის. ერთი ყაფილა პეიტარბერ-კაცი, მახევე. ქალაი ჰყოლია უთხოვარ, მზედუნახველ. მან, მახევემ, გაისაურნა5 კახთ ლაშქრის დათრობად. მაზიდნა ღვინოი, შაგზავნა ციხეჩი. თვისა ქალსა მზედ-უნახველს მაღვინობა შეუთქვნა, უანდერძნა. კახთა, ღვინოის მწყურვალთა, ლამაზ ქალაის მზირალთა, თავი იღორნეს, სრულ ითვრნენ ღვინოით. ქალაიმ განახვნის ციხის კარნი, მახევეთ ამცნის მოღორნა კახთ ლაშქრის. მოვეს მოხევენი, შავეს უგებრად ციხეჩი. დაჰსცის კიჟინა, კახნი სრულ მთვრალნი მახოცნის. ხელთ იგდის მახევეთ კვლავადა ციხე. არაგვთ ერისთავს იგ ამცნეს. მან მაჰსცა წყალობად იმ ქალაის მამას იგ ციხე, გუჯარიც მაჰსცა…

– ეგ რა ვაჟკაცობა ყოფილა?

– რაიდ არა? ჭკუიანი ვაჟკაცობაი ეგე არნ: სად ღონეი ვერ ღონობს, იქაიდ ხერხს ემუდვნის.

– მაგ კახელების ამოხოცვის ამბით რა უნდა გეთქვას?

– აწინა ყაველნი ქართველნ ძმანები ვარნ. არ მტრობით ვისაუბრე კახთათვის. იგ უნდა შემესმინა, რომ ადრიდა სამსახურს თავვიდევდით, საჩუქარიც, ბოძებაც დიდ იყვის; სახელით, ვაჟკაცობით სარჩო-საბადებელთ მაშოვერ ვიყვენით, კაცი უბრალად არ წარხდის. აწინა ტყუობით, მეძავ-მრუშობით, ფიცთა გატეხვით, ერთ-ურთ ღალატით სარჩო-საბადებელ საშოვერ გაგვიხდნის.

_______________

1. პეიტრობით – მეტის გონებით სახელგანთქმულნი

2. ტალავარი – ტანისამოსი.

3. იერი – შეხედულობა.

4. მიწრიელ – ეშმაკი

5. გაისაურნა – გაისაზრა, მოიფიქრა.

VIII

მართალია თუ არა ჩემი მოხევე, მე მაგის გასინჯვაში არ შევალ, ან რა ჩემი საქმეა ეგა? მე გაკვრით, როგორც მგზავრი, ვიხსენიებ მას, რაც მისგან გამიგონია. ჩემი ცდა მარტო იმაშია, რომ იმის აზრისათვის იმისივე ფერი შემერჩინა და იმის სიტყვისათვის იმისივე კილო. თუ ეს შევასრულე ჩემი განზრახვაც შემისრულებია.

ჩემმა მოხევემ მე კიდევ ბევრი რამ სხვა მითხრა, მაგრამ ყოველი მისი ნაამბობი დასაწერად არ გამოდგება შემთხვევისა გამო სხვისა და სხვისა… მე მარტო ამას ვიტყვი, რომ იმან თავისის სიტყვით თავისს გულისტკივილს მიმახვედრა.

მიგიხვდი, ჩემო მოხევე, რა ნესტარითა ხარ ნაჩხვლეტი. „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო” – სთქვი შენ და მე გავიგონე. მაგრამ გავიგონე თუ არა, რაღაც უეცარმა ტკივილმა ტვინიდამ გულამდე ჩამირბინა, იქ, გულში გაითხარა სამარე და დაიმარხა. როდემდის დამრჩეს ეგ ტკივილი გულში, როდემდის? ოხ, როდემდის როდემდის?... ჩემო საყვარელო მიწა-წყალო, მომეც ამისი პასუხი!..

[1861 წ.] 

 

მგზავრის წერილები

ხელნაწერი: ავტოგრაფები U, №150, 4 გვ. (B); U, №149, 6 გვ. (C); K, №1046, 8 გვ. (D)1.

ნაბეჭდი: ჟურნ. „კრებული“, 1871, №2, გვ. 191 – 212; №5, გვ. 1 – 16 (E); თხზულებანი, 1892, ტ. II, გვ. 1 – 36 (A).

სათაური: „ვლადიკავკასიდამ ქალაქამდე“ B, „მგზავრის წერილებიდამ“ CDE.

თარიღი: – BCDE.

ხელმოწერა: – BD, *** CE.

BCD ავტოგრაფები არასრულია: BD ბოლონაკლულია, წარმოდგენილია I–II თავი სრულად და III თავის ნაწილი, C ავტოგრაფი კი თხზულების V – VIII თავებს მოიცავს.

BD ავტოგრაფები უთარიღოა, C-ს კი ბოლო გვერდზე აქვს ცენზორის მინაწერი: «Дозволено цензурою 23 июня 1871 года».

C ავტოგრაფის დასაწყისში ილიას მიუწერია: „16 ფურცელი „კრებულისა“, ხოლო ბოლოში, ცენზორის ნებართვის ქვეშ, მიუწერია: „ცენზორს სუნის აღება ჰსცოდნია“, შემდეგ ეს მინაწერი გადაუხაზავს; ცენზორის მიერ გადახაზული ადგილების გასწვრივ არეზე კი აღდგენის ნიშნად მიუწერია: „უნდა“.

B ავტოგრაფის I თავის ბოლოს ოთხკუთხა ფრჩხილებში ილიას გვიანდელი მინაწერია: „მერე დაბეჭდილიდამ V თავამდე და V თავიდამ ამ ხელნაწერიდამ“.

სამივე ავტოგრაფი 1871 წლით უნდა დათარიღდეს; ამათგან D ავტოგრაფი ილიას 1871 წ. ჟურნ. „კრებულში“ დასაბეჭდად გაუმზადებია (დაცულია ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში კირილე ლორთქიფანიძის არქივში) და იმავე წელს ჟურნალის №2-ში დაბეჭდილა კიდეც (სათაურით „მგზავრის წერილებიდამ“), მაგრამ ცენზურისაგან დამახინჯებული. სახელდობრ, I თავი საერთოდ არ დაბეჭდილა (იგი D ავტოგრაფშიც ირიბი ხაზით არის გადახაზული), შეცვლილი და ამოღებულიაზოგი სხვა ადგილიც (დაწვრილებით იხ. ვარიანტებში).

1871 წ. ჟურნ. „კრებულის“ № 5-ში დაბეჭდილია ნაწარმოების V – VIII თავები სათაურით „მგზავრის წერილებიდამ“. ყველა ის ადგილი, რომელიც თხზულების ამ ნაწილში ცენზორის მიერ არის ამოღებული და მის ნაცვლად მრავალწერტილია დაბეჭდილი, C ავტოგრაფში გადახაზულია. აქედან ჩანს, რომ ჟურნ. „კრებულში“ ნაწარმოების V-VIII თავები C ავტოგრაფიდან არის დაბეჭდილი (ამასვე ადასტურებს ცენზურის ნებართვის თარიღიც). ძირითადად C ავტოგრაფს თანხვდება ჟურნ. „კრებულში“ დაბეჭდილი V-VIII თავების ტექსტი, თუმცა ზოგიერთი სიტყვის ფორმა იძლევა სხვაობასაც (დაწვრილებით იხ. ვარიანტებში).

ავტოგრაფებიდან ადრეულია B ხელნაწერი, რაზედაც მიგვანიშნებს ნაწარმოების პირვანდელი სათაურიც – „ვლადიკავკასიდამ ქალაქამდე“.

B-სთან შედარებით ცოტა უფრო გვიანდელია D ავტოგრაფი, რომელიც ავტორის ბოლო ნებას გამოხატავს, მაგრამ B ავტოგრაფის I თავის ბოლოს ოთხკუთხა ფრჩხილებში მოგვიანებით ავტორის მინაწერი – „მერე დაბეჭდილიდამ V თავამდე და V თავიდამ ამ ხელნაწერიდამ“2 – გვაფიქრებინებს, რომ ილია 90-იან წლებში კვლავ ადრინდელ B ავტოგრაფს დაბრუნებია, ვინაიდან D ავტოგრაფი დაკარგულად მიაჩნდა, „კრებულში“ კი ტექსტი დამახინჯებული იყო ცენზურის მიერ. ამიტომ ავტორს ზემომოტანილი მინაწერი გაუკეთებია და მომავალი გამოცემისათვის ასე გაუთვალისწინებია: „მგზავრის წერილების“ I თავის ტექსტი დაბეჭდილიყო B ავტოგრაფიდან, II თავიდან V თავამდე – უკვე დაბეჭდილი, ე.ი. ჟურნ. „კრებულში“ გამოქვეყნებული ტექსტიდან და V-VIII თავები – ხელნაწერიდან, ცენზურის მიერ ამოღებული ადგილების აღდგენით3.

1892 წელს, როცა „ქართველთა ამხანაგობამ“ ილიას უშუალო მეთვალყურეობით გამოსცა მისი თხზულებათა ტომეულები, ამ გამოცემის II ტომში დაბეჭდილი „მგზავრის წერილების“ I თავს D ავტოგრაფთან შედარებით მეტი მსგავსება B ავტოგრაფთან აქვს.

მიუხედავად ზემოთქმულისა, ჩვენც, ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებულის წინა გამომცემლის პ. ინგოროყვას მსგავსად, უპირატესობა D ავტოგრაფის I თავს მივანიჭეთ, ვინაიდან აქ უფრო მკვეთრად არის გამოხატული ავტორის პოლიტიკური მრწამსი და შეხედულება.

ჩვენი გამოცემის ძირითად წყაროდ ავიღეთ მწერლის სიცოცხლეში უკანასკნელად გამოქვეყნებული სრული ტექსტი, წარმოდგენილი 1892 წლის „ქართველთა ამხანაგობის“ გამოცემაში, მაგრამ ამ თხზულების I თავს და ცენზურის მიერ დამახინჯებულ ადგილებს ვასწორებთ D ავტოგრაფის მიხედვით.

E ნაბეჭდ წყაროში VIII თავი ცალკე არ არის გამოყოფილი.

1892 წ. „ქართველთა ამხანაგობის“ გამოცემაში (ე. ი. A წყაროში) „მგზავრის წერილები“ 1861 წლით არის დათარიღებული (თარიღები წარმოდგენილია წიგნის ბოლოს დართულ სარჩევში, რომელსაც პ. ინგოროყვა „ქრონოლოგიურ ნუსხას“ უწოდებს). როგორც ვიცით, ი. ჭავჭავაძე უშუალოდ მონაწილეობდა 1892 წლის გამოცემის მომზადებაში და, ცხადია, „მგზავრის წერილებიც“ მის მიერ არის დათარიღებული 1861 წლით. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ნაწარმოები პირველად მხოლოდ 1871 წ. გამოქვეყნდა, ადრინდელი ავტოგრაფები კი არ შემონახულა. ამიტომ ჩვენ მოკლებული ვართ საშუალებას, შევამოწმოთ, რა ხასიათის შესწორებანი შეიტანა ავტორმა მოთხრობაში 1871 წელს. ამგვარი შესწორების შედეგი უნდა იყოს ტექსტში რუს ოფიცერთან საუბრის ის ადგილი, სადაც აღნიშნულია, რომ „იქნება ასე სამოცდაათი წელიწადი“, რაც საქართველო რუსეთს შეუერთდაო. ამის მიხედვით გამოდის, რომ საუბარი შედგა არა 1861 წელს, არამედ 1871 წელს.

თუკი გვეცოდინებოდა, რომ 1871 წელს ავტორმა ტექსტში მნიშვნელოვანი რედაქციული შესწორებანი შეიტანა, შეიძლებოდა ნაწარმოებისათვის მიგვეცა ფართო თარიღი (1861-1871 წწ.), მაგრამ რაკი ამგვარი ანალიზის საშუალებას მოკლებული ვართ, ავტორისეული დათარიღება (1861 წ.) რჩება უცვლელად.

9. 4 სასტუმროს+კარების B; 7 ეს იყო ვლადიკავკასში – D; 10 იმისი ოყრაყული სანახაობა – AB; 13 – 20 სიტკბოებაზედ... ვხედავთ] სიტკბოებისა კი რა მოგახსენოთ და სიამოვნებისას კი ამას გეტყვით, რომ კვამლი ფრიად სასიამოვნოა, ნამეტნავად მაშინ, როცა თვალებიდამ ცრემლებს გვაყრევინებს ხოლმე AB; 21 ბოხჩის ოდენა+ცალთვალა AB.

10. 2 ფრანსიელს] ფრანციელს D; B-ში ჯერ დაუწერია „ფრანციელს“, შემდეგ გადაუხაზავს და ზევით წაუწერია „ფრანგს“, შემდეგ ისიც გადაუხაზავს და გვერდით მიუწერია „ფრანსიელს“; 3 ეგ] ეს A; 5 უგემურად] უგემურადა B, უგემურათა D; სთვლემდა] ჰსთვლემდა D; 7 მგონი... შეეცილოს – D; რომ] მე AB; 8 თქვენ+რომ AB; გაალაყებინოთ+თქვენი AB; გაადღვებინოთ+თქვენი AB; 10-11 არა უშავს-რა... დამიშავდეს რამე] რა ვქნათ, თუ მთელი რუსეთი მაგით დადის მე რაღა დამიშავდება? AB; 12 მაგით დადის?! – AB; შორს+არ AB; 13 მშვიდობის] მშვიდობით BD; მოგცეთ] მოქცეთ BD; 14 ჩავმჯდარიყავ] ჩავმჯდარვიყავ BD; 18 ხელი+ხელს D; 20 ჩავჯექ] ჩავჯეგ BD; 21-22 პოვოსკა... დამიწყო] „იამშჩიკმა“ ერთი შემომიბღვირა AB; 22 აკრიბა] აკრიფა D; სადავეები] აღვირის ტოტები D; 23 უჭმელობისაგან... ყურებჩამოყრილს] მჭლე AB; 24-25 ცხენები... არ დაიძრნენ] მჭლე ცხენებმა ყურიც არ შიებერტყეს AB; (B-ში „შეიბერტყეს“ ნაცვლად წერია „შეიბღერტეს“); 26 დაიყვირა „იამშჩიკმა“] დაუყვირა ცხენებს AB; სადავენი] აღვირის ტოტები D; 27 მომიკვდე] მამიკვდე B; ყურიც არ გაიბღერტეს] ფეხი არ შესძრეს AB; 28 ფრანსიელი] ფრანციელი D; 31 მაგით დადის] მთელი რუსეთი მაგით დადის განა? AB; ხითხითებდა] ქვითინებდა AB; 33 მჭირდა-რა] B-ში ჯერ დაუწერია „მქონდა-რა“, შემდეგ გადაუხაზავს და ზევით დაუწერია „მჭირდა-რა“.

11. 1 მოაბრუნა] მოიბრუნა D; ისე მრისხანედ... ეგრეო] პირუტყვულად ბღვერა დამიწყო AB; შემომიბღვირა] შემომიღვერა D; 2-3 ცხენებს... თითო] ცხენებისაკენ მიიგრიხა სქელი კისერი და ორიოდე AB; 3 „გადაუჭირა“-ს შემდეგ B-ში გადახაზულია „თითო-თითო შოლტი“; ამის პასუხად] შეიტყვეს რა, რომ მეტი გზა არ არის, ყოველს დაკვრაზედ AB; 4 ტლინკი აყარეს] ტლინკები ჰყარეს AB; 4-5 როგორც იყო... პოვოსკა] დაიძრნენ როგორც იყო ადგილიდამ AB; 7 აქეთ] აქედ A; 9 ამ ყოფით – B; ვლადიკავკასს] ვლადიკავკავს B; 10 ვქენი] ვქმენი BD; ხიდი] ხიდზედ BDE; არამც თუ+მისი B; 11 რომ+ჩვენებურებმა B; „რომ“-ს შემდეგ გადახაზულია „ჩვენმა დიდებულმა ქართველმა“ და ზევით აწერია „ჩვენებურებმა“ B; 12-20 თერგდალეულები... ქართველობას] თუმცა ჩვენში კი დარჩეს ის თერგდალეულები მე და შენ, დაობებულო ქართველო, ერთი ათასად გვჯობიან B; 14 აქვთ] აქვსთ D; 16 მეორედაც] მეორეთაც DE; 18 მესამედაც] მესამეთაც E; 22 უქნია] უქმნია BDE; 23 და გაუვაკნია – B; ჩასწყვეტია] ჩაჰსწვეტია B; 24 ჩვენი... ვლადიკავკასთან] ვლადიკავკასთან ჩვენი დამთხვეული თერგი B; ვლადიკავკასთან] ვლადიკავკაზთან E; 25 აღარ] არ E; 25-27 რომელზედაც... კლდენი] რომლის „ღრიალსაც“ მთანი B; 28 მიმკვდარა] დადუმებულა B; 29-12. 4 მაგრამ... „ემუქრებიან“] იქნება იმიტომაც არის ეგრე თერგი, რომ იქ მობანე მთანი აღარა ყვანან? ვინ იცის? B.

12. 2 შავადა] შავათა DE; დასწოლიან] დაჰსწოლიან E; 5 ჩემო] ჩვენო [პირველ შემთხვევაში – ე. შ.] D; 6 ზოგიერთ კაცსავით – B; 8 ზარიანი... ფოთვა] ძლიერი ბღავილი B; 10 საწოლში] საწყლეში B; B-ში ჯერ დაუწერია „საწოლში“, გადაუხაზავს და ზევით დაუწერია „საწყლეში“; 12 დენაშია] დენაში B; მიმრჩვალხარ] მიმხჩვალხარ E; 13 ცოდვა] ცოდო DE; 13 – 14 ცოდვა... შვრები – B; 18 მიიღო-რა] მიიღო B; 19 რამოდენადაც] რამოდენათაც DE; ვუახლოვდებოდი] ვუახლოვდები B; 20 ჩემის] ჩემი BDE; 21 ღელვა] ჭექა-ქუხილი B; B-ში ჯერ დაუწერია „ღელვა“, გადაუხაზავს და გვერდით მიუწერია „ჭექა-ქუხილი“; 22 ოთახში] ოთახშია DE; 23 შევუკვეთე] შეუკვეთე B; ერთს] ერთ BD; 27 ვიმყოფებოდი] ვიყავი B; 28 მკითხველო+რომ B; ეს] ეგ B; 29 რა ოთხი... რომ – B; 30-31 მეორე... წელიწადი] მერე იცი, რომ ეგ ოთხი წელიწადი რა ოთხი წელიწადია მისთვის, ვინც რუსეთში წასულა, რათა მაგ ოთხის წლის მეოხებით ჭაბუკობიდამ ყმაწვილ კაცობაში გადავიდეს B; 33-13. 2 მაგრამ ...აადგმევინოს] ნეტა იმას, ვისაც ეგ ბეწვის ხიდი ფეხთა ქვეშ არ ჩასწყდომია B; 33 ყველასთვის] ყველასათვის DE;

13. 1 ტვინსა] ტვინში E; ჭკუა] ჭკვა D; 6 ძაღლყურძენაცა+ადამიანობის, ავკარგიანობის სათავე მაგ ოთხ წელიწადშია B; ოო] ჰოი BE; 7-8 ნეტავი იმას... ჩასწყდომია – B; 7 ნეტავი] ნეტა BDE; 8 ჩასწყდომია] ჩაჰსწყდომია D; იმას] მას BD; 10 გამოვედი] გამოველ BDE; 11 გულმა+სულ BDE; სხვარიგად] სხვარიგათ E; 11-12 ქვებზედ... ფიქრთა] უკეთესთა ფიქრთა ქვებზე ხათქა-ხუთქი ADE; 13 სტანციის ოთახის – B; 15 ყოველიფერი] ყველაფერი E; 17 მეცადნა] მეცადა B; უცხოეთშია AE; 18 მრავალნაირი] სხვადასხვანაირი B; რეულად+ და რთულად B; 19 წარმომიდგნენ მაგრამ] გამირბოდა B; ერთი ... მეორეზედ] ფიქრი ფიქრზედ B; 20. ერთდაიგივე] ერთსადაიმავე B; 22. ტვინში] ტვინსა და გულში B; მილაგებულნი] მილაგებული B; 23 მაღლა მოექცნენ] ზევით მოეგცნენ B; მაღლა დალაგებულნი] ზევით მილაგებულნი B; 23-24 და მერე... ერთმანეთში – B; 24 – 27 სიტყვამ... ქვეყანაზედ – AE; 25-27 იმისთვის... ქვეყანაზედ] დაწყნარების სათავეა. ესეა ყოველიფერი ამ ქვეყანაზედ: ღვინო ჯერ უნდა ადუღდეს, დაირიოს და მერე დაწმნდება ხოლმე B; 29 თვითვეულად – D; 32 ბოლოს... განუწყვეტელ] და უეცრად ერთმა ფიქრმა თავიდან ფეხამდინ ელვასავით დამირბინა. პირველ ფიქრს მოჰყვა მეორე, მეორეს მესამე და ბოლოს ულეველ ზედმიყოლილ B; ბოლოს+სულ ყოველნი ერთად D; სულ ყოველნი E; განუწყვეტელ] რთულ და ზედმიყოლილ DE;

14. 4 უცხო] სხვა A; 5 აღზრდილსა] აღზდილსა D; იქნება... შემომაქციოს – A; შემომაქციოს] შემაქციოს E; 6 კიდეცა] კიდეც D; 8 – 9 თავის... იმედი და] თავისი დარდი, წუხილი, მხიარულება, იმედი თუ B; გულისტკივილი... უიმედობა] ამბავი AE; 11 თავისი – B; 14 გულისტკივილი... აღვადგინო] დავრდომილს აღდგომის იმედი მოვფინო B; გულისტკივილი... აღვადგინო – AE; 15 ნუგეში მოვფინო] ნუგეშინი ვცე B; 16-18 იმ სიტყვით... მცხოვრებნი – AE; „იმ სიტყვით მცხოვრებნი“ – გადახაზულია B; 18 თვითოეული] თვითვეული DE; 18-22 და ის... გადავწყვიტე რომ – B; 19 არა] არ B; 20 ერთ... ცეცხლად] ერთად E; 20-21 ერთ... გასათბობლად] ერთად შევიგროვო A; ჩემის... გასათბობლად – E; 22 ღვიძლის – A; თქმასა] თქმას B; 23 კიდეც – B; 24 სიტყვასაც] სიტყვას BDE; 25 რომ+მამულის სიტყვას D; 26 რომლისთვისაც] რომლისათვისაც BE; 28-29 ამას... საქმეშია] სიტყვა სიტყვაა B; 29 საქმე რომ – B; 30 მე – B; და გავჩერდი] შევდეგ B; 31 შესწყვიტა] შეჰსწყვიტა BDE; 32 ჩემი... გრეხილი] ფერადი გრეხილი ჩემის ფიქრებისა B; 33 ვქნა] ვქმნა D.

15. 1 მიირთოვო] მიირთოთო B; რომელმაც+ სწორედ B; 4 ჩაი] ჩაიო D; ჩაიო, არა ჩემო ძმაო B; „ძმაო“-ს შემდეგ „გაგიგონია, თევზს ვითომცა ეთქვას იმიტომ არ ვლაპარაკობ, რომ პირში წყალი მიდგაო. გაგიგონია“ გადახაზულია B; 5 სამოვარი... მიბრძანეთ] ნება თქვენი იყოს B; მიბრძანეთ] მიბძანეთ DE; 6 გარეთ] გარედ ABD; 7-8 გაიღო... თავი] გაეღო და ერთი რუსის აფიცერი შემოვიდა ოთახში B; რუსის – AE; შემოჰყო] შემოყო D; 8 იმისი] მისი B; 9 დაახლოვებით] დაახლოებით BE; იცნობდა] იცნობს BD; 10 წლისას ჰგვანდა] წლისა იქნებოდა და B; 12 რუსულად – A; გაგაცნოთ] გაგაცნოდ E; 13 N-A; 15 მოხარული ვარ] ბედნიერი ვარ ამ შემთხვევითა B; წამოვუდეგ ფეხზედ ∼ DE; ფეხზედ] ფეხზე E; 17 მობრძანდებით] მობძანდებით DE; 19 უდაბურსა] უდაბურს D; უდაბურსა და ვერანა] უდაბურს B; 20 სიამოვნებაღა] სიამოვნება DE; 21 განათლებულის] განათლებულს B; ქვეყნიდამ] ქვეყნიდამა BDE; სცხოვრობს] ჰსცხოვრობს DE; 25 ესა] ეს BDE; 28 გახლავართ] გახლავარ D; ერთი] ერთის BD; 30 დიაღ] დიახ BDE; 31 დიდკაცური] დიდკა B [აქ წყდება B ავტოგრაფი – ე. შ.]; 33 შესცვალა] შეჰსცვალა DE;

16. 3 პეტერბურგიდამ] პეტერბურგიდამა DE; 4 აფიცერმა] აფიცარმა D; 6 სთქვა] თქვა DE; 12 ჰფიქრობდა] ფიქრობდა DE; მისი] მის E; 13 განვუფანტე] განუფანტე DE; 15 მთელის] მთელი DE; 19 შევატყვე-რა] შევატყე-რა DE; 25 ესე იგი... სომხები – AE; 26 ერთის] ერთი E; 29 მოგდით] მოგდისთ DE.

17. 5 ჰა+აი D; 7 ვთარგმნოთ] ვსთარგმნოთ D; იმასა] იმას E; ჰნიშნავს] ნიშნავს D; 10 კაცს] კაც E; 14 სიტყვებზედ] სიტყვაზედ E; აფიცერმა] აფიცარმა DE; 16 სდგას] ჰსდგას DE; 22 უკაცრავოდ] უკაცრავოთ E; 28 სჯობიან] ჰსჯობიან DE; პაპიროზები] პაპიროსები D; 29 გექმნებათ] გექნებათ DE; 30 გახლავთ] გახლავსთ E.

18. 2 იქმნება] იქნება DE; 4 ამრიგად] ამრიგათ E; 6 რომ+პატარა DE; 8 ვთქვა] ვჰსთქვა DE; 9 ვთქვა] ვჰსთქვა DE; 17 ვთქვით] ვჰსთქვით D, ვსთქვით E; 20 დიაღ] დიახ DE; 22 ვთქვათ] ვჰსთქვათ D, ვსთქვათ E; 22 – 23 რა არის] არ არის E; 28 მომივიდა] მამივიდა DE; 33 უეცრად] უეცრათ E; განათდა] განათლდა DE.

19. 3 არა... ვიყიდე – E; ვლადიკავკასში ვიყიდე] ვლადიკავკასისაა D; 12 რამდენი – E; 13 გენერლები] ღენერლები D; 15 წარმოსთქვა] წარმოსჰსთქვა DE; 17 გენერალი] ღენერალი E; 19 ვთქვათ] ვჰსთქვა D, ვჰსთქვათ E; 20-21 გენერლებშია სთვლით] ღენერლებშია ჰსთვლით DE; 21 ვთქვა] ვჰსთქვა DE; შტაცკის] შტატის D; 22 გენერლებსა] ღენერლებსა DE; ვთქვა] ვჰსთქვა DE; 23 გენერლებსა] ღენერლებსა DE; ვთქვა] ვჰსთქვა D; 24 გენერლებსაც] ღენერლებსაც DE; გენერლებში] ღენერლებშია DE; სთვლით] ჰსთვლით DE; 27 გენერლებს] ღენერლებს DE; 28 გენერალი] ღენერალი DE; 28-29 მართლმადიდებელ რუსეთს] მართლმადიდებელო რუსეთო D; 29 შესდგამს, დაამყარებს] შესდგამ, დაამყარებ DE; 31 რუსეთი] ჩვენ D [აქ წყდება D ავტოგრაფი – ე. შ.]; 33 გენერალი] ღენერალი E [ეს სიტყვა ყველგან ასეა E-ში – ე. შ].

20. 2 შეიქნება] შეიქმნება E; 14 ყველაფერს] ყოველფერ E; 15 ჩავუფიქრდი] ჩავფიქრდი E; მწუხარებას] მწუხარებაზედ E; 16 ვთქვი] ვჰსთქვი E; 22 – 23 ხან გასაღები... ხოლმე – A; 30 ვისმე] ვისმეო E; 34 არხეინადა] არხეინათ E.

21. 1 უებარი – A; 3 ოჯახში] ოჯახობაში E; არავისათვის] არავისთვის E; 8 ირჩობიან] იხჩობიან E; губа не дура – E; 10 ფრანცუცებმაც] ფრანციელებმაც E; 11 იმათის] იმათი E; 12 კი – A; 13 ჰნახეთ] ნახეთ E; 14 ექნება] ექმნება E; 16 აღებ-მიცემობაც] აღებ-მიცემობაცა E; 19 იშოვნის] იშოვის E; 20 მეცნიერის] მეცნიერი E; 25 უნდა-მეთქი] უნდა E; 26 ხანი] ხანს E; 27 ვთქვი] ვჰსთქვი E; 30 მეცნიერის] მეცნიერი E; მთელის] მთელი E; 31 ჰნახავთ] ნახავთ E; რომ – E; 33 დაიწყებენ] დაიწყობენ E.

22. 2 მდაბიურად] მდაბიურადა E; 3 ვთქვათ] 3 სთქვათ E [ორივე შემთხვევაში – ე. შ.]; 9 სანახავების] სანახაობის E; 12 გარედ] გარეთ E; 15 სთქვას] ჰსთქვას E; ქუდად] ქუდათა E; მაქვს] მაქვსო E; ქალამნადაო] ქალამნათაო E; 16 ერთის] ერთი E; 18 შევერცხლილს] შეკვერცხლილს E; 19 დაჰნათიდა] დანათიდა E; 23 ერთის] ერთი E; 26 ერთ] ერთს E.

23. 1-2 მიდის და მიბღავის] მოდის და მობღავის E; 6 სჩანს] ჩანს E; 8 უკვდავება] უკვდაება E; 10 ქვაკუთხედი] ქვაკუთხეთი E; 10 ძირიდამ] დაბლიდამ E; 12 დაწყებულა] დაწყობილა E; 14 ჰსუსხავს] სუსხავს E; 17 დიდ] დიდებულს E; 27 ქვეყნიერებასა] ქვეყნიერობასა CE; 28 სჩანს რა] ჩანს-რა CE; 30 – 31 არა მქონდეს] არ მქონოდა E.

24. 3 გარედა] გარეთა E; 5 სდუმობ] ჰსდუმობ CE; 10 სთქვა] ჰსთქვა CE; 14 „რისთვის“ შემდეგ გადახაზულია „ვერ ვიტყვი მყინვარის მეშინიაო... მითამ?!“ C; 18 გუგუნი] ბგერა E; C-ში ჯერ დაუწერია „ბგერა“, გადაუხაზავს და ზევით დაუწერია „გუგუნი“; 19 სჩანს] ჩანს CE; 26 დასცეს] დაჰსცეს CE; 27 აქეთ] აქედ AC; 29 დამფრთხალი] დაფრთხალი ACE; 31 შენის] შენს CE; 34 სჭედავს] ჰსჭედავს CE.

25. 2 თვალთმაქცობას] თვალთმაქციობას C; 3 დამფრთხალს] დაფრთხალს ACE; 5 სიბნელისა+და უმეცრებისა CE; 8 სტანციაში] ჯერ დაუწერია „იმ დღეს სტანციაში“, გადაუხაზავს და გვერდით კვლავ დაუწერია „სტანციაში“ C; 9 მიმავალისათვის] მიმავლისათვის CE; 11 გადავსულიყავ] გადავსულვიყავ C; 17 ჰბღავის] ბღავის CE; 18 სჩანს] ჰსჩანს CE; 22 სძინავს] ჰსძინავს C; 23 ამისთანანი] იმისთანანი E; 25 გარეთ] გარედ C; 28 ძალიან] ძალიანი E; 31 ქვეყნისა] ქვეყანისა E.

26. 1 რომელიცა] რომელიც E; 5 სიმაღლიდამ] სიმაღლიდამა CE; იმ დილით – E; 10 თითონ – E; 12 მთელს გზას] მთელი გზა E; 15 გულაუმღვრევლად] გულაუმღვრელად CE; 21 ღუნიას] ფუნიას E.

27. 5 მოგცემთ] მოქცემთ C; 6 თვის] თავის E; 11 სვამეხის] სვამახის E; 12 ჭამადი] ჭამიდი E; 14. სჯობნებია] ჰსჯობნებია CE; 16 ჯანი არა აქვნ – E; 19 სჯობია] ჰსჯობია C; 23 გაჭირდის] თუ გაჭირდის E; 26 ვერ] ვეღარ CE; 27 „გასწორდა“-ს შემდეგ გადახაზულია „და“ C; 29 გადაწვდიდი და გადაჯდიდი] გადავწვდიდი და გადავჯდიდი E.

28. 1 მოხევეს] მახევეს CE; 6 დიაღ] დიახ CE; 7 წმიდა] წმინდა CE; 12 „მცხეთაიდ“-ს შემდეგ გადახაზულია „მახვილ ჯერ“ C; მცხეთაიდ+მრავალჯერ E; საუნჯეი] საუნჯი E; მრავალჯერ – E; 21 დასხმიან] დასხმინ CE; 22 ხთისგან] ღთისგან C; ღვთისგან E; 23 სთქმიან] ჰსთქმიან E; გადასჭრიდიან] გადაჰსჭრიდიან E; 28 მომცა] მამცა C; 29 „მკითხა“-ს შემდეგ გადახაზულია „მან“ C; 33 სახელგანთქმულნი] სახელგანთქმული C.

29. 4 არნა] არნ E; 19 ამის] იმის E; 20 მომეცი] მამეცი C; 21 კვლავ მე] კვლავ E; 25 შეუთქვეს] შეუთქვის E; 30 „რუსობამ“ გადახაზულია C; რუსობამ] ... E.

30. 5-6 „ადრიდა ავად... უკედ“ გადახაზულია C; 7 ერთურთს] ერთურთი E; 13-23 „აწინა... მახევე“ გადახაზულია C-ში და მრავალწერტილია (. . . . . . .) E-ში.

31. 5 ვშაობდით] ვშოობდით CE; 15 მასცის] მაჰსცის E; 16 მოხოცნეს] მახოცნეს CE; 24 დასცის] დაჰსცის CE; 25 „ციხე“-ს შემდეგ გადახაზულია „კახნი“ C; 30 ჰღონობს] ღონობს CE; 31 ამბით] ამბავით E.

32. 1 იგ] იქ E; 6 გაგგვიხდნის] წაგვიხდნის E; 9 ეგა] ეგე CE; 11 იმის] იმისის E; 12 განზრახვაც] განძრახვაც A; 18-24 „მიგიხვდი... პასუხი“ გადახაზულია C; 18 ნესტარითა] ნესტარითაცა E; 19 – 24 „ჩვენი... პასუხი“-ს ნაცვლად მრავალწერტილია E-ში.

___________________

1. U ლიტერით ყველგან აღნიშნული გვაქვს აკად. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტში ი. ჭავჭავაძის ფონდში დაცული ხელნაწერი, K ლიტერით – ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახ. ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში კ. ლორთქიფანიძის არქივში დაცული ხელნაწერი.

2. „ამ ხელნაწერიდამ“ – იგულისხმება C ავტოგრაფი.

3. ამას ადასტურებს ცენზურის მიერ ამოღებული ადგილების გასწვრივ არეზე ილიას მინაწერი: „უნდა“.