The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საქართველოს პოლიტიკური სტრატაგემა ილია ჭავჭავაძის წერილის - “ევროპის მილიტარობა და ამერიკის მერმისის” - მიხედვით


საქართველოს პოლიტიკური სტრატაგემა ილია ჭავჭავაძის წერილის - “ევროპის მილიტარობა და ამერიკის მერმისის” - მიხედვით



ორგი გაჩეჩილაძე

საქართველოს პოლიტიკური სტრატაგემა ილია ჭავჭავაძის წერილის - “ევროპის მილიტარობა და ამერიკის მერმისის” - მიხედვით

წინასწარი შენიშვნები

საუკუნის მიწურულს ორი დიდი ამბავი მოხდა საქართველოში. რუსეთმა დაასრულა საქართველოს საბოლოო ოკუპაციის პროცესი, საქართველომ - რუსეთისაგან განთავისუფლების სტრატეგიული პროგრამა.

1801 წელს აღმოსავლეთ საქართველოში დაწყებულ საქართველოს ოკუპაციის პროცესს რუსეთმა 1876 წელს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთში დაუსვა წერტილი. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჩვენი თვისტომი აფხაზები აფხაზეთიდან აყარა, ქართველებს კი აფხაზეთში ცხოვრება აუკრძალა, საქართველოს ოკუპაციის საქმე ბოლომდე მიყვანილად მიიჩნია. მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის წარუმატებელ აჯანყებათა შემდეგ, დამარცხებულმა ქართველებმა არაადექვატურად მიიჩნიეს არა თავისუფლებისათვის ბრძოლის მიზანი, არამედ ამ მიზნის აჯანყებათა საშუალებით მიღწევის ტაქტიკა.

მანამდე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა. 1815 წელს საფრანგეთის რევოლუციით შიშნაჭამ ევროპის მონარქიულ სახელმწიფოთა ვენის კონგრესი გაიმართა. რუსეთის ინიციატივით, ამ კონგრესზე ლეგიტიმურად იქნა ცნობილი საფრანგეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, ავსტრიისა და პრუსიის სამეფო დინასტიები. ამ ფაქტის შემხედვარე ქართველებმა იფიქრეს, უკეთესი საერთაშორისო სამართლის დოკუმენტი და ხელსაყრელი სიტუაცია წარმოუდგენელიაო და გენერალ-ლეიტენანტ დავით ბაგრატიონის ხელმოწერით, იმპერატორ ალექსანდრე I-ს რუსეთის ქვეშევრდომობის ქვეშ ქართული სახელმწიფოებრიობის და ბაგრატიონთა დინასტიის აღდგენის პროექტი მიართვეს. მაგრამ ამ პროექტის შედგენისათვის არაკჩეევმა, ალექსანდრე I-ის ბრძანებით, დავით ბატონიშვილი დატუქსა. ერთი წლის შემდეგ ბატონიშვილი წუთისოფელს გამოეცალა, ან გამოაცალეს, რადგანაც პოლიტიკური გადაწყვეტილებები შედეგების მიხედვით ფასდება. ეს იყო რუსეთის სტრატეგიული შეცდომა. ქართველი ერის მოლოდინის ჰორიზონტი, რომ რუსეთი საქართველოს მიმართ ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა, დაიმსხვრა. დაიმსხვრა აჯანყებების გზით რუსეთისგან თავის დაღწევის პერსპექტივაც. აუცილებელი გახდა ახალი სტრატაგემის შემუშავება. მაგრამ სტრატაგემები ციდან არ ვარდებიან. გადაწყვეტილებანი პოლიტიკაში “რეალობის რეპერტუარისა” და “ისტორიულ გამოცდილებათა” შეჯერების საფუძველზე მიიღება. სტრატაგემები ექსტრემალური სიტუაციების პროდუქტია. დამარცხებული აჯანყებების გამო ძალაგამოცლილი საქართველოს “რეალობის რეპერტუარი” იყო უნუგეშო: ერი - შემოქმედებითი უმცირესობისაგან დაცარიელებული, ისტორიული ჰორიზონტის სცენა - შესაძლებელი პარტნიორისგან მიტოვებული. უსასტიკეს გამოწვევათა წინაშე, უკვე მერამდენედ, საქართველო აღმოჩნდა მარტო. როგორც ილია იტყოდა:

 

არსაიდან ხმა, არსით ძახილი,

მშობელი შობილს არას ეტყოდა.

                                      (ჭავავაძე 1948: 30)

გამოიკვეთა ყველა წინაპირობა, რომ ათასწლეულების მანძილზე ქართველობის ტომობრიობიდან ეროვნულობისკენ აღმასვლის გზა შეტრიალებულიყო ეროვნულობიდან ტომობრიობისკენ დაღმასვლის მიმართულებით.

ერი და ხალხი ისევე არ არიან იგივეობრივი, როგორც ღირსების განმასახიერებელი კაცი და ადამიანი. ამაშია “კაცია-ადამიანის?!”, როგორც კითხვის, მთელი გენიალობა. “კაცია-ადამიანი?!” -ამ ორი სიტყვით ილიამ ქართველ ხალხს შეახსენა, რომ ადამიანად დაბადება არ არის კაცად არსებობის გარანტია. ადამიანად დაბადება არის კაცად გახდომის შესაძლებლობა და არა გარანტია. ხალხად არსებობა არის ერამდე ამაღლების შესაძლებლობა და არა გარანტია. ენა არის სიბრძნის შესაძლებლობა და არა გარანტია. აი, სააზროვნო სიტუაცია, რომელშიც ილია ჭავჭავაძემ ნიკოლოზ ბარათაშვილი აღმოაჩინა:

“ღმერთმა გამოგვიგზავნა ჩვენდა ნუგეშად და თავმოსაწონებლად ნიკოლოზ ბარათაშვილი. უკურთხა ენა მეტყველებისთვის, თვალნი - ხედვისათვის, ყურნი - სმენისათვის, გულს ჩაუდო გაუქრობელი ცეცხლი კაცთა გულის გასათბობლად და უბრძანა, წადი და კაცთა ნათესავს ამცნე უზენაესი მცნება ჩემი და სიტყვით გული აუნთეო” (ჭავაჭავაძე 1953: 250).

რაში იყო ილიას მიერ ბარათაშვილში მოციქულის დანახვის საიდუმლოება? საიდუმლოება იყო მარტივი: საქართველოს ტერიტორიაზე აჯანყებათა გზით რუსეთისგან თავის დახსნის სტრატეგიაში პირველი კორექტივების შემტანი აღმოჩნდა სწორედ ნიკოლოზ ბარათაშვილი.

1840 წელს, გურიის აჯანყების დროს, ნიკოლოზ ბარათაშვილმა გრიგოლ ორბელიანს წერილი მისწერა და აჯანყების ჩახშობაში მონაწილეობის მიღება მოუწონა. თუ რატომ? - მოტივიც იქვე განმარტა: “ყოველივე უბედურებაა, რომელიც შეუდგების აღშფოთებას” (ბარათაშვილი 1968: 175)”.

გაივლის კიდევ ორი წელი და რუსეთისგან საქართველოს გათავისუფლების ახალ სტრატაგემას ჩამოაყალიბებს თვითონ ნ. ბარათაშვილი.

ეს სტრატაგემა ხორცშესხმულია მის ლექსში - “საფლავი მეფის ირაკლისა”, რომელიც 1842 წელს დაიწერა. იგი ოთხი დებულებისგან შედგება:

1. პატარა საქართველო უზარმაზარ რუსეთს უნდა დაუპირისპირდეს არა აჯანყებებით, არამედ პოზიციური ბრძოლის ტაქტიკით:

სადაც აქამდინ ხრმლით და ძალით ჰფლობდა ქართველი,

მუნ სამშვიდობო მოქალაქის მართავს აწ ხელი!

2. “ბრძოლის” ადგილად უნდა იქცეს არა მცირემიწიანი და მცირერიცხოვანი საქართველო, არამედ უზარმაზარი რუსეთი და მისი დედაქალაქი:

 

მათი ცხოველი ტრფიალებით აღსავსე სული

უდნობს ყინულსა ჩრდილოეთსა, განცეცხლებული.

3. “ბრძოლის” საგანი, რომელშიც ქართველებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა, უნდა იყოს თავისუფლებისა და სამართლიანობის კაცობრიული ფასეულობები:

 

ჟამ-ვითარებით გარდახვეწილთ შენთ შვილთ მიდამო

 მოაქვთ მამულში განათლება და ხმა საამო.

...............................................................

და მუნით ჰზიდვენ თესლთა ძვირფასთ მშობელს ქვეყანად,

მხურვალეს ცის ქვეშ მოსამკალთა ერთი ათასად!

4. საქართველოსთვის ამ ფასეულობათა რესურსი და ორიენტირი მდებარეობს დასავლურ კულტურაში:

შავის ზღვის ზვირთნი, ნაცვლად ჩვენთა მოსისხლე მტერთა

აწ მოგვიგვრიან მრავალის მხრით ჩვენთა მოძმეთა!

                                                          (ბარათაშვილი 1972: 54)

ასეთია ტექსტი და კონტექსტი, რომელშიც ნ. ბარათაშვილის “საფლავი მეფის ირაკლისა” დაიწერა. რუსეთი მონარქიული რეჟიმების ბურჯად იქცა ევროპაში და ქართული მონარქიის მესაფლავედ - საკუთარ იმპერიაში.

ასეთია სტრატაგემა ბარათაშვილის ლექსისა - “საფლავი მეფის ირაკლისა”.

ილია ჭავჭავაძემ ამ სტრატაგემაში ერის კოლექტიური ინტელექტის რეფლექსია დაინახა. ამიტომაც უწოდა მან თავის სულიერ წინამორბედს “მოციქული”.

რადგანაც ტექსტი იკითხება კონტექსტში, ორიოდე სიტყვა ნ. ბარათაშვილისა და ი. ჭავჭავაძის მიერ “საქართველოს აღდგომისა და გამოხსნის” (ერეკლე II) პროექტის შესახებ.

ცხადი გახდა, რომ როგორც ორი ხმალი ერთ ქარქაშში ვერ მოთავსდება, ისე რუსეთი და საქართველო ერთ სახელმწიფოში ვერ მოთავსდებიან. რუსეთის ძალადობას, მართალია, აქვს დასაწყისი და განვითარება, მაგრამ აქვს დასასრულიც.

ნიკოლოზ ბარათაშვილს წილად ხვდა, რუსეთის შიდა პროცესებში ჩართვის გზით, საქართველოს გამოსახსნელი სტრატაგემების შემუშავების მისია. ილია ჭავჭავაძეს კი, როგორც ნათელმხილველს, წილად ხვდა ისტორიის გლობალური პროცესების დანახვა, რომლებშიც საქართველოს ადგილი და ფუნქცია იკვეთებოდა არა მხოლოდ ჩვენი სურვილების, არამედ საგანთა ლოგიკის ძალით.

ილია ჭავჭავაძის 1889 წელს გამოთქმული პროგნოზის მიხედვით, ცივილიზაციის მომავალი მეთაური იქნება არა ევროპა, არამედ ამერიკა.

 

“ისმინეთ და გაიგევით, ქართველობავ!”

რამდენად ფანტასტიკურადაც უნდა მოგვეჩვენოს, ამერიკაზე საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის სტრატეგია საქართველოში 118 წლის წინ ჩამოყალიბდა. იმ დროს ამერიკელებს, ალბათ, წარმოდგენაც არ ჰქონდათ საქართველოს შესახებ. ასეთი სტრატეგია მონროს დოქტრინის ტრადიციებით აღზრდილი ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის სიზმარშიც კი წარმოუდგენელი იქნებოდა. თუმცა, ისინი ვერც იმას წარმოიდგენდნენ, რომ გაივლიდა ხანი და ზოგიერთ ქვეყანაში მათ დაუყვირებდნენ: Iანკეეს, გო ჰომე! და ვერც იმას, რომ 2005 წელს საქართველო აღტაცებით შეხვდებოდა ამერიკის პრეზიდენტს.

ჩვენთვის ეს ყველაფერი ახლა ყოფითი რეალობაა. 118 წლის წინათ კი ასეთი პროექტი სიგიჟედ თუ არა, ალბათ, ლაღი ფანტაზიის ნაყოფად იქნებოდა აღქმული. მხოლოდ ილია ჭავჭავაძის ავტორიტეტის მიმართ მოკრძალებით შეიძლება აიხსნას ის გარემოება, რომ მისი შემოქმედების მკვლევრებმაც არ მიიჩნიეს კარგ ტონად ამ წერილზე ყურადღების გამახვილება. ამის მიზეზი იყო არ იმდენად რუსული ცენზურა და პოლიტიკური კონიუნქტურა, რამდენადაც გლობალური პოლიტიკური

პროცესების რეალობა. ეს არის დრო, როდესაც ამერიკამ ისტორიის პროტაგონისტის როლს მაყურებლის როლი ამჯობინა. ამიტომ თანამედროვე ექსპერტებისთვისაც საინტერესო უნდა იყოს თვალის შევლება იმ სააზროვნო სიტუაციაზე, რომელშიც ჩამოყალიბდა ილია ჭავჭავაძის დროისთვის - წინასწარმეტყველური, დღეისათვის - რეალობად ქცეული იდეა.

რუსეთისგან საქართველოს დამოუკიდებლობის სტრატაგემის პირველი შტრიხები ილია ჭავჭავაძემ 1879 წელს მოხაზა. მისი აზრით, ბერლინის ხელშეკრულების შემდეგ გეოპოლიტიკურ სივრცეში გამოიკვეთა “დიდი კვანძი აღმოსავლეთის საქმისა” (ჭავჭავაძე 1952: 13).

1879 წელს “შინაური მიმოხილვის” პირველ წერილში ვკითხულობთ: “ჩვენის ფიქრით, ეხლა აღმოსავლეთის საქმემ, აქამომდე სლავიანებზე გაჩერებულმა, აქეთ, აზიაში გადმოიწია. რუსეთი და ინგლისი, ეს ორი დაუძინებელი მეტოქე აზიაში მფლობელობისათვის, აქ, აზიაში, დაეჯახებიან ერთმანეთს და ბოლოს საქმე იქამდე მივა, მაგ საქმის კვანძი აქ უნდა გაიხსნას. რით გაიხსნება ეს კვანძი, ხმლით გაჰკვეთენ, თუ საცივილიზაციო ღონისძიებითა, ამის გადაწყვეტილად თქმა ძნელია წინათვე” (ჭავჭავაძე 1952: 13).

ამის შემდეგ, ილია ჭავჭავაძე ეხება ამ პრობლემის მიმართ ინგლისისა და რუსეთის დამოკიდებულების განსხვავებულ ტაქტიკას. მისი აზრით, ინგლისის პოზიცია არის ცივილური და არა მხოლოდ ძალადობაზე დამყარებული. ეს კი გამოწვეულია არა ინგლისის სათნოებით, არამედ ინგლისის სახელმწიფოებრივი მოწყობის დემოკრატიული პრინციპებით.

მოვუსმინოთ ილია ჭავჭავაძეს: “და რადგანაც ერთის ჭეშმარიტი, უცვლელი სარგებლობა მარტო იმაზეა დამყარებული, რომ მეორეც კარგად იყოს, ამიტომაც ინგლისი, რომლის საქმენი ხალხის თვითმოქმედებით იმართებიან (ე.ი. დემოკრატიული პრინციპებით - გ.გ.), ეცდება თავისი ჭეშმარიტი სარგებლობა ჭეშმარიტ საფუძველზე ამოიყვანოს, ესე იგი, ეცდება იმათ კარგად მყოფობასაც, ვინც აზიაში ბინადრად დახვდება” (ჭავჭავაძე 1952: 13).

აქედან, 1879 წლის საქართველოს შემყურე ქართველებისთვის გამაოგნებელი დასკვნა: “აზია საერთოდ და ჩვენ საკუთრივ, საჭირონი ვართ არამც თუ ჩვენის თავისთვის მხოლოდ, არამედ სხვებისთვისაც” (ჭავჭავაძე 1952: 13).

როგორ და საიდან? - იკითხავს მკითხველი.

იმ დროს საქართველო ხომ პოლიტიკურად არ არსებობდა, რუსეთის ორად-ორი გუბერნია იყო მხოლოდ. ამიტომ რა საფუძვლები არსებობდა ასეთი დასკვნისათვის?

ძალიან მარტივი!...

ბიოლოგიაში ფუნქციის იდეა უსწრებს ორგანოს შექმნის საჭიროებას. ასეა ისტორიაშიც. პოლიტიკურად ერის ფუნქციის იდეა უსწრებს მისი სახელმწიფოებრივად შექმნის საჭიროებას. რაკი გაჩნდა საქართველოს ფუნქციის საჭიროება, ჩნდება ქართული სახელმწიფოებრიობის, როგორც ორგანოს, შექმნის საჭიროებაც. ასეთია ფუნქცია, რომლის შესრულების მისიას საქართველო იბრუნებს ხანგრძლივი ანტრაქტის შემდეგ.

მაგრამ ამ დღის დადგომამდე ჯერ კიდევ ბევრი წყალია ჩასავლელი. პლანეტა ორჯერ გაეხვია მსოფლიო ომში. საქართველოს ორჯერვე იმაზე მეტი მსხვერპლის გაღება მოუხდა, რაც უნდა გაეღო.

1918 - 1921 წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში, ცალკე ინგლისი და ცალკე გერმანია, ორჯერ შეეცადნენ საქართველოს ფეხზე დაყენებას, მაგრამ რუსეთმა მეორედ მოახდინა საქართველოს ოკუპაცია.

ილია ჭავჭავაძე არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ რუსეთ-საქართველოს ისტორიული კონფლიქტი არსებობდა და დღემდე რჩება იმიტომ, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმებით რუსეთმა ქართველ ხალხს წაართვა უფლება და მოუსპო იმ მისიის შესრულების შესაძლებლობა, რაც მას გეოპოლიტიკური თვალსაზრისით აქვს დაკისრებული.

ამ თემას ილია ჭავჭავაძე “შინაური მიმოხილვის” 1881 წლის მე-7 წერილში ეხება. მისი აზრით,

“რუსეთს არა ჰქონდა და არც დღეის-აქამომდე აქვს გარკვეული და დადგენილი დედააზრი მასზედ, თუ სად თავდება უფლება ეროვნებისა და სად იწყება - სახელმწიფოსი” (ჭავჭავაძე 1952: 55).

ილია ჭავჭავაძისთვის ერი სამართლებრივი კატეგორიაა. რუსული დერჟავული ბიუროკრატიის მენტალიტეტში ილია ჭავჭავაძემ დაინახა რუსეთის წინაშე დროის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების არაადეკვატურობის საიდუმლო. ილიას ვერდიქტი ასეთია: “მათი მოქმედების შედეგი ის იყო, რომ რუსეთის სახელი შეაძულეს მათ, ვის საერთო სიყვარულზედაც უნდა აგებულიყო სახელმწიფოს ძალ- ღონე, კეთილდღეობა და წარმატება” (ჭავჭავაძე 1952: 55).

ძალზე მნიშვნელოვანია იმ ფაქტორების ანალიზი, რომლებმაც ილია ჭავჭავაძე მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ მსოფლიოს მომავალი ლიდერი გახდება არა მილიტარისტული ევროპა, არამედ - ამერიკა.

ილია ჭავჭავაძეს 1879 წლიდან 1889 წლამდე განვითარებული მოვლენების ანალიზი დასჭირდა, რათა ჯერ დაუმდგარი ისტორიის დადგომის სცენარი დაეწერა.

ილია ჭავჭავაძის წერილი “ევროპის მილიტარობა და ამერიკის მერმისი” ერთი თემითა და მიზანდასახულობით გაერთიანებული ოთხი ნარკვევის შემადგენელი ნაწილია.

პირველი ნარკვევია - “მილიტარობა ევროპაში”, 1889წ. 16 იანვარი (ჭავჭავაძე 1952: 441-442). მეორე - “ისევ ევროპის მილიტარობის შესახებ”, 1889წ, 11 თებერვალი (ჭავჭავაძე 1952: 443-444). მესამე - “ევროპის მილიტარობა და ამერიკის მერმისი”, 1889წ..25 თებერვალი (ჭავჭავაძე 1952:

445-446).

მეოთხე - “ეროპის დიდი და პატარა ონავრები”, 1890წ. 20 იანვარი (ჭავჭავაძე 1952: 447-449).

როგორც ვხედავთ, ოთხივე წერილს აერთიანებს XIX საუკუნის ბოლოს მილიტარიზაციის გზაზე ევროპის შედგომის თემა.

ამ წერილებში ილია ჭავჭავაძის ანალიზის საგანი იმ ფაქტორების გამოვლენაა, რომელთა აღმავლობასა და დაცემასთან არის დაკავშირებული როგორც სახელმწიფოთა, ისე ცივილიზაციათა ხვედრი. ამ კონტექსტში ილია ჭავჭავაძე არნოლდ ტოინბის სულიერი წინამორბედია. მან ევროპის ინტრაისტორიის პორტრეტი დახატა.

ილია ჭავჭავაძის აზრით, ევროპის მსოფლიო პრიორიტეტის საზომი იყო ევროპის ცივილიზაციური უპირატესობის ფაქტორი. მაგრამ მას შემდეგ, რაც ევროპა მილიტარიზაციის გზას დაადგა, იგი კარგავს არა მხოლოდ ცივილიზაციურ პრიორიტეტს, არამედ ეკონომიკური განვითარების პერსპექტივასაც. ამის შემდეგ ევროპა მსოფლიოსთვის იქნება არა მიბაძვის ეტალონი, არამედ თვითგადარჩენის საფრთხის წინაშე მდგარი პოლიტიკური სივრცე.

საქმე ის არის, რომ ილია ჭავჭავაძე არის XIX-XX საუკუნეების მიჯნის კლასიკური ინტელექტუალის ტიპი. ამ პერიოდის ევროპული ინტელექტუალობის ტესტს კი თერმოდინამიკის იდეები განსაზღვრავდა.

მას შემდეგ, რაც 1865 წელს კლაუზიუსმა თერმოდინამიკაში შემოიტანა ენთროპიის ცნება, იგი იქცა ყოველ მოქმედ სისტემაზე დამოკლეს მახვილივით დაკიდებული მუქარის საზომად. ეს ის დროა, როდესაც ფიზიკის მეცნიერებიდან წამოსული ენთროპიის ცნება, ის-ის არის, იწყებს ბიოლოგიურ აზროვნებაში შეჭრას, მაგრამ ჯერ არ შეუღწევია ჰუმანიტარულ და მით უმეტეს, პოლიტიკურ მეცნიერებაში.

მილიტარიზაცია ენთროპიის კანონის ფორმაა.

ამიტომ ქვეყნის მილიტარიზაციის პროცესი, რომელიც ილია ჭავჭავაძის აზრით, “გაუმაძღარი ვეშაპივით ყლაპავს” ქვეყნის ეკონომიკას, წარმოადგენს თერმოდინამიკის იდეების საშუალებით ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების გააზრების ინსტრუმენტს.

ამაშია მილიტარიზმის პარადოქსულობა. შეიარაღება, რომლის ფუნქცია სისტემის თვითდამკვიდრების უზრუნველყოფაა, აბსოლუტიზაციის შემთხვევაში, სისტემის თვითლიკვიდაციის მიზეზი ხდება. ჩვენს თვალწინ ეს დაემართა რუსეთის იმპერიას.

ილია ჭავჭავაძის ოთხივე წერილში პროგნოზირებულია როგორც პირველი, ისე მეორე მსოფლიო ომები და ამ ომებში არა მხოლოდ გერმანიის დამარცხება, არამედ ევროპის დაქვეითების გარდუვალობაც. ამიტომ, ილია ჭავჭავაძის აზრით, ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც შეიძლება მსოფლიოს მომავალი ლიდერის ფუნქცია შეასრულოს, იქნება ამერიკა.

როცა ილია ჭავჭავაძე ამერიკის შესახებ ამ სიტყვებს (“მსოფლიოს მეთაური”) წერს, ერთი გარემოებაა გასათვალისწინებელი:

დღეს ამის თქმა ადვილია, მაგრამ რამ შთააგონა ილია ჭავჭავაძე საუკუნის წინ ეთქვა, რომ ამერიკა იქნება არა მსოფლიოს მპყრობელი, მძარცველი, მოძალადე, დამანგრეველი, არამედ ცივილიზაციის გადამრჩენი, მშვიდობის შენარჩუნების გარანტი, მეთაური?! ეს არის კითხვები, რომლებიც დღეს გამოცანად რჩება პოზიტიური აზროვნების სიბრტყეზე. იმის დაჯერება, რომ ილია ჭავჭავაძემ ირწმუნა ამერიკის თავისუფლების დეკლარაციისა და კონსტიტუციასთან ამერიკის პოლიტიკური იდენტურობა, მიამიტობა იქნება.

სიტყვები სხვა დროსა და ქვეყნებშიც თქმულა, მაგრამ მათი ხორცშესხმის პროცედურა მოლოდინის გაცრუებით დასრულებულა. პრაგმატიკოსმა ილია ჭავჭავაძემ იცოდა, რომ დედამიწაზე სამოთხე და კომუნიზმი არ აშენდება, მაგრამ კაცობრიული კეთილდღეობისა და სამართლიანობის მჩემებელ სახელმწიფოთა შორის, ამერიკის პრიორიტეტი რომ უნიკალურია, ეს 118 წლის წინათ კიდევაც იწინასწარმეტყველა და ორიენტირადაც დაუსახა საქართველოს.

118 წლის მანძილზე არ აღმოჩნდა არც ერთი ლიტერატორი, პუბლიცისტი, ისტორიკოსი და პოლიტიკოსი, რომელიც საჭიროდ ჩათვლიდა თუნდაც გაკვრით შეხებოდა ილია ჭავჭავაძის ამ პროგნოზს.

ქართული შემოქმედებითი უმცირესობის ერთადერთი მისანი, რომელმაც ილიას სტრატაგემაში

“საგანთა ლოგიკა” და არა “ლოგიკაში საგანი” დაინახა, გალაკტიონ ტაბიძე აღმოჩნდა.

საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც რუსეთი კომუნიზმის იდეოლოგიით ფიქრობდა მსოფლიოს ჰეგემონობას, მან დაწერა სოც. რეალიზმის სიმულაციით გამსჭვალული, საქართველოსთვის წინასწარმეტყველური ლექსი “კოლხიდის დაბლობზე”.

აქ აყვავდეს უნდა მთელი ფლორიდა,

 ბაღზე ბაღი გესალმება გორიდან.

აქ ასეა, მალე აშრიალდება

ფორთოხალის და ლიმონის ბაღები.

დაიქროლებს სიო კალიფორნიის

და პალმების აიწევა თაღები.

                               (ტაბიძე 1935: 511)

რას ნიშნავს და ვის მიმართ არის აქ გამოყენებული ცნება-კოდები - “ბაღზე ბაღი გესალმება გორიდან”, “ფლორიდა” და “სიო კალიფორნიის” - მკითხველისთვის ადვილად აღსაქმელი სიმბოლოებია. ამ კოდების ადრესატია გორელი სტალინი (შემდეგ გამოცემებში “ფლორიდა” შეიცვალა სიტყვით - “ფლორითა”, ხოლო “კალიფორნიის” ნაცვლად გაჩნდა: “დაიქროლებს სიო ჩვენი შვი ზღვის”. გ.გ.) (ტაბიძე 1966: 348).

“გასვლისა - და - დაბრუნების” სიუჟეტი მამისა და უძღები შვილის ქართულ კონტექსტში

ამერიკის მომავლის 118 წლის წინანდელი პროგნოზის თემაზე წერტილის დასმა აქ შეიძლებოდა, რომ არ არსებულიყო საქართველოს შიდა ცხოვრების ამომაპირქვავებელი ისეთი ნაქართველარი, როგორიც იყო იოსებ ჯუღაშვილი, სტალინი.

ბევრი ამერიკელი მკითხველისთვის, ალბათ, მოულოდნელი იქნება იმის შეტყობა, რომ ყმაწვილი სტალინისთვის საზოგადოებრივ ასპარეზზე გზამკვლევის მისია ილია ჭავჭავაძეს ხვდა წილად. მაგრამ ისტორიის ირონიად იქცა ის ფაქტი, რომ 1910 წლიდან საქართველოს ეროვნულ-გამანთავისუფლებელი იდეებით შთაგონებულმა სტალინმა მასწავლებელიც შეიცვალა და ეროვნებაც. ილია ჭავჭავაძის სიკვდილის შემდეგ სტალინის ცხოვრება იქცა ილია ჭავჭავაძის იდეებისა და საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ ბრძოლის ისტორიად. პოლემიკა მასწავლებელთან და სამშობლოსთან მას სიკვდილამდე არ განელებია.

დამთავრდა მეორე მსოფლიო ომი და გენერალისიმუსმა სტალინმა დაინახა, რომ მსოფლიოს ლიდერად იქცა არა რუსეთი და თვითონ ის, არამედ ამერიკა. არადა, თავის ნამოწაფარს ილია ჭავჭავაძემ ათ მცნებასავით გასაგები ენით დაუწერა მსოფლიო ისტორიის ლოგიკური განვითარების ფორმულა.

მასწავლებელი მართალი აღმოჩნდა, შეგირდი - უძღები შვილი. აფორიაქდა უძღები შვილი და სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე, საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილების პარალელურად, ილია ჭავჭავაძის პროგნოზის გაბათილება გადაწყვიტა.

ეროვნებაშეცვლილმა სტალინმა 1952 წელს მოულოდნელი ჟესტი გააკეთა. ნახევარი პლანეტის მფლობელმა რუსეთის იმპერატორმა გუშინდელ მოკავშირეებს გერმანიიდან მოკავშირეთა ჯარების გამოყვანის, ორად გაყოფილი გერმანიის გაერთიანებისა და ჯარითა და იარაღით დემოკრატიული გერმანიის აღორძინების პროექტი შესთავაზა (კისინჯერი 1997: 448).

ამ ჟესტმა საგონებელში ჩააგდო ევროპისა და ამერიკის პოლიტიკური ექსპერტები. ეს იდეა მსოფლიო ომის ინიციატორი გერმანიისადმი სტალინის სენტიმენტალური გრძნობებიდან რომ არ მომდინარეობდა, ძნელი მისახვედრი არ იყო. მაგრამ რა იყო სტალინის ინიციატივის ფარული მოტივაცია?

ეს იყო სტალინის სურვილი, რადაც უნდა დასჯდომოდა, დაებრუნებინა გერმანია ისტორიის ძველ ღერძზე, რათა ის გამოეთიშა ერთიანი ევროპული ოჯახიდან და ექცია ახალი ომის ინიციატორად. ეს იყო პერსპექტივა, რომელიც რუსეთს ევროპის შიდა საქმეებში ჩარევისა და პოლიტიკური ლიდერის ფუნქციის დაბრუნების ილუზიებს უქმნიდა.

არავინ წამოეგო სტალინის ანკესზე. უძღები შვილი საფლავში საკუთარი მოძღვრისა და სამშობლოს წინაშე დანაშაულის გრძნობით ჩავიდა. მკითხველი, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, რომ ამერიკის მომავლის შესახებ საუკუნის წინანდელი პროგნოზი ასე ამოატივტივებდა ადამიანთა ურთიერთობის მოულოდნელ სიტუაციებს.

კიდევ უფრო საინტერესოა ილია ჭავჭავაძის პროგნოზის დინამიკა 30-იანი, 60-იანი, 80-იანი წლების საქართველოში. მაგრამ ეს სხვა დროს.

რუსეთი 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნას არ გაუღიზიანებია ისე, როგორც მთავრობის სახლის წინ მდებარე “ინტურისტის” შენობაზე ქართველების მიერ გამოკიდებულ ამერიკულ დროშას.

ისტორიის ირონია იმაშია, რომ ვერც ნ. ბარათაშვილი და ვერც ი. ჭავჭავაძე საქართველოს პოლიტიკური განვითარების საკუთარი პროექტების შედეგებს ვერ მოესწრნენ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნ. ბარათაშვილის პროექტი რუსეთის შიდაცხოვრებაში ქართველთა გადაშვების შესახებ, აშკარად უსწრებს ა. ტოინბის “გასვლისა და დაბრუნების” ისტორიოსოფიურ კონცეპტს. როგორც ტოინბისთან, ისე ბარათაშვილთან, ღია ტექსტითაა საუბარი

“გასვლისა და დაბრუნების” სიუჟეტის “ორტაქტიან” რიტმზე.

საკუთარი ქვეყნის გარემოდან სხვა ქვეყნის სოციალურ გარემოში გადართული შემოქმედებითი უმცირესობა სულიერად გარდაქმნილი უბრუნდება მშობლიურ წიაღს. ისინი ხდებიან ქვეყნის რეფორმატორები.

ასეთი აღმოჩნდა ქართველ თერგდალეულთა პირველი პლეადა.

მაგრამ ბარათაშვილს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რაც არ დავიწყნია ტოინბის: “გასვლისა და დაბრუნების” მოძრაობა ნიშნავს არა მხოლოდ სულის ბნელ ღამეში გადანაცვლებას, არამედ მის გადალახვასაც” (ტოინბი 1991: 269).

ეს არის ჩინური მითის პარადიგმა, რომელიც მოგვითხრობს დრაკონის მძლეველი მზეჭაბუკის დრაკონად გარდაქმნის ვერსიაზე.

თერგდალეულებისაგან განსხვავებით, რუსეთში ქართველთა შემდგომი პლეადის “გასვლისა და დაბრუნების” სიუჟეტი საქართველოსთვის კატასტროფით დასრულდა: თვითმპყრობელობის დრაკონის დამმარცხებელი ქართველი ბოლშევიკები თავად იქცნენ დრაკონებად და საკუთარ ქვეყანას მე-11 არმიით დაუბრუნდნენ.

ასე რომ, ბარათაშვილის პროექტმა ფიასკო განიცადა. ილია ჭავჭავაძის პროექტი განხორციელების ფაზაშია.

ამპროექტისგანმახორციელებლებსხალხმათერგდალეულთაასოციაციით,

“ოკეანედალეულები” უწოდა.

ბოლშევიკებისშენიღბულიპროექტისაგანგანსხვავებით,“ოკეანედალეულთა”პროექტი გამჭვირვალეა:

საქართველო თავს აღწევს რუსულ ორბიტას.

საქართველო უკვე არის ევროპარლამენტის წევრი და რამდენიმე ნაბიჯი აკლია ევროკავშირის წევრობამდე.

საქართველო ხდება “ნატოს” წევრი და ექმნება ეროვნული უშიშროებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რეალური შესაძლებლობები.

საქართველო იბრუნებს ევროპა-აზიის (და არა მხოოდ ევროპა-აზიის) არა მხოლოდ ეკონომიკური ტრანზიტის, არამედ ცივილიზაციური დიალოგის ადგილის ფუნქციას.

ყველა ეს წინაპირობა ქმნის ქართველი ხალხის ეროვნული ენერგიისა და შემოქმედებითობის გლობალურ მასშტაბებში რეალიზაციის პერსპექტივას.

ხალხის თვისობრიობიდან ქართველი ხალხი სწრაფი ტემპით გადადის ეროვნული თვისობრიობის ფაზაში.

მიმაჩნია, რომ ილია ჭავჭავაძის წერილი “ევროპისმილიტარობა და ამერიკის მერმისი” ნამდვილად დაამშვენებდა მსოფლიოს ყველა დროის პოლიტიკური ანალიზების ანთოლოგიას.

1 დამოწმებანი

▲ზევით დაბრუნება