The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


სიზმარი

სიზმარი

ძმაო, სურვილით
ანთებულ გულით,
რაც ცხადათ მწადდა,
სიზმარი ხატდა.
ვნახე სიზმარი,
ოხ, რარიგ მტკბარი!
მესიზმრა მშობელ
ქვეყნის მთა-ბარი;
ხვევნა მსურდა მთის,
ჩემ ძველ ნაცნობის,
შთანთქმა ტკბილ ხმისა
ქართვლის სიტყვისა,
ალერსით შეპყრა
ჩვენ მზის სხივისა;
ვსჭვრეტდი ჩემს მშობელს
მთის პირში სოფელს,
ვით ჩემ დროს, ისევ
ისევე მყოფელს.
იქ ვნახე სახლი,
სადაც მე თვალი
პირველ ვახილე,
და რა ვიხილე?
ტახტზედ ჯდა ქალი,
სწვიმდა მის თვალი;
ჩემს თავსა ვკითხე,
ვინ არს მტირალი?
არის ვითომ ის?..
განა ყვავილის
ჩრდილი თვით ყვავილს
რითმე ედრების?
ვსცნობდი, არც ვსცნობდი
მტირალსა ქალსა
და გულში ვგრძნობდი
რიღაცის ალსა.
დიდხან და დიდხან
ცრემლს თვალით ღვრიდა
და ყრუთ ხანდისხან
კვნესდა, ოხვრიდა,
მერეთ გახეჩნა
ბაგე ფერკრული
და რა ახსენა? -
დავიწყებული
ჩემი სახელი.
მსმენმან იმ ხმისა
გავშალე ხელი, -

ის იყო!.. ისა!..
მსურდა შემეპყრა,
გულსა მიმეპყრა...
და ნაცვლათ მისა -
ჩემ სარეცლისა
ცივი რკინა ხელს
შემრჩა მღვიძარეს.
ეგრეთ ვჭვრეტ სიზმარს,
ვბედნიერდები,
ვიდრე, ძმა, ცივ ცხადს
არ შევეყრები.

[1857წ. ივლისი - 1859 წ. ნოემბერი].

 

ხელნაწერი: U:

ავტოგრაფი, კრებ. 108, გვ 46. ლექსი დაუთარიღებელია, გადახაზულია (ჩანს, ავტორის მიერვე).

“სიზმარი” პირველად დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში (გვ. 30). ნაბეჭდი თანხვდება ავტოგრაფს. აღნიშნულ გამოცემაში (სარჩევში) ლექსი დათარიღებულია 1858 წლის (თუმცა განმარტებული არ არის, თუ რას ემყარება ასეთი დათარიღება).

1925-1951 წწ. გამოცემებში ლექსი დათარიღებულია 1859 წლით, რაც იმით არის არგუმენტირებული, რომ “სიზმარი” მოთავსებულია ილიას ავტოგრაფული კრებულის პირველ ნაწილში, რომელიც პ. ინგოროყვას ვარაუდით, “გადაწერილია 1859 წელს, 4 ივნისს და 30 ნოემბერს შორის” (იხ. ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, ტ. I, - სარედაქციო შენიშვნები, - 1951, გვ. 409, 431).

ასეთი ვარაუდი გამართლებულად მიგვაჩნია, მაგრამ ვფიქრობთ, ილიას მიერ “სიზმრის” გადაწერის თარიღის დადგენა არ არის საკმარისი ამ ლექსის შექმნის თარიღის გასარკვევად. მართლაც, მითითებული ავტოგრაფული კრებულის პირველ ნაწილში, რომელშიც “სიზმარია” მოთავსებული, ილიას დანარჩენ 44 ორიგინალურ და თარგმნილ პოეტურ ნაწარმოებთაგან მხოლოდ ზოგი (14 ნაწარმოები) თარიღდება 1869 წლით, სხვები კი - 1856, 1857 და 1858 წლებით ( 1856 წლით - ერთი ნაწარმოები, 1857 წლით - სამი, 1858 წლით - ოცდაექვსი). ამავე დროს - რაც მთავარია, - აღნიშნული ნაწარმოებები ილიას მიერ ავტოგრაფულ კრებულში არ არის განლაგებული ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. ასე, მაგ., “სიზმრის” მომდევნო ცამეტი ნაწარმოებიდან (სიზმარი კრებულში რიგით ოცდამეთორმეტეა) ექვსი ნაწარმოები 1859 წლით თარიღდება ექვსი - 1858 წლით, ერთი - 1857 წლით. ამრიგად, ავტოგრაფიულ კრებულში “სიზმრის” ადგილის მიხედვით შეუძლებელია რაიმე დასკვნების გამოტანა იმის თაობაზე, თუ 1856-1859 წლებიდან კონკრეტულად რომელ წელსაა ეს ლექსი დაწერილი. ამიტომ ჩვენ ვერ გავიზიარებთ “სიზმრის” იმ დათარიღებას, რომეpლიც ილიას თხზულებათა ზემოთ მითითებულ გამოცემებშია წარმოდგენილი. <>

ჩვენი აზრით, “სიზმრის” დათარიღება მხოლოდ ძალზე მიახლოებით არის შესაძლებელი: კერძოდ, თუკი ვირწმუნებით, რომ ავტოგრაფულ კრებულში ეს ლექსი მართლაც 1859 წლის 30 ნოემბრამდეა ჩაწერილი, და თუ გავითვალისწინებთ ნაწარმოების შინაარსს, რომლის მიხედვითაც უფლება გვაქვს ვივარაუდოთ, რომ “სიზმარი” საქართველოს ფარგლებს გარეთ შეიქმნა (ჩანს - რუსეთში, ილიას სტუდენტობის პერიოდში), - დაბეჯითებით მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ ეს ლექსი დაიწერა არა უადრეს 1857 წლის ივლისისა (ილია ამ დროს ჩავიდა პეტერბურგში), და არა უგვიანეს 1859 წლის ნოემბრის მიწურულისა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე “სიზმარი” პირობითად შეიძლება ასე დავათარიღოთ: [1857 წ. ივლისი - 1859 წ. ნოემბერი].