The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ჩემო კარგო ქვეყანავ

* * * (ჩემო კარგო ქვეეყანავ)

ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..
აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია,
თუმცა ძველნი დაგშორდნენ, ახალნი ხომ შენია...
მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდიების დღენია, -
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?
წვრილშვილნი წამოგესწრნენ ნაზარდნი, გულმტკიცები,
მათის ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები,
არ გიმტყუნებენ შენა, თუკი მათ მიენდები.
მათის ღვაწლით შეგექმნეს სახე ბედით მთენია, -
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?
მათი გული შენისა ტრფობის ფართო ბუდეა,
მათი გულთა ფიცარი შენი მტკიცე ზღუდეა...
ვერ წაბილწავს მათს გრძნობას სიმუხთლე, სიმრუდეა!
მათ თვის მკერდით შეჰმუსრონ მტერთა სიმაგრენია, -
ჩემო კარგო ქვეყანავ, მაშ, რად მოგიწყენია?

15 სეკტემბერი,1872წ

 

ხელნაწერი:

U: ავტოგრაფი, № 108, გვ. 170 (B).

ნაბეჭდი:

ჟურნ. “ივერია”, 1880, № 2, გვ. 149 (C); სალამური ანუ ლექსთა კრება, № 1, გამოცემული ზ. ჭიჭინაძისაგან, ტფილისი, 1882, გვ. 18 (D); თხზულებანი ი. ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 187 (A); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, გამოცემა მე-2, ტფილისი, 1892, გვ. 377 (E); სალხინო საზანდარი ანუ უქმ-დროების შემაქცევარი სიმღერების კრება ძველთა და ახალთ მწერლების, შედგენილი და შეთხზული გ.ი. სკანდარნოვისაგან, გამ, მე-4, ტფილისი, 1895, გვ. 159 (F); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა. გამოცემა მე-4, ბათომი, 1900, გვ. 312 (G); ლექსები ილია ჭავჭავაძისა, მაღ. “ცოდნის” გამოცემა, ტფილისი, 1904, გვ. 3 (H); ჩანგური ანუ სახალხო მეჯლისი, გამოცემული დ. ლაზარევის მიერ, ტფილისი, 1905, გვ. 36 (I); ჩვენი მწერლობა, I, მგოსნები, შედგენილ-გამოცემული ს. გორგაძის მიერ, თბილისი, 1907, გვ. 46 (J); რჩეული ლექსები

ილია ჭავჭავაძის ა, წ. კ. გ. საზ-ის გამოცემა, № 80, ტფილისი, 1907, გვ. 18; იგივე გამოცემა № 81, გვ. 15 (K).

სათაური:

ჩემო კარგო ქვეყანავ FGIJK.

თარიღი:

1880 (სარჩევში - 1878) A; 1878 J; 15 სექტემბერი, 1872 წ. B.

ხელმოწერა:

*** C; ი. ჭავჭავაძე D; ი. ჭავჭავაძე (სარჩევში) EG; ილია ჭავჭავაძე I.

A ტექსტის სტრიქონს “ჩემო თვალის სინათლევ” - B-ში ყველგან ენაცვლება “ორთავ თვალის სინათლევ”.

2 გვწყალობს] გწყალობს CG. 3 დაგშორდნენ] დაგვშორდნენ CD. 4 ახალთ] ახლათ D. 7 იქნები] იქმნები BC. 8 მიენდები] მიენდობი H. 11 შენისა ტრფობის] ტრფობისა შენის B. 14 შეჰმუსრონ] შემუსრონ D. 15 მაშ რად] რაზედ B.

საინტერესოა ამ ლექსზე ვახტანგ ორბელიანის (1812 - 1890 წწ.) მიერ ლექსითვე გამოხმაურება (“სამშობლო ქვეყნის პასუხი”, გაზ. “დროება”, 1883 წ. № 5):

მკითხე, ჩემო პოეტო, რაზედ მომიწყენია?
ნება მომეც, მეც გკითხო, შენ კი მოგილხენია?
მეუბნები, მარწმუნებ: “მომავალი ჩვენია”.
მაგგვარი იმედები ჩემს ყურს ბევრჯელ სმენია...

                                                                  და ა.შ.

ლექსს ვათარღებთ B ავტოგრაფის მიხედვით.