The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ვაი! მას, ვისაც...

 

 ... (ვაი! მას, ვისაც...)

ვაი!.. მას, ვისაც ვაძლევდი მსხვერპლად
ჩემს თავს, სიცოცხლეს, გრძნობას,სურვილსა,
ის აღარ ჰყვავის ამა ბნელ ქვეყნად,
ეხლა ის არის მცხოვრები ცისა.
გამიქრა ბედის ჩემის ვარსკვლავი,
კვლავ დამიობლდა ობოლი თავი,
წამერთო ყველა და ნუგეშად დღეს
მარტოღა ცრემლნი მე დამშთენიეს.

1859-სა წელსა, 19 იანვარს,
ს. პეტერბურღი.

  ხელნაწერი: M:

ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 21 (B); U: ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. (C);

ნაბეჭდი:

ჟურ. «ცისკარი», 1860, № 9, გვ. 74 (D); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 99 (A).

თარიღი:

1860 A; 19-სა თებერვალს, 1859 წელსა, ს. პეტერბურღი B; 1859-სა წელსა, 19-სა თებერვალს, ს. პეტერბურღი C.

ხელმოწერა:

თ. ილია ჭავჭავაძის D.

ძირითადი (A) ტექსტისაგან განსხვავებულია BCD წყაროები. ამ წყაროებში ლექსი სამსტროფიანია, ხოლო A-ში ორსტროფიანი. პირველი სტროფი, რომელიც A-ს გარდა ყველა წყაროშია, ასე იკითხება (უმნიშვნელო ვარიანტული სხვაობით):

ერთხელ მეც, ძმანო, მეც მყვარებია,

გული წმინდ ალით მეც ამნთებია,

რა მას უყვარდი და მეც მიყვარდა,

ცხოვრება ჩვენი ბევრს კარგს გვიქადდა.

A-სთან შედარებით BCD წყაროები ასეთ ვარიანტულ სხვაობას იძლევა:

1. ვაი] მარამ BC, მაგრამ D; მსხვერპლად] მსხვერპლათ C. 3 ამა] ამას D; ქვეყნად] ქვეყნათ C. 5-6 გამიქრა ბედის... ობოლი თავი] გაქრა ჩემ ბედის ვარსკვლავი ცაში და ჩაემარხა იმის საფლავში BCD. 7 ნუგეშად] ნუგეშათ C. 8 დამშთენიეს] დამრჩენიეს BC.

 

ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში ლექსის პირველი (BCD) და მეორე (A) ვარიანტები ორ დამოუკიდებელ ლექსად არის დაბეჭდილი, ძირითად ტექსტებს შორის: *** «ერთხელ მეც, ძმანო»... (გვ. 39), რომელიც დათარიღებულია 1859 წლის 19 თებერვლით (სარჩევში, გვ. II) და ***«ვაი, მას ვისაც...» (გვ. 70), - დათარიღებული 1860 წლით (სარჩევში, გვ. III).

1925-1951 წლების გამოცემებში ლექსის პირველი ვარიანტი (BCD) - ***«ერთხელ მეც, ძმანო...» დაბეჭდილია ვარიანტების განყოფილებაში, თარიღით: «1859 წ. 19 თებერვალი, პეტერბურგი», ხოლო ძირითად ტექსტს - მეორე ვარიანტს (***«ვაი, მას...») ამ თარიღის გარდა დართული აქვს განმარტება, რომ ტექსტის საბოლოო რედაქცია 1860 წელს ეკუთვნის: კერძოდ, 1925 წლის გამოცემაში «ვაი, მას...», ასეა დათარიღებული: «19 თებერვალი, 1859წ პეტერბურგი (1860 წ.),» სქოლიოში კი აღნიშნულია: «ამ ლექსის პირვანდელი ვარიანტი დაწერილია 19 თებერვალს 1859 წლისა. ხოლო აქ მოთავსებული ბოლო რედაქცია თარიღდება 1860 წლით» (გვ. 63); 1951 წლის გამოცემაში ლექსის დათარიღება მითითებული განმარტების გარეშეა წარმოდგენილი (გვ.41): «19 თებერვალი 1859 წ. პეტერბურგი (ბოლო რედაქცია 1860 წ.)».

ლექსს ვათარიღებთ BC ავტოგრაფების მიხედვით, ვიცავ C-ს დათარიღების სტილს.