The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


თავ. მამია გურიელი (ფაზელი)
თავ. მამია გურიელი (ფაზელი)

ჭავჭავაძე ილია

თავ. მამია გურიელი (ფაზელი)

   
 

გულის საუნჯე მაქვს სავსე

საიდუმლოთა სპეკალთა,

მაგრამ ვერ გავხსნი, ვერ ვიტყვი,

ენაზე მასმენ ეკალთა.

მეფე ვახტანგ VI

 

დეე, იცვალოს გარემოება,

თუნდ ხალხის ხმამაც მოგცეს ზიანი,

თვით ნუ იცვლები, მოვა დროება,

გიცნობენ, რომ ხარ ადამიანი.

მ. ფაზელი

 

თავ. მამია გურიელი (ფაზელი)
 

წყარო: გაზ. „ივერია“ 1891, № 164, გვ.1.

შენიშვნა: წერილი ხელმოუწერლად დაიბეჭდა გაზეთ ივერიის სარედაქციო გვერდზე და ილია ჭავჭავაძის სახელით დღემდე არ გამოქვეყნებულა. ტექსტის ატრიბუციასთან დაკავშირებით მტკიცებულებები წარმოდგენილია წიგნში „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისათვის“ (გვ. 96-102).

დათარიღება: რამდენადაც წერილი 1891 წლის 3 აგვისტოს დაიბეჭდა, იგი ამ თარიღამდე უნდა იყოს დაწერილი.

281. 19 „თავიანთი ჩივჩაოტობა“ – ასეთ სიტყვას ვერცერთ ლექსიკონში ვერ მივაგენით. შესაძლოა კორექტურული შეცდომა იყოს.

281. 35 „ყაფაზაში დამწყვდეულ“ – იგულისხმება გალიაში დამწყვდეული.

282. 34 „გერცენმა სთქვა ბელინსკის შესახებ“ – იგულისხმება რუსი მწერლები: ალექსანდრ გერცენი და ბესარიონ ბელინსკი.

     

კიდევ გაისმა ზარი გლოვისა და სიკვდილმა კვლავ დაგვწყვიტა გული. ფიქრი ჩვენი კვლავ მოიცვა ნისლმა და ბურუსმა და შავმა და ბნელმა აზრებმა კვლავ შეგვაცურა სევდის ზღვაში, საცა ყოველსავე შავი და ბნელი ფერი სძევს, ყოველივე ძაძაფლასით არის მოსილი და უიმედობა და უსასოობა ჰსუფევს მხოლოდ.

ჩვენმა პატარა ქვეყანამ დღეს კიდევ დაჰკარგა ერთი თავისი მამულისშვილი, თავისი ერთგული ძე, თავისი მოტრფიალე, თავისი შემამკობელი. მის უიმისოდაც უღონო ფრთებს ბედმა ერთი ძლიერი ღერი კიდევ შეაკვეცა, დაუსუსტა ძალა აღფრთოვანებისა, აღმაფრენისა, მაღლის კამარა-ნავარდობისა, მისთა მგალობელთა და ქება-დიდებით შემამკობელთა გუნდს უწყალოდ გამოაკლო ძლიერი მგოსანი, სახმილებრ მწველის ლექსებით მისთვის თავ-გაწირვისა და თავდადების ენა-დაუშრობელი მღაღადებელი.

წავიდა მამია იმ სოფელს; შესწყდა იმის გულის ძლიერი ძგერა, დადუმდა მისი ბაგენი, შავს მიწას ამოეფარა იმისი სუსტი გვამი, განჰქრა იმისი ძლიერი, კვეთებითა და ბორგვა-დრტვინვით აღსავსე სული...

„განჰქრა სულიო“! არა, სული მისი არ გამქრალა. ისევ ჩვენს შორის ტრიალებს, იმის ნაწერებშია უხილავად ჩაქსოვილი, თითოეულის ჩვენგანის გულშია ღრმად ფესვ-გადგმული და იქიდამ ვერა-რა ძალა ქვეყნიური ვერ ამოჰფხვრის, ვერ ამოაქარვებს.

რითი იყო ძვირფასი მამია? იმითი, რომ მეტად უყვარდა თავისი სამშობლო ქვეყანა; იმითი, რომ მზად იყო წვეთ-წვეთობით დაექცია მისთვის სისხლი; იმითი რომ ტანჯვა და წამება მისთვის ლხინად უჩნდა, ქორწილი ეგონა; იმითი, რომ მის მტერს, მისს ავის მთქმელს ზედ შეაკვდებოდა; იმითი რომ მის სიკეთეს თავის საკუთარ ბედნიერებად ჰსახავდა; იმითი, რომ მისს უბედურობას ისე ჰგლოვობდა, როგორც არც ერთს მიჯნურს არ შეუძლიან იგლოვოს თავისი სატრფო.

მამიას უყვარდა თავისი ქვეყანა და ფარვანასავით თავს ევლებოდა. მისთვის იწვოდა, იდაგებოდა, ილეოდა, დნებოდა. მაგრამ ამ ტანჯვა-წამებაში მამია მარტი იყო, უამხანაგო, ობლად დარჩენილი და ერთი კაცი რას შესძლებდა, რა ბედნიერებას მიანიჭებდა ქვეყანას, რომლის გაბედნიერებისათვის ასისა და ათასის თავ-გამოდებული შრომა და ჯაფა იყო საჭირო. ასე მარტოდ და ობლად დარჩენილი პოეტი ამბობს ერთს თავისს ლექსში:

 

მე ყველასაგან უარ-ყოფილი,

მარად დევნილი შურიანობით,

საყვარლისგნითაც მწარედ დასჯილი,

მთლად გულ-მოწყლული,

დამწვარი გრძნობით,

ვეგდე ჩემს სახლში უამხანაგო

და უმეგობრო, მარტოკა, ერთი;

ვფიქრობდი, მისთვის თავი წამეგო,

ვის მიზეზითაც მწამს კვლავაც ღმერთი...

ძნელია, როცა სურვილი დიდია საქმის გაკეთებისა და ღონე-კი არ არის ამ სურვილის განხორციელებისათვის. იგი სურვილი საქმის გაკეთებისა თან და თან უფრო ძლიერდება და, რამდენადაც უფრო ძნელი განსახორციელებელია, რამდენადაც უფრო მრავალია მის განხორციელებისათვის წინ-გადაღობებული დაბრკოლებანი, მით უფრო საშინელი ტანჯვა და ვაება ემატება ადამიანს. ვინც მამიასავით მძლავრის სულისა არ არის, ის მალე მიატოვებს თავის სურვილს:

საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს

კარგისა მამაცისაგანაო,

იტყვის და ნელ-ნელა ჩააქრობს თავისს გულში იმ ცეცხლს ქვეყნის სიყვარულისას, იმ წყურვილს თავის ნატვრა-სურვილის განხორციელებისას, რომელიც ან ძნელი მოსაკვლელია, ან რომლის მოკვლა ყოვლად შეუძლებელია. ბრძენი კაცი, ფილოსოფოსი აიღებ-დაიღებს, ასწონ-დასწონის, კომპრომისებს მოსძებნის, ოპორტუნისტობას ხელზე დაიხვევს და სიფრთხილით, ნელ-ნელა, დროსა და გარემოების შესაფერად დაიწყებს მოქმედებას თავისის საყვარელის, თავის წმინდა სურვილის, თავის იდეალის განხორციელებისათვის. მამია ასეთს ფილოსოფოსობას არ ეწყობოდა, ასეთს კომპრომისებს არ სწყალობდა, ასეთს ოპორტუნისტობას ლაჩრობა-სიმხდალეს უწოდებდა და ჰლამობდა გულის ფიცრით კლდის გატეხასა, კედლის განგრევასა. იმისი ფილოსოფია, იმისი სიმბოლო სარწმუნოებისა იყო იმის „ალავერდი“. ვისაც გწამთ ჩემი აზრი და მოგწონთ ჩემი სურვილი, მე მზადა ვარ და ალავერდი თქვენთანაცაო. მამია გადადიოდა ალავერდს ყველასთან, ვისაც-კი შეამჩნევდა ადამიანობის ნიშანთ-წყალს და, ჰხედავდა რა გარშემო დიდს სულით დაცემას,

ჩვენსა წამხდარს გმირობას,

ჰხედავდა რა, რომ საქმის გაკეთების მაგიერ, დაბრკოლება-სიძნელის წინააღმდეგ პირდაპირ შებრძოლების ნაცვლად, გარშემო ყველანი რაღაც მიზეზ-მიზეზებს იხვევდნენ ხელზედ, სხვა-და-სხვა სათეორიო მოსაზრებას იშველიებდნენ და იმითი მართლულობდნენ თავს, იმით უნდოდათ ვითომ თავიანთი ჩივჩაოტობა, გულის სინამცეცე და ლაჩრობა-სიმხდალე გაელამაზებინათ, ეძლეოდა სასოწარკვეთილებას, ცდილობდა, თავი დავიწყებისთვის მიეცა, მაგრამ მაინც თავისას არ იშლიდა და მორალისტის კილოთი ჰქადაგობდა ისევ იმ მოძღვრებას, რომელიც უარ-ჰყოფს კომპრომისებს:

დაე, იცვალოს გარემოება,

თუნდ ხალხის ხმამაც მოგცეს ზიანი,

თვით ნუ იცვლები, მოვა დროება,

გიცნობენ, რომ ხარ ადამიანი.

ასეთის აზრისა და შეხედულობისა იყო განსვენებული მამია და მთელს იმის პოეზიას ის უდგავს სულს, რომ ერთობრივის მხნეობით უცბად გავაბედნიეროთ ჩვენი ქვეყანაო. ნუ ავჰყვებით გარემოებას, ნუ შევიცვლებით ჩვენც გარემოების მიხედვით, ჩავიდგათ სული მამა-პაპათა და შევებრძოლოთ ყოველს დაბრკოლებას, რომელიც-კი ხელს გვიშლისო.

მაგრამ კვლავ პასუხი, კვლავ თანამგრძნობელნი არსად იყო. სული პოეტისა ამის გამო ჰშფოთავდა, ჰბორგავდა, ყაფაზაში დამწყვდეულ ლომივით ჰგრგვინავდა, აბობოქრებულის ზღვასავით აქეთ-იქით კიდეებს ეჯახებოდა, ჩიოდა, ტიროდა, იწყევლებოდა, ფიცსა და აღთქმასა სდებდა, თავის იდეალისთვის არ ეღალატნა არასოდეს, არაფრის გულისათვის. იმისთვის შიში არ არსებობდა, დაცხრომა, დამშვიდება შეუძლებელი იყო. ერთს თავისს მეგობარს აი რასა სწერს, სხვათა შორის:

„შეიძლება სასოწარკვეთილის ადამიანის შეშინება? ვისაც წარსულში ნაღველი უსვამს და მომავალში მოელის უარესს ნაღველსა და სამსალას, მე ვფიქრობ, ამ ნაირ ადამიანებს სიკვდილიც სასაცილოთ მიაჩნიათ.“

ერთ ლექსში, საცა პოეტისა და ჩვენების ლაპარაკია, ჩვენება, ტურფა ქალის სახით, ამხნევებს პოეტს და ჰპირდება მის წმინდა სურვილის განხორციელებას მხოლოდ იმ პირობით, რომ ნუღარ იქმნები სასოწარკვეთილი, კვლავ მოიეც იმედი, ნუ ჰმარხავ ნიჭს მიწაშიო. პოეტიც აძლევს ფიცს. შესანიშნავია ეს ადგილი ამ ლექსისა, რომელშიაც დიდი სულის-კვეთება იხატება. და აი როცა ასეთის გულწრფელობით დადებულს ფიცსა და აღთქმას იჯერებს ჩვენება და გულდამშვიდებული მიჰფრინავს ზეცას, ყოველივე სიზმარი და ლანდი ჰქრება და პოეტი ისევ ძველებურს სასოწარკვეთილებას ეძლევა:

 

არ დასდგა, განჰქრა, იხმარა ფრთები,

ჰაერს შეერთო, გახდა მნათობლად,

თან წარიტაცა ჩემი ფიქრები,

აქვე დამაგდო მე ისევ ობლად...

მამია ცოტას სწერდა, უფრო ცოტას ჰბეჭდავდა. წერა და ბეჭდვა მისთვის ისე სასურველი არ იყო, როგორც საქმე. ხოლო, რადგან არც ყველაფრის დაბეჭდვა შეიძლებოდა, რაც „მის გულის საუნჯიდამ საიდუმლო სპეკალი“ ამოვიდოდა, არც წერასა და სიტყვას აძლევდა იმდენს მნიშვნელობას, როგორც თვით საქმეს, საქმე-კი, მისი სანატრელი საქმე, შეუძლებელი იყო დროთა ვითარების გამო, ამიტომ ჩვენი ძვირფასი პოეტი, დიდის ნიჭისა და მძლავრის სულის პატრონი ცდილობდა სხვაფრივ როგორმე მისცემოდა თავ-დავიწყებას. სევდა და ვარამი გულიდამ ვეღარ გადიგდო, ვეღარ მოიშორა. მისს გულში დაიბუდა ჭიამ საქმის გაკეთების ეჭვისა და უიმედობისამ, გრძნობამ სასოწარკვეთილებისამ. მამიაზე სწორედ ისვე ითქმის, რაც გერცენმა სთქვა ბელინსკის შესახებ.

ბელინსკისავით მამიაც გასტეხა დიდმა მხნეობამ და მასთან შეუძლებლობამ საქმის გაკეთებისამ. გული მისი ჰგრძნობდა დიდს შემძლებელობას. საქმეში-კი, – ნამდვილს საქმეში და არა წერაში – ვერ გამოიყენა ეს შემძლებელობა. ასეთს გარემოებაში ადამიანის ძალა გადაიქცევა ხოლმე შხამად, საწამლავად, რომელიც სტანჯავს, ცეცხლს უკიდებს კაცს.

აი ასეთი ტანჯული, ასეთი ცეცხლწაკიდებული იყო ეს ბოღმითა და ვარამით სავსე მგოსანი, გაბოროტებისაგან ცალკერძ მიმართულის მსჯელობითა, ფიქრითა და აზროვნებით. პოეტმა კარგად იცოდა, რომ ძალა აღმართსა ჰხნავს, მაგრამ მაინც არ შეუდრკა ძალას, არ მოუხარა ქედი გარემოებას, კრიჭაში უდგა ქვეყნის წაღმა-უკუღმა ტრიალს, თუ საქმით არა, სიტყვით მაინც, და, ვიდრე ცოცხალი იყო, ფეხი მთებრ ედგა ქვეყანად,

 

ტინურად დამტკიცებული;

ვითა ქარქვეტი ქართაგან

ვერ იქმნა მოტაცებული.

[1891 წლის 3 აგვისტომდე]