The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ჩემო მკვლელო

* * * (ჩემო მკვლელო)

Да вряд ли есть родство души.

                                     ლერმონტოვი


ჩემო მკვლელო! ვიცი, ვიცი,
არ ხარ ისე მშვენიერი,
რომე შენის ერთის ნახვით
განცაცვიფრდეს უქმი ერი.
მაგრამ შენში რაღაცაა,
ის ათრთოლებს ნატვრით გულსა...
ეხლა კი მწამს, რომ ჰქონია
თვისტომობა სულთან სულსა.

აგვისტო, 1860,
პავლოვსკი.

 
ხელნაწერი: U:

ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 129 (B); K: ავტოგრაფი, № 1038 (C).

ნაბეჭდი:

«კრებული», 1871, წიგნი 3, გვ. 100 (D), დედა და შვილი და რამდენიმე ლექსი თ. ილია ჭავჭავაძისა, ზ. ჭიჭინაძის გამ., 1882, გვ. 22; ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, ტფილისი, 1889, გვ. 320 (E); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 164 (A).

თარიღი:

1871 (სარჩევში - 1859) A; აგვისტო, 1860, პავლოვსკი B; 1860 წ., პავლოვსკი C.

ხელმოწერა: ილია ჭავჭავაძე C; *** D; N (სარჩევში)E.

ეპიგრაფი: - CE.

5-6 მაგრამ შენში... ნატვრით გულსა] მაგრამ შენ გაქვს რაღაც მადლი, ის იზიდავს შენად გულსა C.

C ავტოგრაფში ლექსი «ჩემო მკვლელო»... ჩართულია კირილე ლორთქიფანიძისადმი მიწერილ ილიას ბარათში (იხ. კომენტარი ლექსისა «ვიხილე სატრფო»..., - წინამდებარე ტომი, გვ. 340).

«ჩემო მკვლელო»-ს ადრესატის თაობაზე იხ. კომენტარი ლექსისა «მაშინ დავსტკბები» (გვ. 346-348).

ლექსის ეპიგრაფად აღებულია ტაეპი მ.ი. ლერმონტოვის უსათაურო ლექსიდან: «Я к вам пишу: случайно! право»...

ლექსს ვათარიღებთ B ავტოგრაფის მიხედვით.