The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ჩვენი უბედური მწიგნობრობა ამ საუკუნეში


ჩვენი უბედური მწიგნობრობა ამ საუკუნეში



ალექსანდრე ცაგარელი

ჩვენი უბედური მწიგნობრობა ამ საუკუნეში

„დროება" 1870, №№ 3, 4, 6,7

კაცია ადამიანი.

მოთბრობა ილ. ჭავჭავაძისა. გამოცემული მ. ბეთანიშვილისაგან. პეტერბურგი, 1869 წ. **\\
 

  * ეს სტატია მოუვიდა რედაქციას მიუნხენიდგან ერთი თავის თანამშრომელისაგან. თუმც რედაქცია ძნელად დაეთანხმება პატივცემულ ავტორს ზოგიერთი ჩვენი მწერლების დაფასებაზედ და ზოგიერთს კერძო მოსაზრებაზედ, მაგრამ მაინც დიდი სიამოვნებით ბეჭდავს თავის გაზეთში ამ სტატიასა, მით უფრო რომ ის (სტატია) პირველად შეეხება ძლიერ საინტერესო, მაგრამ ჯერ გაუხილველ, საგნებსა. იქნება ამ სტატიამ საფუძვლიანათ  ვერ დააფასოს და ასწონოს ზოერთი ჩვენი მწერლები და ლიტერატურის ნაწარმოებები; გაზეთისთვის დაწერილს მოკლე სტატიას ეს არც ეთხოვება; იმას მაინც იქს, რომ აღძრავს ამ საგანზე სჯას: შეიძლება ამ სტატიის გამო> გამოჩნდენ შემდეგში ისეთი პირები, რომელთაც მოჰკიდონ ხელი ჩვენი ლიტერატურის განხილვასა და უფრო საფუძვლიანათაც განიხილონ; ეს, იმედია, ყველასთვის სანატრელი და სასარგებლო იქნება. — სტატიის ბეჭდვა გაზეთის ხუთს N-ში მორჩება.** - რედ.

** ჭეშმარიტად დიდი მადლობის ღირსია თ. მ. ზ. ჭავჭავაძე, რომლის ხარჯითაც დაიბეჭდა ეს წიგნი და რეთვე უფ. მიხეილ ბეთანიშვილი, რომელმაც თავს იდვა ამის გამოცემა.


, სოფელო, რაშიგანხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა!..."

                                                                                                    შოთა რუსთველი

 

 

"არ ვიცი ამდროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება

რად იყო ფუჭი და მხოლოდა ამაოება..."

.                                                                   ნ ბარათაშვილი

     

გამოიცა ის წიგნი, რომელშიაც ქართველი თვით-ფეხამდინა სჩანს როგორც სარკეში; საუკუნოები რომ გავიდეს და ვისმეს სურდეს ქართველი და იმის ცხოვრება წარმოიდგიოს, — მარტო წაიკითხავს ამ წიგნსა და საკმაოა. ილ. ჭავჭავაძე რომ გამოვიდა სალიტეტურო ასპარეზზედ, საკმაოდ ლანძღეს კიდეც და აქეს კიდეცა, მაგრამ არც მომხრემა და არც მოწინააღმდეგებმა არ იცოდნენ რიგიანათ ან რისთვისა ჰფლავდნენ ტალახში ან რათა სცემდნენ თაყვანსა და გუნდრუკს რათ უკმევდნენ; გაუგებრად ნახირს მისდევდნენ და რასაც ერთი დაიბღავლებდა, როგორც ხშირად მოხდება ხოლმე, სხვანიც ბანს მისცემდნენ; თითონაც არ ეყურებოდათ რა უნდა ეთქვათ ამითი. — ეხლა სისხლმა დაიდულა, სიცხე გამონელდათ და გაუგებარი ქებაც და ძაგებაც მოსწყინდათ; იყაყანეს—იყაყანეს და დასდუმდნენ, როგორც ქართველების რიგია; თვითონ ჭავჭავაძეც კი ჩრდილს შეეფარა, იმის მიმყოლი გუნდი კი დარჩა პირდაღებული ასე ორ წყალშუა; — მარტო წინამძღოლის წარმოთქმულს სიტყვებს კიდევ იმეორებენ, აფორიზმებათ მოჰყავთ საღმრთო წერილის სიტყვებსავით და ამ გვარად პოეტის ფრთის ქვეში ამოფარებულნი ეს ახალ-ამოღიებულნი მწერლები, სვინტრსავით ანუ სოკოსავით წვიმის შემდეგ, უხვად აფქვევენ ცხელ ცრემლსა, თვიანთ ვაგლახ „(მოთხრობებში( (ამ პირ შეუბუმბლავ „მჯღაბნელებში“ ამ სტატიის მწერალსაც ფეხი უდგას). ღვთის წინაშე, თვითონ მოძღვარიც კი (ილ. პავჭავაძე) არ არის თავისუფალი თავის თხზულებებში „ბებიური გულჩვილობისა და გულმტკივნეულობისაგან“; ამას ეტყვიან (სენტიმენტალურ, ანუ ჩვენ ენაზედ, ასე ვთქვათ „ცინგლიანობით პოეზიას“, რომელიც ყოველ წუთში ქვითინებს,ფრანგების მქადაგებელსავით. – ასე შუა-გზაზედ და რაღაც გამოუკვლეველ ლიტერატურულ მიმართულებაში გაუშვა ილ. ჭავჭავაძემ (თვითონ თავისი პოეზიის ხასიათიც ვერ გამოიჩინა ცხადათ) თავისი მცირე და გზის უცოდნელი, მაგრამ ერთგული ლაშქარი, რომლის დროშიც ასე მამაცურად ეჭირა და უძღოდა წინა, (თუმცა, საუბედუროთ, მარტო ერთ– ორ წელიწადს), და თავისი უკუდგომით დაამტკიცა ძველი, მაგრამ ყოველთვის ახალი ჭეშმარიტება, რომ „პოეტი თავის ხალხის ნამდვილი შვილია“...

*

რაც უნდა იყოს, ნათქვამია „ნაბიჭვარსაც მონათვლა უნდაო,“—ჩვენი ლიტერატურის ეხლანდელ მდგმოიარებას და ილ. ჭავჭავაძის პოეზიის კილოს რიგიანათ ვერ გავიგებთ, ვერც იმის მნიშვნელობას ჩვენ დროსთვის, თუ თვალი არ გადავავლეთ ჩვენ ლიტერატურასა ამ საუკუნის განმავლობაში, რომელიც ბევრით განირჩევა წინა ჩვენი ისტორიის საუკუნოებისაგან თავის ხასიათით ან, უფრო სწორეთ რო ვთქვათ, უხასიათობით, ცხრაწვენაობით. მაგრამ ჯერ ნება მომეკით აქვე ვთქვა ორიოდ სიტყვა იმაზედ, თუ რა უნდა ვიქონიოთ სახეში საზოგადოთ ლიტერატურის დაფასებაში და კრიტიკულ განხილვაში.   * ამ  კრიტიკულ განხილვაში მე მაქვს სახეში უმეტესად ლესსინგის და ტენის ჰაზრები ლიტერატურულ ესტეტიკურ თეორიაზედ,—როგორც უკეთესი კრიტიკოსებისა, რომელნიც უმთავრეს აზრებში თანახმანი არიან.
     

ლიტერატურა უნდა იყოს ნაციონალური; იმ ხალხის სულისა და გულის, აზრისა და გრძნობის ჩვეულებისა და ადათის, იმის შნოზედ და კილოზედ გამომხატველი, რომელმაც (ე. ი. ხალხმა) ეს ლიტერატურა წარმოშობა; ერთი სიტყვით, ლიტერატურაში უნდა ჩანდეს ნამდვილი სახე ხალხისა, რომელსაც ეკუთვნის; რამდენათაც თხზულება უფრო ნაციონალურია, იმდენათ უფრო დიდი ღირსება აქვს: ხელოვნებაშიაც მაღლა დგას და სარგებლობის მოტანაშიაცა. ამავე დროს ნამდვილ-ნაციონალური თხზულებები არამთუ ცალკე ხალხს, ან კაცობრიობას არ ეკუთვნიან და არ შეეხებიან, არამედ რომელსამე თხზულებას მაშინ ექმნება კოსმოპოლიტური, საზოგადო მსოფლიო კაცობრიული ინტერესი, როდესაც ნამდვილი ნაციონალური იქნება; არ შეიძლება დიდი კოსმოპოლიტური თხზულება, იმავე დროს ნაციონალურიც არ იყოს; საკმაოა ჩამოვთვალოთ მარტო სახელები იმ მსოფლიოში გენიოსი პოეტებისა, რომლების თხზულებაშიაც პირველათ –  იმათი სამშობლო, ხალხი და მამულიც სჩანს და მერე მთელი ქვეყანა ჰომერი, დანტე, შექსპირი, გბეტე, რომლების თხზულებებშიაც ისე საკვირველის სინამდვილით და სიცხადით სჩანან იმ ხალხების სახეები, რომელთაც პოეტები ეკუთვნიან (ბერძები, იტალიელები, ანგლიელები, ნემეცები) და იმავე დროს გამოხატვენ საზოგადოთ კაცობრიობას, ხალხებს და თვითოეულ  ადამიანს სადაც და როდისაც უნდა იყოს და  ყოფილიყოს; ნაციონალური თვისება არამც თუ არ უშლის კოსმოპოლიტურ თვისებასა, არამედ უიმისოდ ეს მეუძლებელია: თხზულება, რომელსაც არავინ ჰყავს სახეში, არც არავის, და ეკუთვნის და ყველასი ყოლა – არ ყოლას უდრის. იშვეო,

მწიგნობრული ანუ მწერლობითი პოეზია არის მიბაძვა და მევსება ბუნებითი ანუ ზეპირ−სიტყვაობითი პოეზიისა; ესენი მხოლოდ იმითი განირჩევიან, რომ ხელოვნებითი პოეზია უფრო შემუშავებულია, დახელოვნებულია გამოცდილებისა, სწავლისა  და მეცნიერების ნათლით, უფრო გამშვენიერებული და გაბრწყინვებულია;—როგორც პოეზიისა ისე საზოგედოთ მთელი ხელოვნების დანიშნულება ეს არის; მაშასადამე თუ რომა უნდა, რომ პოეზია უკეთესად ასრულებდეს თავის დანიშნულებას და მოთხოვნილებას როგორც ნაციონალურს, არგეთვე მიბაძვითსა, უნდა მტკიცეთ დამყარებული იყოს ნამდვილ ხალხის საფუძველზედ, ამოსული უნდა იყოს იმ ნიადაგზედ, რომელსაც ეკუთვნის, შტოებს ცხოველი კავშირი უნდა ჰქონდეთ ფესვებთან და არ უნდა იყვნენ თვალის მოსატყუებლათ პალესტინის დაფნები და იტალიის ლიმონები არხანგელის უბერნიაში ჩარჭობილი, როგორც ხშირათ ხდება ხოლმე, ყველა გვარი პოეზია (ლირიკული, ეპიკური და დრამატიკული), არის ხალხის პოეზიაშიაცა, როგორც ნამდვილ ცხოვრებაში: ბუნებითი ლექსიცა (ლირიკა) ბუნებითი მოთხრობაცა (ეპიკა) და ბუნებითი ბრძოლაცა თავის ნებასთან, ვნებებთან და გარემოებებთან (დრამა); — და ხელოვნებითი პოეზია ლირიკა, ეპიკა და დრამა, ნამდვილ ნაციონალური იქნება მაშინ, როდესაც საძირკვლათ ხალხის ბუნებითი პოეზია  ექნება და არ შესთხზავს პოეტი შესხმასა ბულბულების ენისაგან მომზადებულ საჭმელზედ, რომელაც ხალხი სიზმარშიაც ვერ ნახავს და დრო რა აქვს ამისთანა ტუტუცობაზედ იოცნებოს.

ამ პირობების და შერიგების შემდეგ შეუდგები პირდაპირ ლიტერატურის განხილვასა, რომელსაც დავყობო პერიოდებათ და შევეხები მარტო ამ პერიოდების ბელადებს და დროშის მატარებლებს; დანარჩენის ვრცლათ განხილვას მივანდობ და მოვიწვევ იმათ, ვინც ამ საქმეში (მწერობაში) კიდეც შესულნი არიან და მაშასადამე ჩვენი ხალხის ლიტერატურა და ცხოვრება უფრო დაახლოებით იციან.

ჩვენ შევეხებით უმეტესად თხზულების ლიტერატურულ ღირსებასა, ე. ი. ენის სიმდიდრესა, გარეგანი ესტეტიკური ფორმის სისრულესა, გრძნობისა და ჰაზრის სიღრმესა და ძალასა,— თვითონ საზოგადოებას კი იმდენათ შევეხებით, რამდენათაც ეს შესაძლო იქნება.

ჩვენი ლიტერატურა ამ საუკუნეში, თავის პოეზიის ხასიათისა და მიმართულების გვარად, შეიძლება გაიყოს სამ პერიოდათ; პირველ პერიოდს შეადგენს ა.) ალექსანდრე ჭავჭავაძე, ბესარიონ გაბაშვილით და ამ გვარებითა, მეორეს ბ.) გიორგი ერისთავი ანტონოვით და სხვ., მესამეს გ.) ილია ჭავჭავაძე  აკ. წერეთლით და სხვ.

1

▲ზევით დაბრუნება

2

▲ზევით დაბრუნება