The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ის დღე იყო და ის დღე

ტაბიძე გალაკტიონ 

ის დღე იყო და ის დღე

პოეტის არქივიდან

1914 წელს გამოვიდა ჩემი ლექსების პირველი ტომი. ამავე წელს მიხეილ გედევანიშვილის მიერ გამოიცა ილია ჭავჭავაძის ნაწერების სრული პირველი ტომი. ორივე წიგნი შეეძინა ვარდენ ღვანკითელს. როდესაც იგი შემხვდა, ასე მომმართა:

— რა ამბავია, პოეტო, როგორი პესიმისტური წიგნი გამოგიცია. ან ეს ახალგაზრდობა რამ გააგიჟა, რომ სულ შენს „მესაფლავესა“ და „მე და ღამეს“ გაიძახის. ამდენი ცრემლის ღვრა, მე და ჩემმა ღმერთმა, თვალებს გაგიფუჭებს.

— ეგ რა წიგნი გიჭირავს-მეთქი, ვკითხე.

— ეგ ხომ შენი წიგნია. — მეორე-მეთქი.

— ილია ჭავჭავაძისაა.

— გაშალე ილიას წიგნის ასმეთექვსმეტე გვერდი-მეთქი, ვუთხარ. ვარდენმა გაშალა წიგნი და ხმამაღლა წაიკითხა:

ვაჟკაცს ცრემლსა რად უზრახვენ,

რკინაც ტყდება, როს სცემს გრდემლი;

კაცთ და პირუტყვთ გასარჩევად

ღმერთმა შექმნა მარტო ცრემლი.

ის დღე იყო და ის დღე, არასდროს ვარდენს ამის შემდეგ ჩემს პესიმისტობაზე ხმა აღარ ამოუღია: ილია თუ ასე სწერს, მე რაღა მეთქმისო, ამბობდა.

1914