The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


გავსწორდეთ, ბედო!

გავსწორდეთ, ბედო!

 

ეჰ, ჩემო ბედო! ჩემ სიცოცხლეში
სულ შენს ნებაზედ მითამაშნია;
მოგიკლავს ბევრი კარგი ნუგეში,
ტკბილ ოცნებებზედ გინავარდნია.
სისხლისა ცრემლით დამწვი თვალები,
გულზედ მატყვია შენი ბრჭყალები.
გეყო!.. მოვიდა დრო ანგარიშის,
მოდი, გავსწორდეთ, ნუ მემალები!
წარვიდნენ დღენი შენის უფლების,
დროა დავსცვალოთ ჩვენ ადგილები...
შენს დუდუკზედა აქამდის ვხტოდი,
ბევრჯერ და ბევრჯერ შენ მაძრუწუნე,
ეხლა დუდუკი მე მაქვს, აქ მოდი,
მე დავუკრავ და შენ კი იხტუნე!

1859-სა წელსა, 19 იანვარს,
ს. პეტერბურღი

   ხელნაწერი: M:

ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 20 (B); U: ავტოგრაფი, კრებ. №108, გვ. 50 (C).

ნაბეჭდი:

თხზულაბანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 45 (A);  ჩვენი მწერლობა, I. მგოსნები, შედგენილ-გამოცემული ს. გორგაძის მიერ, თბილისი, 1907, გვ. 37 (D).

თარიღი:

1859 AD; 19 იანვარს, 1859-სა წელსა, ს. პეტერბურღი B; 1859-სა წელსა, 19 იანვარს, ს. პეტერბურღი C.

1 ეჰ] ეხ BC; ჩემ] ჩემს B. 2 შენს] შენ BC. 5 სისხლისა ცრემლით] სისხლის ცრემლებით D. 7 მოვიდა] დადგა BC; ანგარიშის] ანგარიშისა C. 9-10 წარვიდნენ დღენი... ჩვენ ადგილები] წარვიდნენ დღენი შენ უფლებისა, დროა დავსცვალოთ ჩვენი როლები BC. 11 აქამდის] აქამდინ ABC. 12 ბევრჯერ და ბევრჯერ შენ მაძრუწუნე] ბევრჯელ და ბევრჯელ შენ მაწრუწუნე BC.

ტექსტში გასწორდა ერთი ფორმა: 14 დავუკრამ-დავუკრავ (მსგავსი ავტორისეული სწორებანი ილიას თხზულებაში მრავალია).

ლექსს ვათარიღებთ BC ავტოგრაფების მიხედვით, ვიცავთ C-ს დათარიღების სტილს.

ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში (სარჩევი, გვ. III) ლექსი დათარიღებულია 1859 წლის 14 იანვრით.