The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


თურკოსი კომმუნელთა შორისი
თურკოსი კომმუნელთა შორისი

დოდე ალფონს

თურკოსი კომმუნელთა შორისი*

(ალფონს დოდესი)

ეს იყო პატარა მედაფე აფრიკის ჯარისა. სახელად ერქვა კადური და იყო იმ თურკოსთაგანი, რომელნიც ღენერალ ვინაოს მხედრობას მიჰყვნენ პარიჟში. მან გამოიარა მთელი ომიანობა ვისსამბურღიდამ მოყოლებული შამპინიამდე, ჩიტსავით დაფრინავდა ერთ ბრძოლის ველიდამ მეორემდე, და ისეთი ცოცხალი და მარდი იყო, რომ ტყვიამაც არ იცოდა, საიდამ მიჰკარებოდა. დადგა ზამთარი და ამ აფრიკელმა, ომის ცეცხლში ნამყოფმა და გამოვლილმა, ვერ აიტანა სიცივეში ყარაულობა, თოვლში უძრავად დგომა. ერთს დილას იანვრისას ჰპოვეს იგი მარნის წყლის ნაპირას ფეხებდამძრალი და, სიცივისაგან მოკრუნჩხული. დიდხანს მოუნდა სამკურნალოში წოლა. იქა ვნახე პირველად.

დაღონებული და უჩივარი, ვით სნეული ძაღლი მტკნარის თვალით იყურებოდა გარშემო. თუ დაელაპარაკებოდა ვინმე, გაიღრიჭება და კბილებს წამოჰყრიდა; მეტი კი ვერა შეეძლო რა, რადგანაც ჩვენი ენა არ ესმოდა. გულის გასართობად კადურს ჰქონდა მარტო დაფი, ხანდახან, როცა კადური მეტისმეტად მოწყენილი იყო ხოლმე, მიუტანდნენ ქვეშსაგებში დაფს, დაუკარო; მაგრამ ძალიან მაღლა დაკვრას კი უშლიდნენ, სხვა ავადმყოფნი არ შეწუხდნენო. აი მაშინ გაცოცხლდებოდა ხოლმე მისი ნისლიანი, დაღვრემილი პირი-სახე; ტანს, ხელს, ფეხს სულ ააყოლებდა ხოლმე დაფის წყობილ ხმაურობას. ხან დაჰკრავდა დაფს თოფის სროლისას და მაშინ ღრეჭა აღტაცებულ კასკასად გადაექცევოდა. ხან რომელსამე თათრულს ხმას შეუწყობდა, მაშინ თვალში ცრემლი მოერევოდა, ნესტოები გაებერებოდა და თავში ეხატებოდა ბლიდაჰის ტყე თურინჯებით დატვირთული და სხვა მრავალი სურათი თავისის სამშობლოსი.

ამ ყოფაში გაატარა ორი თთვე. ამ ხანის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა პარიჟში, მაგრამ კიდურს ამის აზრიც ვერ აეღო. ერთხელ თვალი მოჰკრა, რომ ჯარმა ფანჯრებწინ გაურა; მერე მოესმა ზარბაზნების გრიალი ქუჩაში, ბოლოს სროლის ხმაცა. ამებისა სრულად ვერა იაზრა რა, დაიჯერა კი, რომ ჯერ ომიანობა არ გათავებულაო, მაშ კიდევ ვიომებო, წავალ, მეც გავერევიო, ფეხები ხომ მორჩენილი მაქვსო. აი გადიდო ზურგზედ თავისი დაფი და გასწია თავის ჯარის მოსანახავად. დიდხანს არ დასჭირვებია ძებნა. კომმუნელები დახვდნენ და წაიყოლიეს მოედანზე. ღენერალმა მისცა ათი ფრანკი, ცხენი და შერიცხა თავის შტაბში. თავის ყვითლად ნაკერ ლურჯ ტანისამოსით, თავისის ჩალმით და დაფით ჩვენი თურკოსიც ჩაერია კომუნის შტაბის კაცთა შორის და უფრო ააჭრელა თავად ისეც ჭრელი და მრავალფეროვანი ტანისამოსი კომმუნალებისა. მზის სხივებმა, ზარბაზნების გრიალმა და თოფ-იარაღის მრავალგვარობამ სიხარულით აიტაცა და სრულიად დაუბნია გონება. გულმოდგინედ ემსახურებოდა შტაბს. ხან აქეთ გააქცუნებდნენ, ხან იქით. კადური დარწმუნებული იყო, რომ ისევ პრუსსიელებს ებრძოდნენ, მაგრამ ერთი რამ კი აკლდა კადურს სრულ ბედნიერებისათვის; ომი სწყუროდა, ჰსურდა, აელაპარაკებინა თვით თოფის წამალი.

ერთს დილას მაისისას საშინელმა თოფის სროლამ გამოაღვიძა ჩვენი თურკოსი. სამინისტრო დიდ ღელვაში და ფაცაფუცში იყო; ყველანი გარბოდნენ და გამორბოდნენ. კადურიც სხვებს აჰყვა, ცხენს მოახტა და შტაბს უკან გამოუდგა. ჰნახა გონებადაბნეულნი მებუკენი, აქა-იქ დაქსაქსულნი ბატალიონები... მოკირწყლულ ქუჩების ქვები აჰყარეს, სანგლებს აკეთებდნენ. ცხადი იყო, რაღაცა დიდი ამბავია. რამდენად უფრო უახლოვდებოდნენ წყლის ნაპირს, იმდენად აყალმაყალი მატულობდა და თოფის გრიალიც უფრო მეტად მოისმოდა. ხიდზე რომ მივიდა, კადურს შტაბი თვალიდამ დაეკარგა. შემდეგ ვიღამაც ცხენიც წაართვა (შესატყობად, ქალაქის საბჭოში რა ამბავიაო.). გაბრაზებული თურკოსი გაიქცა იქით, საიდამაც სროლა მოდიოდა. მირბოდა და თან ხელდახელ თავის თოფს სტენავდა და თან ბურდღუნებდა: Macach bono, Brissien...... რადგანაც ეგონა პრუსიელები შემოცვივნილანო. ტიულერის ბაღში ტყვია ჰზუზუნებდა კიდეც. რივოლის ქუჩის სანგალიდამ დაუძახეს: „ეი! თურკოს! თურკოს!...“ იქ მარტო თორმეტნი იყვნენ. ერთი კადური მთელს მხედრობად ღირდა.

კადური შედგა სანგალზედ თავმომწონე და თვალსაჩინო როგორც დროშა და ომობდა გიჟურად და კიჟინით ტყვიის წვიმის ქვეშ. ერთს წუთს ბოლი თვალწინ გადეწმინდა, თვალი მოჰკრა წითელ შალვრებიანებს და იფიქრა, პრუსიელები მატყუებენო და ხელახლად ტყვია-წამალი აალაპარაკა. უეცრად სანგალმა ხმა გაიწყვიტა. უკანასკნელმა კაცმა უკანასკნელი სროლაღა დაცალა და გაიქცა. თურკოსი კი ადგილიდამ არ დაიძრა. ჩასაფრებული იჯდა, ერთ მუხლზე წამოჩოქილი, მაგრა ეჭირა ნიშანში ამოღებული თოფი და ელოდდა. ქვევითი ჯარი მოადგა. აფიცრებმა დაუძახეს, დაგვნებდიო. კადური ერთს წუთს შეკრთა, მერე წამოხტა, თოფი შეათამაშა და დაიძახა: bono, bono, Francese!...

ეგონა, ეს ის მეშველი ჯარიაო, რომელსაც ამოდენა ხანა ელოდდნენ პარიჟელები. რარიგად შეჰხაროდა, რარიგად შესცინოდა მათ მთელის თავის თეთრის კბილებითა!... თვალის დახამხამების უმალ სანგალი აიღეს. გარს მოეხვივნენ კადურს და მუჯლუგუნები დაუშინეს, გაგვასინჯე შენი თოფიო. თოფი ჯერ ისევ ცხელი იყო. გვიჩვენე ხელებიო, ხელები გამურული ჰქონდა თოფის წამლისაგან. თურკოსი თავმოწონებით უჩვენებდა თოფს და ხელს და იღიმოდა თავის კეთილის ღიმილითა.

კედელზედ მიაყრდნეს და დახვრიტეს...

ისე მოკვდა, ვერ გაიგო, რა ამბავი იყო.

[1879 წ.]

_________________

*. კომუნელებს უწოდებენ იმ რევოლიუციის მოღვაწეთა, რომელიც ასტყდა პარიჟში 18 მარტს 1871 წ. თურკოსებს უწოდებდნენ ალჟირელ ჯარისკაცთ. 

 

თურკოსი კომმუნელთა შორის

ნაბეჭდი: ჟურნ. „ივერია“, 1879, №2, გვ. 98-101. თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, ტ. III, ქართველთა ამხანაგობის გამოცემა, ტფ., 1892, გვ. 231-235 (A).

სათაურის ქვეშ: მოთხრობა ალფონს დოდესი B.

გამოჩენილი ფრანგი მწერლის ა. დოდეს (1840-1898) მოთხრობა „თურკოსი კომმუნელთა შორის“ 1892 წლის შემდეგ განხორციელებულ ილიას თხზულებათა არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

321. 1 თურკოსი] ტიურკოსი B. 4 თურკოსთაგანი] ტიურკოსთაგანი AB, ვინაოს] ვინოას B. 19 ქვეშსაგებში] ქვეშაგებში B. 20 ავადმყოფნი] ავათმყოფნი B.

322. 6 ბლიდაჰის] ბლიდაჰს B. 8 თთვე] თვე B. 12 იაზრა] გაიგო. 16 კომმუნელები] კომმუნალები B. 19 თურკოსიც] ტიურკოსიც B. 22 მრავალგვარობამ] მრავალფერობამ B. 24 აქეთ] აქედ A. 30 თურკოსი] ტიურკოსი B. 32 ჰნახა] ნახა B. 33 გონება დაბნეულნი] გონება დაბნეული B. 34 ქუჩების ქვები აჰყარეს] ქუჩებს ქვებს აცლიდნენ B.

323. 5 თურკოსი] ტიურკოსი B, იქით – B. 6 სტენავდა] ჰსტენავდა B. 9 ჰზუზუნებდა] ზუზუნებდა B. 10 ეი! თურკოს] ჰეი! ტიურკოს B. 15 შალვრებიანებს] შალვრიანებს B. 18 თურკოსი] ტიურკოსი B. 20 ელოდდა] ელოდა B. 21 ერთს] ერთ B. 25 ელოდდნენ] ელოდნენ B, შესცინოდნენ] შეჰსცინოდნენ B. 30 თურკოსი] ტიურკოსი B. 31 იღიმოდა] ღიმილებდა B.