The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ჩემო სიმღერავ

* * *(ჩემო სიმღერავ)

ჩემო სიმღერავ, ნუ დადუმდები,
შენითღა ლხინობს ეს კრული გული!
შენში ცხოვრობენ ჩემი დარდები,
ჩემი ნაღველი და სიხარული.
კაცში მოვტყუვდი, კაცმა დამშხამა
და ჩემსა გარეთ ბედს აღარ ვეძებ,
გმობით მომწამლა მეგობრობამა
და ეხლა ჩემ გულს მარტო ვაბერებ.
მთელ გულის ტანჯვით მეგობრობასა
მივანდე გული გამოუცდელი,
თურმე ყმაწვილურს იმა ნდობასა
შხამსა ასმევდა მეგობრის ხელი. თვისი სამარე ჰპოვა იმაში,
რაშიც სიცოცხლეს ეძებდა გული...
აწ ვიღას ენდოს ის ქვეყანაში,
ესდენ უწყალოდ მოტყუებული?!

[1860 წ.]

 
ხელნაწერი: M:

ავტოგრაფები - კრებ. № 17501, გვ. 62-63 (B), გვ. 63 (A).

ხელნაწერში ამ ლექსის ორი ვარიანტია (BA). B შავია, ძლიერ ნასწორები. A ფანქრითაა ნაწერი, ძალიან მქრქალად, რის გამოც ტექსტი ძნელად იკითხება. იგი სუფთაა და ბოლო ვარიანტია.

B-ში ლექსი ავტორს ჯერ ასე დაუწერია:

ნუ დადუმდები, სიმღერავ ჩემო,
შენ შეგეთვისა ეს კრული გული,
ნაღველი ჩემი, ჩემი დარდები...

გადახაზულია. შემდეგ მოდის მთლიანი ტექსტი, რომელიც A-სთან ასეთ სხვაობას იძლევა: 3 შენში ცხოვრობენ] შენ შეგეთვისენ B. 5 დამშხამა] დამშხამა B. 8 ეხლა] აგრე B. მე-8 სტრიქონის შემდეგ B-ში ემატება სტრიქონები, რომლებიც გადახაზულია:

და მაღვრევინა მან ცრემლი მწარე,
მოვსტყუვდი მე იმ ღვთიურ გრძნობაში,
რითაც ველოდი განსვენებასა,
და ერთი კაციც მთელ ქვეყანაში
შენ უმეგობრე [......] მდებისა,
შენ მაალხინე მწუხარე გული,
შენ შეითვისე გულის დარდები.
გულის ნაღველი და სიხარული.
მოვსტყუვდი მე იმ ციურ ტრფობაში,
რითაც ველოდდი განსვენებასა,
მთელ სიმდიდრითა მეგობრობასა
მივანდე გული გამოუცდელი.
და იმ ყმაწვილურს ჩემს ოცნებასა
შხამითა ზდიდა მეგობრის ხელი.
გვიან, ძალიან გვიანა მივხვდი,
რომ მეგობრობა სიზმარი არის.

9 მთელ გულის ტანჯვით] მთელ სიმარტივ[ით] მეგობრობას B. 12 შხამსა ასმევდა] შხამითა ზდიდა B. 13-15 თვისი სამარე... ქვეყანაში] სამოთხე ვძებნე მე იმ გრძნობაში, საფლავი ვპოვე ჩემი გულისა, და ერთი კაციც მთელ ქვეყანაში B.

63-ე გვერდზე B ვარიანტის შემდეგ მოდის სუფთა ტექსტი, რომელიც ბოლო ვარიანტად მივიჩნიეთ (A). მაგრამ, ჩანს, პოეტს მაინც არ შეუწყვეტია მასზე მუშაობა და გვ. 64-ზე ჯერ ფანქრით დაუწერია სტრიქონები: “მარტო შენ, ჩემო სიმღერავ, ვიციუკუ არ გაქცევს ბედის ქუხილი”, ამას მოსდევს ორი გადახაზული სტრიქონი: “მარტოღა, ჩემო სიმღერავ, შენში ისმის მემკ [....] ქუხილი”. შემდეგ:

ამ შენ უნებურ მწუხარე ხმებში
ნუ დადუმდები, სიმღერავ, შენში
ისმის ჩემ გულის სევდის ქუხილი,
მევე მაყვარებ ჩემს წუხილსა,
სიმღერავ, შენ ხარ ჩემი ნუგეში.
შენში ჰგრძნობ გულსა სევდით ბურვილსა...

აქ წყდება ფანქრით ნაწერი. ამას მოსდევს მელნით დაწერილი გადახაზული სტრიქონები:

ხოლოთ მღერაა ჩემი ნუგეში,
ის [ალხენს] გულსა სევდით ბურვილსა,
რადგანც უნებურ თავის ტკბილ ხმებში
მეც მაყვარებს ჩემსა წუხილსა.

1925-1951 წლების გამოცემებში გამომცემლებს ლექსი ბოლო პოეტურად უფრო გაუმართავთ (დაუმატებიათ ერთი სტროფი), რის გამოც ლექსმა, მე-12 სტრიქონის
შემდეგ (“ შხამსა ასმევდა მეგობრის ხელი”) ასეთი სახე მიიღო:

თვისი სამარე ჰპოვა იმაში,
რაშიც სიცოცხლეს ეძებდა გული...
აწ ვიღას ენდოს ის ქვეყანაში.
ესდენ უწყალოთ მოტყუებული, -
[თუ არ შენ, ჩემო სიმღერავ, შენა
შენით დუმდება ბედის ქუხილი...
რაც დამიმღერ მომეცა ლხენა
და მევე მიყვარს ჩემი წუხილი.]

ჩანს, ჩვენ მიერ ზემოთ მოყვანილი ფრაგმენტებისა და ესკიზების საფუძველზე გამომცემლებმა შექმნეს ეს ბოლო სტროფი და ძირითად ტექსტს (A-ს) დაუმატეს კვადრატულ ფრჩხილებში. ამ სახით, მართლაც, “ჩემო სიმღერავ” თითქოს დაემსგავსა ლექსს “წუხილი”, რომლის ვარიატნადაცაა იგი მიჩნეული ზემომითითებულ გამოცემებში. რადგანაც “ჩემი სიმღერავ” “წუხილის” ვარიანტად მიიღეს. ბუნებრივია, გამომცემლებმა იგი ვარიატნების განყოფილებაში მოათავსეს. ლექსების ურთიერთშედარება გვიჩვენებს, რომ ისინი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ნაწარმოებებია. ამიტომ წინამდებარე გამოცემაში ორივე ცალ-ცალკე შევიტანეთ ძირითად ტექსტში. ლექსი “ჩემო სიმღერავ” ამ სახით პირველად იბეჭდება ჩვენს გამოცემაში.

მე-12 სტრიქონში ავტოგრაფში იკითხება: “ხელით”, რაც კალმისმიერი შეცდომა ჩანს და გამოცემებში გასწორებულია: “შხამსა ასმევდა მეგობრის ხელი”. ჩვენც ვიზიარებთ ამ გასწორებას. ავტორისეული ორთოგრაფიის შესაბამისად გასწორდა აგრეთვე ერთი ადგილი მე-15 სტრიქონში: ეზიდენ უწყალოთ -> ესდენ უწყალოდ.

რაც შეეხება დათარიღებას: პ. ინგოროყვა ლექსს ათარიღებს 1860 წლით, რადგანაც იგი მოთავსებულია ავტოგრაფული კრებულის მეორე ნაწილში, ეს მეორე ნაწილი კი “წარმოადგენს 1860 წლის ლექსების შავებს” (ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, ტ. I, 1951 , გვ. 435). ჩვენც ვიზიარებთ ასეთ დათარიღებას.

ლქსი პირველად დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1925 წლის გამოცემაში (გვ. 277).