The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


გურიის ცხოვრებიდამ

ჭყონია ილია

გურიის ცხოვრებიდამ

(წყარო: . (გაზეთი „დროება“, 1885. 3 ივლისი. № 140) )

ხოჯა და მოლლა.—ანკეს-ბადე. — მსაჯულის როლის ასრულების წადილი და მასიკელას განჩინება.— იუდა ისკარიოტელის ჰანგი. — უხამერიონელი დელიბაშის წყალობით ცოლშვილს მოშორებულნი მამები. — საარაკო შემთხვევა–ცხრა წლის ვაჟის დაკარგვა. ტყვედ გაჰყიდესო. — ლხინი გარემთა უბანში. „ტელეგრამა და მოშაირეს დამღერება.

შაბათის დილა იყო, როცა სპარსელმა ხოჯამ თავის კაბინეთში შეიწვია დუაბზუიში (სოფელია გურიაში) დაჯილდოვებული მოლლა, გაუღიმა თავისებურ მცბიერის ღიმილით და დიდი საიდუმლოის კილოთი გაანდო თავის გულის წადილი:

— ბესარიონ!... გვეყოფა ძილი... გვეყოფა ამდენი ხნით მოსვენების მიცემა ჩვენი მაზრის საკრეჭ ცხვრებისთვის; დროა კვლავ ალღო ავიღოთ მათის მომაკვდავ ცოდვებისა, შიშის ზარი გავუვლოთ ძვალ-რბილში და მერე... მერე, ჩემო ბესარიონ, მღვრიე წყალში ისროლე ჩემი ინსტრუქციისამებრ შენი ანკესი და ბადე... ჰე, ჰე, ჰე! ჩემო ბესო, რად დაგიჭყეტია თვალები, დაგავიწყდა, რომ ჩვენს ანკესბადეს თევზების ნაცვლად წითელწითლიანები ედება?! აბრუნდი, ჰაიდა!

ციბრუტივით მოტრიალდა მოლლა ბესარიონ, კანჯარის სისწრაფით გაშპაა კარში, ერთი ორჯერ კი მოიფხანა შუბლი, შემდეგ შეხედა ზეცას და შეევედრა თავის ალლაჰს— კოჭი ალჩუდ დამიჯდინეო.

სპარსელი ხოჯა და მოლლა-ბესარიონი ნამდვილ ხოჯად და მოლლად არავის გეგონოსთ; ოფიციალურად, გარეგნობით ისინი იგეთივე მმართლმადიდებელი ქრისტიანენი არიან, როგორც სხვები. ამ სახელწოდებით ხალხმა მონათლა ისინი, იმიტომ, რომ ხოჯასა და მოლლასავით ეს ვაჟბატონებიც თავიანთს პირდაპირ ვალდებულების გარდა თავიანთ თავს ბეჯით მცოდნედ სთვლიან ცხოვრების ყოველგვარ საგნების გადაწყვეტაში და ამის გამო, მეცამეტე გოჭსავით, ერევიან და აფუჭებენ იმისთანა საქმეებს, რომლებთანაც არავითარი ხელი არა აქვთ არც ღვთისა და არც კაცის კანონით... სუსტს მხარეს ნამდვილ ხოჯა-მოლლებისას შეადგენს მათი სურვილი ექიმებად ყოფნისა, და რანაირი უნდა იყოს ალყორანზე აღზრდილ ადამიანთა ექიმობა — ეს ცხადია ყველასთვის; ჩვენი სპარსელ ხოჯის, მოლლა-ბესარიონის და მათი ამქრის უსუსტეს მხარეს შეადგენს მსაჯულობის როლის ასრულების წადილი, სამსაჯულოს კომპეტენციით შემოსვის სურვილი. ამათი მსაჯულობა და სამსაჯულო სფერაში მოქმედება ზედ-მიწევნით ჰგავს ზემოხსენებულთა ნამდვილ ხოჯა-მოლლების ექიმობას. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ უკანასკნელნი ცრუ ექიმობით პირდაპირ საიქიოსკენ ისტუმრებენ თავიანთ პაციენტებს და პირველნი-კი თავიანთი ცრუ-მსაჯულობით პირ-და-პირ და-პირ საიქიოსკენ კაცის გასტუმრებას რომ ვეღარ ჰბედვენ, მიხვეულ-მოხვეულის გზით შემოურბენენ თავიანთ ხელ მოკლე მსხვერპლებს, ჯერ ნივთიერად, სხვა-და-სხვა გვარი ქრთამის გამორთმევით უწყალებენ ცხოვრების სახსარს და შემდეგ ერთ-გვარის ხრიკის გდებით და მათგანვე არჩეულ საეჭვო პირთაგან შეყენებულის ცრუ პრიღოვორობითა (განჩინებით) ხან ბათუმში ატუციებენ თავს და ხან რომელიმე ტვერის გუბერნიაშიც...

მაგრამ დავუბრუნდეთ მთავარ საგანს ჩვენის ამბავისას. მოლლა-ბესარიონმა მიუხედა თავის უფროსს ხოჯას გულის სანუკვარს და მით უფრო ადვილად მიუხვდა, რომ პირველად არ შეხვედრია მას ამისთანა საქმეში დაფაცურება. მიუხედა და შეუდგა განზრახვის საქმედ გადაქცევას. გაიარ-გამოიარა ბაზარში, უფრო-კი იმ დუქნების წინ, სადაც „ჯოჯოხეთის ცეცხლია“ (იგულისხმე ვოდკა) იყიდება, მიიწვია მასიკელა-გოგიტელა და სხვა ამ გვარი ექვსიოდე — ჯიბე-გაფხეკილი ვაჭრები და ჰრქვა მათ:

— ხოჯამ გიბრძანათ ეხლად-ეხლავ დაიფიცეთ, დაასახელეთ ვინც ო.–გეთის ქალაქში ქურდებია და გადასახლების „პრიღოვორია“ (განჩინება) შეუყენეთო!

მოლლას განსაცვიფრებელად მასიკელა და გოგიტელა ამხანაგებითურთ ისეთნი ყურ-მოჭრილი მონები არგამოგნენ, როგორნიც მას ეგონა, და თუმცა კრძალულებით-კი, მაგრამ მაინც მიუგეს:

— ჩვენი საქმე არ არის, თქვენი ჭირიმე, მოლლავ, ქურდებად კაცების გამოყვანა და გადასახლება. ჩვენ მსაჯულნი არ გახლავართ. ღვთის გულისათვის დავიდარაბაში ნუ გაგვრევთ...

— თუ ამისთანა პასუხს მივიღებდი თქვენგან, იმ შემთხვევაში, ნაბრძანები მაქვს ხოჯასაგან, რომ მასთან უნდა მიგიწვიოთ მოსალაპარაკებლად. გთხოვთ, მობრძანდეთ მასთან.

რას იქმოდენ მასიკელა და გოგიტელა ამხანაგებითურთ? ადგნენ და მივიდენ ხოჯასთან, რომელმაც თავის მოლლასებრ წინადადებაზე მოისმინა თუ არა ზემოდ მოხსენებული პასუხი, ამოიწვადა ხალათის უბიდამ რაღაც ეტრატი, არაბულად დაწერილი, წაიკითხა და მოლლას თარჯიმობით უთხრა მოსიკელას ამხანაგებითურთ:

— თუ თქვენ ჩემი სურვილი არ შეასრულეთ... * მაგრამ რადგან თქვენ ისეთი კაცები ყოფილხართ, რომ, ქურდების დაფარვა გსურვებიათ, თქვენს მეტს არავის ავაკვრევინებ ბარგს, — იცოდეთ!

* უცხონდეს ისე ბაბუა ხოდას!

სურების ტყეში აღზრდილნი და ბაზრის წყალზე კურს დასრულებულნი ყაზახები წახდენ, აღახვნენ ბაგენი თვისნი და დაასახელეს ერთი კაცი ქურდად. მაგრამ საშინელება იყო მათგან „ქურდის“ დასახელება ხოჯასთვის: არ ვიცი შიშმა და არ ვიცი შიშის პირბადით მოფარებულმა ოხუნჯობამ მათ დაასახელებინა თვით ხოჯას საიდუმლო „ჩაჩუტი“ (ჯაშუში), ვიღაც ბე−ტაიშვილი!

მაშინ ხოჯამ კვლავ გახსნა მოხსენებული ეტრატი, მოიყარა მუხლები, შეუდგა ლოცვას «ბისმილლამ ილლამისას“, შემდეგ გადახედა მოლლას და უბრძანა ცხენოსან მხედრების მოყვანა.

— ალლაჰ ბიჰლურ, რომ მე არ მინდოდა თქვენთვის არაფრის წყენინება, მაგრამ რადგანაც ქურდების ხელის დამფარველნი ყოფილხართ და სდევნით ისეთს საწყალ და მართალ კაცებს, როგორიც ბ—ტაიშვილია ამიტომაც ეხლავე ეტაპით წაგასხმენ ბათუმში ცხენოსანნი მხედრები.

მხედრების მოყვანა აღარ დარჩა საჭირო, სულ მთლად დამფრთხალ მასიკელამ ამხანაგებითურთ დაასახელეს ექვსი კაცი ქურდებად და საზოგადოების მავნე პირებად და ხელი, მოაწერეს ხოჯას კარნახით მოლლასაგან დაჭყაპნულს განჩინებაზე, რომელშიაც იმ ექვსი კაცის სამშობლოდან გადასახლებას „თხოულობდენ“...

თუ რა გულწრფელად და სინიდისით იყო შედგენილი ეს შავბედითი განჩინება დაინახეთ იქიდან, რომ მის შემადგენელთ თითქმის იმავე წამს დაუწყიათ გოდება იუდა ისკარიოტელის ჰანგზე: „დავღუპეთ სულნი მართალნი, სისხლნი გავეცით უბრალოო“!..

გარეშე მკითხველი, რომელმაც არა უწყის ჩვენი ყოფა-გარემოების ვითარება, უეჭველია განკვირვებით იტყვის: „განა ღირს ვიღაც ხოჯას სისულელეზე ლაპარაკი, როცა დარწწმუნებულნი უნდა ვიყენეთ, რომ კანონიერებას მოკლებული სისულელე უშედეგოდ დარჩება, ან და თუ რაიმე შედეგი მოიტანა — ის იქნება თვით ხოჯას შერცხვენაო. მაგრამ იგივე მკითხველი ჩვენსავით რომ იცნობდეს აქაურ ყოფა-გარემოებას, მაშინ ჩვენებურ ჰანგზე ივალალებს. საქმე ის არის, რომ ხოჯას მწე—მფარველობს უხამერიონელი დელიბაში და მისი დახმარებით ხშირად აიძულებს ხოლმე ზემოხსენებულ უკანონო განჩინებისა მსგავსი ქაღალდით დაშინებულ სოფლელებს მაზრიდან გასვლას საცხოვრებლად, რის გამოც ეს უბედურნი მსხვერპლნი ხოჯას ბოროტ-მოქმედებისა და საკუთარი ხელმოკლეობის თავიანთ ახალ საცხოვრებელში ულუკმა-პუროდ რჩებიან და ხშირად ძალაუნებურად მართლაც ცუდ-კაცობას ჰკიდებენ ხელს... არა ერთი და ორი სოფლელი, არა ერთი და ორი ოჯახის მამა მოქცეულან ამისთანა განჩინებებში, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ ესიამოვნებინათ ხოჯას რომელიც მე ყურმოჭრილ ყმისათვის, უნებლიედ გასულან მაზრიდან სხვაგან საცხოვრებელად, სადაც სიმშილის წყალობით ცუდ-კაცობის გზაზე დამდგარნი გამგზავრებულან იქ, სადაც მაკარს ცხერები არ გაურეკია...

* * *

იქ, სადაც გურიის ტურფა მთამინდერებზე მწვანე ნაპირებთ შორის ვეფხივით მოხლტის ქვებიდან-ქეებზე ანკარა ბჟუჟი (ვახუშტის „ნინოს წყალია) და მას სამხრეთის გორიდან ზვაობით დასცქირს მედიდური მონასტერი შემოქმედისა, ე. ი. მონასტრისავე სახელით წოდებულს სოფელს - შემოქმედში მოხდა იმ გვარი შემთხეევა, რომელსაც საშუალო საუკუნეთა ისტორიაში უნდა ჰქონოდა ადგილი და არა მეცხრამეტე საუკუნის - დამლევს გაზეთის სვეტებზე. ერთს მშვენიერს ივანობისთვის დილას ცხრა წლის „გაუპუტკნული“, მაგრამ „ვაშლლოყებიანი“, შავ-თვალ-წარბა და თეთრ-წითური გლეხის ვაჟი ტყეში შევიდა ფიჩხის „მოსახეკად“, (შესაგროვებლად) მოხიკა (შეაგროვა) კიდეც, ერთს ადგილს დააგროვა და მერმე... მერმე კაცმა არ იცის სად წავიდა სადაური, სად აღეფხვრა სადით ძირი. იციან მხოლოდ, რომ ცას არ აუტაცნია, ქვესკნელს არ ჩაუყლაპავს, წყალს არ წაუღია და წადირს არ შეუჭამია, ის ერთი ხმა, რომელსაც ერისას უწოდებენ და ღვთისას უდრიან — ასე მოგახსენებსთ, რომ იგი ტყვედ გაყიდესო... ტყვედ თუ გაჰყიდეს, მაშინ არ იქნება გასაკვირველი თუ რატომ ვერ მიაკვლიეს ამ საარაკო შემთხვევის მსხვერპლის კვალს. ადგილობრივმა გამგეობამ: ამ გვარ შემთხვევაში თავდაპირველ გამოსაძიებლად ლეკოკია საჭირო და არა ყბაში ტყაპასანის წყალობით წინ წაწეული...

* * *

რაკი ამ რიგად „წაწეულ“ პირებზე ჩამოვარდა სიტყვა, ისიც უნდა ვსთქვათ, რომ ამ ჟამად მათს უბანში ლხინი არის. საითკენაც უნდა გაიხედო−დაინახავ, რომ ფარეშს ეალერსებიან, წინ სწევენ, აჯილდოვებენ და ანებივრებენ. მაგალითად ერთს აქაურს ფარეშთ—უხუცესს, (რომელიც ხალხმა უფრო სხვა სახელით მონათლა და ზემოდაც მოვიხსენიეთ) ამ რამდენიმე კვირის წინად მადლობა მოუვიდა. ამ მადლობამ, რასაკვირველია, გამოიწვია ნადიმი, რომელსაც დაესწრენ ყველა აქაური ფარეშები. ბოგვაძის ღვინოს ჩაფობით ცვლიდენ და ლომჯარიას ბეჭს ათობით ასაღებდენ თურმე. ნადიმის ბოლოს უხუცესმა შემდეგი ტელეგრამა გაუგზავნა მისთვის მადლობის გამომცხადებელს:

გრძნობის სიუხვეს ენას მიბამს, იმდენად მიამა თქვენი მადლობა ჩემგან სახალხოდ ზრუნვის გამო. რასაკვირველია, ეს თქვენი მადლობა ჩემგან არ არის დამსახურებული, რადგან, ღვთის წინაშე, რომ სულს ქვეშე უნდა ესთქვა: — მაგრამ მაგაში ვხედავ ნიშანს ჩემდამი განუსაზღვრელის თქვენი მოწყალებისას: თქვენა გსურთ ჩემი წინ წაწევა, რადაც უნდა დაგიჯდეთ, გსურთ გამხადოთ თითით საჩვენებელი კაცი... უმდაბლესად გმადლობთ,- თაყვანს ეცემ თქვენთა ფეხთა ნატერფალთა“.

ამბობენ, ეს ტელეგრამა ერთს მოშაირე გურულს ჩაუვარდა ხელში და მაშინვე ეს დაამღერა ჩონგურსო:

“ოზურგეთი დაეცა,

აქ არ არის ხეირი,

მოდით ნახეთ სეირი”