The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


გაზაფხული

გაზაფხული

ვიშ, გაზაფხული
მოდის მორთული,
მოდის და მოაქვს
ცით სიხარული.

ამწვანდა მთები,
ტყე და მინდვრები,
ათასფრად ჰყვავის
ბაღი და ზვრები.

განახლებული,
გაცოცხლებული
ჰლხინობს და ჰსტკბება
ყველა სულდგმული.

ბეღურა იქ ჰმღერს,
ბულბული აქ სტვენს,
თვის მიჯნურ ვარდსა
დაჰკვნესს და დაჰკვნესს.

აგერ პეპელა
ფრთააკრეფილი
ყვავილს სწოწნს ნელა
და თრთის ყვავილი.

იქავ კურკურით,
ჩუმის ჩურჩულით
წყარო ჩამორბის
ლხენით, ჩუხჩუხით.

რარიგად ჰგიჟობს
ბრწყინვალე წყარო,
მიცურს და ჰხარობს:
"ყინვით არ ვარო".

ზამთრითა შეკრულს,
წყალს დამონებულს
ყინვა ადნება,
მონებაც სწყდება.

მიდის, აძლევს ბანს
ქვეყნის გალობას
და მით მადლს უხდის
თავისუფლობას.

ყველა ყვავდება,
გველი ახლდება,
რა ჰხედავს ტკბილ დღეს,
გამოცოცხლდება, -

და მარტო გული,
ერთხელ მოკლული,
არც აყვავდება,
არც გაცოცხლდება!

1858-სა წელსა, 7-სა მარტსა,
ს.-პეტერბურღი.
 
  გაზაფხული (ვიშ, გაზაფხული»...)

ხელნაწერი:

U: ავტოგრაფი, კრებ. №108, გვ. 18 (B)

ნაბეჭდი:

თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 25 (А).

თარიღი:

1858 А; 1858-სა წელსა 7-სა მარტსა, ს. პეტერბურღი B. რადგანაც B ავტოგრაფი ვარიანტულად საკმაოდ განსხვავდება А ტექსტისაგან, ამიტომ ქვემოთ ვბეჭდავთ მას მთლიანად:

 

ეს გაზაფხული
ტკბილ არს მორთული,

ქვეყანას დაჰფრენს

ცით სიხარული.


ყველა ყვავდება,

ყველა ახლდება,
რა ხედავს თბილ მზეს,
გამოცოცხლდება...

ბაღი ყვავილით

ნორჩ ყმაწვილივით

რა არის ძილათ,
ღიმილობს ტკბილათ.

ფრინველი იქ მღერს,

ბულბული აქ სტვენს.

თვის მიჯნურს ვარდსა

დაჰკვნესს და დაჰკვნესს.

და იქ პეპელა,

ფრთააკრეფილი,

ყვავილს სწოწნს ნელა

და თრთის ყვავილი.

იქავ კურკურით,

ჩუმის ჩურჩურით,

 წყარო ჩამორბის

ცელქათ, მურმურით.

რარიგათ გიჟობს

ბრწყინვალე წყარო,

მიცურს და ხარობს:
«ყინვით არ ვარო!»

ზამთრითა შეკრულს

წყალს დამონებულს

ყინვა ადნება,

მონებაც სწყდება.

მიდის, აძლევს ბანს

ქვეყნის გალობას,

ყველა ყვავდება,

ყველა ახლდება,

ხან დაბერდება,
ხან გაცოცხლდება,
და მარტო გული

ჩემი, ბედკრული,

არც აყვავდება,
არც გაცოცხლდება.

 

ლექსი დავათარიღეთ ავტოგრაფის მიხედვით.

 

ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში 1858 წლის 7 მარტით დათარიღებულია (სარჩევში, გვ. V) «გაზაფხულის» პირველი ვარიანტი (B), რომელიც ვარიანტების განყოფილებაშია დაბეჭდილი (გვ. 499-500), მეორე ვარიანტის (А) თარიღად კი (სარჩევშივე, გვ II.) მხოლოდ 1858 წელია მითითებული (ლექსის დაწერის თვის, რიცხვის და ადგილის აღუნიშვნელად); 1925-1951 წწ. გამოცემებში «7 მარტი, 1858 წ. პეტერბურგი» წარმოდგენილია ლექსის მეორე ვარიანტის თარიღად (პირველი ვარიანტი ამ გამოცემებში დაბეჭდილი არ არის).