The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ნარკვევი(ჟურნალ-გაზეთებიდამ)

 ჭავჭავაძე ილია

ნარკვევი

(ჟურნალ-გაზეთებიდამ.)

 „კავკაზეც“-ისთანა ბედი იშვიათად თუ ვისმე ღირსებოდეს. მაზედ დღეს ლაპარაკობს მთელი საქართველო და რუსეთის დიდმა ჟურნალებმაც-კი მიაქციეს ყურადღება. „ნოვ. ვრემია “-ს მმართველი უწესოებასაც არ დაერიდა და ადგილობრივ მცხოვრებს „ეშმაკი“ (სახედარი) გვიწოდა, „კავკაზეც“ ის პირით. დღეს „კასპი“-ს თანამშრომელი „ალფა“ აი რას ამბობს კავკაზეცზე;

„ამ ვაჟ-ბატონს უთუოდ ბედი არა სწყალობდა თავის სამშობლოში. კარგი ადგილი ვერ უშოვია შინ და წამობრძანებულა საქართველოში დიდის აზრით გამსჭვალული. მას „რუსეთის ინტერესების დაცვა აღუბეჭდია თავის დროშაზე და ეს ხომ, რასაკვირველია, კარგი იარაღია მისთვის, რომ კარგად მოაწყოს თავისი ბედ-იღბალი“.

„მე — პატრიოტი ვარ! გაიძახის „კავკაზეტი“ რუსეთის ინტერესებს არავინ ყურადღებას აღარ აქცევს, მე უნდა გემსახურო მას.

„აი ამ უსაქმურს რუსეოელს ვაჟბატონს, რომელსაც უთუოდ კარგი მადა აქვს, უგუნურების ჯავშნით აღჭურვილია, ყოველივე სირცხვილი დაუკარგავს და უქნევს ვიღაცას მუშტებს, ჩვენი განაპირა ქვეყნების ხალხოსნობას ლანძღავს და აგინებს, სწამებს ათასნაირ უცნაურს. მთელი მისი წერილები მხოლოდ ამგვარი სასაცილო სიტყვებით არის ავსილი. გვარწმუნებს, მაგალითად, რომ საქართველოს მცხოვრებნი არა სთესენ, არა მკიან, არამედ იკვებებიან ბალახბულახითა და ხილათ, თუ აღგილობრივ მცხოვრებთ ჭამა მოუნდა, გამოვა მინდორში, მოსწყვეტს ბალახს შესჭამს და სრულიად გამაძღრად მიაჩნია თავი.

რაც შეეხება აქაურ ავაზაკებს, „კაუკაზეცი“ გვირჩევს მივიჩნიოთ იგინი მხეცებად და მცხოვრებნი მიკაჩვიოთ მოექცნენ მათ ისე, როგორც ნადირს, მაგალითად, თუ სადმე გამოჩნდა ყაჩაღი, მოვკრიბოთ ფული (ასე ათას-ხუთას მანეთამდის) იმ სოფელში, საიდამაც ყაჩაღია გავარდნილი, და გამოვაცხადოთ, რომ — ვინც მას დაიჭერს მიიღებს ამ ფულს.

არა მგონიაო დასძენს „კავკაზეცი“ ეს ჩემგან მოგონილი საშუალება იყოს ან უსამართლო ან სასტიკი.იშვიათად მოხდება ამაზე მეტი უსირცხვილობა, ამგვარი უსირცხვილო, უსინდისო ჭორებით „კავკაზეცს“ უნდა დაგვკაჯეროს, რომ დიდი ერთგულია მამულისა. ამგვარი კაცი აპირებს რუსეთის ინტერესების დაცვას.“

ჩვენის მხრით რაღა უნდა დაუმატოთ „ალფას“ სიტყვებს?