The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


კართა თანა
კართა თანა

რიუკერტი ფრიდრიხ

კართა თანა

(რიუკერტისა)

სიმდიდრის კარი ვარაკუნე დიდხანს მეცა,
ფანჯრიდან გროში ტრიალით ჩემ ფენ წინ დაეცა.
სიყვარულის სახლს ვერ მიუველ მე კარამდისა,
ისე ჭედით იქ გუგუნებდა გროვა ხალხისა.

დავკარ ციხის კარს, სადაც კაცის დიდება სცხოვრებს:
„ქვეითი ხარო, არ გაგიღებთ, იქ მითხრეს, კარებს“.
შრომის სახლიდამ კვნესის ხმანი მე მომესმოდა
და მე იქ შესვლა საშიშრადა მეჩვენებოდა.

ბედნიერების სახლის ქვეყნად დავიწყე ძებნა,
და ვერავინ იმისკენ გზა მე ვერ მიჩვენა.
ერთი სახლიღა დამრჩენია ეხლა საწყალსა,
იქაც გამოვცდი, ჩამოვრეკავ კარისა ზარსა;
იქ კი უთუოდ, – თუმც სტუმარი ბევრი ჰყავს საფლავს, –
ვპოვებ საწყალი ჩემთვისაცა მცირედსა ალაგს.

26 ივლისი, 1859 წ.

ტფილისი

  კართა თანა

ხელნაწერი:
ასლი U №217.

ნაბეჭდი: ცისკარი, 1859, № 12*, გვ. 279-280 (B). თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, ტ. I, ქართველთა ამხანაგობის გამოცემა, ტფ., 1892, გვ. 46 (A). ვ. აბაშიძე, ჩანგი, თბ., გამოცემა მე-2 1892, გვ. 279-280. ვ. აბაშიძე, ჩანგი, ბათომი, გამოც. მე-4, 1900, გვ. 246 C.

სათაური: კარებებთან (B).

სათაურის ქვეშ: რუკერტით (B).

ხელმოწერა: ილია ჭავჭავაძე (B).

თარიღი: 1859 წელსა, 26 ივლისს, ტფილისი B, 1859 (A).

44. 3 ვარაკუნე] ვარახუნე B. 5 მიუველ] მიუელ B, მიველ C. 6 გუგუნებდა] ჟუჟუნებდა B. 7 სცხოვრებს] ცხოვრებს B. 10 საშიშრადა] საშიშრათა B. 11 ქვეყნად] ქვეყნათ B. 13 ზარსა] სარსა B. 15 უთუოდ] უთუოთ B.

_______________

* პ. ინგოროყვას მიერ გამოცემული ათტომეულის I ტომის შენიშვნებში შეცდომით არის მითითებული „ცისკარი“, 1859, №11. თარგმანი დაიბეჭდა „ცისკრის“ მე-12 ნომერში.