The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ილიას წერილი ალექსანდრე ხახანაშვილისადმი
ალექსანდრე ხახანაშვილისადმი

ჭავჭავაძე ილია

ალექსანდრე ხახანაშვილისადმი

[1891 წ. დეკემბერი-1892 წ. იანვარი].

თავი-და-თავი სურვილი გამგეობისა ის არის, რომ დავით ჩუბინოვის მემკვიდრეთ შემოწირული ბიბლიოთეკა რაც შეიძლება მოკლე ხანში გამოიგზავნოს პეტერბურგიდან, რადგან დაგვიანებამ არ დააკლოს ამ ბიბლიოთეკას ჩვენთვის საჭირო და საყურადღებო წიგნები და ნამეტნავათ შემომწირველთ არ გამოუცვალოს აზრი შემოწირვის შესახებ. დაგვიანება ამ საქმისა გამგეობას საზარლოთ მიაჩნია თავისთვის. გამგეობა დარწმუნებულია, რომ მოკლე ხანში სრული კატალოგის შედგენა შეუძლებელია და სრული კატალოგის შედგენა ეხლა გამგეობას სახეში არა აქვს, არამედ გამგეობა გთხოვს თქვენ, მოიწვიოთ რამოდენიმე სტუდენტი თანაშემწედ და შეძლებისამებრ მოკლე ხანში შეადგინოთ სრული სია ყველა იმ ხელნაწერებისა, სიგელ-გუჯრებისა და ნაბეჭდვი წიგნებისა, რომელიც მოიპოვება განსვენებულის დავით ჩუბინოვის ბიბლიოთეკაში. გასამრჯელოს თქვენს თანაშემწეთათვის, როგორც მოურიგდებით, გამგეობა გაახლებთ. ხოლო ვინაიდგან დავით ჩუბინოვის მემკვიდრეთ აღუთქვამთ მარტო იმ წიგნების შემოწირვა, რომელნიც შეეხებიან საქართველოს და, საზოგადოთ, კავკასიის ისტორიას და შესწავლას, ამიტომაც სია წიგნებისა, რომელნიც სათაურის მიხედვით არ ეკუთვნიან საქართველოს და საზოგადოდ, კავკასიას, მაგრამ შინაარსით მთლათ თუ არა, რამოდენიმეთ მაინც ეხებიან ჩვენს მხარეს, – ამ წიგნების სია ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ ყოველთვის იყოს ნაჩვენები, რით არის ეს წიგნები ჩვენთვის აუცილებელი საჭირო და რომელი მასში მოქცეული სტატია ეხება საქართველოს. ამგვარ წიგნებათ უნდა ჩაითვალოს ის წიგნებიც, რომელნიც შინაარსით ეკუთვნიან სპარსეთის, ოსმალეთის, მონგოლების, საბერძნეთის, რომის, სომხეთის და სხვა საქართველოს მოსაზღვრე ხალხების ისტორიას და ეტნოგრაფიას. გამგეობას იმედი აქვს, რომ თუ ამ წიგნების მნიშვნელობა ჩვენი მხარისათვის მოხსენებული იქნება სიაში და თქვენ პირადათ განუმარტებთ შემომწირველთ მათ საჭიროებას ჩვენთვის, ესენი არ დაეკარგება ჩვენს საზოგადოებას.

გარდა წიგნებისა და ხელნაწერებისა, ჩუბინოვის ბიბლიოთეკაში, როგორც გამგეობამ იცის, მოიპოვება კავკასიის და საქართველოს რუქები და საკმაოდ ბევრი სიგელ-გუჯრები და სიგელ-გუჯრების ასლები.

განსვენებული დ. ჩუბინოვი მსახურებდა სააზიო დეპარტამენტში, სადაც ბევრი სიგელ-გუჯრები იყო წარდგენილი ჩვენი ბატონიშვილების და თავადაზნაურების მიერ. ამ სიგელ-გუჯრების გარჩევა და გადათარგმნა მინდობილი ჰქონდა დავით ჩუბინოვს, რომელიც ყოველთვის იტოვებდა თავისთვის ასლებს საყურადღებო სიგელ-გუჯრებისა. ჩუბინოვის ბიბლიოთეკაში უნდა მოიპოებოდეს აგრეთვე ზოგიერთი წერილები ჩვენი მეფეებისა და ბატონიშვილებისა. სასურველია, ყველა ამგვარი წერილები და სიგელგუჯრები ერთად იყოს მოგროვილი და განცალკევებული ნომრებით.

ყველა წიგნზედ ნომერი უნდა იყოს დასმული და სია ნომრებით შედგენილი, რომ აქ გარჩევის დროს ადვილათ შეიძლებოდეს შემოწმება წიგნებისა.

თავდაპირველად უნდა აღინიშნოს ხელნაწერები, შემდეგ ძველი ნაბეჭდი წიგნები და ბოლოს სხვა ნაბეჭდი წიგნებიც. ნაბეჭდვი წიგნების სია ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ ერთი და იმავე ავტორის წიგნები ერთი ერთმანეთს მისდევდეს.

ამასთანავე, გამგეობა გთხოვთ, როდესაც სია იქნება დამზადებული და შემოწირული წიგნები არჩეული, მოიწვიოთ წიგნების ყუთებში ლამაზად ჩამწყობი ოსტატი (ასეთს ოსტატს იშოვით „პასრედნიკის“ მაღაზიაში, ნევის პროსპექტზე, სომხების საყდრის სახლში) და თქვენივე თანდასწრებით ჩააწყობიოთ წიგნები ყუთებში და მისცეთ როსიის სააგენტოში, ხოლო სია ფოსტით გამოგვიგზავნოთ. წიგნები სტამბაში უნდა მისცეთ ათიათას მანეთში.

თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე 

 

ალექსანდრე ხახანაშვილისადმი

ხელნაწერი: ავტოგრაფი L საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალური სახელმწიფო არქივი ფონდი 171, საქმე 21.

ნაბეჭდი: ვ. გურგენიძე. ი. ჭავჭავაძის ორი უცნობი წერილი. „წიგნის სამყარო“, 1977 წლის 23 მარტი, №6, გვ. 3.

თარიღი: [1891 წ. დეკემბერი – 1892 წ. იანვარი].

ხელმოწერა: თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე.

ი. ჭავჭავაძის ეს ეპისტოლე მწერლის პირადი წერილების დღემდე არსებულ კრებულებში არაა შეტანილი. ის წარმოადგენს ერთგვარ „ინსტრუქციას“ ალ. ხახანაშვილისადმი. მასში საუბარია ხელნაწერი თუ ბეჭდური წიგნების მნიშვნელობაზე ქართული კულტურის ისტორიისათვის და რჩევა-დარიგებანი კატალოგის შედგენის შესახებ. ილიას ამ წერილზე ალ. ხახანაშვილს 1892 წლის 18 იანვარს გამოუგზავნია პასუხი, რომლითაც ის ატყობინებს მწერალს, რომ მინდობილობის თანახმად იყო პეტერბურგში, მოელაპარაკა მის მემკვიდრეებს. აქვე საუბარია დ. ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკის იშვიათ ეგზემპლარებსა და სიგელ-გუჯრებზე. ამასთან, ალ. ხახანაშვილი ატყობინებს ილიას მის „ინსტუქციაში“ მოცემული ყველა დავალების შესრულებაზე (იხ. ვ. გურგენიძის წინა შენიშვნაში დასახელებული პუბლიკაცია).

ტომში პირველად იბეჭდება.