The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


მეფანტურე

მეფანტურე

ერთხელ დამღერდა ბრმა მეფანტურე თვის მარტივ ფანტურს,
გულამოსკვნითა, სევდით ,კვნესითა იგლოვდა წარსულს,
მაგრამ მხოლოდ მთა, ნაღვლით მზირალი, მას ყურს უგდებდა
და ჩამაფიქვრელ მწუხარე ხმითა ბანს გამოსცემდა:
მოდით, მოდით!... აქ მოგროვდით,
გეტყვით გულის გასათბობსა,
თვალნი ჩემნი, აწ გამქრალნი,
ხილულ იყვნენ წარსულ დროსა.
იმ დროს, როცა ქართვლის ბედი
ჩვენვე - ქართველთ - გვეპყრა ხელში,
ოდეს მამულისშვილობა
საკვეხურად იყო ჩვენში,
შვილნო, თქვენნი წინაპარნი
ეგრე ცივად როდი იყვნენ,
შვილი მამას, მამა შვილსა
მამულს ხოლმე შესწირვიდნენ.
შვილის ყოლა გლეხს თუ თავადს
მარტო მისთვის გვიხაროდა,
რომ მამულსა მეომარი
მით ერთი ემატებოდა.
დედა თვის შვილს ტკბილსა ძუძუს
იმ იმედით აწოვებდა,
რომ სიცოცხლით ან სიკვდილით
ის მამულს ასახელებდა.
უწინ ქართველს უხაროდა
მამულისთვის მტერთან ომი,
ან მოჰკლავდა, ან თუ არა -.
მოკვდებოდა, როგორც ლომი.
მამულისთვის ივიწყებდა
ის განსაცდელს განსაცდელში,
ტრფობა აქვნდა გულში ბოძად
და საშველად - ხმალი ხელში.
ეგრე, შვილნო, აქ ცხოვრობდა
უწინდელი ქართვლის შვილი,
მის ცხოველი ნატვრა იყო
ან სახელი, ან სიკვდილი.
მათ მომდევარს, ყოველს თქვეგანს
ჰყვანდა დიდი წინაპარი...
დაცვა რჯულის, მიწა-წყლისა
მის მოწამედ თქვენდა არი!...
აწ მიხარის, რომე თვალნი
აწმყოსათვის ჩემნი ჩაქრნენ,
თვარა იმა დროთ მნახველნი,
აწმყოს როგორ აიტანდნენ!”...
ეგრეთ დამღერდა ბრმა მეფანტურე თვის მრტივ ფანტურს,
ეგრეთ იგლოვდა სევდით, კვნესითა საყვარელ წარსულს,
მაგრამ მხოლოდ მთა, ნაღვლით მზირალი, მას ყურს უგდებდა
და ჩამაფიქვრელ მწუხარე ხმით ბანს გამოსცემდა.

12 სექტემბერი, 1860 წ.
პავლოვსკი.

 

ხელნაწერი:

M: ავტოგრაფები - კრებ. № 17501, გვ. 37-39, 42 (B); U: ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 130 (A).

თარიღი:

B; 12 სექტემბერი, 1860 წ., პავლოვსკი A. «

მეფანტურე», დამოუკიდებელი ნაწარმოების სახით, ავტორის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა.

A ავტოგრაფულ კრებულში «მეფანტურის» ტექსტში რამდენსამე ავტორისეულ სწორებას ვხვდებით: ლექსის 109 გვ. მე-3 სტრიქონში, ნაცვლად სიტყვისა «მაგრამ» ჯერ ყოფილა «მარამ»; ნაცვლად სიტყვებისა «ნაღვლით მზირალი» თავდაპირველად სხვა სიტყვები ეწერა, რომლებიც ვერ იკითხება; მე-19 სტრიქონში ნაცვლად სიტყვისა «მეომარი», ჯერ ეწერა «ერთი», მე-20 სტრიქონში, ნაცვლად სიტყვებისა «მით ერთი», თავდაპირველად იყო «რომ შვილით»; 110 გვ. მე-19 სტრიქონში, ნაცვლად სიტყვისა «დაცვა», ეწერა «დაწვა»; მე-20 სტრიქონში ნაცვლად სიტყვისა «მოწამედ», ჯერ იყო «მოწამეც».

მითითებული ტექსტი (A) ლექსის საბოლოო (მეორე) ვარიანტს წარმოადგენს. ტექსტში შესწორდა ორიოდე ფორმა: 109, 3; 110, 27 ხოლოთ - მხოლოდ. 110, 22 ჩაგქრენ - ჩაქრნენ.

B ავტოგრაფულ კრებულში «მეფანტურის» პირველ ვარიანტზე მუშაობის პროცესია ასახული. აქ ამ ვარიანტის ოთხი ერთიმეორისაგან მეტნაკლებად განსხვავებული ტექსტია მოთავსებული. პირველი ტექსტი (გვ. 37) სუფთად არის ნაწერი. დანარჩენი ტექსტები (გვ. 38, 38-39, 42) ნასწორებია; ზოგი ადგილი ძნელად იკითხება ან საეროთდ ვერ იკითხება.

ქვემოთ ვბეჭდავთ მითითებულ ტექსტებს ავტოგრაფისეული (B) თანმიმდევრობით.

I ტექსტი (B, გვ. 37):

მეფანტურე

სოფლებში ვლიდა ოდესღაც თურმე
ბრმა მეფანტურე მოხუცებული;
ფანტურსა იგი დამღერდა ხოლმე,
მის გარსა ხალხი შეგროვებული
ისმენდა მღერას დაღონებული.
თურმე მღეროდა ის იმ დღეებზედ, ოდეს ვყოფილვართ ჩვენ უკეთესნი,
ჩვენ მამა-პაპის სისხლზედ და ძვლებზედ.

II ტექსტი (B, გვ. 38):

სოფლებში ვლიდა ოდესღაც თურმე
[......] ხოლმე,
გლახა საბრალო, შეწუხებული,
ბრმა მეფანტურე მოხუცებული.
იგი უყვარდა ჩვენ დაბალ ხალხსა,
დიდსა, პატარას, ყრმასა თუ ქალსა;
რა მას ნახვიდენ დედა და შვილნი,
მოხუცნი, ჯოხზედ ჩამობჯენილნი,
მუშა, ჭაბუკი მისკენ სრბოდნენ
და მას მოხუცსა შემოერტყოდნენ,
და ის ღიღინით, დაფიქრებული
თვის ერგულ ფანტურს ზედ დამღეროდა.

III ტექსტი (B, გვ. 38-39):

სოფლებში ვლიდა ოდესღაც თურმე,
ოდესღაც თურმე ვლიდა სოფლებში
გლახა საბრალო, დაღონებული,
ძველ ფანტურითა მუდამა ხელში
ბრმა მეფანტურე მოხუცებული.
ის ჰყვარებია ჩვენ დაბალ ხალხსა, -
დიდსა, პატარას, ყრმასა თუ ქალსა,
რა მას ნახვიდნენ ჭაბუკნი ყრმანი,
მოხუცნი, შვილით ხელში დედანი,
დიდ და პატარა მისკენა სრბოდნენ
და მას მოხუცს გარს შემოერტყოდნენ,
ის კი, ღიღინით, დაფიქრებული
ფანტურს დამღერდა შეწუხებული.
იგი უმღერდა ახალ ქართველთა,
ძველთა გმირების საქმეთა ქველთა,
იმ ნეტარ დროსა, ოდეს თამარი
ჩვენა გვდედობდა დაუვიწყარი.
ოდეს ქართველი ქართვლათ ყოფილა
და თვის მამული მას ჰკუთნებია.

აქედან: მე-7 სტრიქონის შემდეგ წერია: «რა ნახვიდნენ მას მოხუცს საწყალსა», გადახაზულია; მე-12 სტრიქონის შემდეგ გადახაზულია: «თვის ერთგულ ფანტურს ზედ დამღეროდა»; მე-13 სტრიქონის შემდეგ გადახაზულია: «მის სიტყვებს ჰქონდათ საოცნი ძალა».

B-ს 42-ე გვერდზე ილიას კვლავ განუახლებია ტექსტზე მუშაობა. პოეტი ძირითადად B-ს III ტექსტს დაყრდნობია, თუმც მასში გარკვეული ცვლილებებიშეუტანია და განუვრცია იგი, რის შედეგადაც ლექსმა (პირველმა ვარიანტმა) ასეთი სახე მიიღო:

მეფანტურე

ოდესღაც თურმე ვლიდა სოფლებში,
თვის ფანტურითა ყოველთვის ხელში,
გლახა საბრალო, შეწუხებული,
ბრმა მეფანტურე მოხუცებული,
ის ყვარებია ჩვენ ობოლ ხალხსა, -
დიდსა, პატარას, ყრმასა თუ ქალსა!
რა მას ნახვიდნენ ჭაბუკნი ყრმანი,
მოხუცნი. შვილნით ხელში დედანი,
მუშა, მეგუთნე, მფარცხავი, მთესი,
მეურნე, მეხრე, მემცხვარე, მწყემსი,
დიდი, პატარა მისკენ სრბოდნენ
და იმ მოხუცს გარს შემოერტყოდნენ.
ის კი ღიღინით, დაღონებული,
ფანტურს დამღერდა ჩაფიქრებული,
თურმე უმღერდა ახალ ქართველთა
ძველ გმირებისა საქმეთა ქველთა,
იმ დროს, როს ჩვენცა ვყოფილვართ ხალხი,
თვით ხელთ გვჭერია ჩვენ ბედის ჩარხი,
ოდეს გვქონია თავისუფლება
და არ გვცოდნია უღვთო მონება.
სიმღერა იყო მისი მარტივი
და მარტივ სოფლელთ გულსა უთბობდა,
მაგრამ ვით მზისა მხურვალე სხივი,
ხან სწვავდათ საწყლებლს და ხან ატკბობდა
იგი პატრონი ძლიერ სიტყვისა,
იგი უბრალო ბრმა მომღერალი.

იგი პატრონი ძლიერ სიტყვისა,
იგი უბრალო ბრმა მომღერალი
მიიზიდავდა [ჩვენ გლეხს] მარტივსა
[ვითა] ყანვაში კაცს ცეცხლის ალი.

აქედან: 14-15 სტრიქონებს შორის («ფანტურს»... «თურმე»...) გადახაზულია:

თურმე უმღერდა ახალ ქართველთა
ძველ გმირებისა საქმეთა ქველთა,
ჩვენც როდესღაცა ვყოფილვართ ხალხი,
ჩვენცა გვქონია თავისუფლება;

ჩვენც ხელთ გვეჭირა ჩვენ ბედის ჩარხი. 16-17 სტრიქონებს შორის («ძველ»... «იმ დროს»...) გადახაზულია:

იმ დროს, როც ჩვენცა ვყოფილვართ ხალხი,
ჩვენცა გვქონია თავისუფლება,
ჩვენც ხელთ გვჭერია ჩვენ ბედის ჩარხი.
ოდეს სცხოვრობდა დიდი თამარი,
ის დედა ჩვენი დაუვიწყარი.

20-21 სტრიქონებს შორის («და არ გვცოდნია»... «სიმღერა იყო»...) გადახაზულია:

არც ერთი ზემოთდა მის სიმღერა იყო მარტივი,
ყოფილა მღერა მისი მარტივი,
უხელოვნო, ვით მინდვრის ყვავილი,
და ვით ზაბხულის ცხარე მზის სხივი
მხურვალე, მლხენი, მომშვები, ტკბილი,
ბედნიერ იყო...

24-25 სტრიქონებს შორის («ხან სწვავდათ»... «იგი პატრონი»...) გადახაზულია: «ხალხი სიმღერით აღტაცებული».

29-30 სტრიქონებს შორის («მიიზიდავდა»... «ვითა ყინვაში»...) გადახაზულია: «გულ დაუწვავდა, ვით ნაღვერდალი».

არც ერთი ზემოთ მოტანილი ტექსტი ავტორის მიერ დათარიღებული არ არის (1925-1951 წწ. გამოცემებში «მეფანტურის» ზემოაღნიშნული პირველი ვარიანტის დაწერის თარიღად მითითებულია 1860 წ. და სარედაქციო შენიშვნებში განმარტებულია, რომ ეს ვარიანტი ჩაწერილია ავტოგრაფული კრებულის მეორე ნაწილში, რომელიც წარმოადგენს ილია ჭავჭავაძის 1860 წლის ლექსების შავებს. იხ. ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, ტ. I, 1951, გვ. 438).

ლექსის პირველი ვარიანტისაგან რედაქციულად განსხვავდება «მეფანტურის» მეორე, საბოლოო ვარიანტი (A),* რომელიც - პირველად ჩვენს გამოცემაში - ძირითად ტექსტებში იბეჭდება.   * A ავტოგრაფში, ლექსის V სტროფში, ნაცვლად სიტყვებისა «მით ერთი», თავდაპირველად ეწერა «რომ შვილად».
 

A-ს ტექსტი დაიბეჭდა ი. ჭავჭავაძის თხზულებათა მ. გედევანიშვილისეულ გამოცემაში (1914 წ.), - ვარიანტების განყოფილებაში (გვ. 508 – 509), დათარიღებულია 1860 წ. 12 სექტემბრით (სარჩევში, გვ. V). ნაბეჭდი თანხვდება ავტოგრაფს.

ი. ჭავჭავძის თხზულებათა 1925-1951 წწ. გამოცემებში ვარიანტების განყოფილებაში დაიბეჭდა «მეფანტურეს» როგორც პირველი ვარიანტი (B-ს IV ტექსტი) 1860 წ. თარიღით, ასევე მეორეც (A), ზემო მითითებული თარიღით. ამ გამოცემებში A-ს ტექსტში ორიოდე ორთოგრაფიული სწორებაა შეტანილი (ავტოგრაფისეული ხოლოთ შეცვლილია ფორმით მხოლოდ, ჩაგქრნენ-ჩაქრნენ), ხოლო პირველი ვარიანტის ტექსტი საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებითაა დაბეჭდილი. კერძოდ, ამ გამოცემებში ორთოგრაფიულ სწორებათა გარდა (ყვარებია - ჰყვარებია, შვილნით - შვილით), ავტოგრაფისეული «თურმე ვლიდა»-ს ნაცვლად, ლექსის პირველ სტრიქონში დაბეჭდილია «ვლიდა თურმე». 16-17 სტრიქონებს შორის («ძველ გმირებისა»... «იმ დროს»...) აღდგენილია სტრიქონები: «ოდეს ცხოვრობდა  დიდი თამარი, ის დედა ჩვენი დაუვიწყარი», რომლებიც ავტოგრაფში ავტორის მიერაა გადახაზული სხვა სტრიქონებთან ერთად (იხ. ზემოთ); მე-20 სტრიქონში ავტოგრაფისეული «უღვთო» («უღვთო მონება»)

აღნიშნულ გამოცემებში გადაკეთებულია სიტყვად «უცხო» («უცხო მონება»); ნაბეჭდ ტექსტში გამოტოვებულია ილიასეული ერთი სტროფი -21-24 სტრიქონები («სიმღერა იყო მისი მარტივი»...). აღნიშნულ გამოცემებში ლექსის პირველ და მეორე ვარიანტებს, გარდა ავოგრაფისეული დასათაურებისა («მეფანტურე»), საერთო სათაურიც აქვთ მოცემული: «პირვანდელი ესკიზები პოემისა მეფე დიმიტრი თავდადებული». მაგრამ ასეთი დასათაურება, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვან კორექტივს მოითხოვს:

 

 

მართალია, «მეფანტურის» მითითებული ვარიანტები (უფრო სწორად - ლექსის მეორე, საბოლოო ვარიანტი) - თუკი «ათვლის ობიექტად» პოემას ავიღებთ, - ადვილად შესაძლებელია «მეფე დიმიტრი თავდადებულის» პირვანდელ ესკიზებად აღვიქვათ, რადგან შემდგომში, «დიმიტრი თავდადებულზე» მუშაობის დაწყებისას, როგორც სავსებით სამართლიანად მიუთითებს პ. ინგოროყვა, «ლექსი «მეფანტურე» ილიას აუღია როგორც გამოსავალი თემატიკური ფუძე პოემისათვის... და მის ქარგაზე გაუშლია პოემა»* მაგრამ, მეორე მხრივ, არ მოგვეპოვება არავითარი არგუმენტი მტკიცებისათვის, რომ თივით ლექის შექმნის დროს ილია ვარაუდობდა «მეფანტურის» თემის შემდგომ გაშლას და დამუშავებას, ან «დიმიტრი თავდადებულის» თემასთან მის დაკავშირებას. ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ ლექსის პირველ ვარიანტში, როგორც ამის თვით პ. ინგოროყვაც აღნიშნავს, «დიმიტრი თავდადებულის სახელი არც კია მოხსენებულია და მეფანტურე წარსულიდან მხოლოდ თამარს მოიგონებს». ხოლო რაც შეხება «მეფანტურის» მეორე, საბოლოო ვარიანტს (A), აქ უკვე აღარც თამარ მეფის სახელი გვხვდება, - «წარსულის სურათი აქ უფრო განყენებით არის დახატული, მაგრამ შინაარსიდან ირკვევა, რომ პოეტი აქ ერეკლე მეფის დროს იგულისხმებდა. თვით ბრმა მეფანტური წარმოდგენილია რგორც მომსწრე წარსულ დროებათა, როდესაც «ქართვლის ბედი ჩვენვე, ქართველთ, გვეპყრა ხელში» და მეფანტურე უმღერის ამ ახლო წარსულის, თავისუფლების ხანის საგმირო საქმეებს და მწუხარებით დასტირის მის დროს დამონებული ქვეყნის დაკნინებულ მდგომარეობას»*
  * ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ტ. I, 1951, გვ. 378.
ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ტ. I, 1951, გვ. 377-378
 

ამდენად, თუკი პოემა «მეფე დიმიტრი თავდადებული» მართლაც არის გარკვეულწილად დავალებული ილიას ჭაბუკობის დროინდელი ლექსით (ამის შესახებ იხ., აგრეთვე, ქვემოთ, - კომენტარი პოემისა «მეფე დიმიტრი თავდადებული», გვ. 510-511), მეორე მხრივ, «მეფანტურე». ეჭვს გარეშეა, «დიმიტრი თავდადებულისაგან» სრულიად დამოკიდებულად არის შექმნილი და ამდენად იგი «პირვანდელი ესკიზი» კი არ არის პოემისა, არამედ დასრულებული, სრულყოფილი პეოეტური ნაწარმოები, რომელსაც ფრიად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ილიას პოეტურ ბიოგრაფიაში.

«მეფანტურე» დავათარიღეთ A ავტოგრაფის მიხედვით.