The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


დაბნელდა სული

* * * (დაბნელდა სული)

დაბნელდა სული, გარშამოც ბნელა,
სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში;
აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე
არც სიძულვილში, არც სიყვარულში.
დიდხანს ვებრძოდი სიმდაბლეს, მტრობას.
და გავიმაგრე ჭაბუკი მკლავი,
ბევრჯერ მამარცხეს, მაგრამ არვის წინ
არ მომიხრია ამაყი თავი.
ვისაც ვებრძოდი, ბრძოლად არ ჰღირდნენ,
გვიან შევიტყე ეს ცდომილება;
ეხლა მათ საზიზღ, მდაბალ მტრობაზედ
არც მეცინება, არც მეტირება.

დაბნელდა სული, გარშამოც ბნელა,
სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში;
აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე
არც სიძულვილში, არც სიყვარულში!

25 დეკემბერი, 1860 წ.,
პეტერბურგი.

 
ხელნაწერი: U:

ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 152 (B)

ნაბეჭდი:

თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 93 (A); სიტყვიერების თეორია, შედგენილი არხიმანდრიტის კირიონისა და გრ. ყიფშიძის მიერ, ტფილისი, 1898, გვ. 575; ჩვენი მწერლობა, I, მგოსნები, შედგენილ-გამოცემული ს. გორგაძის მიერ, თბილისი, 1907, გვ. 37 (C).

სათაური:

დაბნელდა სული C.

თარიღი:

1860 წ. AC; 25 დეკემბერი, 1860 წ., პეტერბურგი B.

B-ს დასაწყისში წერია: «დაბნელდა სული, გარშამოც ბნელა, სიცივე მკვიდრობს უბუდურ გულში», - გადახაზულია.

3. საზრდო] საზდო B. 4 სიძულვილში] სიძულილში B. 5 სიმდაბლეს] სიდაბლეს B. 7 ბევრჯერ] ბევრჯელ B. 11 მდაბალ] დაბალ AB.

ლექსი დავათარიღეთ ავტოგრაფის მიხედვით