The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


„კვალის“ ორი წლის ნაღვაწი
„კვალის“ ორი წლის ნაღვაწი

წერეთელი გიორგი

„კვალის“ ორი წლის ნაღვაწი

როდესაც ცხოვრებაში ახალი მოთხოვნილება გაძლიერდება და ახალი გზა-კვალი აღინიშნება, მიუცილებლათ მას, ადრე თუ გვიან, შესაფერი მისი გამომთქმელი იარაღიც თან მოჰყვება. ასეთს გარემოებას უნდა დავაბრალოთ „კვალის“ დაარსება. იმის გამოსვლისთანავე ჩვენი მოაზრე თაობა დაეწყო ორ ბანაკათ. ობ-მოკიდებულმა ქართულმა აზროვნებამ გაგლიჯა თავსდახვეული ბურუსი და ფიცხმა შეტაკებამ სხვადა-სხვა მიმართულები ამ მალე იჩინათ თავი.

ცხოვრების მიერ წამოყენებულს ყოველს საკითხს შეუდგა სხვა-და-სხვა ნაირი მსჯელობა, გამწვავდა ბაასი, შეიქნა ბრძოლა, რომელსაც თან მოყვა, როგორც ყოველთვის ყოფილა, წრესგადასული უმართებულო საქციელი, ურიგო ლანძღვა გინება და ერთმანეთის აზრის აუტანელობა. მაგრამ თუ ამ წრესგადასულ უმართებულობას ზოგიერთების ბასში ყურს არ ვათხოვებთ, რადგან იგი არის კაცობრიული გულისთქმის და გაზვიადებული თავმოყვარეობის ნაყოფი, მაშინ ჩვენდა სამხიარულოთ უნდა აღინიშნოს, რომ სხვა-და-სხვა აზრების შეჯიბრებამ საკმაოთ გამოაფხიზლა საზოგადოება, აღძრა გონების მოძრაობა, რომელიც თავდებია ჩვენი აზროვნების წინმსვლელობისა.

ჩვენ განზრახვა გვაქეს, ამ მოკლე განხილვით გამოვარკვივოთ მკითხველის თვალწინ, რა გვსურდა გამოგვეთქვა, ან რა მიმართულება ქონდა ჩვენ ჟუნალს ამ ორი წლის განმავლობაში. შესაძლებელია ჩეენი აზრი წარსულ წლებში საკმაოთ დასაბუთებული არ იყო, ან შეძლება სხვას ვერ გავაგებიეთ ის, რაც ჩვენ ნათლათ გვქონდა თვალწინ წარმოდგენილი და რაც იყო ჩვენი გულისწადილი; მაგრამ ესეც შესაძლებელია, რომ ზოგიერთებს ყურიც მოე-ყრუებინოსთ ჩვენთვის, რადგან თავის თავი შეუმცდარი ეგონათ და ჩვენი მხილება სათაკილოთ მიაჩნდათ.

ბევრ ჩვენ დამსახურებულ ქართველ მოღვაწეებთან აგვიტყდა ბაასი საზოგადო და სამეცნიერო საკითხებზე. რადგან ისინი ფრიად გალაღებულნი იყვენ თავისი წარსული მოღვაწეობით, ძალიან იუკადრისეს ასეთი ჩვენი მოქმედება. იმათ არ იამათ ჩვენი მხილება.

პირველ ხანებში მედიდურობის გამო არც კი ათხოვეს საკმაოთ ყური ჩვენს მსჯელობას. მაგრამ თვით ჩვენგან გამოწვეულმა ბაასმა ბევრს სამეცნიერო საკითხებში ერთხელ კიდევ ცხადათ დაანახვა საზოგადოებას, რომ შეუმცდარი არავინ არის ჩვენში. წყრომა, სიფიცხე და უმართებულო ლანძღვა-გინება, თან მოპირდაპირის შურისძიება და ცილისწამება ვერაფერ საბუთათ გამოდგა სიმართლისა და სამართლიანობისათვის. თვით მკითხველი საზოგადოების გულისწყრომამ საკმაოთ დაანახვა ჩვენს მოღვაწეებს, რომ ამ გვარი საქციელით ის დღითი დღე უფრო დაკარგავს ფასს საზოგადოების თვალში, თუ ასეთი საქციელი არ მოიშალა. მაგრამ ფრანგული ანდაზა ამასაც ამბობს, რომ აზრების შეტაკება ჭეშმარიტებას დაბადებსო. ჩვენც, ამ დევიზით აღჭურვილნი ვეცდებით ამიერიდან სამეცნიერო და საზოგადოებრივს ბაასში ყოველთვის საგანზე დავემყაროთ, ის გამოვარკვიოთ და მხოლოთ ის. იმედია, ჩვენი მოკამათენიც არ აცდებიან ამ გზას და ესეც ხომ ერთ წარმატების ნიშნათ უნდა დაისახოს ჩვენი მწერლობის ზნე-ჩვეულების გაფაქიზებისათვის.

პირველი საერო საგანი, რომელშიაც „კვალმა“ გამოთქვა თავისი საკუთარი აზრი, იყო წამოყენებული რუსეთის ეკონომიური კრიზისის გამო. 1891 და 1892 დადგა რუსეთში დიდი შიმშილობა. მეურნეობის დაცემის გამო. ეს საკითხი ჩვენს ქვეყანაშიაც გამწვავდა. მხოლოთ ამ დიდ შემთხვევის გამო ვიგრძნეთ, რომ საქართველოს ნიადაგიც თუ არ უარეს მდგომარეობაში, უკეთესში არ იყო. ატყდა მსჯელობა სამეურნეო სწავლა-მეცნიერებაზე და ჩვენს ჟურნალ-გაზეთებში გამოითქვა ის აზრი, რომ მხოლოთ სამეურნეო სკოლები თუ გვიხსნის ამ სენიდან, თვარა სხვა ვერაფერიო. ბოლოს ჩვენმა მეთაურებმა დაიწყეს ზეპირ-ქადაგებით და მწერლობით იმ აზრის გავრცელება, რომ ჩვენი სათავადაზნაურო სკოლები ახლავე სამეუნეო შკოლებათ უნდა გადაკეთდენო. „კვალმა“ არ მოიწონა ასეთი ცალმხრივი მიმართულება და წარმოთქეა: ყველა რომ მიწის მუშათ გავხდეთ, ვინღა იქნებიანო. მეცნიერები, გამგებელნი, მოსამართლე-მოსარჩლენი, მხედარნი, ექიმები, ინჟენრები, ტეხნიკოსები, სახელმწიფომოხელენი, პოლიტიკოსნი პუბლიცისტნი, პოეტნი და მწერალნი. საქრთველოს ერს ხომ ყოველ მხრით უნდა პატრონობა, თავის შემოვლა, გონების განვითარებაო. ამას გარდა მარტო სამეურნეო შკოლები მეურნეობას ვერ აღაყვავებენო, თუ ქვეყანას მეურნეობის განმავითარებელი ეკონომიური გარემოებანი არ დაუდგა და ხელი არ შეუწყოვო, თუ თვით აღებ-მიცემობამ და მრეწველობამ ფეხი არ აიდგა, თუ მეურნეობის ნაწარმოებს გარეთ ბაზარი არ ექნა და შინ კრედიტიო.

„კვალმა“ მიუთითა ბევრს ჩვენს მაღალ სამეურნეო სასწავლებელში კურსდასრულებულებზე, რომელნიც თავის ცოდნა რომ ვერ გამოეყენებინათ ცხოვრებაში, ან სულ უსაქმოთ დადიოდენ ფრიად გაჭირვებულნი, ან სახელმწიფო და ბანკის მოხელეებათ ჰხდებოდენ. რაიცა შეეხებოდა სათავად-აზნაურო შკოლების სამეურნეო შკოლებათ გადაკეთებას, კვალმა“ ეს აზრი საზოგადო განათლების წინააღმდეგობათ ჩათვალა და ძალიან მხნეთ გაუმკლავდა. იმან მოიყვანა ის მავნე გარემოებანი, რომელნიც წინ ეღობებოდენ და დღემდის ეღობებიან ქართველ ახალმოზარდს, რომ პირველ-დაწყებითი სწავლა ბუნების წესისამებრ თავის სამშობლო ენაზე შე-თვისოს, უჩვენა, თუ რამ აიძულა ჩვენი თავად-აზნაურობა სწორეთ ასეთი ტიპის და პროგრამის შკოლები დაეარსებინა და შეეწყო ხელი თავის შვილებსათვის, რომ მათი გონებისა და ტვინისათვის შეემსუბუქებინა მძიმე ტვირთი უცხო ენაზე სწავლის შეთვისებისა და გონების ბუნებითათ განვითარებისა. მან მიუთითა იმ მავნებელ გარემოებაზე, რომლის ძალითაც ყოველივე არსებულის გაუქმება და დანგრევა ადვილი იყო, მაგრამ რაც ერთხელვე ხელიდან გამოგვეცლებოდა, იმისი მოპოვება კი შეუძლებელი და მოუხერხებელი. ამის გამო „კვალმა“ დაასკვნა: დიაღ საჭიროა სამეურნეო შკოლების დამართვა ჩვენს ქეეყანაში, მაგრამ ამის გულისთვის ჩვენმა საზოგადოებამ სხვა ღონე უნდა იღონოს და სხვა მატერილური საშუალება უნდა მოიპოვოსო; მხოლოთ რაცა გვაქვს, იმას კი ნუ დავკარგავთ, სათავად-აზნაურო შკოლებს ნუ შევეხებითო: იმათ ერის ნიშნობლივი თავისებურობის დაცვა აწევთ მოვალეობათ და ეს ძვირფასი დარგი ყოველი ქართველისთვის წმინდათა-წმინდათ უნდა გადაიქცესო, იგი კი არ უნდა გაუქმდეს, ან გადაკეთდესო, არამედ უნდა გაუმჯობესდესო; მისი მოქმედების ფარგალი კი არ უნდა შევიწროვდეს, არამედ უნდა გაფართოვდესო („კვალი“ No 1, 2, 7, 8, 9, 10, 11, 6. 1893 წ.)

ჯერ ეს საკითხი კიდევ არ დაბოლოვებულიყო, რომ ამას თან მოჰყვა ჩვენი საადგილ-მამულო ბანკის საკითხიც.

„კვალმა, ჩვენს საადგილ-მამულო ბანკებს სულ სხვა თვალით შეხედა. მან აღიარა, რომ ჩვენი საადგილმამულო ბანკები თავისი წესდებით არ შეეფერებოდა არც ჩვენს ოჯახობას, არც ჩვენს მიწის მუშაობას და არც ჩვენს მეურნეობის მდგომარეობას, ეს იყო ჩვენი სამეურნეო ცოდნის შეუფერებელია, რომელიც უფრო დიდ ზარალს მოუტანდა ადგილმამულის მეპატრონეებს, ვიდრე სარგებლობას. განუვითარებელი მეურნეობის წყალობით ჩვენს ადგილ-მამულს ოთხ პროცენტზე მეტი არ შემოაქეს, მაშინ როდესაც ბანკებში შესატანი ექვსი პროცენტი იყო. ამის გამო ბანკებმა ნელ-ნელა დაავალიანა ჩვენი თავად-აზნაურობა და ბოლოს თავის ადგილმამულზე დააწყებინა ხელის აღება. საადგილ-მამულო ბანკები შეიქნენ ჩვენთვის პრიკაზზე უარესი და უფრო შეუბრალებელი. გაადვილდა საჯაროთ ჩვენი ადგილმამულის გაყიდვა, ასე რომ დღეს ჩვენი საადგილმამულო ბანკები გადაქმნილან ქართველი ერის მიწა-წყლის გამყიდველათ და არა შემძენათ. ამ სახით „კვალმა“ გამოარკვია ის აზრი, რომ ჩვენი სადგილ-მამულო ბანკები ერთი იმ კაპიტალისტური დაწესებულებათაგანია, რომელიც შეუნიშნავათ აცლის ხელიდან ერს მიწა-წყალს და ჰხდის ნელ-ნელა თავად-აზნაურობას პროლეტარათ. საადგილ-მამუბანკები სხვა მხრითაც შეიქნენ მავნებელნი ჩვენი ერისთვის. იქ გაიხსნენ სალუკმაპურო ალაგები. ბანკის არჩევანებმა შემოიტანეს პარტიობა ალაგების საშოვნელათ, შეიქნა ინტელიგენტთა ერთმანეთში ბრძოლა არა პრინციპის გულისთვის, არამედ ლუკმა პურის საძიებლათ. ამ სახით ბანკების არჩევანებმა უკუაგდებინეს ჩვენს ინტელიგენციას თავისი ძველი აღთქმები, გამოაცალეს ხელიდან წმინდა იდეალი მოქმედებისა, დაავიწყეს ქვეყნისთვის ზრუნვა, თვალი აუბეს ნამდვილი მტრის შესახედავათ და ბოლოს, რაც უფრო ყველაზე სამწუხაროა, მიაჩვი ეს იგი პირმოთნე ქადაგებას: ჩეენს. ინტელიგენციას პირზე ეკრა მამულისთვის თავგანწირული შრომა და გულში კი კარგი შემოსავლიანი ადგილების შოვნა. შეიქნა „ბანკობანა“, დაარსდა საბანკო პარტიები მათი მეთაურების სახელწოდებით; პრინციპი ეროვნებისა დავიწყდა და ამ გარემოებამ წარმოშობა სულ ახალი ერთგვარი ახალგაზდობის ჯგუფი. რომელმაც თავისთავს ვითომც „ნეიტრალი“ უწოდა: მაგრამ იმ სამაგიერათ რომ მას განეკიცხა ბანკის მეთაურების სახელწოდებით წარმომდგარი პარტიების მოქმედება, თვითონვე მიეკედლა უფრო ძლიერ მხარეს, რომ „პური ჩვენი არსებისა მოგვეც ჩვენ დღესო“ —უგალობა. „კვალმა უარჰყო ასეთი მავნებელი ზეგავლენა ჩვენი საადგილმამულო ბანკებისა. მან მხოლოთ არ უარყო ერთათ ერთი სარგებლობა, რომელიც საადგილ-მამულო ბანკებმა მისცა ქართველებს. ეს იყო მოგების გაზიარება საქველ-მოქმედო საქმეებისთვის. მაგრამ ეს სარგებლობა რომ შეუწონოთ იმ ზარალს, რომელიც მან მოუტანა იმავე ქართველობას მიწა-წყლის წართმევით და საზოგადო ზნეობის გაფუჭებით, მაშინ თვით ეს სარგებლობაც ბევრათ ნაკლები გამოჩნდება ზარალზე, მით უმეტეს, რომ ეგევე სარგებლობა გაორკეცებული და გაათკეცებული შეეძლო. იმ თავითვე მოეტანა სხვანაირს ბანკებს, რომელნიც უნდა დაარსებული იყვენ მოკლე ვადიანი სესხის გაცემით ჭირნახულის მეპატრონის ხელის გასამართავათ. აი, ამ აზრის გასავრცელებლათ „კვალმა“ დასტამბა რამდენიმე სტატია 1893 წელს და სხვათა შორის საკმაოთ დასაბუთებული გრ. გველესიანი, სტატია „კრედიტი და მისი მნიშვნელობა“, რომელშიაც დაწერილებით გამოირკვა, რომ ჩვენი მეურნეობის წარსამართებელთ და მიწათმფლობელობის გასამაგრებლათ „მელიორაციული კრედიტი“ იყო საჭირო, ესე იგი ისეთი საბანკო დაწესებულების შემოღება, რომელიც უმართავდეს ხელს მწარმოებელს და ამრავლებდეს ყოველნაირს წარმოებას. ამ სახით „კვალი“ ამ მეორე საკითხის გამოსარკვევათ გადგა ცალკე, არც ერთს საბანკო პარტიებს მხარი არ დაუჭირა და კრიტიკული თვალით შეხედა მათს უმართებულო მოქმედებას, ის მხოლოთ იწვევდა ინტელიგენციას ახალ გზაზე, რომ დავიწყებულს იდეალს ისევ გაეშალა ფრთები საერო მოღვაწეობისათვის.

უფრო გამწვავებული ბრძოლა „კვალს“ შეემთხვა ჩვენ მეთაურ ინტელიგენციასთან ქალაქის არჩევნების გამო. ამ კამათობაში „კვალის“ ხელმძღვანელნი დარჩენ მარტოთ-მარტო, იმ ხანებში ამ ორ, სამ კაცს თითქმის თანამგრძნობნი აღარავინ ჰყოლია, მით უფრო საშინელს გარემოებაში ჩავარდა „კვალი“, რომ მას შეემთხვა ბრძოლა ერთს ათასთან და აქედან უნდა წარმოიდგინოთ, რა უსიამოვნო იქნებოდა მისი თანამშრომლების მდგომარეობა. „კვალს“ დასწამეს ორგულობა და ერთს მის თანამშრომელთაგანს გამცემობაც. აი, საქმე რასში მდგომარეობდა: გამოვიდა ქალაქის ახალი თვითგამგეობის წესდება, ამ წესდებაში კანონმდებლობამ უპირატესობა მიანიჭა შეძლებულ მოქალაქეებს. მაშასადამე არჩევნების დროს ამორჩევის უფლება უმეტეს ნაწილათ სომხებს უნდა რგებოდა, როგორც უფრო შეძლებულს მოქალაქეებს. ორი ათას ხუთას ქალაქის ამომრჩევლებში ათას ხუთასზე მეტი სომეხთაგანი აღმოჩნდა, ხოლო ქართველების ამომრჩეველთა რიცხვი ოთხასს არ აღემატებოდა. რა იყო მიზეზი ასე უსწორ-მასწოროთ უფლების განაწილებისა? უეჭველია, უმაღლესათ დამტკიცებული ახალი საქალაქო გამგეობის წესდება. მაშასადამე აქ რა შუაში უნდა ყოფილიყვენ ისინი, რომელთაც უფლება მიენიჭათ და უნდოდათ ამ თავისი საკუთარი უფლებით ესარგებლათ. ჩვენი ქართველი ხმოსნები საქმეს ძირში არ ჩაუკვირდენ და დაიწყეს ისე მოქცევა, როგორც შეშვენოდა ნორჩი ყრმას, რომელიც, დაეცემა თუ არა მიწაზე თავისი უხერხულობის გამო, მორთავს ღრიალს და დაუწყებს მიწას ცემას, თითქოს მიწა ყოფილიყოს მისი დაცემის მიზეზი და არა გაუფრთხილებლობა და უხერხობა. „ცხენს ვეარაფერი დააკლეს, უნაგირი დაამტვრიესო“ სწორეთ ასეთი საქმე მოუვიდათ ქართველ მეთაურ ინტელიგენციას. შეიქნა მითქმა-მოთქმა, დაიწყეს ჩივილი, სომხები გვჩაგრავენო და იმდენზე მივიდა მათი უსაფუძვლო სჯა, თითქოს საქართველოს ვინღაც საოცარი მტერი შემოსეოდეს. ქართველი ხმოსნები იწვევდენ დიდსა და პატარას ბრძოლისათვის. ასეთს უმართებულო მოქმედებას მით უფრო ცუდი ბოლო მოდევდა, რომ მტრობა საშვილიშვილო და ამოუფხვრელი უნდა დაბადებულიყო ორს მეზობელს ერს შუა, რომელნიც ისტორიული კულტურით, ნათესაობით ძველთაგანვე შეკავშირებულნი ყოფილან და ერთი მეორის ისტორიაზე მჭიდრო გავლენა ჰქონიათ. განა დრო იყო ერთ ბედში მყოფ ორ მეზობელს ხალხს შუა შეურიგებელი განხეთქილება დაარსებულიყო. მარტო იმის გულისთვის, რომ მომავალ ქალაქის საბჭოში ქართველი უფრო მეტი იქნებოდა ხმოსნათ, თუ სომეხი? ამ შემთხვევაში ჩვენ რომ პოლიტიკურათ უფრო მომზადებული თაობა გეყოლოდა, სულ სხვანაირათ მოიქცეოდა. რაკი კანონის ძალით ერთ მეზობელს მეტი უფლება ჰხვდა, ვიდრე მეორეს ქალაქის საერთო გამგეობაში, რიგი და წესი მოითხოვდა ერთიც და მეორეც ძმურათ შეთანხმებულიყვენ და ამომრჩევლების რიცხვის რაოდენობისამებრ გაეყოთ უფლება ქალაქის მართვაში. ათას-ხუთასი ამომრჩევლი რომ სომეხი იყო, ოთხასზე ზევით არ აცილებულა ქართველი ამომრჩეველი. მაშ რა უჭირდა, რომ ორ მესამედ სომხებში ერთი მესამედი ქართველები ყოფილიყვენ. რა ცუდი იქ. ნებოდა, რომ ორმოც-და-ათ სომეხ ხმოსანთან ოცდა ხუთი ქართველი ხმოსანი დამსხდარიყო მომავალ ქალაქის საბჭოში, ან თუნდა ორმოც სომეხთან ოცი ქართველი ყოფილიყო? ასეთ განაწილებაზე დიდი სიამოვნებით დათანხმდებოდენ სომხები; მაგრამ ჩვენმა მეთაურებმა დაიჟინეს, არა ჩვენ თანტოლათ უნდა გავიყოთ უფლებაო და იმას კი აღარ მიხედეს, რომ კანონმდებლობა, რომელიც შეძლებაზე ამყარებდა ამორჩევითი უფლებას, კანონის დარღვევის ნებას არავის აძლევდა. ხოლო ჩვენი მეთაურების გაჯიუტება იმას ნიშნავდა, რომ თქვენ უფლება მოიკლეთ და ჩვენ გადმოგვეცითო. აი, ასეთმა მოუფიქრებელმა აკვიატებამ გაამწვავა ბრძოლა, რომელსაც შედეგათ მოჰყვა მეზობელ ერთან დაუცხრომელი შურის და მტრობის ჩამოგდება. „კვალმა“ მხარი არ მისცა ასეთს ურიგო. მოქმედებაში ჩვენს მეთაურებს. იმან დაჰგმო ზოგიერთების საქციელი, რომელთაც პირადი უკმაყოფილება გვარტომობაში გადაჰქონდათ და ასეთი მოქმედება „კვალმა“ საშიშათ მიიჩნია მომავლისათვის, რადგან ამით, ადრე თუ გვიან, გამართლდებოდა სახელოვანი პოეტის წინასწარმეტყველება:

„ვით მამალი სხვის მამალსა დამტერდეს და წაეკიდოს, მას სცემოს და თვით იცემოს, დაქოჩროს და დაეკიდოს; რა ორივე დაღალულნი ძაღლმა ნახოს, პირი კიდოს, ეგრე ქართლი და კახეთი დარჩა თურქთა, ლეკთა, დიდოს!“

მართლაც რომ ასეთი ამბავი შეემთხვა ტფილისის ქალაქის საბჭოს ამ ბოლოს დროს, როდესაც ერთმა ხმოსანმა აღძრა ქალაქის შკოლებზე კითხვა. ახლა ყველასთვის ცხადია, რომ ქართველ ხმოსნებს უარი რომ არ ეთქვათ კენჭის ყრაზე და ზოგიერთ ურიგო ხმოსნების მაგიერათ ქართველები დაბძანებულიყვენ საბჭოში, უეჭველათ ქალაქის შკოლების საქმე საფრთხეში არ ჩავარდებოდა. აი, ამისთანა საქმისა და სხვა კიდევ უფრო მწვავი გარემოების შიში ჰქონდა „კვალს“ და მის თანამშრომელს, როცა მან თავი გამოიდვა ამ არჩევანების შესახებ და არ დაიჭირა ქართველი ხმოსნების მხარე. იმ დროს „კვალს“ მიეცა შემთხვევა სავსებით გამოეთქვა ამგვარი გარემოების შესახებ თავისი შეხედულება ქართველ-სომეხთა ურთიერთობაზე. აი, რა სიტყვებით გამოარკვია „კვალმა“ ეს აზრი: ქართველი ერი და სომხისა ისტორიულს გარემოებას ერთს ფარგალში მოუმწყვდევია. მათი ეროვნული წარმატება ბევრ შემთხვევაში მათ ურთიერთობაზეა დამოკიდებული. მათი საერთო მოსაგერებელი მავნე გარემოება ის არის, რაც ეწინააღმდეგება მათს ბუნებითს აღორძინებას. მაშასადამე ისინი ყოველთვის ხელიხელ ჩაკიდებული უნდა ეწინააღმდეგონ ყოველს ასეთს გარემოებას, რაც კი დაუშლის მათ თვითარსებობას, მათს ეროვნულ წარმატებას. ამ შემთხეევაში ერთობა ძალაა და განცალკევება სისუსტე. აქედან ცხადათ უნდა შეიგნოს ყველამ, რომ გვარტომობის წარმატებაში ქართველნი და სომეხნი განუყრელი ძმები უნდა იყონ და არამც თუ მარტო ესენი, არამედ ამათთან სხვა ტომის ერიც, რომელნიც კავკასიაში დაბინავებულან და იღვწიან თავის გვარტომობის განვითარებისათვის, ცდილობენ მის აღორძინებას, წარმატებას, განათლებას და თვითარსებობის დაცვას. ჩვენ ყველა ისინი ძმებათ უნდა მივიჩნიოთ, მათ დაუახლოვდეთ, უკეთ გავაცნოთ ჩვენი თავი და შეერთებული ძალით დავადგეთ წარმატების გზას. აი, ამ პრინციპის ძალით ჩვენ ვეწინააღმდეგეთ მაშინ ისეთს პიროვნულს მოქმედებას, რომელსაც შეეძლო გვარტომობის ურთიერთობაში კეთილი დამოკიდებულება დაერღვია. ამ პროგრამის გამოცხადების დროს ერთი ფრიად საგულისხმო საკითხი იყო ჩვენ მოპირდაპირეებისაგან აღძრული, რომელსაც იმ დროს პასუხი ვერ გავეცით სხვა-და-სხვა გარემოების გამო. განა შესაძლებელიაო. ისეთ ხალხთან დაახლოვება, რომელიც თავისი კაპიტალის მეოხებით სახლში ჩაგედგომია, ჩვენს ადგილ-მამულს იჭერს და ჩვენს ხალხს აღარიბებსო? როგორ შეიძლება იმისთანა ხალხთან საერთო რამე ვიქონიოთო, რომელიც ეკონომიურათ გეჩაგრავს და ჩვენ სარჩო-საბადებელზე ხელი მაგრათ ჩაუვლიაო? მართლაც რომ ეკონომიური ბრძოლა ქართეელებსა და სომხებს შუა დიდს უბედურებას შეადგენს; მაგრამ აქ მარტო „ვინ ხარ მამაცის“ ძახილით და შურისძიებით ვერას გავარიგებთ. ამითი ისევე ჩვენ თავს ვავნებთ, რადგან დიდს მტერს პატარასაც ზედ შევუკავ შირებთ. „არ გათეთრდება ყორანი, რა გინდ რომ ხეხო ქვიშითა; მტერნი არ შეგვიბრალებენ ვაგლახითა და ვიშითა“.

ეკონომიური ბრძოლა განა თვით ჩვენს შინაურობაში კი არ არის? თვით ჩვენი შეძლებული, ფულით გამდიდრებული, იმერლობა თავისსავე საწყალს გაღარიბებულს მოძმე-იმერელს სულსა წედის და, როგორც მოგეხსენებათ, გინდ მგელს შევუჭამივარ, გინდ მგლისფერს ძაღლს, სულ ერთია. საქმე იმაშია, რომ ეკონომიურს ბრძოლას არაფერი საერთო არა აქვს რა გვარტომობის ურთიერთობასთან. იმ დროს, როდესაც მდიდარი იმერელი ღარიბი იმერლის მიწა-წყალს იფლობს, წარმოვიდგინოთ, ოსმალები შემოგვესიენ. რას ვნახავთ? მაშინვე ეს მდიდარი და ღარიბი, ერთმანეთის დაუძინებელი მტერი, ხელი-ხელს მიცემენ ერთმანეთს და ძმურათ შეკავშირდებიან ოსმალების მოსაგერებლათ. განა ეკონომიური ბრძოლა თვით ორ ღვიძლ-ძმა შუა არ არსებობს? ხშირათ შეძლებული ძმა შეუძლებელის ძმის ადგილ-მამულს იგირავებს და ბოლოს საჯარო ვაჭრობით ირჩენს თავის საკუთრებათ. უეჭველია, აქ გაფცქვნილი ძმა მტრათ ჰყავს გადაკიდებული ფულიანს ძმას, რომელმაც მისი ადგილ-მამული დაისაკუთრა; მაგრამ, აბა, მოვარდეს გარეშე ავაზაკი და დაეცეს შეძლებულს ძმას თავზე გასაცარცვათ. მის ყვირილზე ყველაზე უწინ მისგანვე ტყავ-გართმეული ძმა მირბის ვერაგი ძმის საშველათ. ვინ იტყვის, რომ ეკონომიურ ნიადაგზე არ უნდა ვიბრძოლოთ სომხებთან? მაგრამ ქართლ-კახეთმა თვითონ თავისი ძალღონით უნდა გაიუმჯობესოს საკუთარი მდგომარეობა და მხოლოთ ამ საშუალებით უნდა იხსნას თავი სომხის კაპიტალის ბრჭყალებისაგან. მაგრამ ასეთს ბრძოლას გვარ-ტომობის სიძულვილი კი არ უნდა მოყვეს, ამიტომ რომ ეს თვით ჩვენი ერის დამღუპეელი შეიქნება. ახლა ჩამოვთვალოთ ის ღონისძიებანი, რომლითაც ჩვენ უნდა ეებრძოლოთ სომხის. კაპიტალს? მიუცილებლათ, უნდა ვიხმაროთ იგივე იარაღი, რა იარაღითაც სომხები გამდიდრდენ და ჩვენ მათ ეალში ჩაგეფლეს. ჩვენი უნდა გაეხსნათ ჩვენი საკუთარი სამრეწველო და სამეურნეო ბანკები, უნდა დავაარსოთ სამეურნეო და სამრეწველო ასსოციაციები, უნდა ვისწავლოთ ვაჭრობა და აღებ-მიცემობა. გავხსნათ ჩვენივე საკუთარი მოთხოვნილების დუქნები. ახლა, მადლობა ღმერთს, ჩვენი სამეურნეო და სამრეწველო საურთიერთო ბანკის წესდება დამტკიცდა, რაღას ვუცდით?

შევუდგეთ მის გახსნას, რომ ყოველმა ქართველმა ახლავე იქ დააბინაოს თავისი ფული. ამას გარდა უნდა დაარსდეს ასსოციაციები, ანუ ამხანაგობანი ღვინისა, ჭირნახულისა, ხე-ტყისა, მადნეულობისა, აბრეშუმ-ბამბა-მატყლისა, ხილეულობისა და ყოვე ლი ნაწარმოებისა. ყველა სამამასახლისო სოფლებმა უნდა შეადგინონ თავის საკუთარი ამხანაგობანი და გაიჩინოს საერო თანხა, კაპიტალი, რომ ამ კაპიტალით დაჭირვების დროს ხელი მოინაცვლოს. ახლა, მადლობა ღმერთს, ყოველს კერძო კაცს და ყოველს საზოგადოებას და თემობას სახელმწიფო ბანკში გახსნილი აქვს ნდობა სულ იაფი სარგებლით. ყველას შეუძლია აქ ხელი გაიმართოს და მევახშე თავიდან მოიცილოს. აი, ამგვარი შეერთებული ძალით მალე წამოდგება ფეხზე ჩვენი ქართლკახეთი, გამოვა სომხის მოვახშის და ჩარჩის დავი დარაბიდან, იხსნის თავის ადგილ-მამულს მის გირავნობისაგან და მაშინ ხომ საყვედურიც თავისთავათ მოისპობა სომხებზე. მაშინ თვითონ სომხებიც უფრო პატივისცემით, მორიდებით და ძმური სიყვარულით დაუწყებენ ქართველს ხალხს ცქერას და რაკი ამ ორს მონათესავე გვარს სასაყვედურო არა ექნებათ რა, ეჭვი არ არის, უფრო დაუახლოვდებიან ერთმანეთს და ძმური კავშირით შეუდგებიან თავის ეროვნების კეთილდღეობის ძებნას. აქედან ცხადათ დაინახავს ჩვენი მკითხველი, რომ ჩვენი ერის ეკონომიურათ განთავისუფლება თვით ჩვენს ცნობიერს მეცადინეობაზეა დამოკიდებული, ჩვენვე შეგვიძლია საერთო ძალით ვიხსნათ ჩვენი თავი სხვის ვალისა და ვახშისაგან. მაშასადამე დღეს თუ სხვის კაპიტა ლისაგან დაჩაგრული ვართ, ეს თვით ჩვენი უმოქმედობის, მოუხერხებლობის და სიძაბუნის ბრალია. ეკონომიურათ ჩვენი დალაჩრების მიზეზი ჩვენვე ვართ და სხვას ამის გულისთვის ან რათ უნდა ეამტყუნებდეთ, ან რათ უნდა ვემტერებოდეთ? გავანძრიოთ ხელი, შევერთდეთ ამხანაგობათ, ფული ხომ ადვილი საშოვნელია სახელმწიფო ბანკიდან ყოველ გვარ წარმოებისთვის. რაღა გვაბრკოლებს? შეუდგეთ ეკონომიურათ განთავისუფლების საქმეს და მერე კი გინდ სომხებთან, გინდ მაჰმადიანთან, გინდ მთის ხა ლხებთან გზა გაკვერილი იქნება. მათთან კარგი განწყობილება და მეგობრული ურთიერთობა სარგებლობის მეტს, ზარალს არას მოგვცემს.

შარშან ნინოშვილის საფლავზე კვალის“. წარმომადგენელი პირველათ შეხვდა ახალ გუნდს ჩვენი ქვეყნის მოღვაწეებისას, რომელთაც თავის წარმოთქმულ სიტყვებში, ცოტათ თუ ბევრათ, აღნიშნეს ახალი გზა-კვალი თავის მოქმედებისა. „კვალის“ რედაქცია სიამოვნებით მიეგება ასეთს ნიშნებს ჩვენის ახალთაობის მოძრაობისას და, რამდენათა შესაძლებელი იყო, მოკლეთ გამოხატა პროგრამა მათი მოქმედებისა. ამ ახალ გუნდს ჩვენის ერის მუშაკებისას მან დაარქვა „მესამე დასი“. როგორც მკითხველმა იცის, ამ „მესამე დასმა“ და მისმა პროგრამამ მალე გამოიწვია ქართულს ლიტერატურაში ცხარე ბაასი გამოჩნდენ მთელი წყება ისეთი მწერლებისა, რომელნიც წლოვანებით მართლაც ახალთაობას ეკუთენოდენ, ზოგ მათგანს ჯერ სწავლაც კი არ დაემთავრებინა და რადგან ახალგაზდობის ხნიერება საკუთარ პრივილეგიათ მიიჩნიეს, ამისთვის ძალიან დიდი ყოყოჩით და ამაყობით შემოუტიეს „კვალის“ რედაქციას: ბედავეს ჩეენზე უფრო ახალგაზდა თაობასო, ნუ შესაძლებელია „ბებრების“ ახალგაზდობაო და სხვ. და სხვა. „კვალმა“ ამ უდროოთ დამჭკნარს ყვინჩილებს მოახსენა მათი შესაფერი პასუხი და ცხადათ გააგებინა, რომ აქ ახალი გუნდობა წლოვანებაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ მიმართულებაზე და მისწრაფებაზეო. ახალ მუშაკთა გუნდში შესაძლებელია, მოხუცებულნიც ერიონ და უწლოვანო ახალგაზდებიცო. „მესამე დასი“ წლოვანებით კი არ განსაზღვრავს თავის პროგრამის მოქმედებას; არამედ იდეით, პრინციპითო. აქ ახალი არის მხოლოთ გზა, აღნიშნული მოქმედებისათვის, და არა თვით მაზე მოსიარულე მუშაკნი, რომელთაც ახალი გაჭრილი სვრელი (სვე) გააქვთ. ამ სვრელში მოხუცებულთან ახალგაზდაც გვერდით დგას და ხშირათ ისიც მოხდება, როგორც თვით „ივერია-„მოამბის“ მაგალითი გვიჩვენებს, რომ ბრძოლაში გამოცდილი მოხუცი მუშაკი ახალგაზდა გუნდს თავში უდგეს და გზას იკვლევდეს. მართლაც აქ გასაკვირი რა უნდა ყოფილიყო? ცხოვრების პროგრესი, წარმატება, ყოველთვის თვითონ გაიკვალავს ხოლმე თავის გზას და ეინც ამ გზას მიყვება, სულ ერთია, მოხუცებული იყოს, თუ წლოვანებით ახალგაზდა, მაინც ამ ახალ გზაზე დგას და ახალი გუნდიც ეწოდება, ოღონდ კი იმდენი ძალი გამოიჩინოს, რომ ახალ გზას გაჰყვეს, იკვლიოს, იბრძოლოს, გაიმარჯვოს, ქაცვითა და ეკლით მობნეული ბილიკი გზა-ტკეცილათ გახადოს; მაშინ მიუცილებლათ ახალი ცხოვრებაც მისკენ იზამს პირს უკან ჩამორჩენილები, დავრდომილები, რომელთაც არც მხნეობა, არც გამბედაობა და არც ძალი მოდევთ, რომ მტრის ტყვიას პირდაპირ მკერდით შეხვდენ. ეჭვი არ არის, ბევრს იყვირებენ; იქნება ამათ უკნიდანაც აგემონ გახურებული ტყვია წინმსვლელებს. მაგრამ მხნე მებრძოლი არც წინიდან გამოტყორცილს ფინთიხს შეუშინდება და არც უკანიდან დადევნებულს ტყვიას, ის მაინც წინ მიდის, არღვევს ტალღებს აგორვებულს ზღვაში მანამდის, სანამ ბედისწერა არ მოუღებს ბოლოს უშიშარს მებრძოლს. ასეთი იყო ხასიათი წარსული წლის ცხარე კამათობისა „ივერია“-„მოამბესა“ და „კვალს“ შორის.

რომ უფრო დაწვრილებით და თვალსაჩინოთ გამოვარკვიოთ თავი-და-თავი მოსაზრება, რომელმიაც „ივერია“-„მოამბე“ ებრძოდა, ეკამათებოდა „კვალს“, საჭიროა, მოკლეთ გავიხსენოთ ის უმთავრესი საკითხები, რომელნიც, ასე თუ ისე, დაყენებული იყვენ „ივერიაში“ და „მოამბეში“ წარსულს წელს. წინა სტატიებში (იხილე ამ წლის „კვალის“ №№No 1, 3) ჩვენ უკვე ცხადათ გამოვთქვით ჩვენი პროგრამა შესახებ შკოლისა, ბანკისა და ეროვნული ურთიერთობისა და ამ პროცგრამას არაფერი საერთო არა აქვს ზემოხსენებულ ქართულ ჟურნალ-გაზეთში გამოთქმულ მოსაზრებასთან. ახლა დაგვრჩა მხოლოდ ჩვენი უმთავრესი საკამათო საგანიც გამოვარკვიოთ. ვინ იტყვის, ჩეენ ქართული გამოცემებს გულწრფელი აზრი ჩვენი ერის სიკეთისა, კეთილ-დღეობისა, წარმატებისა არ უხელმძღვანელებდეს, მაგრამ საქმე იმაშია ვის როგორ ესმის ეს საჭირბოროტო, სანუკარი და სავალალო ქართველი ერი და მისი წარმატება? ყოველს ჩვენ ქართულს გამოცემათაგანს საგნათ აუღია ამ ჩვენი გათახსირებული საქართველოს ერის ბედისწერა, იმის საბედნიეროთ ცდილობს, უნდა მის ირებს რაიმე განსაკუთრებული წამალი დაადვას, მაგრამ თითოეული მათგანი სულ სხვა-და-სხვა ბარგის წამლებს ულესავს. თვითონ თავის თავი მიაჩნია მხოლოთ ჯანიოზი ექიმათ და სხვას კი აძაგებს, სახელს უტეხს. შესაძლებელია, ეს მას თავისი ერის გულწრფელი სიყვარულითაც მოუდიოდეს, მაგრამ განა არ გინახაეთ, რომ უგნურს დედას თავის ავათმყოფი შვილის განსაკურნებლათ საწამლავი მიეცეს და მოეკლას? ასეთია ჩვენი ქართული ჟურნალ-გაზეთების საქმეც. ყოველი მათგანი თავისას გაიძახის, ყოველ მათგანს მოუპოებია თავისი დასი მკითხველებისა, რომელნიც მართლაც თავისი საყვარელი ჟურნალის, ან გაზეთის მხედველობით ხედავს, მისი გონებით სჯის, მისივე ენით უპატიურათ იხსენებს სხვა მოწინააღმდეგე ჟურნალის, ან გაზეთის მოღვაწეობას. მაშასადამე აქ ქართულ გამოცემებთან ერთათ დაარსებულან კიდეც სხვა-და-სხვა მკითხველების დასებიცა. თუ გნებავთ, აქ პარტიულ ბრძოლას ისეთივე ნიადაგი მოუპოვებია, როგორც ევროპაშია. როგორც ევროპაში, აქაც მკითხველები ერიდებიან იმ გაზეთის და ჟურნალის კითხვას, რომელიც ეწინააღმდეგება მათი საყვარლის ჟურნალის, ან გაზეთის მოსაზრებას; მაგრამ, ჩვენდა საბედნიეროთ, უმთავრესი ნაწილი ჩვენისა ერისა ამ მებრძოლ დასებში არ ჩარეულა და ყველას აზრებს და საკამათო ბაას უპარტიოთ, მიუდგომელ ათ ისმენს; მას იმდენათ მკვირცხლი გონება და მოსაზრება აქვს, რომ მაშინვე შეიტყობს ჭეშმარიტება სად უკაკუნებს, რომელი ტყუის. და რომელი უფრო სწორ გზას ადგია. რაკი ასეთი ნიადაგი აქვს ჩვენს გონებითს მხვნელ მთესველებს, მაშ რიღასი უნდა გვეფიქრებოდეს. დაე, თითოეულმა ჩვენმა ქართულმა გამოცემებმა გარემოებისა და ღონის მიხედეით გამოაკვიოს თავისი მიმართულება, პროგრამა და წადილები. დასთა გარეშე მდგომი ერი გულწრფელათ გაარჩევს და, ადრე თუ გვიან, ჭეშმარიტების მქადაგებელს მიემხრობა. მაშასადამე დასებთან ბრძოლა ჩვენ აბა, რათ უნდა გვაშინებდეს... ვისაც ერი მიემხრობა სავსებით, ბურთი და მოედანი, ადრე თუ გვიან, იმას დარჩება.

მეოთხმოცე წლებში გაჩნდა ჩვენში ერთი პაწია დასი განათლებული თაობისა, რომელმაც დააარსა თავისი საკუთარი გამოცემა „იმედი“ და აღიარა, რომ საქართველოს ხსნა გლეხკაცობიდან უნდა წარმოდგესო. იმან იცნო მხოლოთ გაუნათლებელი გლეხკაცობა ერათ და რწამდა, რომ მხოლოთ ამ გაუნათლებელი გლეხკაცობის საშოდან უნდა წარმოდგესო გონებრივი მოძრაობა, რომელმაც უნდა შეიმაგროს საქართველოს ერიო, ეს დასი ქადაგებდა მხოლოთ გლეხკაცობაში მოქმედებას, მას ის მიაჩნდა მხოლოთ ერათ და გარეშე გლეხკაცობისა მას არ სწამდა არაფერი. ამ სახით დაარსდა რუსეთის მიბაძვით ჩვენშიაც ესრეთ წოდებული Hapодникъ-ობის დასი, ან როგორც „კვალში“ უწოდა ბ-ნ ხომლელმა „დასი ტეტიაობის მოტრფიალეთა“. მაგრამ გამოჩნდა, რომ ამ ცალკერძმა მიმართულებამ ვერ მოიპოვა თანაგრძნობა საქართველოს ერისა და მალე დაკარგა ნიადაგი მოქმედებისა. ის დაინთქა ცხოვრების ახალ მიმართულების მორევში და ზოგიერთ გადარჩენილთა მალე შეაფარეს თავი „ივერიის“ რედაქციას, რომლის ხელმძღვანელმა თავისი ზეგავლენით ადვილათ შეუცვალა „ტეტიათ მოტრფიალეთა“ მათი ელფერი; ის კიარა, კიდეც შეიტკბო ისინი და გადასცა მათ სავსებით თავისი საკუთარი შეხედულება, თავისი საკუთარი გულის წადილი. ამ სახით ძველი ნაშტი „ტეტიათ მოტრფიალეთა“ შეუსისხლხორცდა ახალი „ივერიის“ მიმართულებას, რომელმაც მალე წამოაყენა და ძალიან ცხადათაც გამოარკვია ამ უკანასკენელ ორი წლის განმავლობაში თავისი პრინციპი და პროგრამა. წინააღმდეგ გლეხკაცობისა „ივერიამ“ წამოაყენა წინ თავად-აზნაურობა, როგორც წარსული საქართველოს ისტორიული კულტურის ნაყოფი, უპირატესი წოდება... მას არ დარჩა შეუმჩნეველათ მოუძლურება საქართველოს წარჩინებული წოდებისა და ამის გამო დაიწყო ქადაგება, რომ თუ უნდა თავად-აზნაურობას მისი ისტორიული როლი შეირჩინოსო და მომავლშიაც საქართველოს ერს სათავეში უდგესო, ეცადოს ევროპის განათლება შეითვისოს და არავითარს სოციალურს (საზოგადოებრივს) მდგომარეობაში მისი ერთხელვე შეძენილი უპირატესობა არ დაჰკარგოსო, არავის დაუთმოსო.

ჩვენ დღეს ვაჭრების კაპიტალისაგან დაჩაგვრას ეტირით; „ივერიის“ და „მოამბის“ პუბლიცისტები კი ქართველი ერის საკეთილდღეოთ მეორე გვარის კაპიტალსაც ზედ გვიმატებენ, ალბათ, რომ უფრო ღონიერათ გამოწოვონ საქართველოს ერს სარჩო-საბადებელი. ამ სახით, როგორც თვით მკითხველი დაინახავს, სალიტერატურო ასპარეზზე გამოჩნდა ორი დასი: ერთი, — რომელიც ქადაგებდა თავად-აზნაურობის კეთილ-დღეობის პრინციპს, მეორე — რომელიც მარტო გლეხ-კაცობის ბედისწერის გაუმჯობესობაში ხედავდა საქართველოს ერის ხსნას.

„კვალის“ მეთაურებმა უარჰკვეს პირველი დასის შეხედულებაც და მეორისაც, რადგან ორივე იყო ცალკერძი და უსრული. როგორც მთელს კაცის ტანს ვერ აცოცხლებს მარტო წელ-ქვემოთი ტანი, ან მარტო წელზემოთი, ისე მთელს საქართველოს ერს სიკეთე არ დაეყრება, თუ მარტო მის თავად-აზნაურობაზე ვიზრუნეთ, ან მარტო მის გლეხობაზე. ამისთვის „კვალი“ დიდი სიხარულით და აღტაცებით მიეგება იმ ახალ გზაზე მოსიარულე „მესამე დასს“, რომელმაც უარჰყო წოდებათა განკერძოვება და მათზე მზრუნველობა. იმან გამოაცხადა საგნათ თავის ზეგავლენისა მთელი საქართველოს ერი, განურჩეელათ წოდებისა, შთამოებისა და მოხელობისა. საქართველოს ერი მარტო გლეხ-კაცობა, ან მარტო თავად-აზნაურობა კი არ არის, არამედ ეს არის შემკრებელობითი არსება, რომელშიაც გლეხიც არის, თავად-აზნაურიც, ღვდელიც, ვაჭარიც, მოხელეც და მოქირავე ყმაც. ამ შემკრებელობითს არსებას ეწოდება საქართველოს ნაცია, ისტორიული კულტურით ზრდილი და გამაგრებული თავისი ენით, თავისი ნაციონალური სარწმუნოებით და თავისი ნაციონალური თვით-არსებობით. აი, საგანი ჩვენი ყურადღებისა. ჩვენ უნდა ვეცადოთ, მხარი მივცეთ ყოველს ისეთს გარემოებას, ყოველს ღონისძიებას, რომელსაც შეუძლია მთელი საქართველოს ერი განამტკიცოს, გააღონიეროს ერთიანობით, პოლიტიკურათ და ეკონომიურათ; აგრეთვე უნდა ვეწინააღმდეგოთ ყოველს მეცადინეობას, რომელსაც შეუძლია რომელიმე ნაწილი ამ შემკრებელობითი ერთარსებობისა გააბატონოს და დააწინაუროს სხვა მის ნაწილებზე. ამ პრინციპის ძალით ჩვენ არ თანაუგრძნობთ, მაგალითათ, ყოველსავე დაწესებულებას, რომელსაც ჰქვია ან მარტო თავადაზნაურობის სახელი, ან მარტო. გლეხობის, ან ვაჭრობის სახელი. ჩვენ ბედნიერათ მივიჩნევდით, მაგალითათ, იმას, რომ ჩვენს სათავად-აზნაურო შკოლაში თავადისა და აზნაურის შვილს გვერდით გლეხის შვილიც მჯდარიყო. ჩვენ გვსურს, რომ სასოფლო გამგეობაში და სამართალში გლეხი და თავად-აზნაური ერთათ განიგებოდენ და ერთათ განისამართლებოდენ. ყოველი საერთო კაპიტალის წარმოება, რანაირი და რა ფორმაც უნდა იყოს ის, მაგალითად, ბანკები, თუ საურთიერთო გამსესხებელთ-შემნახველი ამხანაგობა და სამრეწველო კრედიტი, უნდა იყოს გამართული ყეელასთვის, წოდების განურჩევლათ და ყველა ამგვარს დაწესებულებას უნდა ერქვას ქართული დაწესებულების სახელი არა „სათავად-აზნაურო“, არა „საგლეხო“, არამედ საზოგადო, სანამ ქართველი ერი თანასწორ უფლებას არ მიიღებს სხვა ერებს შორის. აი, ასეთი ეროვნული პრინციპი წამოაყენა წინ „კვალმა“ და ამიტომაც უწოდა მან თავის მომხრეებს „მესამე დასი“, რადგან ის მართლაც მესამე დასია, თუ მივიღებთ მხედველობაში ორის ზემოხსენებულის დასის არსებობას. და რომ ისინი არსებობენ, ამაში ეჭვი არ არის. ისინი ამ „მესამე დასზე“ ბევრათ ადრე მოქმედებდენ ჩვენს ქართულ ლიტერატურაში და ცხოვრებაში.

ისტორიულ პროგრესს მეთვრამეტე და მეცხრამეტე საუკუნისას ჯერ ჩვენში ჯეროვანი ნაყოფი არ გამოუღია. და რა არის ამის მიზეზი? ის, რომ ამას ეწინააღმდეგებიან ერთხელვე დამკვიდრებული ჩვენში ისტორიული გარემოებით ისეთი გარეშე ძალები, რომ სანამ ისინი იქნებიან ძლევამოსილნი, მანამ ჩვენც უნდა ვიშრომოთ თავგამეტებით, რომ მივყვეთ მაოლოთ ევროპის პროგრესის კვალს. ჩეენც ის იარა ღები უნდა ვიხმაროთ ჩვენი წარმატებისათვის, ჩვენი თვით არსებობის დასაცველათ, რაც ევროპის ერებს უხმარიათ. აი, თუ გნებავთ, ამ მისწრაფებაში გამოიხატება ჩვენი პროგრამა მოქმედებისა და ამითი განესხვავდებით ორს ჩვენ წინამორბედ დასებთან, რომელთა წარმმადგენლებათ მიგვაჩნია დღეს „ივერია“ და „მოამბე“.

გ. წერეთელი.