The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


მწირი
მწირი

ლერმონტოვი მიხეილ

მწირი

(ნაწყვეტი)

მ. ლერმონტოვით

არა-მრავალთა წელიწადს წინა,
იქ, სად ერთვიან და გააქვს გრგვინა
ორთა მდინარეთ, არაგვსა და მტკვარს,
რომელნიც დურად ჩართულ ხელი-ხელ
მიაქანებენ ქვე თვის მღვრიე წყალს, –
იქ მონასტერი ყოფილა ერთხელ,
დღესაცა მგზავრი მთებიდამ ხედავს
ბოძებს, დაქცეულს ალაყაფის კარს,
დღესაც ჩანს ბურჯი, თაღი საყდრისა,
მაგრამ მის ქვეშ საცეცხლურისა
სურნელი ბოლი აღარა ბოლავს
და განთიადის საღვთო გალობას
მლოცავთა ბერთა ვერ ისმენს მგზავრი.
ეხლა მარტოკა იქ ცოცხალ-მკვდარი
ნანგრევთა მცველი მოხუცებული,
კაცით, სიკვდილით დავიწყებული –
მტვერსა აშორებს საფლავისა ქვებს,
რომელთ ნაწერნი მოგვითხრობს, გვამცნობს,
ვითარ ჰქონიათ ადრე დიდება,
ვით წართმევიათ ბედნიერება,
როს ქართველთ მეფე ამა დ’ამ წელსა
რუსს აბარებდა თვის ერთგულ ერსა

--------------------

მას აქეთ, რაცა კურთხევა ღვთისა
მიეცა ტანჯულს ივერიის ერს,
რაც კარგი ექნას რუსისა შტიკსა,
ღმერთმა იმ რუსსვე ასკეცად მისცეს.

II

ერთხელ ვიღაცა რუსთ ღენერალი
ტფილისს ვიდოდა მთით მომავალი,
ტყვედ ყრმა მოჰყეანდა ექვსისა წლისა,
ავად გახდოდა; ყრმას შეჭირვება
ვერ გადეტანა შორისა გზისა;
ლერწივით სუსტით ტანით იხრება,
ის ფრთხის, შიშობს ვით ქურციკი მთისა,
მაგრამ მტანჯველმა სენმა იმ ყრმასა
ვერ აუჩვილა მომთმენი გული
და მხოლოდ გახსნა მასში იმ ჟამსა
მის მამა-პაპის ძლიერი სული.
უწყალო სენით იქანცებოდა,
უჩივრად ტანჯვით სენსა ებრძოდა,
მაგრამ არც სულთქმა, არც მცირე კვნესა,
არ წასცდენია მის ნორჩ ბაგესა...
სასმელ.საჭმელი ეზიზღებოდა
და ამაყად და მშვიდად კვდებოდა.
სიბრალულითა ერთ კეთილ ბერმა
თვის სენაკშია მიიღო ის ყრმა.
რა შეეფარა მფარველ კედლებსა,
ბერთ მზრუნველობით გადურჩა სენსა
მაგრამ პირველად ყმაწვილურ ლხენას
როგორცა უცხო გაექცევოდა,
ერიდებოდა საბრალო ყველას
და მარტო ხოლმე დაეთრევოდა, –
სულ მარტო, უხმოდ, დაღონებული...
ოხვრით შესჭვრეტდა აღმოსავლეთსა,
თვის სამშობლოზედ ურვით მოკლული –
ცაზე ეძებდა მშობლიურ მთებსა.
მერეთ ემონა ტყვეობას ისა,
იწყო გაგება უცხოს ენისა;
მონათლა იგი ბერმა კიდეცა,
და როცა უნდა, ჯერ ქვყენის უცნობს,
სამონაზონო აღთქმა მიეცა, –
გაექცა იგი თვის საპყრობილოს
ერთ შემოდგომის წყვდიად ღამეში
და დაიკარგა დაბურულ ტყეში.
ამაოდ ჩანვლეს სამ დღის ძებნითა,
ვერ მიხვდნენ იმა ყმაწვილის კვალთა,
მერეთ კი იგი გულშემოყრილი,
გაფითრებული და ფერმიხდილი, –
უგრძნოდ მდებარე ველზედა ჰპოვეს
და მონასტერში კვლავ მოიტანეს.
საშინლად იყო გაყვითლებული,
ისე გამხდარი, მისუსტებული,
თითქო შიმშილი, ან სნეულება,
ან დიდი ხნისა რამ შეჭირვება
გამოუცდია, მოუთმენია
და საბრალოსა ზედ დასჩნევია.
კითხვაზედ პასუხს არვის ეტყოდა,
დღე-და-დღე უფრო ცხადად სჭკნებოდა
მოუახლოვდა მას აღსასრული...
მაშინა ბერი მოხუცებული
მოვიდა მასთან დარიგებითა,
ლოცვებითა და მუდარებითა.
ამაყად ტყვემა ის მოისმინა,
თვის სუსტი ღონე შემოიკრიფნა,
წამოიწია, ტანჯვით წამოჯდა,
და დიდხანს იგი ამას ამბობდა:

III

„ჩემს აღსარების მოსასმენლადა,
გმადლობ, მოსულხარ, წმინდა მამაო!
რაც უნდა იყოს, თუმც ჩანს ძნელადა,
მაინც კარგია, მწარე სიტყვებით
შესუბუქება მოკლულ გულისა,
მოთხრობა ტანჯვის ხვედრისა ხელით
იმ გულის სიღრმეს ჩამარხულისა.
მხოლოდ კაცთათვის კი ბოროტება
მე არ მიქნია, მისთვის ცხოვრება
ჩემი ფუჭია თქვენ გასაგონად.
ახსნა კი სულის არა მაქვს ღონად!
სიცოცხლე მქონდა, თვით იცი, მცირე,
ისიც ტყვეობას წყეულს შევწირე;
მისთანას ორსა ერთს სიცოცხლეზედ,
მგრგვინავ ბრძოლითა მხოლოდ სავსეზე,
გავსცვლიდი, თუ რომ მე შემძლებოდა...
ერთს განზრახვასა ეს გული სცნობდა,
ერთს გულთქმას, მაგრამ ცეცხლებრ ანთებულს,
იგი ვით ჭია ჩემში სცხოვრობდა,
იგი მიღრღნიდა და დაგავდა სულს!
იგი ჩემს ფიქრებს განუძახებდა
ამ ბნელ სენაკით და ლოცვებისგან –
იმ გასაოცარ, მებრძოლ, შფოთიან
ქვეყნისაკენა, სადაც ღრუბლისგან
კლდენი შავადა ჩაცმულ არიან,
სადაცა კაცნი თავისა ხმლითა
თავისუფლობენ არწივსავითა.
ღამეში ბნელში,მდუღარე ცრემლით,
ტანჯვით, წუხილით, კვნესით, ვაებით,
მე ის გულისთქმა გამიზარდნია,
მასზე მოოხრავს და მიდარდნია.
და ეხლა ქვეყნის და ზეცის წინა,
ამ უკანასკნელ ჩემ წამსა შინა,
მას ვაღიარებ ხმაამაღლებით;
თუნდ იყოს ცოდვა თქვენისა მცნებით –
მის მოტევებას არ გევედრებით.

IV

„მოხუცო! ბევრჯერ მომისმენია,
რომ სიკვდილისგან მოგირჩენია
შენ ჩემი თავი; მითხარ, რისთვისა?
ამ დაჩაგრულის სიცოცხლისთვისა?
როგორც ნაწყვეტი მეხით ფოთოლი,
დაღონებული, მარტო, ობოლი,
ამ ბნელ კედლებში გამზარდა ბედმა
ბედითა ბერი და სულით კი ყრმა.
მე აქ კაცისთვის არ შემეძლო თქმა
ღვთიურ სიტყვების „მამა და დედა“...
გული მეწოდა ობლობაზედა.
მე მჯერა, ბერო, რომ ისურვებდი,
რომ მე ამ უტკბეს, მშვენიერ სიტყვებს
ამ უდაბნოში გარდავჩვევოდი;
ამაოდ! გული ვერ დაივიწყებს
მას, რომლის ხმანიც მასთან ჩენილან
და აქამომდე შიგ აღბეჭდილან.
ვხედავდი-სხვებსა ჰყავთ მეგობარნი,
აქვს ტკბილ სამშობლო, სახლი და კარნი,
ნათესავნი ჰყავთ; – თავსა ვვაებდი,
ჩემთვისა იმათ ვეღარ ვპოვებდი,
არამც თუ ცოცხალთ – იმათ სამარეს...
მაშინ რა ფუჭსა აღარ ვღვრიდი ცრემლს...
გულში წარმოვსთქვი ჩუმად ფიცი მე,
რომ ერთს წუთს მაინც, ერთს წუთს როდისმე
ეს მკერდი ჩემი-მთლად ანთებული
ტანჯვით, წუხილით, მივაპყრა სხვა მკერდს,
თუნდ ძგერდეს მასში უცნობი გული,
ეკუთვნიდეს კი ჩემ მშობლიურ თემს.
ვაი! ოცნება იგი შემკული –
ეხლა აღმესპო მშვენებით სრული,
და ვით ვიცოცხლე უცხო ქვეყნადა –
ისიც მოვკვდები ობლად, მონადა.

[1859 წ.]

  მწირი (ნაწყვეტი)

ხელნაწერი: ავტოგრაფი U №108 (A). M № 7989 (B).

სათაურის ქვეშ: ლერმონტოვით (AB).

თარიღი: – (AB).