The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


* * * (ორს მაისს გამოვიდა ახალი ქართული სალიტერატურო და სამეცნიერო ჟურნალი „მნათობი“)

წერეთელი გიორგი

გაზ. „დროება“, 1869, № 19.

თფილისი 8 მაისს.

ორს მაისს გამოვიდა ახალი ქართული სალიტერატურო და სამეცნიერო ჟურნალი „მნათობი“, ჩვენთვის ძლიერ სასიამოვნოა ახალი ჟურნალის დაარსება; ყოველი მამულის კეთილ-დღეობის მოსურნე უნდა შეჰხაროდეს ამისთანა შესანიშნავ — საზოგადო საქმესა; ახლანდელ ჩეენ ღარიბ ლიტერატურაში არა თუ ჟურნალის გამოცემა, ორი დაბეჭდილი თაბახის გამოსვლაც შესანიშნავია. „დროების“ რედაქციისათვის ახალი ჟურნალის დაარსება მეტადრე სასიამოვნო უნდა იყოს, რადგან ორივეს ერთი და იგივე დანიშნულება ექმნება და ორნივ ერთად ეცდებიან ერთს და იგივე მიზანს მიაღწიონ; უეჭველია, რომ, როცა ორი კაცი დაადგება ერთს რასმე, მაშინ უფრო კარგათ წავა საქმე და მათ შრომასაც უფრო ნაყოფიერი და სასარგებლო შედეგები ექნება, ვიდრე მაშინ, როცა ესვე საქმე მარტო ერთს აწევს კისერზედ.

პირველს სტატიაში უ. ინაშვილი ამტკიცებს, რომ რიგიანი ჟურნალი ჩვენთვის საჭიროაო და ცხარად აყვედრის იმათ, ვინც ჩვენში ჟურნალის სარგებლობასა უარჰყოფს. ძლიერ შესაძლებელია, რომ არიან ჩვენში ისეთნი პირნი, რომელნიც მართლა უარჰყოფენ ჟურნალის სარგებლობასა; მაგრამ, როგორც ყველაფერს ქვეყანაზე, ისე ამათ სიტყვებსაც აქვს თავისი საფუძველი და მიზეზები.

უ. ინაშვილი ამბობს: „ჩემი მოწინააღმდეგენი თითს მიმიშვერენ „საქართველოს მოამბეზედ“ და გულის სიამაყით მიტყვიან: „იხილეთ და სცანით, ურწმუნოვ“! — ისეთი ჟურნალის დაცემა, როგორიც იყო „საქართველოს მოამბე,“ რასაკვირველია, ბევრს ჩამოაყრევინებდა ფრთებს და აფიქრებინებდა, რომ ჩვენ მი ჟურნალები ჯერ-ჯერობით ვერ იხეირებენო. ამ საქმეზე კარგათ უნდა მოიფიქროს „მნათობის“ რედაქციამ; იმან მგონია, უნდა იცოდეს რომელი მიზეზებისა გამო მოკვდა ისე მალე „საქართველოს მოამბე“. ამიტომ რომ იმას მოაკლდა თანამშრომელები, ჟურნალი უკანასკნელ დროს გათხელდა, სტატიები შემსუბუქდენ; ამის გამო მეორე წელიწადს, რომ ეცოცხლა, რასაკვირველია, ხელის მომწერნი მოაკლდებოდნენ;
მესამეს შეიძლება, ოციც აღარ ეყოლებოდა და შემდეგ დაიწყებდა ჭაპან-წყვეტით ფორთხვას. ამ ძაღლურ ცხოვრებას „საქ. მოამბემ“ ისევ ის ამჯებინა, რომ ერთბაშათ მოესპო თავის თავის არსებობა.

რედაქციამ უნდა მიიღოს ყურადღება ში-თუ რა იშვიათად მოიპოვება ჩვენში ასეთი ჟურნალის ხეირიანი თანამშრომელი და საზოგადოთ მწერალი, რომელსაც შეეძლოს დაუჯილდოებელად იშრომოს ჟურნალისათვის. ეკონომიური გარემოების გამო ყოველგან და აგრეთვე ჩვენშიაც ნასწავლი და მცოდნე ხალხი თითქმის სულ ღარიბები არიან; ღარიბს, რასაკვირველია, ყველაზე უფრო ლუკმა პური სჭირდება; ამის გამო. ის ეძებს ისეთს შრომას,რომელიც მას აძლევს ამ ლუკმა პურსა; ის შედის სამსახურში, კეთდება ჩინოვნიკათ და ხშირად სამსახურით ისეთ ნაირად არის ის შთანთქმული, რომ ვერ ახერხებს საზოგადოსალიტერატურო საქმეებში მონაწილეობის მიღებასა.

ჩვენ გვსურს, რომ „მნათობის“ რედაქცია ამ კარგად მოიფიქროს ამ საქმეზე.

პირველ ნომერზე ჩვენ ვერაფერს ცუდს ვერ ვიტყვით, თუმც (რედაქცია თვითონ უნდა გრძნობდეს ამას) იმას არა აქვს ისეთი სიცხოვლე და ისეთი ჟურნალის ხასიათი, როგორიც ჰქონდა პირველ „საქართველოს მოამბის“ ნომერსა. საზოგადოთ პირველ ნომერში კარგი სტატიები არიან; მაგ. „საჭიროა თუ არა ქართული რიგიანი ჟურნალი“, უ. ინაშვილისა — ძლიერ ცოცხალი სტატიაა; უ. ინგილო-ზანაშვილის გაუთავებელი სტატია, იმედია კარგი იქმნება; აგრეთვე თ. ჯამბაკურიან-ორბელიანისა-ისტორიული სტატია „ასპინძის ომი, 1770 წ.“ და სხვ. განსაკუთრებით გვიამა ჩვენ, რომ უ. ავალიშვილს მიუღია თავისთავზე შრომა „დონ-კიხოტის“ გარდათარგმნისა. ჩვენ გვგონია, რომ ამისთანა. ქმნილებაები რომ ხშირად თარგმნოს რედაქციამ, ჟურნალი იშოვნის ბევრს მკითხველებს. პეთილი და სასარგებლო საქმეა აგრეთვე მასესი — „ლუკმა პურის“ გადაკეთება.

ჩვენთვის ძლიერ სასიამოვნო იქნება, რომ ახლად დაბადებულ ჟურნალსა „საქართველოს მოამბესთანა“ ბოლო არ ექმნებოდეს, რომ ის წინდახედვით წაიყვანდეს თავის საქმესა და არავის მისცემდეს იმის თქმის მიზეზსა, რომ ახალი თაობა ვერაფერს საქმეს ხეირიანად ვერ წაიყვანსო.
ჩვენის მხრით – ვისურვებთ ახალი ჟურნალისათვის ყოველ კეთილდღეობასა და წარმატებას.