The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ჩ... სას

ჩ... სას

უცხო თემის ყარიბ მთქმელსა
რად აღმიგზენ სიყვარული?
ლამის, ტურფავ, შენს ტრფობაში
მე შთავწურო სრულად გული!
ერთხელ მითხრა: "ცხოველ ქვეყნის -
ივერიის შობილი ხარ;
მაღალ მთების ქარიშხალით,
ელვით, ჭექით გაზრდილი ხარ.
"მე ჩრდილეთის ველზედ ვყვავი,
ზამთრის სუსხით დაჩაგრული;
შენს მხურვალს გულს ვითა გასცემს
პასუხს ჩემი ცივი გული?!"
ტურფამ ეგრე განირიდა
ჩემი წმინდა სიყვარული!
სჩანს ოდითვე დანიშნულა
სამარტოოდ ჩემი გული!

22 ივლისსა,1860,
პავლოვსკი.

 

ხელნაწერი: U:

ავტოგრაფი, კრებ № 108, გვ. 118 (B).

ნაბეჭდი:

«კრებული», 1871, წიგნი მე-2, გვ. 145 (C); დედა და შვილი და რამდენიმე ლექსი თ. ილია ჭავჭავაძისა, ზ. ჭიჭინაძის გამ. ტფილისი, 1882, გვ. 29 (D); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, ტფილისი, 1889, გვ. 318 (E); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 165 (A).

სათაური:

- E.

თარიღი:

1871 (სარჩევში - 1859) A; 22 ივლისსა, 1860, პავლოვსკი B.

ხელმოწერა:

*** C; ი. ჭავჭავაძე (სარჩევში) E.

4 შთავწურო] შთავსწურო B. 8 გაზრდილი] გაზდილი B. 9 ვყვავი] ვჰყვავი B. 13 ეგრე] ეგრეთ B. 14 წმინდა] წმიდა B. 16 სამარტოოდ] უპასუხოთ BC, უზიაროთ D.

ლექსს ვათარღებთ ავტოგრაფის მიხედვით.

ჩ...: ჩაიკოვსკაია, საშა (ალექსანდრა) ილიას ასული (იხ. კომენტარი ლექსისა «მაშინ დავსტკბები». გვ. 346-348).