The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


წინასწარმეტყველი
წინასწარმეტყველი

პუშკინი ალექსანდრე

წინასწარმეტყველი

(პუშკინით)

რა დავდიოდი ბნელ უდაბნოსა,
სასულიერო წყურვილი მწვავდა,
და სერაფიმი ჯვარედინ გზასა
მე ექვსფრთიანი გამომეცხადა.
თითებით მჩატით, ვითა სიზმარნი,
ჩემსა თვალებსა შეეხო ისა:
განმეხსნეს წინა-მხედველნი თვალნი,
ვით შეშინებულს დედა-არწივსა.
მერედ ჩემთა ყურთ შეეხო ისა,–
ბგერით, გუგუნით აღმევსნენ ყურნი,
და მსწრაფლ მომესმა მე თრთოლა ცისა,
ანგელოზების ფრენა ციურნი,
აღმოცენება ველზედ ვაზისა
და ზღვის ქვემძრომთა წყლის ქვეშე დენა.
ჩემთა ბაგეთა შეეხო ისა
და ამომგლიჯა ცოდვილი ენა,
ენა ბოროტი, უქმი მეტყველი,
და ბრძენ გველისა მე საქენჯელი
დალოცვილ ხელით შთამიდგა მანა
ჩემ გასისხლებულ ბაგეთა შინა.
მერე განმიპო მკერდი მახვილით
და ამოიღო მთრთოლარე გული,
და ნაღვერდალი ცეცხლის ალივით
შთადვა ჩემ მკერდში მან ანთებული.

და, როგორც მკვდარი, უდაბნოს ვიწექ
და აღმიძახნა უფლის ხმამ: „აღზდექ,
წინასწარ-მეტყვო! ჰსჭვრეტდე, ისმენდე,
ჩემის ნებითა აღივსებოდე,
და მოივლიდე რა ხმელთ და ზღვათა,–
სიტყვითა გულებს უნთებდე კაცთა!“...

23 ივლისი,
1858 წ.

პეტერბურგი

  წინასწარმეტყველი

ხელნაწერი: ავტოგრაფი U №105 (C); № 108 (D); M №17501 (B). U ასლი № 217.

ნაბეჭდი: ცისკარი, 1861, № 1, გვ. 130-132 (F). თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, ტ. I, ტფ., 1892, გვ. 32-33 (A). ივერია, 1899, № 109, გვ. 2 (G). ა. ს. პუშკინი. თხზულებანი, ტფ., 1899, გვ. 85-86 (Η).

სათაურის ქვეშ: პუშკინიდგან (F); პუშკინით (A).

ხელმოწერა: ილია ჭავჭავაძე (G).

თარიღი: 1858 (A). 1858 წელსა 28 ივლისს, ს. ტიარლევო (CDF).

20. 3 რა დავდიოდი] რა ვწანწალებდი B. 7 სიზმარნი] სიზმარი Η. 11 მერედ] მერეთ D. 20 საქანჯელი] საქანჯელი C.

21. 1 დალოცვილ... შინა] სისხლიან ხელით გასისხლებულში, შთამოდგა ბაგეს მან გაყინულში B. 2 მერე] და მან B. 5 ჩემ მკერდში] ღია მკერდს C. 7 აღზდექ] აღსდექ C. 8 წინასწარ – მეტყვო] წინასწარ მთქმელო B. 9 ჩემის ნებითა] ჩემისა ვნებით D. 10 რა.... ზღვათა] ხმელეთთა. ზღვათა D.