The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ჩიტი

ჩიტი

ჩიტი ვგალობ

 და ვგალობ და იმით ვხარობ,

რომ მე ქვეყანას

გალობით ვატკბობ.

 

ჩემია წერა:

მღერა და მღერა,

ლხენა, გალობა,

თავისუფლობა.

 

ღვთით მოცემული

დიდ არს ქვეყანა,

გახარებული

ვფრინავ ყველგანა.

 

სადაც კი მინდა,

გადავფრინდები,

ნიჭი მაქვს წმინდა,

საფრენად - ფრთები.

 

ლურჯსა ჰაერში

ჩავიღუპები,

ფოთლიან ტყეში

დავიბუდები.

 

ღამეს ვატარებ

ხეზედა ძილით,

დილას ვახარებ

გალობით ტკბილით.

 

და რა მზე მალვით

თავს შორს ამოჰყოფს,

მის სხივი კრძალვით

ფოთლებს ააშრობს,

 

- გავიშლი ფრთებსა,

გავიჭიმები,

გავიწვდი ფეხსა,

გავიზმორები.

 

ჯერ შევხედავ ცას,

ქვეყნის დამბადავს,

მერედ - მთა და ბარს,

ჩემსა შემნახავს,

 

მერედ - ჩემს ფრთებსა,

ჩემ საყვარლებსა...

მათის იმედით,

მღერით და ლხენით,

 

მსწრაფლ ისარივით

ცას აღვფრინდები

და შორს ქარივით

თვალწინ გავქრები.

 

მინამ ვარ უფლად

 ჩემის თავისა,

მხიარულ სტუმრად

ვარ მაისისა,

 

და როს ცდუნებით,

ძალდატანებით,

გალიას ჩამსმენ, -

მშვიდობით, ველო,

მაშინ აღარ გსტვენ,

საწყალობელო!

 

დაღონებული,

 ფრთებდაშვებული,

დავიწყებ ჭკნობას,

სიკვდილის ხმობას... .

 

და, ველო, შენსა

გამღვიძებელსა

შენს ჩიტს პატარას

მალე ნახავ მკვდარს.

 

რაი სურს კაცსა,

რომ მიბამს ფრთასა?

თავისუფლება

ჩიტის ჰშურდება?!.

 

1858-სა წელსა, 7-სა მარტსა,

 

  ხელნაწერი:U: ავტოგრაფი, კრებ. №108, გვ. 51 (B)

ნაბეჭდი: თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 27 (А).

თარიღი: 1858 А; 1858-სა წელსა 7-სა მარტსა, ს. პეტერბურღი B.

45. 1-4 ვგალობ... ვატკბობ] უსტვენ და უსტვენ, შურითა მჭვრეტენ, არაფერს დავსდევ, შრომას რას ვაქნევ B. 7 ლხენა, გალობა] დაუდევნლობა B. 16 საფრენად] საფრენათ B.

46. 3 «ფოთლიან»-ის ნაცვლად B-ში ჯერ ეწერა «ნისლიან», გადახაზულია. 6 ხეზედა ძილით] ფოთლიან ხეზედ B. 8 გალობით ტკბილით] სხადასხვა ხმებზედ B. 10 ამოჰყოფს] ამოჰყობს B. 11 კრძალვით] გრძალვით B. 19, 21 მერედ] მერეთ B.20 ჩემსა შემნახავს - B. 23 – 24 მათის იმედით, მღერით და ლხენით - B. 28 თვალწინ გავქრები] ჩავიღუპები B.

47. 1 უფლად] უფლათ B. 3 სტუმრად] სტუმრათ B. 6 ძალდატენებით] და მოტყუებით B. 7 ჩამსმენ] ჩამსვენ B. 13 დავიწყებ] დავიწყობ АB. 17 შენს] შენ B. 22 ჰშურდება] შურდება B.

ლექსს ვათარიღებთ ავტოგრაფის მიხედვით.

ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში 1858 წლის 7 მარტით - ლექსის დაწერის ადგილის მიუთითებლად, - დათარიღებულია (სარჩევი, გვ. V) ლექსის პირველი ვარიანტი (B), რომელიც ვარიანტების განყოფილებაშია დაბეჭდილი, «ჩიტის» მეორე ვარიანტის (А) თარიღად კი (სარჩევში. გვ II.) მითითებულია მხოლოდ წელი - «1858 წ.»; 1925 – 1951 წწ. გამოცემებში ლექსის პირველი ვარიანტი დაბეჭდილი არ არის, მაგრამ მის მიხედვით დათარიღებულია ლექსის მეორე ვარიანტი, - ძირითადი ტექსტი («7 მარტი, 1858 წ., პეტერბურგი»).