The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ჩემი თარიარალი

ჩემი თარიარალი

(მიბაძვა ალ. ჭავჭავაძისადმი)

ჰე, ძმანო! ნეტავი ჩვენა,
ჰარიარალი!
დღეს მოგვეცა შვება-ლხენა,
თარიარალი!
მამულისა სიყვარულმა
ძმობა გულში ჩაგვიყენა.

რაგინდ რომ ცარი ღრინავდეს,
ჩვენის სისხლისთვის გრგვინავდეს,
ვერ შეგვაშინებს ჩვენ ცარი,
თუ გულში ძმობა ბრწყინავდეს.

მინდა ვსთქვა, კალამი მამე,
ცენზორო, დასტური დამე,
მონება კაცთ არ შეშვენისთ,
ქრისტეა ამის მოწამე!

ცარმა რა ერთხელ ინება
მორჭმულ კაცის დამონება,
თვის სხეული კერპად დასვა,
სული ეშმაკთ მიანება.

ჰე, ძმანო! ჩვენ მათ განვშორდეთ,
ჩვენ ჩვენს მამულს ვეპატრონნეთ,
ქართველს ვაჩვენოთ ქართვლობა,
მერე თუნდა დავიხოცნეთ.

თუ ერთობა ჩვენ გვექნება,
მტერი წინ ვით დაგვიდგება;
ჩვენგანი ქართვლის დამთრგუნველს
ან მოჰკლავს, ან შეაკვდება.

თუ ჩვენში ძმობა იქმნება,
საქმე არსად წაგვიხდება,
აგერ თვით დიდი ეზოპი
თავის ზღაპრით მემოწმება.

ჰე, ძმანო, ვიყვნეთ ერთ ბედით,
წინა წავიდეთ გაბედვით,
ჩვენ ცარი ვერას დაგვაკლებს
თვისის ბრმა წინასწარხედვით.

დავეხსნათ ჩინის ძებნასა,
ემაგ ფუჭსა დიდებასა!
ჩინოვნიკი სულ ძილს ჰფიქრობს
და ჩვენ კი - გამარჯვებასა.

ვემსხვერპლოთ ქრისტისა მცნებას,
ვაშოროთ ქართვლი მონებას,
ქართვლის უბრალო მადლობა
გვერჩივნოს ყოველ დიდებას!

ჰე, ძმანო! თქვენც მეთანხმებით
ამგვარის ჰაზრის ხსენებით:
სიბრიყვის კარი გავტეხოთ
მონარხთა გამოჯავრებით.

ამა სოფლისა ცხოვრება
განყოფით არ იპოვება.
ვინცა ძმობით არ ყოფილან,
მათ მოჰხვედრიათ მონება.

მაშ, მოდით, ისევ ძმობითა
დრო გავატაროთ შრომითა,
მამულს სიცოცხლე შევსწიროთ
შვილურის ერთგულობითა.

თუ დავესწრათ გაზაფხულსა,
ჩვენგან ნათესს აღმოსულსა,
მეტი ჯილდო რაღად გვინდა,
თუ ვსჭვრეტთ მამულს გაფურჩვნილსა?!

ჰე, ძმანო! ეგ ჩვენ რომ ვნახოთ,
თუნდ სამოთხე მით დავკარგოთ,
მხიარულებიხ სიმღერა
თვით ჯოჯოხეთს შემოვსძახოთ.

ქართვლის ქვეყნისა ვართ შვილნი,
ქართვლის ძუძუთი გაზრდილნი.
მაშ, მოდით, ქართველნო, ძმობით,
ჰარიარალი,
ვიშრომოთ ჩვენთვის ერთობით,
თარიარალი!

1858-სა წელსა, ს. პეტერბურგი.

  ხელნაწერი: U:

\\+ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 15 (C); ხელნაწერი, კრებ № 136, გვ. 19 (A); K: ხელნაწერი, № 21 (B)*

  *. ლექსი გადაწერილია კირილე ლორთქიფანიძის მიერ.
 
თარიღი:

1857 года (A); 1857 ან 1858 წ. (B); 1858 წელსა, ს. პეტერბურგი (C).

ამ ლექსის სრული ავტოგრაფი დღემდე მიუკვლეველია. 1925 წ. პ. ინგოროყვამ გამოაქვეყნა ლექსის ბოლო სტროფი, რომელიც დაცულია ი. ჭავჭავაძის ავტოგრაფ-კრებულში (U, № 108). ამის თაობაზე მკვლევარი წერდა: «ამ ლექსის არსებობის შესახებ არავითარი ცნობა ლიტერატურაში არ მოიპოვებოდა. პირველად ამ ლექსის კვალს მივაგენით 1925 წელს... ილიას ლექსების ერთ ხელნაწერში (იგულისხმება U კრებ. № 108), რომელიც თვით ილიას მიერ არის გადაწერილი სტუდენტობის წლებში... შემხვდა ნაწყვეტი ამ ლექსისა, რომლის მხოლოდ ბოლო, უკანასკნელი ხანაა გადარჩენილი. ეს ნაწყვეტი დავბეჭდეთ კიდეც 1925 წლის გამოცემაში და იკითხვის შემდეგნაირად:

მაშ, მოდით, ქართველნო, ძმობით, ჰარიარალი!

ვიშრომოთ ჩვენთვის ერთობით, თარიარალი!

                                              1858 წ. პეტერბურგი.

 
1925 წლის გამოცემის შენიშვნებში ამ ნაწყვეტის გამო ვწერდი: ფრაგმენტის თავი დაკარგულია და შენახულია მხოლოდ უკანასკნელი ხანა, რომელიც წარმოადგენს ლექსის მოძახილს, რეფრენს» (ი. ჭავჭავაძე , თხზულებათა სრული კრებული, ტ. I, 1951, გვ. 383).*    *. იქვე, გვ. 450-ის სქოლიოში აღნიშნულია: «ლექსის მოძახილი ხელნაწერში ასე იკითხვის: B ხელნაწერის (იგივე U, კრებ. № 108) პირველ სტრიქონში «ჰარიარალი», მეორე სტრიქონში - «თარიარალი», ხოლო N ხელნაწერში (იგივე კირ. ლორთქიფანიძის ხელნაწერი) ორივეჯერ «ჰარიარალი». ჩვენ დავიცავით ავტოგრაფის წაკითხვა».
ლექსი ავტორის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა. იგი პირველად გამოაქვეყნა ი. ბალახაშვლმა 1936 წელს გაზ. «ლიტერატურულ საქართველოში», №12. აქ ტექსტი დაიბეჭდა კ. ლორთქიფანიძის მიერ შედგენილი და გადაწერილი ქართული პოეზიის ანთოლოგიიდან - «ქართველი მწერლების თხზულებები», რომელიც კერძო პირის (ივ. კაკაბაძის) საკუთრებას წარმოადგენდა (ამჟამად დაცულია კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტში).
ლექსი დათარიღებული არ არის. ი. ბალახაშვილმა ტექსტის დაშიფრული ადგილები არასწორად ამოხსნა და «ც» გაიგო, როგორც სიტყვა «ცენზორი». ამის გამო ლექსში დაირღვა მარცვალთა რაოდენობა და ტექტსტი დამახინჯდა*. პ. ინგოროყვამ კი თავისი ვარაუდით, სავსებით სწორად, «ც» გაშიფრა, როგორც «ცარი», რაც მიესადაგა ლექსის შინაარსსაც და მის ზომასაც (დაწვრილებით ამის შესახებ იხ. პ. ინგოროყვას რედაქციით გამოცემული ი. ჭავჭავაძის თხზულებათა I ტომი, 1951 წ., გვ. 382-386 და გვ. 450-452). *. ი. ბალახაშვილმა იგივე ლექსი დაბეჭდა თავის მონოგრაფიაშიც (შესწორებით) «ილია ჭავჭავაძის მოწაფეობა და სტუდენტობა», 1937 წ., გვ. 63-65. 1
ამრიგად:

კ . ლორთქიფანიძის ხელნაწერ - კრებულში წერია:

«რაგინდ რომ ც... ღრინავდეს».

«ვერ შეგვაშინებს ჩვენ ც»...

«ც... რა ერთხელ ინება».

«ჩვენ ც... ვერას დაგვაკლებს».

*. ამ სტრიქონებში კ. ლორთქიფანიძეს ჯერ სრულად ჩაუწერია სიტყვები (ცარი, ცარი, ცარმა ცარი), შემდეგ წაუშლია და მხოლოდ პირველი ასო ც დაუტოვებია.

«ლიტერატურულ საქართელოში » დაიბეჭდა:

«რაგინდ რომ ცენზორი ღრინავდეს».

«ვერ შეგვაშინებს ჩვენ ცენზორი».

«ცენზორმა რა ერთხელ ინება».

«ჩვენ ცენზორი ვერას დაგვაკლებს».

პ  ინგოროყვამ გამართა:

«რაგინდ რომ ცარი ღრინავდეს».

«ვერ შეგვაშინებს ჩვენ ცარი».

«ცარმა რა ერთხელ ინება».

«ჩვენ ცარი ვერას დაგვაკლებს».

1951 წლისთვის გამზადებული ი. ჭავჭავაძის თხზულებათა I ტომის სარედაქციო შენიშვნები უკვე აწყობილი ყოფილა, როცა შ. გოზალიშვილმა მიაკვლია ამ ლექსის ახალ ხელნაწერს (ჩვენს A ტექსტს); იგი დათარიღებულია ასე «1857 года» (იხ. U კრებ. №136, გადამწერი უცნობია)*. ამის შესახებ პ. ინგოროყვა აღნიშნავდა: «ხელნაწერის აღმოჩენის შემდეგ დოკუმენტურად 112  დადასტურდა, რომ სწორია ჩვენს მიერ აღდგენილი ტექსტი ამ ლექსისაო» (ტ. I, 1951 წ., გვ. 451). სამწუხაროდ, პ. ინგოროყვას არ ჰქონდა საშუალება ამ მიკვლეული ხელნაწერის მიხედვით აღედგინა და გაემართა ტექსტი. ამავე დროს პ. ინგოროყვასათვის უკვე ცნობილი ყოფილა კ. ლორთქიფანიძის არქივში დაცული ხელნაწერიც, რომლის შესახებ ცნობა მიუწოდებია პრ. კეკელიძეს მასთან საუბრის დროს (იქვე, სქოლიო).
პრ. კეკელიძემ მიკვლეული ხელნაწერის შწესახებ დაწვრილებითი ცნობები გამოაქვეყნა ნაშრომში: «ილია ჭავჭავაძის ლექსის «ჩემი თარი-არალი» ახალ აღმოჩენილი ხელნაწერი» (უნივერსიტეტის შრომები, 1951, № 45, გვ. 229-240), სადაც წერს: «ამ ოთხიოდე წლის წინათ ქუთაისის საისტორიო-საეთნოგრაფიო სახელმწიფო მუზეუმში მუშაობის დროს ჩვენ წავაწყდით მითითებული ლექსის ხელნაწერ ტექსტს. მანუსკრიპტი გადაწერილია ისევ კირილე ლორთქიფანიძის ხელით და დაცულია კ. ლორთქიფანიძის არქვიში (№21)».

ეს ხელნაწერი (B), რომელსაც მიწერილი აქვს თარიღი - «1857 ან 1858 წ.» და ჩვენი ძირითადი ხელნაწერი (A) ერთმანეთს მისდევს ერთი-ორი ნაირწაკითხვით: დაგვიდგება] წაგვიდგება A; დამღუპველს] დამთრგუნველს A.

ჩვენ ძირითადად დავეყრდენით A ხელნაწერს, ოღონდ ილიასეული ენობრივი ნორმების მიხედვით გავასწორეთ ორიოდე ფორმა: 2 მოჰკლამსმოჰკლავს. 5 რაღათ-რაღად.

 

ლექსი დავათარიღეთ ავტოგრაფის მიხედვით, სადაც, როგორც ზემოთ ითქვა, შემონახულია ლექსის მხოლოდ ბოლო ორი სტრიქონი და თარიღი (ამჟამად ისინიც გადაშლილია მელნით, მაგრამ გარჩევა მაინც შეიძლება. *.. .

  *. «ჩემი თარიარალის» აღნიშნული ნაწყვეტი არ არის მოხსენებული შ. გოზალიშვილის წიგნში «ილია ჭავჭავაძის ავტოგრაფები» (აღწერილობა), თბ., 1951 წ.

«ჩემი თარიარალი» დაწერილია გამოჩენილი ქართველი პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძის (1786-1846 წწ.) ლექსის «მუხამბაზი ლათაიურის» მიბაძვით.

 გვ. 73 ეზოპი: ესოპე, ძვ. საბერძნეთის დიდი იგავთმწერალი (VI ს. ძვ. წ.)

ჭავჭავაძელექსანდრე

მუხამბაზი ლათაიური

ლოთებო, ნეტავი ჩვენა,
დღეს მოგვეცა შვება-ლხენა,
შემოდგომამან ბახუსი,
საწნახელში ჩააყენა!

რაგინდ ზამთარი ჰყინავდეს,
გინდ ყვავიც ვეღარ ჰფრინავდეს,
ვერ შეგვაშინოს სიცივემ,
თუ თავში ღვინო ბრწყინავდეს.

მინდა ვსვა - საღვინე მამე,
მოძღვარო, დასტური დამე!
წყლის ყლაპვა ცოდვილთ წესია,
წარღვნაა ამის მოწამე.

ნოემ რა ერთხელ ინება
ყურძნის წვენისა გემება,
თვითონ ნუნუას მიუჯდა,
წყალი პირუტყვთ დაანება.

ვაჟკაცნო, მოდით დავლიოთ,
სჯობს რომე ღვინო დავძლიოთ.
ომამდინ სისხლად იქცევა,
მერმე ბრძოლაში დავსთხიოთ.

რა ომის ცეცხლი ასტყდება,
ბრძენი სიფრთხილით წახდება;
მაგრამ ღლეული მაშინვე
ან მოჰკლავს, ან შეაკვდება!

ჭკვიანო, ნუ შვრები ყბედვით,
შენ წინ ვერ მიხვალ გაბედვით.
გულს ომამდისვე გაიხეთქ
განსაცდელთ წინასწარ ხედვით.

დავეხსნათ ცოდვილთ ქებასა,
ღვინო სჯობს ყოველს მცნებასა.
ბრძენი სულ სიკვდილსა ფიქრობს,
და ლოთი გამარჯვებასა.

აქიმო, თუ გაქვს ქამალი,
ჰსცადე ეს ჩემი ნასწავლი:
რაც სენი უკურნალ იყოს,
ღვინოა იმის წამალი!

ბერებო, თქვენც მეთანხმებით
ღვინის ქებისა ხსენებით,
რჯულისთვის მაინც დავლიოთ,
მაჰმადის გამოჯავრებით.

ამა სოფლისა ცხოვრება
ვერცხლით არ მოიპოვება:
მდიდარნი ბევრნი ყოფილან,
ოხრათ რჩენიათ ქონება.

მაშ მოდით ისევ ღვინითა
დრო გავატაროთ ლხინითა:
ქეიფი მაინც მოგვივა,
გოგრითა ვსვათ, თუ ჩინითა.

როს დავესწრათ გაზაფხულსა,
ველსა ვსხდეთ მწვანით შემკულსა,
ჩვენ წითელს ღვინოს ვეწაფნეთ,
ვარდი ვანებოთ ბულბულსა.

ოჰ, საყვარლისა ვერ მნახო,
როდემდის იგლოვო: ”ახ-ო?”
აბა შენც ჩვენთან ჩაღლივე,
თუ რომ შენც არ შემოსძახო!

ზაფხულს ღამე თუ დილითა,
ვერვინ ვერ იშვებს გრილითა;
ჩვენც სიცხე ვერას დაგვაკლებს,
ვსთვრეთ, გავატაროთ ძილითა!