The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ბედნიერი ერი

ბედნიერი ერი

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი? მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი -
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი.
არგამტანი და ცბიერი,
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერ;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?

29 აგვისტო, 1871 წელს.

 

ხელნაწერი:

U: ავტოგრაფები - № 114, გვ. 5 (B); კრებ. № 108, გვ. 156 (C).

ნაბეჭდი:

“კრებული”, 1971, წიგნი 5, გვ. 199 (D); დედა და შვილი და რამდენიმე ლექსი თ.

ილია ჭავჭავაძის ა, ზ. ჭიჭინაძის გამ., ტფილისი, 1882, გვ. 20 (E); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, ტფილისი, 1889, გვ. 103 (F); თხზულებანი

ილია ჭავჭავაძის ა, I, ტფილისი, 1892, გვ. 155 (A); სიტყვიერების თეორია, შედგენილი არხიმანდრიტის კირიონისა და გრ. ყიფშიძის მიერ, ტფილისი, 1898, გვ. 578 (G); ჩანგი, შედგენილი. ვ. აბაშიძისა, გამოცემა მე-4, ბათომი, 1900, გვ. 107 (H);

ილია ჭავჭავაძის რჩეული ლექსები, წ. კ. გ. საზ-ის გამოცემა, ტფილისი, 1907, გვ. 27; ჩვენი მწერლობა, I, მგოსნები, შედგენილ-გამოცემული ს. გორგაძის მიერ, თბილისი, 1907, გვ. 44 (I).

სათაური:

ბედნიერი ხალხი BCDEF.

სათაურის ქვეშ:

იტალიანელი პოეტი ჯუსტის მიბაძვა D; იტალიელ პოეტის ჯუსტის მიბაძვა E; იტალიანელის პოეტის ჯუსტის მიბაძვა FH; იტალიურიდან G. – BC.

თარიღი:

1871 (სარჩევში - 1870) A; 29 აგვისტოს, 1871 წელსა B; 29 აგვისტოს, 1871 CE; 1871, 29 აგვისტო D.

ხელმოწერა:

*** BD; ი. ჭავჭავაძე (სარჩევში) FH.

129. 7 უჩივარი] უჩინარი E. 13 ჯორ-ცხენი B.

130. 2-3 თავაკრული, პირს ლაგამი ზომიერი - EFH. 5 B-ში ნაცვლად სიტყვისა “ყველა” ჯერ ეწერა “ბევრჯერ”, გადახაზულია. 14 ყოვლად] ყველა D. 20 გარეთ] სხვასთან A; “ძლიერი”-ს ნაცვლად ჯერ ეწერა “ცბიერი”, გადახაზულია C.

B-ში ტექსტს უძღვის ილიას წერილი პეტრე ნაკაშიძისადმი: “პეტრე! ამ ახლად დაწერილს ლექსებს (იგულისხმება “რა ვაკეთეთ”... და “ბედნიერი ერი” - რ. კ.) გიგზავნი დასაბეჭდად “კრებულში”. მეშინიან კი, რომ ზოგიერთ ხანას დაუნდობელი მაკრატელი ცენზორისა მოჰხვდება”... ტექსტის ბოლოს კი, ხელმოწერისა და თარიღის შემდეგ, პოეტს იქვე მიუწერია: “ამ ლექსზედ შენი აზრი მამწერე. ილია ჭავჭავაძე”. როგორც მივუთითეთ, DEFH ნაბეჭდ წყაროებში ლექსის სათაურის ქვეშ აღნიშნულია, რომ ლექსი დაწერილია იტალიელი პოეტის ჯუსტის მიბაძვით. ამ შენიშვნის თაობაზე ჩვენს ლიტერატურათმცოდნეობაში გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ “რასაკვირველია არაა საჭირო “ჯუსტის” სახელი ვეძებოთ იტალიური ლიტერატურის ლექსიკონებში; ისედაც ცხადია, რომ ეს შენიშვნა დამატებულია ცენზურის თვალის ასახვევად, თითქო ამ მწვავე სატირას არაფერი აქვს საერთო საქართველოსთან და უბრალო თარგმანს წარმოადგენდეს” (ი. ჭავჭავაძე,> ნაწერების სრული კრებული, ტ. I, 1925 წ., გვ. 377). მაგრამ შეხედულება, თითქოს მხოლოდ “საცენზურო პირობებმა... აიძულა ილია ჭავჭავაძე, რომ თავისი “ბედნიერი ერი” იტალიელ მწერალს ჯუსტს მიაკუთვნა”, მაშინ როცა “ეს “იტალიელი მწერალი”... არ არსებობდა” (ი. გრიშაშვილი, ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა, ბათუმი, 1986, გვ. 141). არსებითს კორექტივს საჭიროებს. გამოჩენილი იტალიელი პოეტი ჯუზეპე ჯუსტი (1809 - 1850 წწ.), რომელიც მხურვალედ თანაუგრძნობდა იტალიელი ხალხის ეროვნულ-განმათავსიუფლებელ ბრძოლას, პოპულარობით სარგებლობდა არა მხოლოდ თავის სამშობლოში, არამედ XIX საუკუნის მეორე ნახევრის პროგრესულ რუსულ საზოგადოებაშიც, რომელსაც უკვე 50-იანი წლების დამლევიდან შესაძლებლობა ჰქონდა ჯუსტის პოეტურ ნაწარმოებებს რუსული თარგმანებით გასცნობოდა. სავსებით ბუნებრივია ჯუსტის პოეზიას ილია ჭავჭავაძეც დაეინტერესებინა, ხოლო იტალიელი პოეტის შესანიშნავ სატირულ ლექსებს (კერძოდ კი ლექსს “ლოკოკინა”, რომელშიც პოეტი მწვავედ დასცინოდა საკუთარ ნიჟარაში შეყუჟულ და თავისი სავალალო ხვედრით კმაყოფილ თანამემამულეებს), გამორიცხული არ არის, მართლაც მიეცათ ილიასათვის გარკვეული სტიმული “ბედნიერი ერის” შესაქმნელად (ჯ. ჯუსტისა და ი. ჭავჭავაძის პოეტურ ნაწარმოებთა ტიპოლოგიური მსგავსების შესახებ იხ. ზ. სტურუა, ილია ჭავჭავაძის ერთი ლექსის ისტორიისათვის, გაზ. “ლიტერატურული საქართველო”, 1987, 24. VII, № 30).

 ქართველი საზოგადოებრიობა დიდი მოწონებით შეხვდა ილიას ამ ლექსის გამოქვეყნებას. “რამდენი კმაყოფილება და თან მწარე ღიმილი მოგვგვარა ჩვენ ამმშვენიერმა და გესლიანმა “ბედნიერმა ხალხმაო”, - წერდა ს. მესხი (გაზ. “დროება”, 1871, № 39).

ლექსი დავათარიღეთ B ავტოგრაფის მიხედვით