The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


თბილისის ქართული გიმნაზია და ილია ჭავჭავაძე

იაშვილი სეით  

თბილისის ქართული გიმნაზია და ილია ჭავჭავაძე

დღევანდელი მკითხველისათვის რომ გასაგები გახდეს თბილისის ქართული გიმნაზიის ვითარება, ჩვენ აქ მოკლედ მოვიყვანთ ამ გიმნაზიის დაარსებისა და საქმიანობის ისტორიას: თუმცა მაშინდელ თბილისის გუბერნიაში მოსახლეობის უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ, მაგრამ ქართველ მოსწავლეთა რიცხვი სახელმწიფო სასწავლებლებში გაცილებით ნაკლები იყო; — ამის მიზეზი კი ის გარემოება იყო, რომ ქართველობა, გლეხებიცა და გაღარიბებული და დაკნინებული თავადაზნაურობაც მეტწილად სოფლად ცხოვრობდა, სადაც არავითარი შესაძლებლობა (სკოლები და მასწავლებლები) არ მოიპოვებდა, რომ ქართველობას თავის შვილები მოემზადებინებიათ და სახელმწიფო სასწავლებლებში მიეღებინებინათ. აქ საჭირო იყო საზოგადოებრივი დახმარება და სწორედ ასეთი დამხმარე საზოგადოების დაარსება უკისრია გიორგი რომანის ძე ერისთავს. ამ გიორგი ერისთავს დაუარსებია „ღარიბ მოწაფეთა შემწე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოება“, რომელსაც თავის კრებაზე აურჩევია გამგე აღმასრულებელი ორგანო-კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე, გ. რ. ერისთავი, თავმჯდომარის ამხანაგი კ. ქ. მამაცაშვილი. წევრები: ნ. ზ. ცხვედაძე, ი. ს. გოგებაშვილი, ვ. თულაშვილი, ლ. მაღალაშვილი, დ. ერისთავი და ნ. ქანანაშვილი.

გამგე კომიტეტს შეუდგენია სათანადო წესდება, რომელიც კავკასიის მეფისნაცვალს დაუმტკიცებია და ამ წესდების საფუძველზე გაუხსნია 1879 წლის 6 თებერვალს თბილისის სათავად-აზნაურო კერძო სკოლა პანსიონით. ამ სკოლას ჰქონია ოთხი მოსამზადებელი განყოფილება, ხოლო 1884 სასწავლო წლიდან სკოლასთან გახსნილა პირველი პროგიმნაზიული კლასი და ამ პროგიმნაზიული კლასების გახსნა დამთავრებულა 1890 წელს, ასე რომ 1890 წლიდან თბილისის კერძო, სათავად-აზნაურო სკოლა უკვე პროგიმნაზიის სახით არსებობს.

1879–1880 სასწ. წელს სკოლის გამგედ ყოფილა ცნობილი საზოგადო მოღვაწე, შექსპირის პიესების მთარგმნელი ივ. მაჩაბელი, ხოლო, 1880 წ. ვიდრე 1882 წლამდე გამგედ ყოფილა ცნობილი მწერალი ნ. ლომოური, რაც დრო გადიოდა, ამ პროგიმნაზიას ყოველ წელს ემატებოდა გიმნაზიური კლასები და ბოლოს იგი გახდა სრულ კერძო გიმნაზიად.

სამოსწავლო ოლქის მზრუნველის განკარგულებით ქართული გიმნაზიის მერვე კლასის მოწაფეები თბილისის სახელმწიფო გიმნაზიებში იჭერდნენ გამოცდებს სიმწიფის მოწმობის მისაღებად. ამ გიმნაზიებში კი ჩვენს მოწაფეებს დიდს დაბრკოლებებს უქმნიდნენ, ასე რომ ჩვენი გიმნაზიის მე-8 კლასის მოწაფეებიდან მხოლოდ 30–35 პროცენტი იღებდა სიმწიფის მოწმობას.

წოდებრივად პირველ ხანებში გიმნაზიის მოწაფეთა შემადგენლობა ღარიბ თავად-აზნაურთა შვილებით განისაზღვრებოდა, ხოლო შემდეგ წლებში გლეხებისა და ხელოსნების შვილები უფრო და უფრომეტს პროცენტს შეადგენენ, რის შედეგადაც გიმნაზია თანდათან ჰკარგავს წოდებრივ ხასიათს და ამიტომ იგი ქართული გიმნაზიის სახელს ატარებს.

თბილისის ქართულმა გიმნაზიამ თავის არსებობის 44 წლის მანძილზე თავისი წვლილი შეიტანა ქართველი ერის გონებრივი წარმატების საქმეში. ეროვნული ჩაგვრის პირობებში ეს გიმნაზია საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრი იყო საქართველოში.

თბილისის ქართული გიმნაზია, ისე როგორც ქართული კულტურის სხვა დარგებისაც, ქართული მუსიკალური კულტურის კერაც იყო, ზ. ჩხიკვაძის, ზ. ფალიაშვილის და ან. ყარაშვილის შრომითა და მეცადინეობით გიმნაზიაში მოწყობილი იყო მომღერალთა საუცხოვო გუნდი და დიდი სიმებიანი ორკესტრი. უმთავრესი ყურადღება ექცეოდა ქართული ხალხური სიმღერებისა და ქართველი კომპოზიტორების შემოქმედების შესწავლასა და გამოვლინებას. 1903—4 სასწავლო წელს გიმნაზიაში მოწაფეთაგან კვარტეტიც კი ჩამოყალიბდა. პირველი ვიოლინო — ვლ. ორჯონიკიძე, მეორე — ირ. მიქელაძე, ალტი - ყ. სულხანიშვილი და გ. ციციშვილი (ერთმანეთს ეცვლებოდნენ) და ვიოლონჩელო — ი. აბაშიძე). ეს იყო პირველი ქართული კვარტეტი როგორც შემსრულებლების მხრივ, ისე ნაწარმოებთა შესრულების მხრივაც. ყოველ სასწავლო წლის ბოლოს გიმნაზიაში იმართებოდა მუსიკალურ-ლიტერატურული დილები, რომლებზედაც დიდძალი ხალნი ესწრებოდა. თვით ჩვენი დიდებული ოპერა „აბესალომ და ეთერი“ ამ გიმნაზიაში იქმნებოდა. 1909—10 სასწავლო წლიდან ამ ოპერის ლიბრეტოს ავტორი, ამავე გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელი პ. მირიანაშვილი, ყოველ დღე ზ. ფალიაშვილს მოსვენებას არ აძლევდა, ჩასჩიჩინებდა, — „დაიწყე, დაიწყე ოპერის წერაო“ — და კიდევაც შემდეგ წლებში გიმნაზიის გუნდი და ორკესტრი მუსიკალურ- ლიტერატურულ დილებზე უკვე ასრულებდნენ ნაწყვეტებს „აბესალომ და ეთერიდან“.

ჩვენს უნივერსიტეტსა და ინსტიტუტებში ამ გიმნაზიის 100-ზე მეტი ნამოწაფარი მეცნიერულ მუშაობას ეწევა, რომელთაგან 40-მდე პროფესორია, მათში — ალ. ჯავახიშვილი, გ. ახვლედიანი, ნ. კეცხოველი და ლ. ყანჩაველი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრები არიან, ხოლო გ. მუხაძე და ე. ხარაძე — აკადემიისწევრ-კორესპონდენტები, გ. ნათაძე — საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. დანარჩენი დოცენტები - არიან, რომლებიც აქტიურ მეცნიერულ მოღვაწეობას ეწევიან.

* * *

იმ დროის საქართველოს ერთადერთს ეროვნულ სასწავლებელს — თბილისის ქართულ გიმნაზიას ილია ჭავჭავაძე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და ამიტომაც იგი ამ გიმნაზიის ცხოვრებაში მხურვალე მონაწილეობას იღებდა სიტყვითა თუ კალმით. ილია ესწრებოდა ხოლმე „ღარიბ მოწაფეთა შემწე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების“ საზოგადო კრებებს, მოდიოდა გიმნაზიაში, ესწრებოდა გაკვეთილებს, აკვირდებოდა პანსიონის მოწაფეთა ყოფა-ცხოვრებას და სახლშიაც კი პატიჟობდა მათ.

1878 წელს „ღარიბ მოწაფეთა შემწე თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოების“ დამაარსებელს გიორგი რომანის ძე ერისთავს ილიამ „ივერიაში“ უძღვნა შემდეგი სიტყვები: „ჩვენს გაჭირვებას წამალი მოუპოვა... უჩუმრად, ხმაამოუღებლივ, უშფოთვარად შესდგა ამ ბოლო ხანს ერთი ფრიად სასარგებლო საზოგადოება — იგია „ღარიბ მოწაფეთა შემწე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოება“ შედგენილი გიორგი რომანის ძე ერისთავის მეცადინეობით: „რასაც თვითონ არ ვიმოქმედებთო, სხვისაგან ბევრს ნურას ველოდებითო; რასაც თვითეული ცალკე ვერ შევძლებთო, ამას საზოგადოებრივად ერთად ადვილად შევძლებთო ? აი ორი ნაყოფიერი აზრი ამ მეცადინეობის დედა-ბოძად მიღებული“.

1879 წელს 6 თებერვალს „საზოგადოებამ“ გახსნა სკოლა პანსიონით, ამ გარემოებას ჟურნალ „ივერიაში“ (1879, # 1) ილია ასეთს სიტყვებს უძღვნის:

„ახლად დაარსებულმა „ღარიბ მოწაფეთა შემწე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოებამ“ განიზრახა გამართვა თბილისში ისეთი სასწავლებლისა, სადაც მოზარდ ქართველებს მიეცემათ საშუალება პირველდაწყებითი განათლება თავის დედაენის შემწეობით მიღონ. ეს განზრახვა ახლა სისრულეში მოჰყავს „საზოგადოების“ გამგებელ კომიტეტს, რომელმაც უკვე დაიქირავა კუკიაში მშვენიერი სასკოლო სახლი, მოიპოვა სკოლისათვის ყველა საჭირო ნივთეულობა და ხსნის სკოლას თებერვლის პირველ რიცხვებში.

ჩვენ საფუძველი გვაქვს ვსთქვათ, რომ ეს სკოლა ხვალ, თუ ზეგ, ამ მოკლე ხანში შეიქმნება სათავედ, საიდანაც აღმოცენდება ერთი კარგი კერძო გიმნაზია ქართველობისა“.

1886 წელს გაზაფხულზე ქართული გიმნაზიის შენობაში წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებები იმართებოდა, რომლებზედაც როგორც თავმჯდომარე წერა-კითხვის საზოგადოების გამგეობისა, ილია ჭავჭავაძე ესწრებოდა. ერთხელ გიმნაზიის მოსწავლეებს უთხოვნიათ გიმნაზიის მაშინდელ გამგის ალ. ჭიჭინაძისათვის ეჩვენებიათ მათთვის ილია. პატარა ხნის შემდეგ პანსიონში შესულა ილია ალ. ჭიჭინაძის თანხლებით. ილია მიესალმა მოსწავლეებს, უთხრა მოკლე სიტყვა და ბოლოს სადილად დაუპატიჟია... დანიშნულ დღეს გამგის წინამძღოლობით მოსწავლეები ეწვიენ ილიას (ახლ. კალინინის ქ.) და როცა გაშლილ სუფრას შემოსხდომიან, იქ ილიას ღიმილით მიუმართავს მათთვის: „აბა, ყმაწვილებო, მორცხვობას თავი ანებეთ – „რასაცა შესჭამთ თქვენია, რაც არა დაკარგულია“.

1887 წელს ილია ჭავჭავაძესთან მიუყვანიათ პატარა სვანი ივანე ნიჟარაძე. ხოლო ილიას ნიჟარაძე ქართულ გიმნაზიაში გაუგზავნია აღსაზრდელად. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ივანე ნიჟარაძეს გიმნაზიამ სტიპენდია დაუნიშნა პეტერბურგში და დაამთავრებინა ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. ამჟამად იგი დოცენტია და ლათინურ და ბერძნულ ენებს კითხულობს ჩვენს უნივერსიტეტში,

1896 წელს ქართული გიმნაზიის მეორე კლასში მოულოდნელად შემოსულან დირექტორი ე. ს. თაყაიშვილი, ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი. ამ კლასში მასწავლებელ არისტო ქუთათელაძის გაკვეთილი ყოფილა ქართულ ენაში. არისტოს უცბად გამოუძახნია კლასში ყველაზე პატარა და დაბალი დ. პარკაძე და ყველაზე მაღალი — 3. თოფურია და ეს ორი მოსწავლე ერთად რომ დადგნენ. პარკაძე თოფურიას ჭიპამდე ვერ წვდებოდა. ილიასა და ივანეს თურმე ღიმილი მოუვიდათ და ილიამ არისტოს გადაულაპარაკა — „ასე უცბად როგორ გამონახე სანჩო პანსა და დონკიხოტიო...“

1897 წელს შემოდგომაზე ქართული გიმნაზიის პედაგოგიურ საბჭოსა და გამგე კომიტეტს გიმნაზიის შენობაში მ უწყვია არალეგალურად ილია ჭავჭავაძის 40 წლის სალიტერატურო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის იუბილე. ხოლო როცა ილია შენობაში შემოსულა, მას 8. ჩხიკვაძის მიერ გაწრთვნილი გიმნაზიის მომღერალთა გუნდი კახური მრავალჟამიერით შეხვედრია (მაშინ ამ გუნდში მღეროდა ამ გიმნაზიის მოწაფე, შემდეგ „საქართველოს ბულბულად“ წოდებული შესანიშნავი მომღერალი ვანო სარაჯიშვილი), რასაც ილია ისე აუღე”ვებია, რომ კარგახანს მდგარა გარინდებული და ბოლოს უთქვამს: „ამ შეხვედრამ ჩემზე ისე იმოქმედა, რომ სიტყვა შემეკრა და მადლობის თქმაც ვეღარ მოვახერხეო“. შემდეგ ილიასათვის მასპინძლებსა და საგანგებოდ მოწვეულ პირებს ვახშამი გაუმართავთ, რომელიც დიდის ზეიმით ჩატარებულა.

„საზოგადოების“ მორიგ კრებაზე 1898 წელს წამოჭრილა საკითხი ქართულ გიმნაზიაში სწავლის ფული 12 მანეთიდან 40 მანეთამდე გაედიდებიათ, მაგრამ კრებაზე ამ წინადადების წინააღმდეგ გამოსულა ილია ჭავჭავაძე, რომელსაც ვრცელი სიტყვა უთქვამს და რომელიც ასე დაუბოლოვებია: „სწავლის ფული კი არ უნდა გავადიდოთ, არამც სულაც უნდა გავაუქმოთ, რადგანაც ჩვენ გიმნაზიაში უფრო ღარიბი მოწაფეები სწავლობენო“. ამ აზრს კრება დათანხმებია და სწავლის ფული აღარ გაუდიდებიათ. ამავე კრებაზე ილია ჭავჭავაძის წინადადებით ნ. ცხვედაძესათვის კრებას მადლობა გამოუცხადებია ფულის შეკრებაში დიდი შრომისათვის.

1902 წელს 5 სექტემბერს დავიწყე ამ სტრიქონების დამწერმა სამსახური თბილისის ქართულ გიმნაზიაში... ამავე წლის ნოემბრის ერთ დღეს გიმნაზიის მაშინდელმა გამგემ ექ. თაყაიშვილმა სამასწავლებლო ოთახში გამოაცხადა: „ილია ჭავჭავაძემ განაახლა თავისი „ქურ-ფიქს“-ები ხუთშაბათობით (დანიშნული დღე კვირაში, როცა მსურველებს შეეძლოთ მისვლა და საზოგადო საქმეების შესახებ გამართულ ბაასში მონაწილეობის მიღება) და ვისაც გსურთ, შეგიძლიათ წახვიდეთო“, მე, რაკი ილია ჯერ ნახული არ მყავდა, მაშინვე მივმართე გიმნაზიის მასწავლებელს ივ. რატიშვილსა და აღმზრდელს კ. მაყაშვილს — დიდად მინდა ილიას ნახვა და თუ წახვალთ, მეც წამოგყვებითქო და კიდევაც უახლოვეს ხუთშაბათს მე და დასახელებული პირები წავედით ილია ჭავჭავაძესთან. მასპინძელმა მეტად გულთბილად, საუცხოვო ღიმილითა და გაბრწყინებული თვალებით მიგვიღო და მოგვესალმა. ივ. რატიშვილმა ილიას ჩემი თავი გააცნო, ჩვენი ახალი მასწავლებელი არისო; შემდეგ, ილიამ მოგვმართა: – აბა, რას მეტყვით,ჩვენი გიმნაზიის შესახებ? წელს რამდენმა მოწაფემ გაათავა გიმნაზია, იკითხა აგრეთვე ვაკეზე ახალი სახლის აშენების მსვლელობა და ბოლოს დასძინა — „ყმაწვილებო, იცოდეთ, რომ მაგ გიმნაზიას მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ამ გიმნაზიაში ახალგაზრდები უნდა აღიზარდონ იმ მიმართულებით, რომელიც შეეფერება ჩვენი ერის მოთხოვნილებას. ამ სასწავლებელმა უნდა აღგვიზარდოს მხნე, შრომის მოყვარე და მამულის მოყვარული ყმაწვილები“.

შემდეგ მე მომმართა და თქვა: „აი რუსეთის მეფის პავლეს მკვლელი, იაშვილი — თავადი იყო... თქვენც ხომ თავადი არა ხართო?“ — „არა, ბატონო, მე აზნაურიც ძლივასა ვარ.“ — როგორ ძლივსაო? – იკითხა. ილია ისე სადად, გულწრფელად გვებაასებოდა, რომ მე საზოგადოდ საშინელი მორცხვი და მოკრძალებული, გავთამამდი და შემდეგ ვუამბე: ჩვენი ძველებისაგან ასეთი ამბავი გამიგონია: როცა დასავლეთ საქართველოში ქართული ენის უცოდინარი რუსის მოხელეები მოსახლეობის წოდებრივ მდგომარეობას არკვევდნენ, ხალხს ეკლესიის გალავანში შეკრებდნენ და თვითეულს შეეკითხებოდნენ: „დვორიანინ ილი კრესტიანინ“. ასეთს შეკითხვაზე ჩვენს ძველს უპასუხნია — დვორიანინ, ღმერთმა დასწყევლოს, ქრისტიანი ვარო,– და ჩვენი ძველიც „კრესტიანინად“ ჩაუწერიათ. ასეთი უნებლიე შეცდომის გამოსწორებას შემდეგში, თურმე, საკმაოდ დიდი ხარჯი დასჭირდა... ამ ამბავზე ილიას გაეცინა და რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ ამ დროს მასპინძელს ახალი სტუმრები ეწვიენ და ბაასიც შეწყდა.

ილიას ჟურ-ფიქსებზე მეორედაც ვიყავი და მაშინ იგი ბევრს ჩვენს საზოგადოებრივ საკითხებს შეეხო, მოიხსენია ჩვენი მტერ-მოყვარენი და მისთვის დამახასიათებელი სიდარბაისლითა და იუმორით აშუქებდა საკითხის სრულ ვითარებას.

სამწუხაროდ ილიას ჟურ-ფიქსები რატომღაც მალე შეწყდა და შემდეგ სულაც აღარ განახლებულა.

1952