The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ხმა სამარიდამ

ხმა სამარიდამ

 I

სამართალს ფულითა ვსჭრიდი,
გროშისათვის კაცს გავყიდდი,
თვით ძმას ორმოს გავუთხრიდი
და ჩემს ჯიბეს ნელ-ნელ ვზრდიდი.
საზრდოს გლეხსა წავართმევდი,
მშიერს, მწყურვალს დავაგდებდი,
თუ შიმშილით მოკვდებოდა,
მე ის არ დამნანდებოდა.
რაც კი რამ ჰქონდა საწყალსა,
ჩემს ჯიბეს აძლევდა ხარჯსა.
ჩემი ჯიბე ვტენე, ვტენე,
ისე მოვკვდი, ვერ გავტენე.

II

ობლის ვედრება, ტირილი
ჩემთვის ოყო გაუგებრად, -
განა ვიყავ მე გულჩვილი? -
სხვის ტირილი მიჩნდა მღერად.
წვრილშვილნი გლეხთა ქვრივებსა
შიმშილით ეხოცებოდნენ, -
მათაც კი ვსთხოვდი ფულებსა,
როს საქმისთვის მოვიდოდნენ.
ირჩობოდა, კაცს ვხედავდი,
მე შემეძლო მის მორჩენა, -
მის მორჩენას გავბედავდი,
თუ მესმოდა ვერცხლის ბზენა.

III

თუ არა და ხელსა ვკრავდი
და მას წყალში მე ჩავკლავდი.
ბევრსა საქმეს ამის მსგავსსა
მე ვიქმოდი მეტად კარგსა.
სიცოცხლეს კარგად ვიცნობდი
და იმ ცნობით ვსარგებლობდი:
დროზედ სიბრმავე ვიცოდი,
დროზედ თვალის ახილება,
დროზედ სიფიცხით ვიწოდი,
ხანც ვიცოდი დაზანტება.

IV

გლეხებთან ვიყავ ჭკვიანი,
ტუტუცი ნაჩალნიკთანა;
უხმოსთან ვიყავ ხმიანი
და უსიტყვო ხმიანთანა.
ვინც მე შიშით მიყურებდა,
მას ბრაგაბრუგს დავუწყებდი,
და ვინც კი დამიყვირებდა,
მას მე ფეხქვეშ ვუძვრებოდი.
ღმერთმა მომცა მარდი ხელი,
დაუღლელი თავის დღეში,
მუნით ცურდებოდა ჭრელი
ჩემ გაუმაძღარ ჯიბეში.

V

სულ ჯიბისთვინა ვცდილობდი,
მისთვის კაცსა ტყავს ვაძრობდი:
ეს წყეული ვტენე, ვტენე,
აჰა, მოვკვდი, ვერ გავტენე...
რაღა გითხრათ? ვიყავ კარგი,
ქვეყნისათვის დიდი მარგი.
არც ვიყავ დიდი, არც მცირე,
ჩემს დღეში ცრუადა ვსწირე;
არც ვიყავ გლეხი, არც ბეგი;
მაშ რა ვიყავ? მდივანბეგი!
და აწ მეხი გლეხებისა,
ერთგული ყმა ფულებისა,
მტვრადა ვდევარ სამარესა,
მოდი, ენდე ცრუ სოფელსა!..
შეიბრალეთ ჩემი გვამი!..
თუ ოდესმე ვინმემ ნახეთ,
საიქიოს თუა ქრთამი,
გამახარეთ, ჩამომძახეთ.

1857-სა წელსა, 27-სა დეკემბერსა,
ს.-პეტერბურღი.
 

ხელნაწერი:

U: ავტოგრაფი, კრებ. №108, გვ. 15 (B).

ნაბეჭდი:

ჟურნ. «საქართველოს მოამბე», 1863, №11, გვ. 31 (С); ჩონგური, შედგენილი კ. ლორთქიფანიძისაგან, ს. პეტერბურღი, 1864, გვ. 40 (D); დედა და შვილი და რამდენიმე ლექსი თ. ილია ჭავჭავაძისა, ზ. ჭიჭინაძის გამოც., ტფილისი, 1882, გვ. 11 (E); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, ტფილისი, 1889, გვ. 125 (F); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 12 (А); სიტყვიერების თეორია, შედგენილი არხიმანდრიტის კირიონისა და გრ. ყიფშიძის მიერ, ტფილისი, 1898, გვ. 567 (G); ლექსები ილია ჭავჭავაძისა, მაღ. «ცოდნის» გამოცემა, ტფილისი, 1904, გვ. 44; ილია ჭავჭავაძის რჩეული ლექსები, წ. კ. გ. საზ-ის გამოცემა, №81, ტფილისი, 1907. გვ. 7.

სათაური:

ხმა სამარიდან G.

სათაურის ქვეშ:

სატირა G.

თარიღი:

13 დეკემბერს, 1857 წ. DE; 1857 А; 1857-სა წელსა, 27-ს დეკემბერს, ს. პეტერბურღი B.

ხელმოწერა:

*** СD; ი. ჭავჭავაძე (სარჩევი) F.

39. 2 გროშისათვის კაცს] გროშისთვის კაცსა BС; 3 გავუთხრიდი] გაუთხრიდი B. 4 ჩემს] ჩემ BF; ვზრდიდი] ვზდიდი BС (ყველგან ასეა - რ.კ.). 5 საზრდოს] საზდოს B. 8 დამნანდებოდა] შემბრალდებოდა BСDEF. 12 მოვკვდი] მოვკდი B. 14 გაუგებრად] გაუგებრათ B. 16 მღერად] მღერათ B.

40. 1 ქვრივებსა] ქვრიებსა B. 5 ირჩობოდა] იხჩობოდა BС, იხრჩობოდა DEF. 11 მსგავსსა] მგზავსა BС, მზგავსსა D, მზგავსა F. 13 კარგად] კარგათ B. 18 ხანც ვიცოდი] დროზედ მქონდა СDEF. B-ში ეწერა: «დროზედაც კი დაზანტება», შემდეგ შესწორებულია - «ხან ვიცოდი გაზანტება», სადაც გ იქვე დ-დ არის გადაკეთებული («დაზანტება»). 24 ბრაგა-ბრუგს დავუწყებდი] ბრაგი-ბრუგს დაუწყობდი BС. 26 ვუძვრებოდი] უძვრებოდი B.

41. 1 ჯიბისთვინა ვცდილობდი] ჯიბისთვისა ვსცდილობდი BС. 6-7 სტრიქონებს შორის («ქვეყნისათვის...» «არც ვიყავ»...) B-ში ეწერა: «ცრუპენტელა, წიწირაქი, მოქრთამე და ლაწირაქი», გადახაზულია. 8 ცრუადა] ცრუათა С. 13 მტვრადა] მტვრათა B. 17 თუა] თუ არს B. 18 ჩამომძახეთ] ჩამამძახეთ BС. 11-18 და აწ... ჩამომძახეთ - F. ლექსი დავათარიღეთ ავტოგრაფის მიხედვით