The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ღია წერილი ბ. ილია ჭავჭავაძისადმი.

ბახტაძე ილია

ქ-ნო რედაქტორო!

ერთათ ერთი ყოველ დღიური ქართული გაზეთის „ივერიის“ რედაქტორის გამოლაშქრებამ მე სრულიად უიარაღოთ დამტოვა. მასმენენ და მაბეზღებენ ქართველ საზოგადოებას, მე კი საშუალებაც არა მაქვს ვიმართლო თავი. რადგანაც მე კარგათ ვიცნობ ჩემ მოპირდაპირეს და არავითარ რაინდულ ქცევას მისგან არ ველი და არცა მაქვს საფუძველი ველოდე, რადგანაც, ერთი სიტყვით, ამ წერილის „ივერიაში“ გამოქვეყნება შეუძლებელია, უმორჩილესათ გთხოეთ მისცეთ მას ადგილი თქვენს პატივცემულ გაზეთში*
 

ილია ხონელი

ღია წერილი ბ. ილია ჭავჭავაძისადმი.

მოწყალეო ხელმწიფევ!

„ივერიის მე-20 და 32 ნომრებში თქვენ დასტამბეთ რამდენიმე წერილი, რომელშიაც უშვერი სიტყვებით, თქვენი აგრეთ დამასურათებელი ლანძღვა-გინებით მომიხსენიეთ მე და ჩემი ფელიტონი „კავკაზ“-ში ახლათ განსვენებული გაბრიელ ეპისკოპოსის შესახებ. ჩემი სიტყვები, რომ ყოველ ღირსებებთან ერთათ „უუგანათლების და უუნიჭიერეს არქიელს“ თან ახლდა ცოტა რამ ნაკლულევანებაც, რომ იგი, როგორც ფიცხი და მკაცრი ხასიათის პატრონი, მოკლებული იყო ნამდვილი ადმინისტრატიული პირის თვისებას, თქვენ განმარტეთ ისე, რომ თითქო მე მისი დამცირება, შებღალვა, მისი შეურაცხება მდომოდეს და თან ისიც დაუმატეთ, რომ ჩემი ამგვარი საქციელი აიხსნება პირადი მტრობით, უგვანი სურვილით დავაბეზღო ქართველი საზოგადოება რუსის მართებლობის წინაშე (?!). მე, რასაკვირველია, სამარცხვინოთ მიმაჩნია ვიმართლო თავი ამ ცილის წამებისაგან. თქვენც და მეც ძალიან კარგათ ვუწყით, რა კოკიდან მომდინარეობს ეს მტკნარი სიცრუვე; თქვენც და მეც საკმაოთ მიმხვდარი ვართ, თუ რა მიზეზების გამო ტელეგრამის შემთხზველს, კახეთისა და ქართლის ერთი მეორეზე წამქეზებელს, „მოსულთა“ დევნის ზღაპრის მომგონს, „დივიდენდისათვის“ თავდადებულს და ყველა მის მოპირდაპირეთა მლანძღველს დაჭირდა ეს ახალი ფანდი, ეს ახალი ცილის-წამება. ამგვარი საქციელი თქვენგან „არ ახალია, ძველია!“ უაზრო სიტყვების წამოსროლა, გაფანატიკოსებული წასევა და წაქეზება, ეს ხომ თქვენი იარაღია, რომლის ხმარებაში არა გყოლიათ, არა გყავთ და არც გეყოლებათ ბადალი. მაგრამ მე მაინც ვფიქრობდი, რომ არის რაიმე საზღვარი თქვენი კადნიერებისათვის! მე მეგონა, რომ იგი კუბო, რომელიც ასვენია ამ ჟამათ ქუთაისის საკათედრო სობოროში, იმ კაცის სახელი, რომელიც იმ კუბოშია, იმ საზოგადო მოღვაწის პატივი, რომელიც ღრმათ ჩანერგულია ჩვენს და მრავალთა გულში, - მე მეგონა, რომ ეს წმიდა-წმიდათა ალაგმავდა თქვენს თავგასულობას, არ მოგცემდათ ნებას გამოგეყენებიათ იგი ფარათ და ხმლათ წვრილმანი ანგარიშების გასაწმენდათ. თურმე შემცდარხარ!.. თავ-გასულ შურისძიებას არ ჩვევია არავითარი რიდი, არავითარი წესი, თურმე იგი უსაზღვროა. მაშ, დეე, ისე საზოგადოებამ დააფასოს თქვენი ქცევა, მოგისაჯოთ“ჯეროვანი განაჩენი! მან ვე გადასწყვიტოს, რა სახელი ჰქვია მწერალს, რომელიც ვეებერთელა წერილიდან ამონაგლეჯ ორიოდე სტრიქონზე ამყარებს ჯაშუშური სიმარჯვით გამოკვანძულ ბრალდებას!.. ხოლო რაც შემეხება მე... მაგრამ თქვენც ხომ კარგათ იცით, თუ რას ფიქრობდა და რას ფიქრობს თქვენზე თქვენი კარგათ მცოდნე, თქვენს მოქმედებათა და მიდრეკილებათა ღირსეულათ დამფასებელი თქვენი არა პატივისმცემელი