The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


სიტკბოება თვის მამეულში

სიტკბოება თვის მამეულში

მოდით, შორს მყოფნო, თქვენს მამეულში,
მის სიტკბოება მაქვს მეტი გულში,
მე მუნ შთავარდი ბედშია სრულში,
ამას სწორეთ ვიტყვი, არა ვარ მრუში.

თქვენ იგი სახლი, მოდით, იხილეთ,
სადაც იშვენით, თვალნი ახილეთ,
სადაც, დედისა ალერსი ხილეთ,
სადაც მამისა სიყვარული სტკბილეთ.

ალაგსა იმას თქვენ მუნა ნახამთ,
სადაც კეთილად თქვენ ყველას ზრახამთ,
სადც ყმაწვილობის ჟამი გიმარხავთ,
სადაცა ჰპოვებთ, რაც გულს გისახამთ.

თქვენს ყმაწვილობას მუნ განიახლებთ,
დიდს სიტკბოებას გულს განიტარებთ,
ყოველი საგანი მოგიალერსებთ -
და რას სიამოვნებას გულს განიაზრებთ.

აი, რით განიახლებ შენ ყმაწვილობას,
მე ყველას გეტყვი, გიზამ წყალობას,
ყური დაუგდე ჩემს არ გალობას,
ქვე თვალი ავლე ჩემს ლექსთ მოწყობას.

აბა შეხედე შენ იმა ხესა,
მის ქვეშ ყმაწვილობას [დეგ] მახესა,
ჩიტსა იჭერდი მეტათ ბრთხალესა,
ღიმილს მოგვრიდი შენსა სახესა.

აი ალაგი, სადაც შენ ქოხი
უნდა დაგედგა, მოგქონდა ჯოხი,
მაზედ წვალობდი, იძახდი ოხი,
მერე იხარი, რა დადგი ქოხი.

აგე ის ბაღი, სადაცა შენა
დარბოდი, ხტოდი, არ გქონდა ქშენა,
გახსოვს, შენ ოდეს ჩიტის დაშტვენა
ვითა გიამა, ვით დაგამშვენა.

გახსოვს, შენ ოდეს პეპელას ზდევდი,
მის დასაჭერათ შენა მიზდევდი,
შენ დაღალვასა არათ იმჩნევდი,
ამათ მამეულში მოიგონებდი.

მოდით, შორს მყოფნო, შენს მამეულში,
მის სიტკბოება მაქვს მეტი გულში,
მე მუნ შდავარდი ბედშია სრულში,
ამას სწორეთ გეტყვი, არა ვარ მრუში.
მუნ თითქო წყალი, მოსრული რუით.

მოგიალერსებთ თვისის შუილით,
თითქო მუნ სადღაც, თვისის ღმუილით
შვიდობას გეტყით ენით ტყუილით.

[1840-იანი წლების დამლევი
50-იანი წლების დასაწყისი]

  ხელნაწერი: U:

ავტოგრაფი, № 105, გვ. 1.

ხელმოწერა:

ილია ჭავჭავაძე.

ლექსი დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის თხზულებათ 1914 წლის გამოცემაში, - განყოფილებაში “ყრმობის ლექსები” (გვ. 535 - 536); დათარიღებული არ არის;

ავტოგრაფისეულ ტექსტში გარკვეული ცვლილებებია შეტანილი. ავტოგრაფის მე-11 სტრიქონში არის სადც, - ნაბეჭდშია სადაც; 17 განიახლებ-განიახლებთ; 37 შენს-თქვენს; 40 გეტყვი - გეტყვით; 43 სადღაც-ძაღლიც. ჩვენს გამოცემაში დაცულია ავტოგრაფისეული ფორმები. გასწორდა მხოლოდ უნებლიე ლაფსუსები: 286, 6 მოგრიდი-მოგვრიდი. 8 მოქონდა-მოგქონდა. 12 გქონდა->ქონდა, 19 ყოფნო - მყოფნო. 26 გეტყით-გეტყივით.

1925 - 1951 წლების გამოცემებში - სარედაქციო შენიშვნებში - ლექსი მოხსენებულია და პირობითად დათარიღებული - [1850-იანი წლებიდან - 1856-მდე] - მაგრამ დაბეჭდილი არ არის.

“სიტკბოება თვის მამეულში”, ჩვენი აზრით, იმავე წლებში უნდა იყოს დაწერილი, როცა “ჩემი გონებიდგან განუშორებელო დაო ნინავ”. (იხ. მითითებული ლექსის კომენტარი - გვ. 518). მაგრამ თუ ეს უკანასკნელი შეუძლებელია 1851 წელზე ადრე დაწერილიყო, ასევე დაბეჯითებით ვერ ვიტყვით ლექსზე “სიტკბოება თვის მამეულში”; გამორიცხული არ არის, რომ ლექსი ილიას უფრო ადრეც დაეწერა.

ამ თვალსაზრისით, მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ “სიტკბოება თვის მამეულში” (და, აგრეთვე, ზემოთ მითითებულ ავტოგრაფში ჩაწერილი მომდევნო სამი ლექსი: “ჭაბუკობაზედ”, “დაღონებული, არ ვიცი რაზედ”... “მოთქმა საწყლისა”), თავისი ბავშვური, შეუმუშავებელი ხელით, - ისევე, როგორც მართლწერითა და სტილით, - ძლიერ უახლოვდება არა მხოლოდ თავდაპირველ ვარიანტს ლექსისა “ჩემი გონებიდგან განუშორებელო დაო ნინავ”, არამედ, ამდენადვე, ლექსებს: “რწყილთაგან ტანჯვაი”... და “დავსწერ სოფლისას ქებასა”, რომლებიც 1840-იანი წლების დამლევით თარიღდება (იხ. დასახელებული ლექსების კომენტარები - გვ. 516, 517).

საგულისხმოა ისიც, რომ ზემოაღნიშნულ ავტოგრაფში, რომელშიც - 1840-იანი წლების დამლევს დაწერილი ამ ორი ლექსის გამოკლებით, - ილიას ყველა, დღემდე მოღწეული ყრმობისდროინდელი ლექსი ჩაწერილია, “სიტკბოება თვის მამეულში” რიგით პირველია, ეს კი შესაძლებლებელია, ამ ლექსის დაწერის ქრონოლოგიურ რიგსაც გულისხმობდეს, - ამავე ავტოგრაფში მოთავსებულ პირველ 5 ლექსთან მიმართებით.

აღნიშნულ მოსაზრებებზე დაყრდნობით, ჩვენი აზრით, “სიტკბოება თვის მამეულში” პირობითად შეიძლება 1840-იანი წლების დამლევითა და 1850-იანი წლების დასაწყისით დავათარიღოთ.