The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ოსმალოს საქართველო
ოსმალოს საქართველო

ჭავჭავაძე ილია

ოსმალოს საქართველო

ყოველი ერი თვისის ისტორიით სულდგმულობს. იგია საგანძე, საცა ერი პოულობს თვისის სულის ღონეს, თვისის სულის ბგერას, თვის ზნეობითს და გონებითს აღმატებულებას, თვის ვინაობას, თვის თვისებას. ჩვენის ფიქრით, არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გვარტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა. ერი, ერთის ღვაწლის დამდები, ერთს ისტორიულს უღელში ბმული, ერთად მებრძოლი, ერთსა და იმავე ჭირსა და ლხინში გამოტარებული – ერთსულობით, ერთგულობით, ძლიერია. თუნდ დროთა ბრუნვას ერი განეყოს, დაერღვიოს, – მაგრამ მაინც რღვეულთა შორის იდუმალი შემსჭვალულება, იდუმალი მიმზიდველობა იმოდენად სუფევს, რომ სამყოფია ხოლმე ერთი რაიმე შემთხვევა, რათა იფეთქოს, იჭექოს დაძინებულმა ისტორიამ და ერთსულობამ, ერთგულობამ თვისი ძლიერი ფრთა გაშალოს. ამ დღეში ვარო დღეს ჩვენა და ოსმალეთის საქართველო.

„ივერიის“ წარსულ ნომერში მოხსენებულ ნაწილებს ოსმალოს საქართველოსას დიდი პატივსაცემი და სახელოვანი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ერის ისტორიაში, დიდი შრომა გაუწევია, დიდი მსხვერპლი მოუტანია, მრავალი სისხლი დაუნთხევია ჩვენთან ერთად საქართველოს ერის თვითარსებობისათვის. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ ერთის სისხლისა და ხორცისანი, ერთისა და იმავე ენით მოლაპარაკენი, ერთი ისტორიაცა გვქონია. ოდეს ბიზანტია, სპარსეთი და ოსმალო ამ ჩვენს მშვენიერს ქვეყანას ეტანებოდნენ და ურთიერთს ეცილებოდნენ, მაშინ ის საქართველოს ნაწილი, რომელიც დღეს ოსმანმლოს ხელშია, მედგრად იბრძოდა ჩვენი სარწმუნოების, განათლების, ერთ-მთავრობის დადგინებისათვის და მათდა და ჩვენთა. სასახელოდ ძლევითაც მოსილ იქმნა.

საკვირველს მედიდურს სანახაობას წარმოადგენს იგი საქართველოს ისტორიაში, როდესაც საქართველო დაყოფილ იყო წვრილ სამთავროებათ და ერთი ნაწილი სპარსეთის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, მეორე ჯერ ბიზანტიისა და მერმე ოსმალოს ზედმოქმედების ქვეშ, ზემო-ქართლი, რომელსაც ეხლა ოსმალოს საქართველოს ვუწოდებთ, ხან ერთ ნაწილს მიემხროდა, ხან მეორეს, და თვისის მომხრეობით განაძლიერებდა ქართველებს თვითარსებობის დასაცველად. მაშინ თითქმის. მარტო მას ეჭირა თავისუფალი დროშა ქართველთა ერთობისა.

პირველად ქრისტიანობამ იქ, სამცხე-კლარჯეთში მოიკიდა ფეხი ანდრია მოციქულის მოძღვრებითა, მაშინ როდესაც ქართლ-კახეთში ჯერ კიდევ კერპმსახურება სუფევდა. ქრისტეს აქედ პირველ საუკუნეში ადერკი მეფეს (60 წ.) უნდოდა კერპთთაყვანების სარწმუნოება მოეფინა და ამისათვის საშინელი ბრძოლა აუტეხა სამცხე-კლარჯეთს, მაგრამ სამცხე-კლარჯეთში ქრისტიანობა არამც თუ მოისპო, პირიქით უფრო გავრცელდა და დამკვიდრდა ჯერ ისევ წმინდა ნინოს მოსვლამდე.

როდესაც ბიზანტიის და სპარსეთის შუა ასტყდა შესანიშნავი ბრძოლა „ლაზიკის“ თაობაზედ, მაშინ ეხლანდელი ოსმალოს საქართველო დიდ საისტორიო ასპარეზათ შეიქმნა მათთა შორის. სპარსეთი ძლეულ იქმნა და იგი ნაწილი საქართველოისა დარჩა ბიზანტიის უფლების ქვეშ. შემდეგ ქართლ-კახეთთან შეერთების სურვილმა აღმოიჩინა თავი, მაგრამ ბიზანტიამ დაუშალა და მისცა მხოლოდ უფლება ქართველი კათალიკოზი იყოლიონ, „რათა დასხდებოდნენ კათალიკოზად ნათესავნი ქართველნი და არა ბერძენნი, და აქვნდეს უაღრესობა ყოველთა ეკლესიათა და მღვდელთ-მთავართა ზედა“. ეს მოხდა 586 წ. ქრისტ[ეს] შობ[ნიდან]. ამგვარად მთელი საქართველოს ერთობის წადილს ცოტად თუ ბევრად კმაყოფილება მიეცა, სულიერად მაინც, თუ არ ხორციელად. მეექვსე საუკუნის დასასრულს კლარჯეთის და ჯავახეთის მთავარი გურამ კურაპალატი, ბაგრატიონის გვარის კაცი, ბიზანტიის შემწეობით შეიქმნა მეფეთ ქართლ-კახეთისაცა და ამგვარად დიდი ნაწილი საქართველოში ესე შეერთდა საქართველოსვე ეხლანდელის ოსმალოს საქართველოს შემწეობითა. თუმცა ამის შემდეგ ისევ დაირღვა საქართველო ნაწილებად, მაგრამ არდანუჯის ბაგრატიონთა გვარი გაძლიერდა და ამას მოჰყვა მთელის საქართველოსათვის ნაყოფიერი და საკეთილო შედეგი.

როდესაც არაბები საქართველოში შემოვიდნენ და მაჰმადიანობის გავრცელებას ცდილობდნენ, ეხლანდელი ოსმალეთის საქართველო ქრისტიანობისათვის იღწვოდა ბაგრატიონების მეთაურობითა და წინამძღომელობითა. ეხლაც დარჩენილა მრავალი დიდ-მშვენიერნი, თლილი ქვით ამოყვანილი და მხატვრობით შემკული ეკლესიები, იმ დროს აღშენებული. იმავე დროს სამცხე-კლარჯეთის ქართველნი მიდიოდნენ საბერძნეთს სწავლის მისაღებად, ნასწავლნი მოდიოდნენ უკანვე და ჰფენდნენ სწავლასა საქართველოს ხალხთა შორის. იმ დროს, როდესაც ტფილისსა და გარშემო ადგილებში არაბები მაჰმადიანობის გავრცელებას მეცადინეობდნენ თავისი არაბულის წიგნების შუამავლობითა, სამცხე-კლარჯეთის ქართველნი სამღთო და საერო წიგნებს ქრისტიანობისას ჰსთარგმნიდნენ და ქრისტიანობის განმტკიცებისათვის აწესებდნენ მონასტრებსა, რომლებშიაც ყმაწვილებისათვის სასწავლებელთ მართავდნენ.

უწარჩინებულესნი მამანი, სამღთო-საერო თხზულებათა მთარგმნელნი სახელოვანნი მწერალნი ჩვენნი, ეხლანდელის ოსმალოს საქართველოს შვილნი და მცხოვრებნი იყვნენ. ჩვენი სასიქადულო „ვეფხვისტყაოსანის“ მთქმელი შოთა რუსთველი იმ მხრის კაცი იყო. რუსთავის დაბა, რომელსაც თავის სამშობლოდ იხსენიებს რუსთაველი, სამცხე-საათაბაგოშია. ჩვენი ყოფილი ცხოვრება იქ აღყვავებულა, ჩვენს სიცოცხლეს იქ უჩქეფნია, ჩვენის სულის ძლიერებას იქ აღუმართავს თვისი სახელგანთქმული დროშა, თითქმის იგია ჩვენის სულის აღმატებულების აკვანი და იგივეა სამარეც ჩვენის ყოფილის ადამიანობისა. სწავლა, განათლება, მამულისათვის თავგამეტებული სიყვარული თითქმის იქიდამ ეფინებოდა ჩვენს ქვეყანასა ერთს დროს.

ბოლოს ბაგრატიონთა გვარის კაცი მეფე ბაგრატ III განძლიერდა იმოდენად, რომ 1014 წ. შეაერთა სრულიად საქართველო და ჩვენი ქვეყანა შეიქმნა ძლიერ და სახელოვან. ეხლანდელმა ოსმალოს საქართველომ ამ შეერთებისათვის დიდი ღვაწლი დასდო ჩვენს ქვეყანასა, დიდი სისხლი დაანთხია, დიდი ქველობა გასწია.

თამარ მეფის შემდეგ, ე.ი. მას ჟამს, როდესაც ჩვენის ქვეყნის ერთობა დაირღვა, ეხლანდელს ოსმალეთის საქართველოში მფლობელობდა სამცხის ათაბაგი, რომელიც ახალციხეში მკვიდრობდა და იგი ადგილი წოდებულ იყო სამცხე-საათაბაგოთ. ბიზანტიის იმპერიის დაპყრობის შემდეგ ოსმალებმა მრავალი ჭირი მიაყენეს სამცხე-საათაბაგოსა, რომლის დაპყრობასაც ძლიერ ეტანებოდნენ და ამისათვის ქრისტიანობის აღმოფხვრა უნდოდათ. მაგრამ 1625 წლამდე სამცხე-საათაბაგოს მთავრებს მტკიცედ ეპყრათ ქრისტიანობა და ყოველთვის თავგანწირულობით, თავდადებით ებრძოდნენ ოსმალოთა, ასე რომ ოსმალებმა ვერა დააკლეს რა ვერც სარწმუნოებასა, ვერც ქართველობის გვარტომობასა, თუმცა მრავალი მსხვერპლი კი შეაწირვინეს. 1625 წ. ბექამ მოწამლა თავისი ძმისწული, უკანასკნელი ათაბაგი მანუჩარ, გადუდგა ქრისტიანობას, ქართველობას, მიიღო ორ-თუღიანი ფაშობა ოსმალეთისაგან სამცხესაათაბაგოში და სახელად დაირქვა საფარ-ფაშა. ამის გამო ბევრნი თავადაზნაურნი და გლეხნი გადმოიხვეწნენ ქართლს, ზოგიერთებს იქ დარჩენილთა მიაღებინეს მაჰმადიანობა, ზოგს ძალდატანებით, ზოგს მოტყუებით და მაცდურებითა; სამღვდელონი და ეპისკოპოზნი მოსწყვიტეს, საყდრები დასძარცვეს, და ყოველი სამღთო-საერო წიგნები ცეცხლს მიჰსცეს. ჩვენი მოძმე ქრისტიანი ხალხი დარჩა უწინამძღვროდ, უმოძღვროდ, უეკლესიოდ და სასოწარკვეთილი, მწარედ დაჩაგრული, უწყალოდ დევნული და განადგურებული, ნელ-ნელად მიეცა მაჰმადიანობასა.

დღესაც იციან იქაურმა ქართველებმა, რომ ზოგის დედა, მამა, პაპა ჯერ კიდევ მათს ხსოვნაში ქრისტიანები ყოფილან. ამბობენ, რომ იქ ზოგიერთი დღესაც იდუმალად აღიარებ, ქრისტიანობასაო, რომ დღესაც ათისა თუ თორმეტი წლის ყმაწვილები საჩვენოში გადმოჰყავთო მოსანათლავათ, ზოგი ჩვენებურათ ჯვარსაც იწერს, ოსმალების იდუმალად თურმე.

ეგრედ, – მძლავრობამ, მუხთლობამ, ღალატმა, შავით მოსილმა საქართველოს ბედმა განგვაშორა ჩვენ ძმები – ერთად სისხლის მღვრელნი, ერთად ღვაწლის დამდებნი, ერთად ტანჯულნი და ერთად მოლხინენი. დიდმა ღვაწლმა ბაგრატ მესამისამ, დავით აღმაშენებლისამ, თამარ დედოფლისამ, უქმად ჩაუარა ამოდენად ტანჯულს, ბედისგან დევნულს, ერთობისათვის და ქრისტიანობისათვის სისხლ-დანთხეულსა საქართველოსა. სარწმუნოების სხვადასხვაობა ჩვენ არ გვაშინებს. ქართველმა, თავისის სარწმუნოებისათვის ჯვარცმულმა, იცის პატივი სხვის სარწმუნოებისაც. ამიტომაც ჩვენს ისტორიაში არ არის მაგალითი, რომ ქართველს სურვებიყოს ოდესმე სხვისა სარწმუნოების დაჩაგვრა და დევნა. სომეხნი, ებრაელნი, თვით მაჰმადიანნიცა, ჩვენ შორის მცხოვრებნი, ამაში ჩვენ ვერაფერს ვერ წაგვაყვედრებენ. სხვა ქვეყნებში სარწმუნოებისათვის დევნულნი და ჩაგრულნი – აქ ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის - მყოფელს სავანესა და სინიდისის თავისუფლებასა.

არ გვაშინებს მეთქი ჩვენ ის გარემოება, რომ ჩვენს ძმებს, ოსმალოს საქართველოში მცხოვრებთან, დღეს მაჰმადიანის სარწმუნოება უჭირავთ, ოღონდ მოვიდეს კვლავ ის ბედნიერი დღე, რომ ჩვენ ერთმანეთს კიდევ შევუერთდეთ, ერთმანეთი ვიხმოთ, და ქართველი, ჩვენდა სასიქადულოდ, კვლავ დაუმტკიცებს ქვეყანასა, რომ იგი არ ერჩის ადამიანის სინდისს, და დიდი ხნის განშორებულს ძმას ძმურადვე შეითვისებს, თვის პატიოსანს და ლმობიერს გულზედ ძმას ძმურადვე მიიყრდენს თვალში სიხარულის ცრემლ-მორეული ქართველი. და თუ ამისათვის საჭიროა, რომ სიხარულის ცრემლის უწინარეს ჯერ ჩვენი სისხლი დაიღვაროს, ნუთუ ქართველი უკუ-დრკება და თავს არ შესწირავს მას, რისათვისაც ორი ათასი წელიწადი თავი უწირავთ ჩვენთა დიდებულთა მამა-პაპათა...

[1877 წ. 28 აპრილამდე]
 

ოსმალოს საქართველო (გვ. 56)

(ყოველი ერი თვისის ისტორიით სულდგმულობს...)

ნაბეჭდი: „ივერია“, 1877, №9, გვ. 1–3 (ცენზურის ნებართვა: 1877 წ., 28 აპრილი).

სათაურით „ოსმალოს საქართველო“, 1877 წ., გაზ. „ივერიის“ რამოდენიმე ნომერში დაიბეჭდა 9 წერილი. ამათგან 6 – ხელმოწერილია პეტრე უმიკაშვილის ინიციალებით ,,პ. უ.“ და „პ. უმ.“.

მკვლევარ პ. ინგოროყვას აზრით 1877 წ. გაზ. „ივერიის“ №8-ში და №12-ში დაბეჭდილი პირი ხელმოუწერელი წერილიც პეტრე უმიკაშვილს ეკუთვნის, რასაც ადასტურებსო მათი სტილი და შინაარსი – „აქ განხილვის საგანიაო – წერს პ. ინგოროყვა, – იმავე წყების საკითხები, რაც პ. უმიკაშვილის ხელმოწერილ წერილებში“.


რაც შეეხება გაზ. „ივერიის“ მე-9 ნომერში დაბეჭდილ ხელმოუწერელი წერილს სათაურით „ოსმალოს საქართველო“, როგორც ირკვევა იგი ილია ჭავჭავაძის მიერ არის დაწერილი, რასაც ადასტურებსო ერთის მხრივ ილიას ბიოგრაფი გრ. ყიფშიძე1 და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ 1909 წ. დასტამბული ილიას ნაწარმოებთა პატარა კრებული2 და მეორე მხრივ თვით წერილის სტილი.

ხსენებული წერილი დაიბეჭდა 1915 წელსაც თბილისის ქართველ სტუდენტთა მიერ გამოცემულ პატარა კრებულში „სამაჰმადიანო საქართველო“.

1950 წ. ეს წერილი გამოქვეყნდა პ. ინგოროყვას მიერ გამოცემულ ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ხუთტომეულის II ტომში,

________________
1 იხ. გრ. ყიფშიძე, ბიოგრაფია ილია ჭავჭავაძისა – ილიას თხზულებათა მ. გედევანიშვილისეული გამოცემა, ტფ., 1914 წ., გვ. X X XI X.

2 ილია ჭავჭავაძე, პოლემიკური წერილები, წ.-კ. გამავრც. სა ზოგ. გამოცემა №99. ტფ., 1909 წ., გვ. 35–42.