The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ქართვლის დედა /პოემა

ქართვლის დედა

სცენა მომავალ ცხოვრებიდან)

 

გაგვიძეღ, ბერო მინდიავ,
მუხლი მაიბი მგლისაო,
გაიყოლიე უმცროსნი,
ვისაც თავი აქვს ცდისაო.
ხალხური სიმღერა .


ვუძღვნი
პეტრე ნაკაშიძეს

აჰა, იმ დროთგან ერთი სახე ამოღებული,
რომელნიც ერთად გვინატრია უცხოეთში ჩვენ,
რომელთ იმედი, ღვთიურ სხივით გაბრწყინვებული,
დღესაც გულში გვაქვს მტკიცე რჯულად, ძმაო, მე და შენ.

მყობადს ავხადე ერთი კუთხე დიდის ფარდისა
და ეს ვიხილე, — მომიტევე მე სითამამე...
ეს არს ნაყოფი აწმყოსაგან შობილ დარდისა,—
ამით მამართლე, მიიღე და ნუ გამკიცხავ მე.

(სცენად არის ოთახი, რომლის ფანჯრებიც ქუჩას გადაჰყურებენ, ერთ მხრივ ტახტზედ ლოგინში წევს
სნეული, ძალიან მისუსტებული და მოხუცებული დედა )

დედა

თუმცა სიცოცხლე სნეულთათვის წვალება არი,
მაგრამ, ჰე ღმერთო, გმადლობ, ამ დღეს რომ შემასწარი
და აქამომდე არ მოჰკვეთე ჩემი ცხოვრება:
ჩემი მამული, საქართველო, დღეს მიცოცხლდება!
ხალხი აზვირთდა, ხალხი აღსდგა, ხალხი მოქმედობს,
კასპიის ზღვიდამ შავ ზღვამდინა ერთს ფიქრსა ჰფიქრობს, —
და ეგ ფიქრია მთელ კავკასის თავისუფლება!..
დიდია ხალხი, როს ეს გრძნობა წინ წარუძღვება!
ერთი შვილი მყავს, საყვარელი და სანატრელი,
იგია მარტო თავის დედის ნუგეშმცემელი,
იგია ჩემი სიცოცხლეი და სიხარული,
იმითი მიდგა უძლურს ტანში უძლური სული,
ჩემის სიბერის მისაყრდომად ისღა მშთენია,—
მაგრამ მამულო, წაიყვანე, დღეს ის შენია...

(შეწუხებული ჩაფიქრდება და მცირეს ხანს შემდეგ იტყვის)

ის დღეა დღეს, რომ მამულს ვუძღვნა ძის სიყვარული,
ან ძეს შევწირო საყვარელი დიდი მამული...
ამ ორის გრძნობის ბრძოლა გულმა ვით გადიხადოს?
ძის სიყვარული, თუ მამულის, — რომელი დასთმოს?..
ეჰა, ამ დღისთვის გაგიზარდე, მამულო, შვილი ,
სიცოცხლე მივეც, რომ შეიძლოს შენთვის სიკვდილი...
დედისერთა მყავს, მაგრამ შენთვის მე მას ვშორდები.
ვინ იცის, შვილო, რომელს ველზედ მტრისგან მოჰკვდები?
დამტირებელი დედა ახლოს არ გეყოლება,
მის ცხარე ცრემლი სისხლიანს მკერდს არ გეპკურება,
დედისა ხელით ვერ შეიხვევ განგმირულს გულსა
და ეგრედ შენს თავს მტლად დაუდებ შენსა მამულსა!..
შენს სიკვდილშია ჩემი ვაიც და ნეტარებაც,
მისთვის რომ მე ვარ დედა შენიც და ქართვლის დედა ც:
ვით დედა შენი იმ სიკვდილით შენით ვივაებ,
ვით ქართვლის დედა ვინეტარებ და ვისახელებ.

(ჩაფიქრდება და მცირეს ხანს შემდეგ)

თავისუფლებავ, შენ ხარ კაცთა ნავთსაყუდარი,
შენ ხარ ჩაგრულის, წვალებულის წმინდა საფარი,
შენ ხარ მშვიდობა და სიმართლე ამა ქვეყნისა,
შენ ხარ აღმზრდელი ღვთაებამდე კაცთ ბუნებისა.
მტარვალთა თქმითა ოდითვე ხარ შენ აკრძალული,
ხე ცნობადისა, ედემს რგული, შენი ხე იყო;
მაგრამ სამოთხეც, ყოველისფრით აღსავსე, სრული,
პირველ კაცთათვის უშენოდა არარა იყო.
რა განიცადეს იმათ შენთა მადლთა უხვება,
მსწრაფლ აღგიარეს, ჰოი, ღმერთავ თაყვანებითა,
მსწრაფლ მოგიპოვეს: ფასად მისცეს თვის უკვდავება
და სამოთხეც სთმეს სრულის მისის ნეტარებითა.
ეგრედ ნაშოვნი რად წაგვერთვი მოსავთა შენთა?
რაღად ჰღვრის დღესაც შენთვის სისხლსა ადამიანი?
რად შეიღებე კაცის სისხლით საშიშრად ჩვენდა
და რისთვის დახვალ ამა ქვეყნად პირსისხლიანი?
თვით ხარ მშვიდობა, უხვად მადლთა ქვეყნად მომფენი,
მაგრამ სისხლით კი იკვლევს გზასა მძებნელი შენი!
რად არ შენდება უსისხლოდა მისი ტაძარი,
მისი, რომელიც თვით მშვიდობის ღვთაება არი?..

შვილი
(შემოდის გახარებული)

მოვიდა ჩვენი სანატრელი, დედა ვ, ამბავი:
ჩვენი ქვეყანა, საქართველო, გაღვიძებულა,
მთელი კავკასი, მტერზედ რისხვით აღმომქშინავი,
ერთისა აზრით, ერთის გრძნობით აღელვებულა.
მომილოცნია!.. გაგვითენდა ძლივს ბნელი ღამე!..
მაგრამ შენ სწუხარ, თითქო ამ თქმით მე ვერ გაამე.

დედა

მე ვწუხვარ მარტო მასზედ, რომე ჩემს სიბერესა
სანუგეშებლად მხოლოდ ერთი მოეცა შვილი ,
მე ვწუხვარ მასზედ, რომ ჩემს მამულს ამ ნეტარ დღესა
მხოლოდღა ერთი შეაკვდება ჩემგან შობილი.
ვაი, რომ ჩემის სიცოცხლისა მზე მაშინ ჩადის,
როცა ამოდის ჩემის ქვეყნის მზეი დიადი!...
ვაი, რომ ბინდი დღეთა ჩემთა სიკვდილს მიქადის,
როს ჩემის ხალხის დიდებისა სჩანს განთიადი!
ამაზედ ვწუხვარ... მაგრამ ამას რაღა ეშველოს?
ღმერთს მარტო ერთს ვსთხოვ, მკვდარი დედა ძემ ასახელოს.

შვილი

როგორ? მეც მგზავნი საომრადა, დედისერთასა,
რომ თავი დავსდო მამულისა ჩვენის სახსნელად?

დედა

სულზედა დიდი ცოდვა უნდა ედვას დედა სა,
რომ შვილი ამ დროს არ გაჰგზავნოს ძმათა საშველად...
ღმერთმა გვაშოროს, შვილო, ჩემო, იმა სირცხვილსა,
რომ შენ შინ იჯდე, ოდეს სხვანი იხოცებიან,
ვინც მამულისთვის არ იმეტებს თავისა შვილსა,
მას შვილი თვისი, ჩემო კარგო, არ ჰყვარებიან...
ვაჟკაცად იყავ, — ჩემი თხოვნა არის მხოლოდ ეს.

შვილი

არასდროს არა მყვარებიხარ ისე, როგორც დღეს,
შენ, დედა ჩემო!.. რასაც მნუკავ, აღგისრულდება...
შენგან შობილი შვილი განა მხდალად მოკვდება?!
(ისმის გარედგან ჯარების ხმაურობა, შვილი ფანჯარას მივარდაბა)

დედა
(თავის-თავად)

არ იცი, შვილო, როგორ მიღირს მე ეს სიტყვები,
და ვერც შეიტყობ მაგას ჩემგან, ისე მოვკვდები...
იმ დრომდე სულსა დანაშთენსა ღონეს მოვუკრებ,
ვიდრე საომრად, შვილო, ჩემო, შენ გაგისტუმრებ,
რომე სიკვდილმა ჩემმა უცებ არ დაგაბრკოლოს, —
და მერე კი, ვგრძნობ: ბედი ჩემი მომიღებს ბოლოს.
(ისმის ჯარების სიმღერა ორ-პირად)
“ქართველო, ხელი ხმალს იკარ,
დღე გათენდა დიდებისა,
თოფ-იარაღი აისხი,
დრო მოდის გამარჯვებისა.
მამულის დახსნის დღე არის,
ქვეყანა გვნუკავს შველასა, თავისუფლების შოვნაი
სჯობს საშოვნელსა ყველასა.
მამულის დამხსნელს ვაჟკაცის
ხმალი და გული სდომია,
ვაჟკაცის გამომჩენელიც
მტერთან გულდაგულ ომია.
თავისუფლების მშოვნელი
ამ ქვეყნად მარტო თოფია,
შინ უღლით გაქნილს მშვიდობას
ომში სისხლის ღვრა სჯობია!
მაშ, მამულს თავი შევსწიროთ
საშველად, გამოსახსნელად,
თუ მისთვის დავიხოცებით,
ჩვენ ის გვეყოფა სახელად.
ქართველო, ხელი ხმალს იკარ,
დღე გათენდა დიდებისა,
თოფ-იარაღი აისხი,
დრო მოდის გამარჯვებისა!„

(ქუჩიდამ ისმის დედა კაცების და სოფლის პატარა  ბიჭების ძახილი: ”ჯარს გაუმარჯოს, ჯარს გაუმარჯოს”, ისმის კიჟინა და ხმაურობა)

დედა
(აღელვებული)

მიმიყვა, შვილო, დამანახვე ქვეყნისა მხსნელნი,
რომ მით დავიტკბო დღენი ჩემნი უკანასკნელნი.

შვილი
(ჩამოიყვანს ლოგინიდან დედა ს, შეუჯდება მხრებში და
მიიყვანს ფანჯარასთან)

შეხე, დედილო, ამ განწირულ ყმაწვილკაცობას,
ისე მიდიან სასიკვდილოდ, როგორც დღეობას.
(დედა , რა დაინახავს ჯარს, ცრემლს ვერ იმაგრებს და სტირის)
შეხედე, ხალხი რა რიგ ლოცვით ჯარსა აცილებს,
დიდი, პატარა მხიარულობს, შენ რა გატირებს? დედა
ღმერმა კურთხევა დიდ საქმეში წინ წაგიმძღვაროთ!
ჩვენ კი, დედებმა, ღვთის წინ უნდა ცრემლები ვღვაროთ,
რომ ჩვენ შეგვასწროს — მამულისთვის თავდადებულნი
კიდევ ვიხილოთ შინ მოსულნი, გამარჯვებულნი.
მიმიყვა შვილო, ლოგინთანვე, მუხლი მეჭრება.

(შვილს დედა უკანვე მიჰყავს)

ვიამე, შვილო, რამდენს დედა აუტირდება,
როს ვეღარ ნახავს თავის შვილსა უკანვე მოსულს!..

შვილი

რა ვუყოთ, თუ კი სხვა გზით შველა არა აქვს მამულს!

(ამ დროს ერთი ცხენოსანი მოადგება ფანჯარას და გარედამ იძახის)

ცხენოსანი

კიაზო, წამო!..რაღას იცდი, გვიგვიანდება,
დრო საშურია...ჩვენს ძმებს ჩვენით მშველი აკლდება.

შვილი

აჰა, მოვდივარ! აბა, დედი, მოიეც გული!
ჩემგან — მეომარს, შენგან — შვილსა ითხოვს მამული.
(დედა გადაეხვევა შვილს და გულზედ მიიკრავს)
მშვიდობით, დედი! შენ ჩემზედა ნუ დაღონდები,
ცოცხალი მოვალ, თუ არა და ისე მოვკვდები,
რომ ჩემს სიცოცხლეს ამჯობინო ჩემი სიკვდილი...
ნუ სტირი, დედი!.. გზადა ვდგევარ, დამლოცე შვილი .

დედა

ვაი შენს დედა ს!.. მოვიდა დრო განშორებისა
და გული მიმდის... უძლურია გული დედისა...
მაგრამ ნუ სწუხარ... გადამივლის... შვილო, მშორდები?!
ვაი თუ მოკვდე და ვისგანღა დავიტირები?..

(სტირის და უფრო მაგრად გულზედ მიიკრავს შვილს. მერე უეცრად ხელს ანებებს და ზარდაცემულსავით თვალში თვალს უყრის და მცირეს ხანს ამ ყოფით არის).

დედა

დედა არ გიყვარს, დედა შენი მოხუცებული?

შვილი
(გაოცებით)

მერე, რო მიყვარს?

დედა
(ძლივს ბედავს თქმას)

მასთან დარჩი!

შვილი

მერე — მამული?

დედა
(თითქო ეხლა გაახსენდაო)

მართლა, მამული!.. იგი უფრო საყვარელია,
მაშ წადი, შვილო!.. ღმერთი იყოს შენი მხსნელია...
მაგრამ, ვიშ! მე რომ უშენოდა მარტო მოვკვდები,
ვიღა დამმარხავს?.. წადი... წადი...ნუ გვიანდები.

შვილი

ეჰა, მამულო! შენის ტრფობის ძალსა ღვთიურსა
რა დაუდგება? კლდის სიმაგრეს აძლევ უძლურსა...
ოდეს შენდამი სიყვარული დაიძვრის გულში,
დედა ც კი შვილი ს სიყვარულს ჰკლავს შენს სიყვარულში!
რა სხივოსანი შენი შუქი აღმობრწყინდება
კაცისა გულში, ყველა გრძნობა მასშია ჰქრება,
ვითა მზის შუქში უმცირესი მნათობი ცისა,
ვითა ზღვაშია დაცემული წვეთი წვიმისა.
მშვიდობით, დედი! ძნელი არის შენი დათმობა,
მაგრამ უფრორე ძნელი არის მამულის გმობა.

(შვილი გადის)

დედა
(ღონემიხდილი გადიქცევა ლოგინზედ და სულთმობრძავი ამბობს)

ვიამე, შვილო!.. შენს წასვლასთან მიქრება ალი
ჩემი სიცოცხლის... უშენოდა ძნელია ყოფნა...
დიდხანს ებრძოდა შვილი ს ტრფობას მამულის ვალი.
ვალმა აჯობა, მაგრამ ძვირად დამიჯდა ჯობნა.
სულიც ამომდის... არ ყოფილა ძნელი სიკვდილი,
როცა შენ შენი აღასრულე... მამული... შვილი !..

(კვდება)

[14 ივლისსა, 1860 წელსა, პავლოვსკი, 
1871 წელსა, 18-სა მარტსა].

 

 

ხელნაწერი:

M: ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 84 (B); U: ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 109 (C); M; ავტოგრაფი, № 17504 (D); U: ავტოგრაფები - № 113 (E), № 126 (F).

ნაბეჭდი:

“კრებული”, წიგნი 3, ტფილისი, 1871, გვ. 175 (G); ჟურნ. “ივერია”, 1879, № 7, გვ. 3 (H); დედა და შვილი და რამდენიმე ლექსი თ.  ილია ჭავჭავაძის ა, ზ. ჭიჭინაძის გამ., ტფილისი, 1882, გვ. 11. (I); თხზულებანი  ილია ჭავჭავაძის ა, I, ტფილისი, 1892, გვ. 145 (A) ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, მე-2 გამოცემა, 1892, გვ. 459 (J); სიტყვიერების თეორია, შედგენილი არხიმანდრიტის კირიონის და გრ. ყიფშიძის მიერ, ტფილისი, 1898, გვ. 633 (k); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, გამოცემა მე[1]4, ბათუმი, 1900, გვ. 24 და ქნარი, შედგენილი სპ. ჭელიძის მიერ, ბათუმი, 1900, გვ. 371 (L); ჩანგური, შედგენილი სპ. ჭელიძისაგან. ბათუმი, გვ. 24 (m); ლექსები ილია ჭავჭავაძისა, 1904, გვ. 18 (n); ჩვენი მწერლობა, I, მგოსნები, შედგენილ-გამოცემული ს. გორგაძის მიერ, თბილისი, 1907, გვ. 60 (p): დედა და შვილი, წ. კ. გ. საზ-ის გამოცემა, № 87, 1907, (q).

სათაური:

ძღვნა B; დედა და შვილი ACFGHJKLOP. ქართვლის დედა DE; - m.

სათაურის ქვეშ:

პეტრე ნაკაშიძეს B; (სცენა მომავალ ცხოვრებიდან) უძღვნი პეტრე ნაკაშიძეს C; (უძღვნი პეტრე ნაკაშიძეს D; დრამული ეპიზოდი, უძღვნი თ-ა...პეტრე ნაკაშიძეს E; (ეპიზოდი დავით აღმაშენებლის დროთაგან, როცა არაბთაგან ანთავისუფლებდა საქართველოს) ვუძღვნი ჩემს ამხანაგს F; დრამატიული ეპიზოდი თამარ მეფის დროიდამ ოსმალოებთან ომის წინ. უძღვნი თ. პეტრე ნაკაშიძეს G; (ეპიზოდი დავით აღმაშენებლის დროთაგან, როცა არაბთაგან ანთავისუფლებდა საქართველოს) HI; (ეპიზოდი დავით აღმაშენებლის დროიდამ) JL; (დავით აღმაშენებლის დრიდან) K; ნაწყვეტი პოემიდან “ქართვლის დედა” m; ვუძღვნი პეტრე ნაკაშიძეს qO; სცენები P.

     
თარიღი:

14 ივლის[ს]ა, 1860 წელსა, პავლოვსკი C; 1871 წელსა, მარტის 19-სა დღესა D*. 1871 წელსა, 18-სა მარტსა E; 1871 წელს, 18 მარტს G; 1860 წ. OP; 1871 (სარჩევში - 1860) A.

 

* ამ ავტორის თარიღის ნაცვლად პ.ინგოროყვას 1925-1951 წწ. გამოცემებში ერთგან მითითებული აქვს 1871 წლის 17 მარტი,­ ხოლო მეორეგან აღნიშნავს - ეს მეორე ვარიანტი დასრულებულია 17 მარტს 1872 წლისაო (იხ. ტ. I, 1951, გვ. 415, 478).

     
ხელმოწერა:

*** DEG; ილია ჭავჭავაძე FH, (სარჩევში) JL.

ეპიგერაფი:

სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი. რუსთაველი CD.

გაგვიძეხ ბერო მინდიავ, მუხლი მაიბი მგლისაო. გაიყოლიე უმცროსნი, ვისაც თავი აქვს ცდისაო (გლეხური სიმღერა) EG.

EG წყაროებში თარიღები “ძღვნის” შემდეგ წერია. F-ში სათაურის ქვეშ ნაცვლად სიტყვისა “ამხანაგს” ჯერ ეწერა “პ. ნაკაშიძეს”, გადახაზულია.

როგორც ცნობილია. ილიას პოემებიდან ცენზურისაგან ყველაზე უფრო “ქართვლის დედა” დაზიანდა. ავტორს არაერთხელ უცდია მისი სრული სახით გამოქვეყნება, რისთვისაც ბევრჯერ მიუმართავს სხვადასხვა ხერხისათვის ცენზურის თვალის ასახვევად (სათაური შეუცვალა, ცვლიდა ქვესათაურებს, ტექსტს), მაგრამ პოემა მაინც დიდი ხარვეზებით იბეჭდებოდა (დაწვრ. ამის შესახებ იხ. ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, პ. ინგოროყვას რედაქტორობით, ტ. I, 1951 წ. გვ., 361-364). ხარვეზებით დაიბეჭდა იგი 1892 წლის გამოცემაშიც. რომელსაც ძირითადად ეყრდნობა ავტორის სიცოცხლისდროინდელი და შემდგომი ხანების გამოცემები. 1925-1951 წწ. გამოცემებში პ. ინგოროყვამ აღადგინა ცენზურის მიერ დამახინჯებული ადგილები, რითაც გამართა ტექსტი.

ჩვენი ლიტერით DE ავტოგრაფიდან აღდგენილ იქნა პოემის სათაური “ქართვლის დედა”.

ცნობილია. რომ ილიამ პოემას პირველად (C) “დედა და შვილი” უწოდა (იხ. ტ. I, 1951, გვ. 363, გვ. 363; ასევე წინამდებარე გამოცემაში პოემის პასპორტი). შემდეგ ავტორმა შეცვალა სათური და დაარქვა “ქართვლის დედა”. ამ სათაურით ილიას სურდა პოემის გამოქვეყნება 1871 წელს ჟურნ. “კრებულში”. მაგრამ ცენზურის გამო იძულებული გამხდარა შეეცვალა სათაური და პოემისათვის ისევ “დედა და შვილი” ეწოდებინა. პოემა ამ სათაურით გამოქვეყნდა და შემდეგ პუბლიკაციებშიც ასე იბეჭდებოდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ. პოემის ქვესათაურიც რამდენიმეჯერ შეცვალა ავტორმა და მას ყოველთვის ისტორიულ წარსულს უკავშირებდა, რასაკვირველია, ცენზურის გამო.

 

პირველ სრულ ავტოგრაფში (ჩვენი C) პოემის ქვესათაურია “სცენა მომავალ ცხოვრებიდან”. ამრიგად გაითვალისწინა რა ავტორის ნამდვილი ნება, პ. ინგოროყვამ სამართლიანად აღადგინა DE ავტოგრაფებიდან სათაური, ხოლო C ავტოგრაფიდან - ქვესათაური და პოემას ასეთი სახელწოდება მისცა: “ქართვლის დედა (სცენა მომავალ ცხოვრებიდან)”* ამ სათაურით ვბეჭდავთ ჩვენც პოემას წინამდებერე გამოცემაში.

  * ამ ქვესათაურით (და სათაურით - “დედა და შვილი” ) პოემა დაიბეჭდა 1908 წლის ჟურნ. “ფასკუნჯის” № 1-ში.
     
აქ ზოგადად აღვნიშნავთ, როგორ გაიმართა ტექსტი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1925-1951 წწ. გამოცემებში:
     
“ ძღვნაში” დაბეჭდილი პ . ინგოროყვამ   აღადგინა: იყო: პ. ინგოროყვამ აღადგინა
5 “იმ დროთ”   “მყობადს”
7. "ცხოვრებისაგან"   "აწმყოსაგან"
     
G-ში დაბეჭდილი იყო (დედის მონოლოგიდან):    
     

ჩემი მამული საყვარელი დღეს მიცოცხლდება!
ხალხი აზვირთდა, ხალხი ჰფიქრობს, ხალხი მოქმედობს, ..........................................................................................
...........................................................................................

 დიდია ხალხი, რომ ეს გრძნობა წინ წარუძღვება.

     
HA-ში ( და სხვა პუბლიკაციებშიც)  ს სტრიქონები ასე დაიბეჭდა:
     
ჩემი მამული, საქართველო, დღეს მიცოცხლდება!
ხალხი აზვირთდა, ხალხი აღსდგა, ხალხი მოქმედობს,
ერთის ზღვიდამა მეორემდე ერთს ფიქრსა ჰფიქრობს, -
და ეგ ფიქრია ჩვენის ქვეყნის თავისუფლება!..
დიდია ხალხი, როს ეს გრძნობა წინ წარუძღება.

ავტოგრაფიდან  პ. ინგოროყვამ აღადგინა:


ჩემი მამული, საქართველო დღეს მიცოცხლება!
ხალხი აზვირთდა, ხალხი აღსდგა, ხალხი მოქმედობს,

კასპიის ზღვიდამ შავ ზღვამდინა ერთს ფიქრსა ჰფიქრობს, -

და ეგ ფიქრია მთელ კავკასის თავისუფლება!..

დიდია ხალხი, როს ეს გრძნობა წინ წარუძღება!

     
ნაცვლად სტრიქონებისა   ჯარის სიმღერაში აღდგენილია:
     

მამულის დახსნის არმდომი

თავისა თავის მგმობია,

ძმანო, შენ უღლით სიცოცხლეს

ომში სიკვდილი სჯობია!

 

თავისუფლების მშოვნელი

ამ ქვეყნად მარტო თოფია

შენ უღლით გაქნილს მშვიდობას

ომში სისხლის ღვრა სჯობია

 
     
ჩვენ ვიზიარებთ ამ სწორებებს და წინამდებერე ტომში ვბეჭდავთ ტექსტს (ამოსავალია 1892 წლის გამოცემა), შევსებულს ამ აღდგენილი ადგილებით.

არ ვიზიარებთ ზოგ ცვლილებას, რომლებიც შეტანილია 1925-1951 წწ. გმოცემებში და რომლებიც, ჩვენი აზრით, ავტორის ბოლო ნება არ უნდა იყოს (მითუმეტეს აქ არავითარი კვალი არ ჩანს ცენზურის ჩარევისა).

1. ადრინდელი ვარიანტი:

თავისუფლებავ, შენ ხარ კაცთა ნავთსაყუდარი...

შენ ხარ მშვიდობა და სიმართლე ამა ქვეყნისა.

პოეტმა 1892 წლის გამოცემაში (A) ასე შეცვალა (გვ. 147, 13,15):

თავისუფლებავ, შენ ხარ კაცთა ნავთსაყუდარი...

 შენ ხარ მშვიდობა და სიმრთელე ამა ქვეყნისა.

1925-1951 წწ. გამოცემებში აღდგენილია პირვანდელი ვარიანტი “სიმართლე” (ასე 1914 წლის გამოცემაშიც). ჩვენი აზრით, “სიმართლე” უფრო მიესადაგება ტექსტის შინაარსს და, ამავე დროს, ავტორის ბოლო ნებაცაა. ამიტომ წინამდებარე გამოცემაში ეს უკანასკნელი დავტოვეთ.

2. 1892 წლის გამოცემაში ილია ბეჭდავს (გვ. 148, 9):

 “მოვიდა ჩვენი სანატრელი, დედავ, ამბავი”.

1925-1951 წწ. გამოცემებში ეს სიტყვა ვარიანტებიდან შეცვლილია სიტვით “დიდხანს” (“მოვიდა დიდხნის სანატრელი, დედავ, ამბავი”). გამომცემელმა სიტყვა “დიდხნის” იმიტომ შემოიტანა ტექსტში, რომ მეორე სტრიქონში ისევ “ჩვენი” მეორდება (“ჩვენი ქვეყანა, საქართველო, გაღვიძებულა”). რადგანაც სიტყვების განმეორება ილიას ჩვული ხერხია, ამიტომ წინამდებერე ტექსტში სიტყვა “ჩვენი” დავტოვეთ (ნეცვლად სიტყვისა “დიდხნის”).

3. 1892 წ. გამოცემაში ილიას ბოლო ნებად მიგვაჩნია:

“მშვიდობით, დედა! ძნელი არის შენი დათმობა,

მაგრამ უფრორე ძნელი არის მამულის გმობა” (გვ. 154, 10-11),

და არა სტრიქონი “მშვიდობით დედი! მეძნელება შენი დათმობა”, რომელიც 1951 წლის გამოცემაშია დაბეჭდილი (გვ. 157).

პ. ინგოროყვა თავის სწორებას ასე ამართლებს: ჩვენ პირველ ვარიანტს (ე.ი. “მეძნელება”-ს - რ. კ.) ვაძლევთ უპირატესობას, რადგან ფრაზა: “ძნელი არის” გვხვდება შემდეგ სტრიქონშიცო (ტ.I, 1951, გვ. 460).

ჩვენ არაერთხელ შეგვხვედრია იმის მაგალითები, როცა მოვლენის ან სიტუაციის გამკვეთრებისათვის პოეტი მიმართავს განმეორების ხერხს (იხ. ზემოთ, ასევე “აჩრდილი” და სხვ.). აქაც ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი (“ძნელი არის შენი დათმობა, მაგრამ უფრორე ძნელი არის მამულის გმობა”).

4. არ ვიზიარებთ სწორებას სიმღერაში - “გათენდა დღე დიდებისა”, ნაცვლად სტრიქონისა “დღე გათენდა დიდებისა”, რომელიც 1892 წლის გამოცემაშია (ასეა “ივერიაშიც”). ამ შესწორებას ინგოროყვა ასე ხნის: პირველი ვარიანტი რიტმის მიხედვით უფრო სწორია, რამდენადაც სიმღერა დაწერილია დაბალი შაირითო (ტ. I, 1951, გვ. 460).

სარედაქციო კოლეგიის გადაწყვეტილების თანახმად, ტექსტში შესწორდა ვითარებითი ბრუნვის რამდენიმე ფორმა: 201,13; 206, 13; 207, 4 უშენოთა-უშენოდა; 24 უსისხლოთა-უსისხლოდა; 205, 15 გზათა-გზადა.

 

 

ილიასეულ სხვა წყაროებში ასეთი ვითარებაა:

“ძღვნა” არ არის IJKO-ში.

Bm წარმოადგენს ნაწყვეტს.

B-ში მხოლოდ “ძღვნის” ტექსტია წარმოდგენილი. ჩანს, მას გაგრძელებაც ჰქონია, მაგრამ მომდევნო ფურცლები აკლია და ალბათ ამის გამო მხოლოდ ეს ტექსტი შემოგვრჩა. ეს არის პირველი ესკიზი (თუ ვარიანტი) ამ დრამატული სცენისა. ნაწერი ძლიერ მქრქალია, ძლივს იკითხება. იგი თანხვდება C ტექსტის “ძღვნას”, ორიოდე შემთხვევის გარდა. კერძოდ, B-ში ბოლო ორი სტრიქონი C-სგან განსხვავებულად იკითხება: “თუ რამ მეტი ვსთქვი ამ სცენაში, დამითმე ისა, მი[ი]ღე ასეთი ეს შრომა და ნუ გამკიცხამ მე”.

ასევე 4 ლხენითა] მღერითა B. 6 მომიტევე] მაპატიე B.

 m ნაწყვეტია, დაბეჭდილია უსათაუროდ. მასში მხოლოდ დედის მონოლოგის ბოლო ნაწილია და თანხვდება ჩვენს ტექსტს (იხ. გვ. 201, 6 “თავისუფლებავ”... ბოლომდე).

C ავტოგრაფი, რომელიც B-ს შემდეგ არის დაწერილი, შეიქმნა 1860 წელს. იგი მცირე ზომის უხაზო ფურცლებზეა ნაწერი, აქა-იქ ჩასწორებულია ყავისფერი მელნით.

როგორც წესი, ილიას პოემების ავტოგრაფებში სათაური და ძღვნა ცალკეა გამოყოფილი და ერთ გვერდზეა მოთავსებული. მეორე გვერდიდან ისევ მეორდება სათაური და ამის შემდეგ იწყება ტექსტი. ასეა C ავტოგრაფშიც (იგივეა EF-შიც): პირველ გვერდზეა სათაური და ძღვნა (ამ უკანასკნელის ბოლოს მიწერილია “ავტორი”). მეორე გვერდიდან ისევ სათაურია, რომელსაც მოსდევს ეპიგრაფი (იხ. პოემის პასპორტი) და ტექსტი.

1925-1951 წლის გამოცემებში ეს პირველი ვარიანტი მცირეოდენი შესწორებებით დაიბეჭდა (ვარიანტების განყოფილებაში). ქვესათაური “(სცენა მომავალ ცხოვრებიდან) უძღვნი პეტრე ნაკაშიძეს” გამოტოვებულია. არ არის აგრეთვე ძღვნის ტექსტის ქვეშ მიწერილი “ავტორი”, ხოლო ეპიგრაფის ქვეშ. ნუცვლად ილიასეული რუსთაველისა, წერია რუსთველი. ასევე, ილიასეული მხთალად შეცვლილია ფორმით მხდალად;ასიკვდინოთს-სასიკვდილოდ; თვითონ- თითონ; სხვერპლი-მსხვერპლი; ხოლოთ, ხოლოთა-მოლოდ, მხოლოდა; სამღვთო-საღმრთო-ჰოი; სთნქავს-სნთქავს; ჩემის-ჩემი და ა.შ.

1914 წლის გამოცემაში პოემის ძირითად ტექსტად წარმოდგენილია ჩვენი ლიტერით A და C ტექსტები (გვ. 143; 152 ), თუმცა შენიშვნებში ყველა ავტოგრაფია დასახელებული (გვ. XX-XXI), ჩვენი ლიტერით B ნაწყვეტის გარდა. 1914 წლის გამოცემაში დაბეჭდილ მეორე ტექსტში (ჩვენი C) გამოტოვებულია პოემის ქვესათაური: “(სცენა მომავალ ცხოვრებიდან) უძღვნი პეტრე ნაკაშიძეს” და ძღვნის ბოლოს წარწერა “ავტორი”.

რადგანაც C ტექსტი რედაქციულად განსხვავდება ბოლო, ძირითადი ტექსტისაგან, ვბეჭდავთ მას პირველად ისეთი სახით, როგორიც ილიას ჰქონდა, შეუსწორებლად:

დედა და შვილი

(სცენა მომავალ ცხოვრებიდან)

უძღვნი პეტრე ნაკაშიძეს

ძღვნა

აი იმ დროთგან ერთი სცენა ამოღებული,
სადაც გონება ჩვენი ხშირად ერთათა ჰფრენდა,
სადაც ჭაბუკი ფანტაზია გალაღებული
უკეთესთ ყვავილთ ქართველის გულში ლხენითა ჰკრეფდა.
მყობადს ავხადე ერთი კუთხე დიდის ფარდისა
და ეს ვიხილე; მომიტევე მე სითამამე!
ეს არს ნაყოფი აწმყოსაგან შობილ დარდისა,
ამით მამართლე, მიიღე და ნუ გამკიცხამ მე!...

                                                                     ავტორი

დედა და შვილი

“სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა
სიკვდილი სახელოვანი”.
                                       რესთაველი

დედა ( ზის მარტო)

ბედნიერ დროში დამინიშნა ღმერთმა ცხოვრება:
ჩემი მამული - საქართველო დღეს მიცოცხლდება.
ხალხი აზვირთდა, ხალხი ფიქრობს, ხალხი მოქმედებს,
კასპის ზღვიდამა შავ ზღვამდინა ერთ ფიქრსა ფიქრობს:
ეგ ფიქრი არის - მთელ კავკასის თავისუფლება...
დიდია ხალხი, როს ეს გრძნობა წინ გაუძღვება!
ერთი შვილი მყავს საყვარელი და სანატრელი,
მარტო იგი მყავს სიბერისა ნუგეშმცემელი,
იგია ჩემი სიცოცხლეცა და სიხარული,
იმითი მიდგა უძლურ ტანში უძლური სული,
ჩემის სიბერის მისაყრდომად ის დამშთენია!...
თუ მთხოვ, მამულო... წაიყვანე!... დღეს ის შენია!...
მე დედისერთას, საყვარელ შვილს შენთვის ვშორდები!...
ვინ იცის, შვილო!... რომელს ველზედ მარტო მოჰკვდები!
დამტირებელი დედაც ახლოს არ გეყოლება.

(ტირის)

მის მზრუნველ ხელით არ შეიხვევ საშიშარ წყლულსა,
მისი ცრემლები სისხლიან მკერდს არ გეპკურება,
მისი ალერსით არ დაიტკბობ მწუხარე გულსა!...

(შემდეგ რაოდენიმე ხანისა)

უნდა გულიდან ამოვგლიჯო ძის სიყვარული!...
ძნელს რასმესა მთხოვს მე უძლურსა ჩემი მამული.
მაგრამ ვალია!... თუმც სიცოცხლედ მიღირს ეს მსხვერპლი!...
აგერა შვილიც!...

(ცრემლს იწმენდს)

გულს მოუწყლავს ჩემი ტირილი,
სად სისხლი უნდა, იქ არ ვარგა სალბობი ცრემლი!...
მოვილხენ, თვარა დედის ცრემლით მხთლად ხდება შვილი!
 

შვილი (შემოდის მხიარული)

მოვიდა დიდხნის სანატრელი, დედავ, ამბავი:
ჩვენი მამული საყვარელი გაღვიძებულა,
მთელი კავკასი თვის შვილებით, ვითა ზღვა შავი,
ერთისა აზრით, ერთის ფიქრით აღელვებულა!
არ გიხარიან?! მაგრამ, დედი, გჭვრეტ მწუხარესა?

დედა (იმაგრებს რა გულს)

მე ვწუხარ მარტო მასზედ, რომ ჩემ სიბერესა
სანუგეშებლად ხოლოთ ერთი მოეცა შვილი,
მე ვწუხარ მასზედ, რომ ჩვენს მამულს ამ უკვდავ დღესა
ხოლოთა ერთი შეაკვდება ჩემგან შობილი...
ასიც რომ მყვანდეს, ასვეს მხედრად მამულს მივსცემდი,
ყველას მივსცემდი...

შვილი (ცდით)

შენღა, დედავ?!

დედა (მწუხარებით)

მე?... ვილოცებდი.

შვილი (ისევ ცდითა)

მაშ, მეც, დედილო, მეც მიმეტებთ დედისერთასა,
მეც - უკანასკნელს თქვენს ნუგეშსა მაძლევ მსხვერპლადა!

დედა

სულზედა ცოდვა დიდი უნდა აწვეს დედასა,
რომ შვილი ამ დროს არ გაჰგზავნოს ძმათ საშველათა...
ღმერთმა მიფაროს, ჩემო შვილო, ემაგ სირცხვილსა,
რომ შენ შინ იჯდე, ოდეს სხვანი იხოცებიან!..
ვინც არ იმეტებს მამულისთვის თავისა შვილსა,
სჩანს, მას შვილები თავის დღეში არ ჰყვარებიან!

(აძალებს რა თავს)

ვაჟკაცად იყავ!... აი, მარტო რის მთხოვნელი ვარ!...

შვილი (აღტაცებით გარდაეხვევა)

ოხ! ჩემო დედავ! არადროსა არ მყვარებიხარ
ისე, როგორც დღეს!... რასაც ითხოვ, აღგისრულდება.
მაგეთ დედისა შვილი განა მხთალად მოკვდება!...

(ისმის ჯარების ხმაურობა. შვილი მივარდება ფანჯარას).

დედა (თავის-თავად)

არ იცი, შვილო, როგორ მიღირს მე ეს სიტყვები
და არც შეიტყობ!... ჩემ ტანჯვებთან მარტო მე ვრჩები!...

(ისმის ჯარების ორპირი)

სიმღერა

“მოვიდა დღე დიდებისა, ქართველო!
მოსარეწი სახელისა, გმირ-ქველო!
სიცოცხლესა დღეს სჯობია სიკვდილი,
დღეს გამოჩნდეს ქართველისა მხნე შვილი!...
მოდით, ვინცა დღეს სახლშია დადგება,
დედის ძუძუ არმათა შეერგება!
მოდით, ძმებო! გავიმეტოთ თავები,
როგორც ჩვენი იმეტებდნენ მამები!
სიცოცხლესა დღეს სჯობია სიკვდილი,
დღეს გამოჩნდეს ქართველისა მხნე შვილი!..”

(ქუჩიდამ ისმის დედაკაცების და პატარა სოფლის ბიჭების ძახილი: “გამარჯვება ჯარს! გამარჯვება!”

კიჟინა და ხმაურობა).

შვილი (გახარებული)

[აქ] მოდი, დედავ, გაიხარე ამათ ხილვითა!..
რა გატირებს, თუ მამულის ბედს იყიდი ძითა?!..
მოდი, არიან ესენიცა შენი შვილები,
თან გააყოლე დედობრივი ტკბილი ლოცვები!..

(დედა ტირილით მიდის ფანჯარასთან)

შეხედე, დედილო! ამ გაწირულ ყმაწვილკაცობას!
ისე მიდიან სასიკვდინოთ, როგორც დღეობას!
შეხედე, ხალხი რარიგ ლოცვით ჯვარსა აცილებს!
დიდი, პატარა მხიარულობს, შენ რა გატირებს?!..

(ფანჯრის ახლო მოვიდა ჯარი. ისმის ორპირი)

 

“სიცოცხლესა დღეს სჯობია სიკვდილი!

დედისერთა დედამ მოგვცეს ჩვენ შვილი!..”

დედა (ტირიილით)

ათასჯერ რომა ერთი შვილი მეშობნოს, ძმებო,
მაინც თქვენია!... წაიყვანეთ თქვენთან, გმირებო!
ღმერთმა კურთხევა დიდ საქმეში წინ წაგიმძღვაროთ!
ჩვენ კი, დედებმა... ღვთის წინ უნდა ცრემლები ვღვაროთ,
რომა შეგვასწროს - მამულისთვის გამზადებულნი, -
კიდევ გიხილოთ შინ მოსულნი, გამარჯვებულნი!..

(თავის-თავად)

გულსა ვიმაგრებ, ღონეს ვიკრეფ ხოლოთ მისთვისა,
რომ იმ დრომდინა მაინც გავძლო, ვიდრე ჩემ შვილსა
მე გავისტუმრებ!

(კანკალი მოუვა)

მერე კი, ვგრძნობ, რომა მოვკვდები...
მუხლო! გამაგრდი!... უდროოთა ნუ მომეჭრები!...

ცხენოსანი (მოადგება რა ფანჯარას)

კიაზო! წამო! რაღას იცდი? გვიგვიანდება!
დრო საშურია! ჩვენ ძმებს წუთით მშველი აკლდება!...

შვილი (ისწორებს რა ხმალს)

აჰა, მოვდივარ!... აბა, დედი, იმაგრე გული,
ჩემგან მეომარს, შენგან შვილსა ითხოვს მამული!

(დედა ხმას ვერ იღება და ეხვევა შვილს)

მშვიდობით, დედავ! ჩემზედა შენ ნუ ატირდები! ცოცხალი მოვალ, თუ არა და ისე მოვკვდები,
რომ ჩემ სიცოცხლეს ამჯობინო ჩემი სიკვდილი!
ნუ სტირი, დედი! გზაზედ ვდგევარ, დამლოცე შვილი!

დედა (ძლივსღა ამბობს)

ვაიმე, შვილო!... მოვიდა დრო განშორებისა,
და გული მიწუხს!... უძლურია გული დედისა!...
ეგ არაფერი!... ეგ გამივლის!... ნუ შეწუხდები!...
თავსა მანებებ!... რა დროს, შვილო!... (ტირის და სუსტდება)

შვილი (თავის-თავად)

დედის ცრემლი
ფოლადს დაალბობს, და მეც თითქმის, მეც თვითან ვლბები!
უძლურ დედისთვის ძნელი არის ამგვარი სხვერპლი!...

დედა (ტირილით)

დედა არ გიყვარს, შენი დედა მოხუცებული?...

შვილი ( გაოცებით)
მერე, რომ მიყვარს?!...

დედა (ხვეწნით)

მასთან დარჩი!...

შვილი
მერე, მამული?

დედა (მწუხარებით)

მართლა, მამული!... ის დედაზედ უმაღლესია!...
მაშ, წადი, შვილო!... ის ბუნების სამღვთო წესაა!...

(ტირილით)

მაგრამ მე რომა უშენოთა მარტო მოვკვდები,
ვინ დამიტირებს?... წადი, შვილო, ნუ გვიანდები!..

შვილი

(აღტაცებით, დედა კი თანდათან სუსტდება, მაგრამ კი ცდილობს თავის დაჭერას)

å, ძლიერო, დიდო სიტყვავ! შენს ღვთიურ ძალსა
ვინ დაუდგება?!... კლდის სიმაგრეს აძლევ ჩვილ ქალსა!
ოდეს შენდამი სიყვარული დაიძვრის გულში,
თვით დედა შვილის სიყვარულს სთნქავს შენ სიყვარულში
რა სიხივოსანი შენი შუქი აღმობრწყინდება
კაცის გულშია, ყოვლი გრძნობა მასში ინთქმება -
როგორცა მზეში უმცირესი მნათობი ცისა,
როგორცა ზღვაში დაცემული წვეთი წვიმისა!
ძლიერო სიტყვავ! ვთმობ დედასა, შენთან ვერთდები,
თუ შენთვის მოვკვდი, სრულიათა მე არ მოვკვდები!
მშვიდობით, დედავ! ხედავ, შენს შვილს უხმობს მამული,
როგორც მე შენი, ისე ჩემი სთმე სიყვარული.

(გამოვარდება და გადის, დედა, სასიკვდინოთ მისუსტებული, გადავარდება ტახტზედ).

დედა (ძლივსღა ლაპარაკობს)

ვაიმე, შვილო! ... შენ... წას... ვლასთან... მიქრება ალი ჩემ სიცო...
ცხლისა... უშენ...ნო...თა... ძნელია ყო...ფნა!... დიდ...ხანს... იბ...
რძოდა...და... ძის... ტრფო...ბას...თან... მამულ...ლის... ვა...ლი...
ვალ...მა... აჯო...ბა... მაგ...რამ... ძვირ...ად მი...ღირ...და...
ჯობ...ნა... მე... მა...გან... მომ...კლა... ტკბილ... ყო...ფი...ლა...
მაშინ სიკვ...დი...ლი... ო...დეს... შენ... შენ...ნი ა...და...სრუ...
ლე!... მა...მუ...ლი!... ვალი!...

1871 წელს ილიამ კვლავ გადააკეთა პოემა და შექმნა ვარიანტულად ახალი ტექსტი, რომელიც A ტექსტთან ახლოსაა, თუმცა მათ შორის ვარიანტული სხვაობა შეიმჩნევა.

1871 წლის ორი ავტოგრაფიული ვარიანტი არსებობს: D და E. D უფრო დიდ სხვაობას იძლევა A-სთან შედარებით, ვიდრე E. ეს უკანასკნელი ჩასწორებული სახით დაიბეჭდა 1871 წლის “კრებულში” (G); ეს პირველი პუბლიკაციაა პოემისა.

D დაწერილია ორ მოგრძო უხაზო ფურცელზე, მუქი ყავისფერი მელნით. ნასწორებია.

პოემის ტექსტს წინ უძღვის ეპიგრაფი: “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა”... შემდეგ გვერდით მიწერილია “ძღვნა”, რომელსაც ხელმოწერა აქვს: “ავტორი”.

“ძღვნას” მოსდევს სცენის აღწერა: “(სცენათა არის ოთახი, ერთი მხრივ გაშლილია ლოგინი, შიგ წევს ავადმყოფი და ძალიან მისუსტებული დედა)”. ამის შემდეგ იწყება პოემა, რომელსაც ბოლოს უზის თარიღი და ავტორის ხელმოწერა (იხ. პოემის პასპორტი). ბოლოს ვკითხულობთ პეტრე ნაკაშიძისადმი მიწერილ ტექსტს:

“ - პეტრე! გიგზავნი ხელახლად გადაკეთებულს, შენდამი ნაძღვნევს ჩემს “ქართვლის დედას”. თუ მოგეწონება, მიეცი ნიკოლაძეს დასაბეჭდად. გთხოვ, შენი პირმოურიდებელი აზრი მაცნობო ამ პატარა თხზულებაზედა. კარგად კი წაიკითხე. მე ყველაზე უფრო ჯარის სიმღერა მომწონს. გლეხურ კილოზედ მოწყობილია. თუმოგეწონოს დასაბეჭდათ, შენთან მოწერილი ძღვნობის ლექსიცა დააბეჭდინე ამასთან ერთად. კორრეკტურა შენთვის მომინდვია.

შენი ილია ჭავჭავაძე”.

E-ც შესრულებულია ორ მოგრძო უხაზო ფურცელზე ყავისფერი მელნით. ნასწორებია.

EO-ს ტექსტს ეპიგრაფად წამძღვარებული აქვს ხალხური ლექსის ორი სტრიქონი: “გაგვიძეღ, ბერო მინდიავ”, რომელსაც მიწერილი აქვს: “(გლეხური სიმღერა)”, შემდეგ მოდის “ძღვნა”, მის ბოლოს მიწერილია: “ავტორი და თარიღი. ამის შემდეგ არის სცენის აღწერა: “(სცენათ არის ოთახი, რომლის ფანჯარანიც ქუჩას გადაჰყურებენ. ერთ მხრივ ტახტზედ ლოგინია გაშლილი, შიგ წევს სნეული და ძალიან მისუსტებული დედა)”.

“კრებულში” (G) ცენზურამ ზოგი ადგილი ამოაგდო, ზოგიც თვით ავტორმა შეცვალა (ზოგ შემთხვევაში კვლავ ცენზურის გამო):

1. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ (იხ. გვ. 482) ი. ჭავჭავაძეს პირველად სათაურად “დედა და შვილი” უწოდებია ამ ნაწარმოებისათვის. მეორე ვარიანტში (D) სათაური შეუცვლია და “ქართვლის დედა” დაურქმევია. E-ში ცენზორს ეს სათაური ამოუღია, რის გამოც ილიას კვლვ აღუდგენია თავდაპირველი სათაური “დედა და შვილი” (G).

     
2. “კრებულში” (G-ში) ავტორმა ქვესათაური უფრო ვრცლად წარმოადგინა და ცენზურის თვალის ასახვევად დაუმატა: “დრამული ეპიზოდი თამარ მეფის დროებიდამ1 ოსმალოებთან ომის წინ”.   * და არა “ცხოვრებიდან”, როგორც ეს 1925-1951 წწ. გამოცემებშია აღნიშნული (იხ. ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, ტ. I, 1951, გვ. 361).
     

3. O-დან ცენზორს ამოუღია და ცარიელი ადგილი მრავალწერტილით შეუვსია:

 

ა) ორი სტრიქონი (ჩვენი გამოცემის გვ. 200, სტრ. 10-11):

“კასპიის ზღვიდამ შავ ზღვამდინა ერთს ფიქრსა ჰფიქრობს,-

და ეგ ფიქრია მთელ კავკასის თავისუფლება”.

ბ) გვ. 201, სტრ. 30-31:

 

ქვემოთ DEG წყაროებს ვუდარებთ ჩვენი გამოცემის ტექსტს:

199. 3 რომელთ იმედი, ღვთიურ სხივით გაბრწყინვებული] იმ დროთ იმედი, ღვთისა შუქით გაბრწყინვებული D. 5 მყობადს] იმ დროთ D; დიდის ფარდისა] დიდის ფარდის E. 7 შობილ დარდისა] შობილის დარდის E. 8 გამკიცხავ] გამკიცხამ DE.

200. 7 არ მოჰკვეთე] განმიგრძელე G; აქამომდე არ მოჰკვეთე ჩემი] ამ დიდ დღემდე განმიგრძელე მოკლე D; აქამომდე განმიგრძელე ჩემი E. 8 საქართველო] საყვარელი G. 9 ხალხი აზვირთდა, ხალხი აღსდგა] ხალხი აღელდა, ხალხი აღზდგა D. 10 კასპიის ზღვიდამ] თეთრი ზღვიდამა D (“თეთრი ზღვიდამა”-ს ავტორის სქოლიო აქვს: “კასპიის ზღვა”). 11 და ეგ ფიქრია] ეგ ფიქრი არის DE. 12 გრძნობა] ფიქრი D; წარუძღვება+(შედგება მცირე ხანს) D. 14 იგია მარტო ~ DE. 15 სიცოცხლეი] სიცოცხლეცა D; იგია ჩემი სიცოცხლეი და სიხარული - G. 16 სული] შვილი D. 19 ჩაფიქრდება] თავს ჩაღუნავს D; იტყვის - D. 24 ეჰა] მაგრამ DEG. 25 მივეც] მივე DEG. 26 მაგრამ შენთვის მე მას ვშორდები] ვაიმე, რომ მას განვშორდები D; მაგრამ შენთვის მას განვშორდები EG. 29 მის ცხარე ცრემლი] მისი ცრემლები D. 30 დედისა] მისისა DEG; განგმირულს] დაკოდილს D.

201. 2 დედა შენიც] დედაშენი G. 7 ჩაგრულის... წმინდა] ტანჯულის... უხვი D, ტანჯულის... ფართო EG. 10 “მტარვალთა თქმითა”... აქედან, 21 “და რისთვის დახვალ ამა ქვეყნად პირსისხლიანი”... აქამდე (ჩათვლით) D-ში არ არის. 19 ჰღვრის] ღვრის G. 22 ხარ მშვიდობა ~ E; მომფენი] გამთენი EG. 22-23 თვით ხარ... მძებნელი შენი] თვით ხარ იეფი, შოვნა შენი რად არის ძნელი, თვით მშვიდობა ხარ, სისხლს რათა ღვრი შენი მძებნელი D. 23 იკვლევს გზას ~ EG. 25 მისი] ვერსად D. 29 ქვეყანა] მამული DE; ქვეყანა, საქართველო გაღვიძებულა] მამული, საყვარელი აყვავებულა G. 30 მტერზედ რისხვით აღმომქშინავი] თვის შვილებით, ვითა ზღვა შავი D. 33 სწუხარ] ჰსწუხარ G. 202. 1 დედა+(გულდამშვიდებით) D. 4 ნეტარს] უკვდავ D. 5 მხოლოდღა] მხოლოდა DEG. 11 ერთს... ასახელოს] მას... მასახელოს DE. 13 - 14 როგორ... სახსნელად] როგორ, მეც გინდა, რომ წავიდე ხალხის სახსნელად, რა თავი დავდო მამულისა ჩემისა მსხვერპლად D. 14 სახსნელად] სასხნელად G. 18 გვაშოროს] დამისხნას D; შვილო ჩემო ~ G. 20 - 21 ვინც მამულისთვის... ჰყვარებიან] ვინც არ იმეტებს მამულისთვის თავისა შვილსა, მას შვილნი თვისნი, ჩემო შვილო, არ ჰყვარებია DEG; E-ში ეს ბოლო სტრიქონი ასე იკიცხება: “მათ შვილნი თვისნი, ჩემო შვილო, არ ჰყვარებიან”. 23 შვილი+(აღტაცებით გადაეხვევა). 25 შენ, დედაჩემო] ჰოი, დედაო EG. 24 - 25. არასდროს... აღგისრულდება] ჰოი, დედაო, არასდროს ისე, როგორც დღეს არ მყვარებიხარ. რასაც მნუკავ, აღგისრულდება E. 27 გარედგან] გარედამ EG.

     

203. 4 ვერც... მაგას ჩემგან] არც... ჩემგან მაგას D. 5 დანაშთენსა] შევიმაგრებ D. 9 სიმღერა ორ-პირად] ორპირი E* . ორპირი სიმღერა G. 13 მოდის] დადგა E. 14 დახსნის] დასხნის E. 22 - 25 სტრიქონების (თავისუფლების... სჯობია)2 ნაცვლად DE-ში წერია: “მამულის დასხნის არმდომი, თავისა თავის მგმობია, ძმანო, შინ უღლით სიცოცხლეს, ომში სიკვდილი ჰსჯობია* * DE.

  * E -ში ჯარების სიმღერა 16 მარცვლოვანია.

* * ეს სტროფი ვარიანტებიდან აღადგინა პ. ინგოროყვამ, როგორც ავტორის ნება (იხ. <b>ი. ჭავჭავაძე,<b> თხზულებათა სრული კრებული, ტ. I, 1951, გვ. 479).

     
204. 9 (აღელვებული)+ და თვალში ცრემლმორეული D. 10 ქვეყნისა] ჩემ ქვეყნის DG. 13 ჩამოიყვანს ლოგინიდგან] შვილი ჩამოიყვანს ლოგინიდამ DE; ლოგინიდგან+შვილი G. 19 გატირებს+(ამ დროს ჯარები ფანჯრის წინ გაივლიან) D. 22 დედებმა] დედეთა DG. 23 რომ ჩვენ] რათა D, რომ EG. 24 გამარჯვებულნი + (შვილს) EG. 28 როს ვეღარ ნახავს] რომ ვერ იხილავს DE, რა ვერ იხილავს G.

205. 2 თუკი სხვა გზით შველა] დედი, სხვა გზითა ხსნა D. 7 ძმებს ჩვენით] ძმათ წუთით D. 9 მოიეც] იმაგრე DEG. 11 (დედა გადაეხვევა შვილს...)] (დედა მოიზიდამს შვილს და გულზედ იკრამს) D. 12 შენ ჩემზედა E. 15 დამლოცე] დალოცე E. 17 ვაი, შენს დედას] ვაიმე, შვილო D. 22 ანებებს+შვილს EG; ზარდაცემულსავით + გაშტერებით EG. 25 დედა შენი ~ E.

206. 5 (ძლივს ბედავს თქმასა) – AD. 13 ვიშ! მე რომ] მე რომე DE. 14 დამმარხავს] მიტირებს D. 16 ეჰა] ჰოი EG. 19 ჰკლავს] ჰსნთქავს DEG. 21 მასშია ჰქრება] შენში ინთქმება DE. 23 ვითა ზღვაშია] ვით დიდ ზღვაშია EG.

207. 2 ღონემიხდილი - D; გადიქცევა] გადავარდება EG. 5 ებრძოდა შვილის ტრფობას] იბრძოდა ძისა ტრფობასთან G. 7 არ ყოფილა ძნელი] ტკბილ ყოფილა მაშინ DG. 8 როცა] ოდეს D. 1879 წლისათვის ილიას კვლავ დაუმუშავებია ხელნაწერი E “ივერიაში” დასაბეჭდად. ავტოგრაფი E ავტორის ხელითაა ნასწორები, მაგრამ ცენზურის მიერ ზოგი სიტყვის ქვეშ წითელი ფანქარია გასმული ან ამავე ფანქრითაა გადახაზული. E[1]ს ეტყობა სტამბის საღებვის ლაქები. FH-ში ქვესათაურია “(ეპიზოდი დავით აღმაშენებლის დროთაგან, როცა არაბთაგან ანთავისუფლებდა საქართველოს)”. F-ში, როგორც დასაწყისში აღინიშნა, “ვუძღვნი პ. ნაკაშიძეს” - პ. ნაკაშიძე გადახაზულია და ზედ ავტორისავე ხელით აწერია “ჩემს ამხანაგს” (ე. ი. “ვუძღვნი ჩემს ამხანაგს”). პოეტი ძღვნის დაბეჭდვასაც ფიქრობდა და იქვე აშიაზე სურვილიც გამოუთქვამს: “ეს პირველს გვერდზედ დაბეჭდეთ და შემდეგ მეორე გვერდიდამ დაიწყეთ, რაც სკობკეფშია, სულ წვრილის ასოებით ააწყეთ”. მაგრამ “ძღვნა” იქვე ცენზორის მიერ წითელი ფანქრით არის ჯვარედინად გადახაზული, რის გამოც “ივერიაში” იგი აღარ დაუბეჭდავთ. სხვა ავტოგრაფებთან შედარებით F ყველაზე უფრო ახლოს დგას ძირითად (A) ტექსტთან, როგორც ბოლო ვარიანტი. ქვემოთ აღვნიშნავთ FH-ის ვარიანტულ სხვაობებს A-სთან შედარებით:

200. 6 ჰე] ეჰ F. 9-10 ხალხი აზვირთდა... ჰფიქრობს] ხალხი აზვირთდა, ხალხი აღზდგა, ხალხი მოქმედობს, თეთრი ზღვიდამა შავ ზღვამდინა ერთს ფიქრსა ფიქრობს FH. 11 კავკასიის] ქვეყნისა H. 201. 2 მისთვის რომ] რადგანაც F. 7 ჩაგრულის] ტანჯულის F. 33 F-ში გადახაზულია “მაგრამ შენ ჰსწუხარ, თითქო ამ თქმით მე ვერ გაამე”. მის ნაცვლად ზედ აწერია: “ნუთუ ამით მე ვერ გაამე, შენ შუბლს არ იხსნი”.

F-ში 202. 3 ნაცვლად სიტყვისა “მხოლოდ” - ჯერ ეწერა “მარტო”, გადახაზულია; 4 ნაცვლად სიტყვისა “ნეტარს” ეწერა “უკვდავს”, გადახაზულია.

F-ში 203-204 ჯარის სიმღერა თექვსმეტ-მარცვლიანია, გამოტოვებულია IV სტროფი (“თავისუფლების მშოვნელ”...); H-ში ამ სტროფის ნაცვლად წერია:

მამულის დახსნის არმდომი თავისი თავის მგმობია,

ძმანო, შინ უღლით სიცოცხლეს, ომში სიკვდილი ჰსჯობია.

204. 17 სტირის + (შვილი) F. 23 რომ ჩვენ] რომე F.

205. 22 ზარდაცემულსავით + თვალებში შეაცქერდება F.

206. 19 ჰკლამს] ჰსნთქავს FH. 21 მასშია ჰქრება] მასში ინთქმება F. “

ივერიაში” (H) გამოქვეყნების შემდეგ ეს ნაწარმოები ხშირად იბეჭდებოდა (იხ. პოემის პასპორტი).

ამ პუბლიკაციების შედარებამ A ტექსტთან უმნიშვნელო სხვაობები მოგვცა (მაგ. I-ში ჯარის სიმღერას სათაურად აწერია “ორპირი”, ხოლო ნაწარმოების ბოლოს “ღვდება” არ არის. გვ. 206, 5 “(ძლივს ბედავს თქმასა)” IOP-ში არ არის და სხვ.). აქ სხვაობა მეტწილად არის ქვესათაურებში, თარიღებში, ეპიგრაფებსა და ხელმოწერებში (იხ. პოემის პასპორტი).

რადგანაც ილიამ პოემის პირველი ვარიანტი 1860 წლის 14 ივლისს დაასრულა, ხოლო საბოლოოდ მასზე მუშაობა 1871 წლის 18 მარტს დაამთავრა, ამიტომ, პოემას ვაძლევთ ფართო თარიღს: [14 ივლისსა, 1860 წელსა, პავლოვსკი, - 1871 წელსა, 18-სა მარტსა]. ამ თარიღებს ვიღებთ CE ავტოგრაფებიდან.

ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში პოენმა დათარიღებულია 1860 წლის 14 ივლისით (სასრჩევში გვ. IV).

ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1925 - 1951 წლების გამოცემებში პოემა ასეა დათარიღებული: “14 ივლისი, 1860 წ. პავლოვსკი. (ბოლო რედაქცია 18 მარტი, 1871 წ.)”.

პეტრე ნაკაშიძე: (1836 - 1895) - საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი, ილიას უახლოესი მეგობარი. “ქართვლის დედის” გარდა ილიამ მას უძღვნა პოემა “დიმიტრი თავდადებული”.