The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ვიხილე სატრფო

 * * *  (ვიხილე სატრფო)

ვიხილე სატრფო: იგი ცრემლს ჰღვრიდა,
ბედს და სიყვარულს მოთქმით დასტირდა,
მის ცრემლი დამჭკნარს ვარდს დასდიოდა
და მეც შორს მისგან ცრემლი მცვიოდა!
მოვიდა სხვა დღე, - განქრა მის დარდი,
მას ხელთა ეპყრა სხვა ტურფა ვარდი,
იმ ვარდს ტრფობითა ის დაჰღიმოდა -
და მე კი მაინც ცრემლი მცვიოდა!

1858-სა წელსა, 26 ოქტომბერს,
ს. პეტერბურღი

  ხელნაწერი: M:

ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 2 (B); U: ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 3 (С); K: ავტოგრაფი, № 1038 (D).

ნაბეჭდი: გაზ. «ივერია», 1877, № 17, გვ. 8 (E); გაზ. «ივერია» 1878, № 26, გვ. 36 (F); დედა შვილი და რამდენიმე ლექსი თ. ილია ჭავჭავაძისა, ზ. ჭიჭინაძის გამ., ტფილისი, 1882 წ., გვ. 31; თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 180 (А); ჩანგური, შედგენილი სპ. ჭელიძისა, ბათუმი, 1904, გვ. 132 (G).

თარიღი: 1877 (სარჩევში - 1859) А; 1859 წ. პეტერბურგი D; 1858 -სა წელ., 26 ოქტომბერს. ს. პეტერბურღი B; 1858-სა წელსა, 26 ოქტომბერს. ს. პეტერბურღი C. ხელმოწერა : ილია ჭავჭავაძე D; *** E; ილ. ჭავჭავაძე (სარჩევში) G. 63. 1 ვიხილე] ვნახევი DF ჰღვრიდა] ღვრიდა DEFG; ცრემლს ჰღვრიდა] ცრემლთ ღვრიდა BC. 2 მოთქმით დასტირდა] მწარეთ დასტირდა BC, დაჰსტირდა D. 4 შორს მისგან] მის ახლოს D; მცვიოდა] მცვივოდა EF. 5 მოვიდა] გათენდა BCDF; განქრა] განჰქრა BDEFG, გაქრა С 6 მას ხელთა] ხელში მას B; ხელთა] ხელში C; ხელთა ეპყრა ∼ F; სხვა ტურფა ∼ B. 7 ტრფობითა] გრძნობითა BCD. ლექსი ჩართულია ილიას წერილში კირილე ლორთქიფანიძისადმი (D). აქვეა ჩაწერილი ილიას ლექსები: «ჩემო მკვლელო...» (იხ. გვ. 108), «მაშინ დავსტკბები...» (იხ. გვ. 71) და ნიკოლოზ ბარათაშვილის - «დამქროლა ქარმან სასტიკმან...» ამ ლექსებთან დაკავშირებით ილია კ. ლორთქიფანიძეს წერს: «რაკი არ მომეშვი, აი «ტრფიალების» ლექსს ჩემსას გიგზავნი და ერთს ნ. ბარათაშვილისას, თუ ჭკვაში მოგივიდეს, დაბეჭდე. ხანდისხან ამისთანა ლექსებიც ჰსდომებია ამ უდარდელს და ცრუდ-მოტრფიალეს ქვეყანას» (იხ. ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, ტ. X, 1961, გვ. 29).

ჩვენს ლიტერატურისმცოდნეობაში უკანასკნელ ხანებში გამოითქვა მოსაზრება, რომ «ვიხილე სატრფო» წარმოადგენს მიბაძვას ჰაინეს ლექსისა «ძილში ვსიტროდი». (იხ. ვ. კავთიაშვილი, ჰაინრიხ ჰაინე ქართულ ლიტერატურაში, თბ., 1978, გვ. 39-40). მართლაც, «სიტუაციისა და მოტივის სხვადასხვაობის მიუხედავად.., «ვიხილე სატრფო» განწყობილებით და ინტონაციით ისე ახლო დგას ჰაინეს «ძილში ვსტიროდისთან», რომ იგი, უეჭველია, ამ ლექსის შთაბეჭდილებით არის ნაკარნახევი». (იხ. დ. ლაშქარაძე, გერმანული კლასიკური ლიტერატურა ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში, თბ., 1981, გვ. 107).

ლექსს ვათარიღებთ BC ავტოგრაფების მიხედვით.