The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


შინაური მიმოხილვა (აჭარა და ქობულეთი)
შინაური მიმოხილვა (აჭარა და ქობულეთი)

ჭავჭავაძე ილია

შინაური მიმოხილვა (აჭარა და ქობულეთი)

 

შინაური მიმოხილვა (აჭარა და ქობულეთი) (გვ. 263)

ხელნაწერი: ასლი, U 168, გვ. 9.

ნაბეჭდი: ჟურნ. „ივერია“, 1879 წ., №2, თებერვალი, გვ. 121.

თუმცა „ივერიის“ ამ №2-ზე ცენზურის ნებართვა გაცემულია 1879 წლის 7 თებერვალს, მაგრამ, რადგან ამ „შინაურ მიმოხილვაშე“ იხსენიება გაზ. „დროების“ №32, რომელიც 13 თებერვალს გამოვიდა, ეს მიმოხილვა ასე დავათარიღეთ: 1879 წლის 13 თებერვლის შემდეგ. 3 ..

268. 26 „დროების“ 37 32-ში კარგა ცხოვლად არის აწერილი გ, წერეთლისაგან“... – აქ იგულისხმება 1879 წელს 13 თებერვალს „დროების“ აღნიშნულ ნომერში გამოქვეყნებული ამ გაზეთის სამხედრო კორესპოდენტის – გიორგი ექვთიმეს ძე წერეთლის წერილი „მიეშველეთ ქობულეთლებს“. წერილში, გარდა იმ ამბებისა, რასაც ილია გადმოგვცემს, დაწვრილებით არის აღწერილი რუსეთ-თურქეთის ფრონტზე ომის მიმდინარეობის სურათი 1878 წლის 20-დან 25 იანვრამდე.

264. 35 „მოხელეთა შორის იმისთანა პატიოსანი და ხალხის გულშემატკივარი კაციც არის,... როგორიც თავ. გრიგოლ გურიელი“. – პოლკოვნიკი, შემდგომში გენერალი, გრიგოლ დავითის ძე გურიელი, რომელიც იმ ხანად ბათუმის „ოკრუგის“ გამგებელი იყო, განსაკუთრებული გულისხმიერებით გამოირჩეოდა. მან შეძლო უკან დაებრუნებინა აჭარლები, რომლებიც თურქეთში გადასახლებას აპირებდნენ. ეს ფაქტი კარგადა აქვს აღწერილი ა. ჭ.-ს (ალექსანდრე ჭყონიას) თავის კორესპოდენციაში, რომელიც გაზ. „დროების“ 1878 წლის 12 სექტემბრის №183-ში დაიბეჭდა.

205. 10 „მთავრობა მიჰშველებია კიდეც გაჭირვებულ ხალხს...“ აქ იგულისხმება ის ფაქტი, რომ 1879 წელს აჭარის მოსახლეობის დასახმარებლად მთავრობამ გამოჰყო 40000 მანეთზე მეტი თანხა და სურსათი, მაგრამ, როგორც ილია მიუთითებს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა გაძვალტყავებული ხალხის მდგომარეობის გამოსასწორებლად.

272. 14 „ცხენების ჩუქება... ხომ კეთილი საქმეა, მაგრამ აქაც კი ხალხი დაფთხა...“ – ლაპარაკია შემდეგ ფაქტზე: რუსეთ-თურქეთის ომის დამთავრების შემდეგ მთავრობამ კავკასიის სოფლის მცხოვრებლებს საჩუქრად დაურიგა თოთხმეტათასამდე ცხენი, რომელიც ჯარების დემობილიზციის შემდეგ დარჩა სამხედრო ნაწილებში. ბევრმა მოხელემ ისარგებლა იმით, რომ სოფლის მცხოვრებლებს რუსული არ ესმოდათ და თავის სასარგებლოდ გამოიყენა ეს ფაქტი და გლეხებს ცხენებში საფასური გადაახდევინეს.

279. 36 „ანდრეევსკის ქალის საქმემ აშკარად გამოჰფინა საქვეყნოდ ის სასაცილობა, რომელიც მოსდევს ... ენის არ ცოდნას“. – აქ ლაპარაკია იმ დროს დიდად გახმაურებულ სასამართლო პროცესზე, რომელიც განიხილავდა ვორონცოვის პირადი ექიმის ქალიშვილის ნინა ანდრეევსკაიას მკვლელობის საქმეს. მკვლელობა ჩადენილ იქნა 1876 წლის 22 ივლისს, რაშიც ბრალი დაედოთ დავით ჩქოტუას და პეტრე გაბისონიას, ამ საქმის გამოძიება ძლიერ გაჭიანურდა, პროცესი მხოლოდ 1878 წლის 27 თებერვალს დაიწყო.

იმის გამო, რომ დამცველებსა და პროკურორს ქართული არ ესმოდათ, სასამართლო პროცესზე ბევრ გაუგებრობასა და უხერხულობას ჰქონდა ადგილი. მაგ. ერთ-ერთი მოწმის – მეთევზე ფიდუა მენაბდიშვილის – დაკითხვის დროს სასამართლოს ორმა თარჯიმანმა ორი საათის განმავლობაში ვერ მოახერხა სულ უბრალო კითხვების გადათარგმნაც კი. ბოლოს სასამართლო იძულებული გახდა თარჯიმნობა დ. მ. ერისთავისათვის ეთნოვა. პროცესზე მსგავს შემთხვევებს არაერთხელ ჰქონდა ადგილი, რაზედაც მიუთითებს ილია ამ „შინაურ მიმოხილვაში“.

 

   
  აჭარა და ქობულეთი. − კინტრიშის მაზრა გაჭირვებულია. − შველა ჩვენი ზნეობითი მოვალეობაა. − აჭარელების გადასახლების ხმა. − რათ და რისთვის? − როგორ უნდა მოევლოთ და როგორ მოუარეს. − მთავრობას რით იცნობს ხალხი. − ადმინისტრაცია. − არსებითი ნაკლი ადმინისტრაციისა. − უენობა და სიყრუე. – არ იცნობს და არ იცნობენ, − ცხოვრება, კანონი და შუა ცარიელია. − კანონმდებლობა ოთხ კედელ შუა. − ვნება ამის გამო. − კიდევ ქართული და აქაური ენები. − ქართული სცენა. − რა არის სცენა საზოგადოდ და რა უნდა იყოს ჩვენთვის საკუთრივ.    
   

ყოველ მხრიდ ამ ისმის, რომ ჩვენი მოძმენი − აჭარელება და ქობულეთლები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან და ნუგეშსაც ჯერ-აქამომდე არსაიდამ მოელიან. წარსულმა ომეპმა თუმცა ყველას მიაყენა აუცილებელი ზარალი, მაგრამ აჭარა და ქობულეთი ყველაზედ მომეტებულად დაისაჯა. ამას ეჭვი არ უნდა: აჭარა და ქობულეთი ომის მოედნად გახადა ბედმა. იქ იდგა ცალკე რუსის ჯარი და ცალკე ოსმალოსი. ჯარების დგომა, ნამეტნავად ერთიერთმანეთზედ სამტროდ გალაშქრებულისა, რასაკვირველია, კეთილს არ დააყრიდა ხალხს საზოგადოდ და უფრო იმ ხალხს საკუთრივ, რომლის მამულშიაც ჯარები იდგა და რომლის ბედი წინადვე არვინ იცოდა, ვის ჩაუვარდებოდა ხელში. ამიტომაც აშკარაა, არც რუსი გაუფრთხილდებოდა ხალხის სიკეთესა და არც ოსმალო; არც რუსი მოიქცეოდა გულმტკივნეულად და არც თათარი. „დროების“ №32-ში კარგა ცხოვლად არის აწერილი გ. წერეთლი საგან ის საცოდაობა, რასაც წარმოადგენდა ქობულეთი ომის დროს და ომის მერმედაც. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არამც თუ გადამატებულია, რასაც გ. წერეთელი გვაუწყებს, არამედ იმის ნატამალიც არ უნდა იყოს, რაც საცოდაობა აჭარას და ქობულეთს მიადგა ომის გამო. აოხრება ტყეებისა და მინდვრებისა, წვა და ბუგვა სოფლებისა, დაწიოკება ხალხისა, გარდახვეწა ზარდაცემულთა მცხოვრებთა, ამის გამო წარამარად დაღუპვა ხალხის ქონებისა, რომლის წაღებაც თან არ შეიძლებოდა, უხვნელ-უთესავად დარჩომა, ბოლოს სიკვდილი და სისხლის ღვრა, − ესენი სულ იმისთანა თვისების უბედურებაა, რომელიც დიდხანს გაჰსწევს და დიდხანს იქნება საგრძნობელი, თუ მთავრობა ეხლავე ხელს არ შეუწყობს ხალხსა, არ დააკვირდება მის აწინდელს მდგომარეობას, არ მიეშველება ფულით, თუ სხვა ღონისძიებითა, და თუ დროებით მაინც არ ამოუშვა იმ მოვალეობისაგან, რომელიც ხაზინის ინტერესს შეადგენს. ეს უკანასკნელი მაინც აუცილებელი საჭიროებაა ქობულეთის და აჭარისათვის, თუ მთავრობას ჰსურს დაანახვოს ხალხსა თვისი უკეთესი მხარე, რომლითაც იგი მართლა და სანატრელია ყოველის კაცისათვის, სახელდობრ − ის მხარე, რომლითაც სახელმწიფო თავის უწმინდეს მოვალეობად უნდა აღიარებდეს ხალხის შველას ყოველთვის და გაჭირვების დროს, ხომ უფრო, მის კეთილდღეობისათვის წადილს, მზრუნველობას და მხურვალე გულდადებას, და ამ შემთხვევაში ზოგვა და ძუნწობა საბოლოოდ საქმის წახდენაა და ღალატი სახელმწიფო საქმისა. ეგ შველა და ხელუხვობა სახელმწიფოსი მით უფრო არის სასარგებლო, რომ თვითონ სახელმწიფო არაფერს დაჰკარგავს: ხალხი, ფეხზედ წარმომდგარი, უფრო უკეთესი ღონეა სახელმწიფოსათვის, ვიდრე დავრდომილი და სულით და ხორცით გათახსირებული: მარტო გულმოგებული და ფეხგამაგრებული ხალხია უშრეტი წყარო სახელმწიფოს სიმდიდრისა და ძალისა. აქ ყოველივე შესაწირავი, ყოველივე სანთელ-საკმელი გზას იპოვის, გლეხისა არ იყოს, და სახელმწიფოს გარდამეტებით დაუბრუნდება. ჩვენდა სამწუხაროდ, ისმის, რომ ეს სანატრელი მხარე მთავრობისა ფეხადგმული არ არის ჯერ აჭარასა და ქობულეთში, თუმცა მოხელეთა შორის იმისთანა პატიოსანი და ხალხის გულშემატკივარი კაციც არის სხვათა შო რის, როგორც თავ. გრიგოლ გურიელი. მაგრამ ხომ მოგეხსენებათ, ერთის მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს არ მოიყვანს...

ნამეტნავად კინტრიშის მაზრაა თურმე საშინელს ყოფაში და გაჭირებაში. რომ მართლა იგი ყოფა და გაჭირება საშინელია, მარტო ის ამტკიცებს, რომ თვითონ მთავრობას საჭიროდ დაუნახავს იმისი გამოცხადება საქვეყნოდ. ვინ არ იცის, რომ ამისთანა ამბების გამოცხადება მთავრობას ყოველთვის ეძნელება და ემძიმება ხოლმე. ჰსჩანს მართლა დიდი უბედურობა უნდა ტრიალებდეს კინტრიშის მაზრაში, რომ მთავრობა იძულებულ იქმნა ეგ უბედურება ყველასათვის ეუწყებინა. მთავრობა მიჰშველებია კიდეც გაჭირებულს ხალხს, მაგრამ იგი შველა საკმარისი არ არისო. ჩვენ ეს არ გვესმის! რატიმ იმდენად არ მიჰშველებიან, რამოდენადაც საკმარისია? რაო, სახელმწიფოს იმოდენა ღონე აღარა აქვს, თუ სხვა რამ მიზეზია? განა ამისთანა შემთხვევაში, უღონობის გარდა, სხვა რამ მიზეზიც შეიძლება რომ იყოს? უღონობა კიდევ ჭკუაში მოსასვლელი არ არის: სახელმწიფოსათვის ერთის მაზრის შენახვა, თუნდ მთელს წელიწადს, წვეთია ზღვისათვის. ვფიქრობთ და ვერ მოგვიფიქრნია, რით ავხსნათ ეგ ნამცეცების მიწვდა, როცა ხალხი ერთის მთელის მაზრისა შიშველ-ტიტველი, მშიერმწყურვალი თვის გარეშემო ჯოჯოხეთსა ჰგრძნობს. ან სულ ჰო, ან სულ არა. აქ ორ წყალშუა დგომა უადგილოა და ამაზე” მეტიც, თუ სწორეს გვათქმევინებთ...

ჩვენ ამითი იმისი თქმა კი არ გვინდა, რომ რაკი მთავრობაა ამისთანაებში მოვალე და ყოვლადშემძლებელი ღონე, ჩვენ გულხელი დავიკრიფოთ და გულგრილად ვუყუროთ ჩვენის ძმების უბედურებას, გულგრილად და თუნდ ცარიელის გულისტკივილითაც შევყუროდეთ, როგორ თრთის და იკრუნჩხება შიშველი ბავშვი სიცივისაგან, როგორ უკვდება იგი კალთაშიშიმშილისაგან ძუძუგამშრალს დედას, როგორ ტყის ნადირსავით დაძრწის ღონემიხდილი დამშეული მამა, იმედდანთქმული, რომ რითიმე მიეშველოს შიმშილისაგან სულთმობრძავს ოჯახსა. გარბის ამ ოჯახიდამ შორს, რომ თავისის თვალით არ დაინახოს გულსაკლავი სურათი კარზედ მოდგომილის სულთამხუთავისა, არ დაინახოს თავისის ცოლის, თავისი შვილის, თავისი ძმის, დის, თვისისა და ტომის სასოწარკვეთილი ყო ფა, არ გაიგონოს თავისის ყურით ამაო ძახილი ცოლისა: „კა ცო, გვიშველე, ვიხოცებით“, საცოდავი კნავილი ბავშვისა: ,,მამავ, პური, მამავ, პური“... გარბის თვითონაც დამწვარი და დადაგული შიმშილისაგან, გარბის შორს, შორს... გარბის და ჰგრძნობს, რომ სამუდამოდ ეცლება ხელიდამ ყოველივე ის, რისთვისაც სცხოვრობდა, რისთვისაც სულდგმულობდა, რისთვისაც იწვოდა, ყოველივე ის, რაც მისთვის ყველაზე უძვირფასესია... ჰგრძნობს და გულს უბზარავს მწვავი ტკივილი სასოწარკვეთილებისა, უიმედობისა და უღონობისა. ან არა და დგას ამ საშინელის სურათის წინ − უღონო, უილაჯო, თვალებჩაცვივნული, ნაწლებამომწვარი შიმშილისაგან, დგას და უყურებს, რომ თვალწინ უკვდება ცოლი, უკვდება შვილი, უყურებს და იწვის, იდაგვის, რომ არსაიდამ ხსნა არ არის, არსაიდამ შველა, და თუ რამ ნუგეში აქვს, ეგ ის ნუგეშია, რომ მეც შიმშილი დღესა თუ ხვალე ამომხდის დაუძლურებულს სულს და ჩემს ცოლ-შვილს საიქიოს შევეყრებიო... იცით მერე ამისთანა ყოფა რა ტანჯვაა, ნამეტნავად მაშინ, როცა ხედავ, რომ გარდამო მთელი მაზრა, ათას-ათასი ღვთის-კერძო ადამიანი წივის, კივის: „გვიშველეთ, შიშვლები, მშივრები ვიხოცებითო!“ ეგ მთელი ჯოჯოხეთია, მთელი!...

აბა ახლა წარმოიდგინეთ ეს ჯოჯოხეთი რამოდენად გაძლიერებული უნდა იყოს იმ კაცის გულში, რომელიც მაგ ყოფაშია ჩავარდნილი და გვერდით ხედავს თავის ძმას, რომელსაც შველა ცოტად თუ ბევრად შეუძლიან და არ შველის. – ქართველობავ, ნუ იქ მაგ სამარცხვინო საქმეს... ხელი გაუწოდე შენს ძმებსა და დებსა, რომელნიც დღემდინ შენთვის დაკარგულნი იყვნენ და რომელნიც დღეს შენთანვე მოვიდნენ! შევეწივნეთ, რითაც შეგვიძლიან: ფულით, საჭმლით, საცმლით, ხორაგით! ამას ითხოვს ყველასაგან საზოგადოდ კაცთმოყვარეობა და ჩვენთვის კი საკუთრად ზნეობითი მოვალეობაც ძმისა ძმის წინაშე. შევეწიოთ და ვაჩვენოთ ქვეყანას, რომ კაცთმოყვარეობა ჩვენი თვისებაც არის, ვაჩვენოთ, რომ ძმათა სიყვარული ჩვენშიაც ისე ყოვლად-შემძლებელია, როგორც სხვაგან, ვაჩვენოთ, რომ ჭირში ჩვენც ვიცით დახმარება, ვაჩვენოთ, რომ ძმობა, ერთურთობა, ერთმანეთის შველა და გატანა უქმი სიტყვა არ არის ქართველობისათვის!... აქ უკან დახევა სირცხვილია ყველასათვის და ჩვენთვის ხომ სირცხვილზედ მეტიც... ჩვენ გაჭირვებულების ძმები ვართ, ძმები!. ეს არასდროს და არას შემთხვევაში არ უნდა დაივიწყოს ქართველობამ... ამ ძმობაში გამოიკვანძა ჩვენი ბედი, ამ ძმობამ ჩვენის ბედნიერების კვირტი უნდა გამოიტანოს. ქართველობავ, ჩვენი უწმინდესი ვალია, უნდა მივეშველნეთ!.. ღარიბნი ვართო, ვიძახით, მაგრამ ქვეყანაზედ მარტო ღარიბმა იცის – რა არის შველა, რა არის ძმობა გაჭირვებაში.

ამიტომაც უფრო იმედი გვაქვს, რომ ყოველსფერში გულუხვი ქართველი ქველს საქმეში უფრო გულუხვობას გაჰსწევს და არ დაიზარებს გაჭირვებულ ძმათათვის შესაწირავს. რედაქციები „ივერიისა“ და „დროებისა“ ყოველდღე მზად არიან მაგ შესაწირავის მისაღებად. ჩვენ ვურჩევთ, რომ შემწირველთა უფრო „დროების“ რედაქციას მიჰმართონ, რადგანაც „დროება“ ყოველ დღე გამოდის და ამის გამო მას შეეძლება ყოველდღე აუწყოს საზოგადოებას შეწირულის ფულის ანგარიში და ამასთანავე შემწირველთა სახელებიცა.

აბა, ქართველობავ, ეხლა შენ იცი, როგორ დაანახვებ თავს შენს ახლად შემოერთებულს ძმებსა! ეხლა შენ იცი, როგორ დაუმტკიცებ ქვეყანას მამა-პაპათ ანდერძს: „ძმა ძმისთვისა და შავ დღისთვისაო!“ ეხლა გამოჩნდება, ეს ანდერძი შენთვის ცარიელი სიტყვაა, თუ სავსე საქმეა!.. ეხლა გამოჩნდება, შენ მარტო დღევანდელ დღეზედ ხარ მიბმული, თუ ხვალისათვისაც ჰსწუხ და ჰფიქრობ!..

ყოველივე ეს უბედურობა, რომელიც თავს დაჰსცემია აჭარა-ქობულეთს და მისი უნუგეშოდ ყოფნა – დიდს განსაცდელში ჰყრის ახლად შემოერთებულ ქვეყნის მცხოვრებელთა. რუსულ გაზეთ „Голос“-ში დაბეჭდილი იყო კორესპონდენცია და მერე სხვა გაზეთებშიაც გადაბეჭდილი, რომ აჭარელები აყრას ჰფიქრობენ და ოსმალეთში გადასახლებასაო. ამის მიზეზი იცის, როგორც ეტყობა, კორესპონდენტმა, მაგრამ გამჟღავნება მისი „შემთხვევისა გამო სხვისა და სხვასა“ ვერ მოუხერხებია. რუსული გაზეთები კი ამბობენ, რომ ხალხის აყრა და ჩვენიდამ გადასახლება ოსმალეთში ასეთი მძიმე და ღირსშესანიშნავი ამბავია, რომ აქ დამალვა ნამდვილის მიზეზისა ცოდვა არისო და დიდი დანაშაული სახელმწიფოს წინაშეო. ჩვენც ამ აზრისა ვართ, მაგრამ რას იქ?

.....1 თუ მართლა აჭარა აიყრება და გადასახლდება, საკვირველი რამ იქნება, თუ შენც იტყვი, მკითხველო! ხალხე რად უნდა მიიზიდებოდეს ოსმალეთში..........2 მერე როგორ? თავისს მამა-პაპეულს ბინას, სახლს, კარს, მამულს, დედულს, მამათა სალოცავს, მამათა საფლავს, – სულ ყველაფერზედ ხელს უნდა იღებდეს ხალხი და ოსმალეთში მიდიოდეს, გაგონილა!.. საკვირველი ამბავია!.. ნუთუ, რაც უნდა იყოს, რუსეთის ხელში ყოფნა არ უნდა ერჩივნოს, ვიდრე ოსმალეთის ხელში? ნუთუ ხალხი ჰსტოვებს ყველაფერს, რაც კი მისთვის ძვირფასია, ჰსტოვებს – ვიმეორებთ – მამულს, დედულს, სახლკარს, ადგილს, საცა დაიბადა, საცა გაიზარდა, საცა უმარხია დედა, მამა, ძმა, – და მიდის სად? ოსმალეთში .... ?... რაო, რა ამბავია? მოჩვენებაა შეშინებულის გონებისა, თუ მართლა მართალი ამბავია! ........... ? რად მირბის ხალხი, მერე როგორ მირბის? ვიმეორებთ – სულ ყველაფერს ჰსტოვებს, რისთვისაც კაცი თავს იკლავს ხოლმე მთელი თავის დღენი, რისთვისაც ზრუნავს დაბადების დღიდგანვე, რისთვისაც იღვწის და ამ წუთისოფლის ტანჯვას ითმენს, რაც უყვარს, რასაც შეჰსტრფის, რასაც შეჰხარის, რასაც დღესასწაულობს, – დიაღ ჰსტოვებს და მიდის სად? .......3 ოსმალეთში!..


ეს რა ამბავია, რა ამბავია!.. ადამიანი კიდევ ადამიანია ქვეყანაზედ, თუ განადირდა, გამხეცდა, რომ გვერდით ადამიანს ვეღარ იყენებს, ვეღარ იშვნევს, ვეღარ ითვისებს! ხალხი თავის ათასწლობით დამკვიდრებულ ბინიდამ იშლება და მიდისო... ეს დაუჯერებელი, ტვინის შემარყევი ამბავი მხოლოდ შეიძლება მაშინ მოხდეს, როცა ხალხს ეტყვიან, ან აქ სიკვდილი, ან იქ სიცოცხლეო. სხვა არა მიზეზს არ შეუძლია ხალხს ასე თავი გამოამეტებინოს, ასე ხელი ააღებინოს თავის ბინაზედ, თავის მამულზედ, თავის დედულზედ და გადახვეწოს ვინ იცის საით... რამ მიიყვანა საქმე აქამდის, ამ განწირულე ბამდე, ამ სასოწარკვეთილებამდე? რამ და იმანაო, ამბობენ ყველგან, რომ ამ ახლად შემოერთებულ ქვეყანას კალიასავიო მიესია თურმე ყველა კალიაზედ უფრო მსუნაგი, უფრო ხარბი, უფრო გაუმაძღარი წვრილი ჩინოვნიკობა. რამოდენიმე კაცის გარდა, ასეთები არიან თურმე დანარჩენები, რომ როცა იმათს ამბავს ლაპარაკობენ, თმა ყალხზედ დგება. ამათ შორის, საცა გამოგდებული სამსახურიდამ კაცი იყო თურმე, საცა გამოუსადეგი, უხეირო, თავზედხელაღებული იყო, იმ ახალ ქვეყნებში მოხელეობა მიიღო. აბა რა კეთილს დააყრიან ხალხს? აბა რა მხრით დაანახვებენ ისინი რუსის მთავრობასა, რუსის მმართველობასა? არავის ეჭვი არა აქვს, რომ თუ ეს სამარცხვინო საქმე მოხდა და აჭარა გადასახლდა, ბრალი იმათ უნდა დაედოთ, ვინც მოხელეთაგანი აქამდინ მიიყვანს საქმეს...

ღირსება და სიკეთე რომელიმე მთავრობისა, ხალხისაგან ცნობილი და აღიარებული, ჰსთესავს ხალხში იმ სიყვარულის თესლს, რომელიც მეტად სანატრელი უნდა იყოს ცნობიერად მომართულ და მიმართულ სახელმწიფოსათვის; და მარტო ეს სიყვარულია სათავედ ყოველ იმისა, რაც კი შეადგენს სახელმწიფოს ძალასა და ღონეს, იმიტომ რომ მარტო სიყვარულით აღფრთოვანებული ხალხია საიმედო ყოველს განსაცდელში, რაც კი სახელმწიფოს ისტორიის გზაზედ შეემთხვევა ხოლმე, მარტო სიყვარულით გულგამთბარს ხალხს შეუძლიან სიცოცხლისა და ქონების გაწირვა სახელმწიფო კეთილდღეობისათვის, მარტო სიყვარულით გაძლიერებულის ხალხით შეიძლება იმისთანა სასწაულები მოახდინოს სახელმწიფომ, რომლის მაგალითები ბევრია ისტორიაში და რომელიც დღესაც გვიკვირს და გვაოცებს. საცა ეს სიყვარული არ არის, იქ სახელმწიფო ფუღუროა, ფუყეა, ერთი ლაზათიანის ქარას შემობერვა და იმისი გადამსხვრევა ერთია...

უმაღლესი სფერა მთავრობისა საზოგადოდ .......4

მეტად მიუწვდომელია ხალხის თვალისათვის. ისე შორსა ჰსდგას იგი ხალხზედ, ისე იშვიათად დაენახვება ხოლმე ხალხის თვალს, რომ ძნელად თუ ხალხი მას პირისპირ გაიცნობს, და თუნდ ძალიან კარგიც იყოს, მისი სიკარგე, მინამ ხალხამდე ჩავა, მრავალ ხელში გაივლის ხოლმე და ამის გამო ვინ იცის რა სახით ეჩვენება. თითონ ხალხიც, საზოგადოდ, და. დაბალი საკუთრივ, ისე მომწყვდეულია თავის ვიწრო ავკარგიანობაში, მისი ყოველდღიური საჭიროება ზედგამობმულია ისეთს წვრილმანს საგანზედ, რომ ძნელად თუ მიეცემა მიზეზი პირისპირ შეხვდეს მთავრობას და მით იხელთოს. შემთხვევა მისი ავკარგიანობა აწყოს. ყველგან უმაღლეს მთავრობის და ხალხის შორის ჰსდგას ხოლმე მთელი რაზმი მოხელეებისა, რომელნიც მახლობელნი გამომთქმელნი არიან უმაღლესის მთავრობის წადილისა, მიმართულებისა და ავკარგიანობისა. ხალხი თუ იცნობს მთავრობას, ამ მოხელეებით იცნობს, რადგანაც იგინი არიან მისდა მახლობლად, მათ უდგათ მის ცხოვრების დირეზედ ფეხი, იგინი განაგებენ ყოველ დღეს მის ავსა და კარგსა და ყოველდღე თვალწინ ტრიალებენ. უმაღლესი მთავრობა, თუნდ კარგიც იყოს, შესაძლოა მოხელეების წყალობით ხალხმა აითვალწუნოს იგი, უმაღლესი მთავრობა, და იმდენად დაფთხეს, რომ მამაპაპეული ბინაც მოიშალოს და ცხრა მთას იქით გადავარდეს, ოღონდ თავი ცოცხალი დაახწიოს. ამიტომაც კეთილად, გონიერად და ცნობიერად აგება ხალხის მახლობელ მმართველობისა, კაი კაცების შერჩევა, – შეადგენს ერთს იმისთანა უპირველეს და აუცილებელს საჭიროებას, ურომლისოდაც მთავრობა მთავრობა კი არ არის, წეწვა-გლეჯა, ზედმისევაა, თავზარია ხალხისათვის. ამის შემდეგ ნუღარ ჰკვირობთ, რომ დღეს, მეცხრამეტე საუკუნეში, რამოდენიმე მაგალითი ვნახეთ ხალხის მამაპაპეულ ბინიდამ აყრისა და გარდახვეწისა... დეე, ამაზედ ჩვენს შემდეგი ისტორიკოსი განცვიფრდეს, ჩვენ კი ეს გულისტკივილით შევნიშნოთ და შევიტანოთ ჩვენს მატიანეში...

ზევითა ვჰსთქვით, რომ ხალხის მახლობელნი მოხელენე პირველსახენი არიან უმაღლესის მთავრობისა, იგინი არიან მაგ მთავრობის წადილისა და მიმართულების გამომთქმელნი. აქედამ ცხადია, რამოდენად გულით და ჭკუით განვითარებულნი უნდა იყვნენ ის მოხელენი, რომ მათაც, − როგორც ერთგვარ ძალთა სახელმწიფო წყობისათა, – გააგნებინონ. ხალხს გზა საზოგადო ცხოვრებისა, თვალი აუხილონ იმ საგანზედ, რომელიც ყოველ წყობას ადამიანისას მისაღწევად დანიშნული უნდა ჰქონდეს საყოველთაო საკეთილოდ; მათ უნდა ამცნონ ის საყოველთაო საკეთილო საგანი, რომლისაკენაც უნდა მიიზიდებოდეს ყოვლის ძალითა და ღონეთ ყოველივე სახელმწიფო, თუ მართლა სახელმწიფოა საქმით და არა მარტო სახელითა. ამ მხრით, მოხელეობა მმართველობისა მარტო მშვიდობიანობის მცველი კი არ არის, მარტო დარაჯი კი არ არის, არამედ მწვრთნელიც უნდა იყოს ხალხისა, მასთან ერთად ჩაბმული და ერთად მოღვაწე. უნდა იყოს-მეთქი, და არის თუ არა, – ეგ ღმერთმა იცის. .............
..............................................................................5
ხალხის მახლობლად მყოფი მთავრობითი ორღანო ორგვარია: პოლიცია და სამმართველო. ამათ უჭირავთ უპირატესი ადგილი ჩვენს ცხოვრებაში და ამაზეა დამოკიდებული ჩვენში ხალხის გულის მოგებაც, ხალხის გულის აყრაც და იმ დანიშნულების აღსრულებაც, რომელიც ზევით აღვნიშნეთ. ამიტომაც აშკარაა, რა არის საჭირო აქაურ მოხელეებისათვის, გარდა საზოგადო თვისებისა, სახელდობრ, ჭკუისა და ზნეობის სიმაღლისა. საჭიროა მოხელემ კარგად იცოდეს აქაურის ხალხის ვითარება, ჩვეულება, ტკივილი და სიხარული და ღონე ჰქონდეს ხალხს უშუამავლოდ ელაპარაკოს. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს დავიწყებულია დღევანდლამდე ჩვენში და თითქმის უარყოფილიც. ხალხის სამართლის გამძღოლს, ხალხის სიმართლის აღმადგენელს და დამდგენელს რომ კაცმა ენა მოსჭრას და ყური დაუხშოს, – რაღას უნდა გამოელოდეთ მისგან კარგს და კეთილს, თუნდა სხვაში ყოველფერში ციდამ ჩამოსულიც იყოს. მოსამართლეს რომ თავის ყურით არ ესმოდეს მოჩივარის საჩივარი და გულისტკივილი, რა მოსამართლეა? მოსამართლემ რომ თავის ყურით არ მოისმინოს მოწმის ჩვენება, საცა ხშირად ერთი სიტყვა, ასე თუ ისე გამოთქმული, უფრო დიდის და ცხოველის ნათელით მოჰფენს ყოველს საქმის გარემოებას, ვიდრე მთელი ლაქლაქი უვიცისა და ბრიყვის მთარგმნელისა, − ის რა მოსამართლეა? მოხელე, რომელსაც მე ჩემსას ვერას გავაგებინებ და ის თავისას, − ის რა ჩემი მომვლელია? აქ მარტო სახეა და არა სული და ხორცი. ამ უენობას დაუმატეთ ისიც, რომ ხშირად სრულიად უცხო კაცია მოსამართლედ თუ მოხელედ, სრულიად უცნობი ჩვენის ჩვეულებისა, ჩვენის მიდრეკილებისა, ზნეობისა, ჭირისა თუ ლხინისა, და მაშინ ცხადი იქნება, რათ მიაჩნია ხალხს ჭირად, როცა საქმე ან სამოხელოდ, ან სასამართლოდ გაუხდება ხოლმე. მაშინ ცხადი იქნება, რად იმდურება ხალხი და რად არის კანონზედაც და მმართველობაზედაც გულდაწყვეტილი და გულაყრილი. შორს რათ მივალთ! აი, ცხენების ჩუქება ავიღოთ თუნდა მაგალითად. ჩუქება ხომ კეთილი საქმეა, მაგრამ აქაც კი ხალხი დაფთხა, ნამეტნავად, საცა მაზრის უფროსად უენო კაცი იჯდა, დაფთხა, არ მიეკარა ცხენებს, რადგანაც ეს მთავრობის წყალობა სულ სხვაფრად დაანახვეს ხალხსა, – კაცი არ იყო, კაცი, რომ ხალხისათვის წყალობა წყალობად გამოესახა და პირდაპირ აეხსნა მთავრობის განზრახვა. რამდენი ბოროტმოქმედება მოჰყვა ამ განზრახვით კეთილ საქმეს, მკითხველმა ზოგი იცის ჩვენებურ გაზეთებიდამ და ზოგი კი დავიწყებას მიეცა, როგორც სხვა რამ მრავალი.

როცა მოხელეები იმ ჯურიდამ ამორჩეულნი არიან, რომელიც სრულიად უცნობია ხალხისა, მისი ცხოვრებისა, სრულიად უცოდინარი ენისა, – ამას აუცილებლად ის მოსდევს, რომ მათ ხალხისა არა გაეგებათ რა და ხალხს კიდევ მათა. არიან ესე, ხშირად ერთი აღმა მიდის და მეორე წაღმა, უყურებენ ერთმანეთს და ჰკვირობენ, ან მე რად უნდივარ ამასაო, ან მე იგი რად მინდაო, ის ჩემთვის მუნჯი და ყრუიაო, მე − იმისათვისაო; და თუ მოხელე კაი კაცია, მარტო იმას ფიქრობს, რომ არა ვავნო რა ხალხსაო, და ხალხი კიდევ იმოდენად არის ხოლმე მადლობელი მოხელისა. რამოდენადაც იგი უფრო ნაკლებ მავნებელია. ამისთანა ყოფაში სხვა საწყაოთი მიდგომა შეუძლებელია: მმართველობას სიკეთის უპირატესი ღონე ჩამორთმეული აქვს, სახელდობრ ენა და ყური. ანდრეევსკის ქალის საქმემ აშკარად გამოჰფინა საქვეყნოდ ის სასაცილობა, რომელიც მოსდევს ხოლმე ენის არცოდნას.

ამას გარდა, ამ ყრუ-მუნჯობას ერთი დიდი ვნებაც სხვა დაჰყვება ხოლმე: ხალხის ცხოვრებას არც პატივი აქვს და არც ზედმოქმედება არასფერზედ. მრავალ-სახისა და მრავალგვარი საჭიროება ხალხისა, რაც მის ყოველდღიურ ცხოვრების დენაში აღმოჩნდება ხოლმე, და აქედამ წარმომდგარი ვითარება, რომელიც ზოგჯერ კანონმდებლობის ღვაწლსა თხოულობს და რომელიც ყოველთვის ჰსაჭიროებს ყურადღებით გასინჯვას და გულმტკივნეულს შეწყნარებას, – რჩებიან არამც თუ უყურადღებოდ, არამედ იქავე სულსა ლევენ, საცა იბადებიან, რადგანაც მთავრობის აგენტი ყრუა და მუნჯი უენობის გამო. სულს ლევენ-მეთქი და ამით გულსა ჰსწყვეტენ ხალხსაც, და თვითონ მთავრობასაც ხელიდან აცლიან იმ ძვირფასს მასალას, რომელზედაც დამყარებული უნდა იყოს ყოველივე მისი განკარგულება და კანონმდებლობა. ამიტომაც ჩვენში კანონი თუ იბადება, ოთხ კედელ შუა იბადება და ზოგჯერ ისე მოუხდება ხოლმე ჩვენს ცხოვრებას, როგორც კაცს სხვის ტანზედ შეკერილი ტანისამოსი. ეს არის, ჩვენის ფიქრით, იმ ყოფის მიზეზი, რომ ჩვენი ცხოვრება ძირს მიდის, თავისთვის, ზემოდამ დაჰფარფარებს აჭრელებული ქაღალდი, საცა სუფევს კანონი, და შუაში კი ცარიელია. ამ ცარიელე დახტიან, ცხოვრების ზემოთ და კანონქვეშ, ჩვენი მოხელეები. ხალხი მათ ერიდება და ხალხს ისინი ერიდებიან.

ამისი წამალი – თვითონ ტკივილიდამა ჰსჩანს. აშკარაა, რომ მოხელეთა ამორჩევაში, განათლებისა და ზნეობით აღმატებულობის გარდა, ენის ცოდნას უპირველესი ადგილი უნდა ეჭიროს. უამისოდ ამაოა მთავრობის ცდა ხალხის გულის მოსაგებად; ეს არის უპირველესი ღონე მოხელისა, რომ მართალი და ჭეშმარიტი სამსახური გაუწიოს სახელმწიფოსაც და საზოგადოებასაც. ეს კარგად იციან ევროპიელებმა, რომელთაც კანონად მიღებული აქვთ, რომ თუ ენა არ იცის, კაცს ფეხსაც არ შეადგმევინებენ იმ ხალხში, საცა მოხელეობას ჰნდომობს. ასე მოქმედობს, მაგალითებრ, ინგლისი – შესახებ ინდოეთისა. ჩვენში კი სულ სხვასა ვხედავთ. აქ არამც თუ მოხელისაგან თხოულობენ, რომ აქაური ენები იცოდნენ, არამედ თვითონ აქაურებისათვისაც კი ამოაკვეთინეს ფეხი აქაურობას ენებს აქაურის სასწავლებლებიდამ. იქ, საცა ჩვენი ხალხის მწყემსნი იზრდებიან, ჩვენი ხალხის მასწავლებელნი, მაგალითებრ – სასულიერო და საოსტატო სემინარიაში, იქიდამაც კი გამოდევნეს ჩვენი ენა. ქართველებსაც კი გზა არა გვაქვს ჩვენი ენა შევისწავლოთ, თორემ სხვას ვინ ჩივის. მთავრობა, რასაკვირველია, მიაქცევს ყურადღებას ამ დიდს ნაკლს და ეცდება იგი ნაკლი თავიდამ მოაშოროს აქაურს მმართველობა, და ყოველს მოხელეს მოჰსთხოვს იმ ხალხის ენის ცოდნას, რომელთ შორის სამსახურს ჰნდომობს. ამისათვის საჭიროა ხელახლად შესაფერი ადგილი მიენიჭოს აქაურს სასწავლებლებში აქაურს ენებს. რასაკვირველია, ამ წამალს იმოდენა მნიშვნელობას არ ვაძლევთ, რომ ამათი ყველა ტკივილი მორჩეს, აქ ბევრი სხვა ტკივილიც არის, რომელიც სულ სხვა მიზეზით წარმოდგება და რომელსაც სხვა წამალი უნდა... ჩვენ ვამბობთ, რომ დღეს ეგეც დიდი ფეხის წინ წადგმა იქნება, თუ მთავრობას ჰსურს ხალხისა შეიტყოს რამე და ხალხს კიდევ თავისი აცოდინოს.

* * *

ჩვენს ენას ჩვენში მოედანი არა აქვს სავარჯიშოდ. ჩვენი ეგრედ წოდებული მაღალი საზოგადოება, ნამეტნავად ქალაქში, თავის სამარცხვინოდ თაკილობს თავის დედაენით ლაპარაკსა. ნათქვამია, თევზი თავიდან აყროლდებაო, სწორედ ეგრე მოგვდის ჩვენც, ჩვენს ეგრედ წოდებულ მაღალ საზოგადოებას თუ დავაკვირდებით. ცოცხალი ლაპარაკი, ის დარბაისლური ქართული საუბარი, ის საამური ქართულის სიტყვის მიხვრამოხვრა, ის სიმდიდრე ქართულის სიტყვიერებისა აღარ ისმის, აღარ არის. გადაგვავიწყდა ყოველივე, რაც ენის შვენებას შეადგენს, რადგანაც ჩვენი აზრი ჩვენის ენით აღარ მოძრაობს, ჩვენი გული ჩვენის ენით აღარ თბება. ამისთანა სავალალო და სამარცხვინო მდგომარეობაში ქართული სამუდამო სცენა სწორედ ცის ნამია დამჭკნარის ყვავილისათვის. უფ. არწრუნმა ამ ბოლო დროს თავის დიდს ქარვასლაში გამართა კერძო თეატრი. ამ შემთხვევამ ფრთა შეასხა იმ დიდის ხნის სურვილს, რომ სამუდამო სომხური და ქართული სცენა გაიმართოს. აქაური სომხები დიდის გულმოდგინებით მოეკიდნენ სომხურის სცენის საქმეს და ამბობენ, პირველ გასაწყობად ათასი თუმანი ფული მოაგროვესო და კიდევაც აგროვებენო. არც ქართველობამ დაიკრიფა გულზედ ხელი. ქართველობის მოყვარენიც ამასავე ცდილობენ და არ ვიცით, რა მადლობა უნდა გადუხადოს ქართველობამ იმ კაცს, რომელთ მეოხებითაც ამ ბოლოს დროს ჩვენში გაძლიერდა სამუდამო ქართულის სცენის დადგენის სურვილი და ფეხი აიდგა კიდეც, რომ სისრულეში მოვიდეს. ერთმა კიდევ ქართველმა იმოდენა გულის სიკეთე და ჩვენი სიყვარული გამოიჩინა, რომ სამასი თუმანი შეჰსწირა მაგ საქმეს, „დროების“ სიტყვით. იმედია, რომ ამაზედ არ გაჩერდება ქართული გულუხვობა და სხვაც ბევრი შეძლებისამებრ გამოიმეტებს შესაწირავსა ამ მეტად სანატრელ და საკეთილო საქმისათვის. დიდი რამ არის სცენა საზოგადოდ და ნამეტნავად ჩვენთვის, თუ იგი ეხლანდელ გულგარყვნილობის მოედნად არ გავხადეთ და რაღაც სალახანური „მშვენიერი ელენები“ არ ვავარჯიშეთ. დიდი რამ არის-მეთქი სცენა: ძლივს ერთი საჯარო ადგილი მაინც გვექნება, საცა ჩვენის ენით ვილხენთ, ჩვენის ენით ვინაღვლებთ, ჩვენის ენის. მოწყალებით გავიტარებთ თვალწინ ჩვენს ცხოვრებასა მთელის, მისის ჭკუისა და გულის მონაგარითა.

ამას გარდა, სცენა იგივე შკოლაა, რომელიც ცხოველს, სურათებით ელაპარაკება კაცის გულსა და ჭკუასა, იგი ამ თავის თვისებით კაცის გუნებაზედ უფრო მედგრად მოქმედობს, ვიდრე სხვა რამე. ამ მხრით არის იგი სანატრელი, ამ მხრივ არის იგი კაცის გრძნობისა და ჭკუის გამაფაქიზებელი, გამწმენდელი. სცენა ხალხის მწვრთნელი, ხალხის გამზდელი უნდა იყოს, და ამასთანაც იმისთანა შემაქცევარიც არის, რომ უკეთეს მხარეს ადამიანისას ფეხს ადგმევინებს, ფრთას, აშლევინებს. უკეთესი შესაქცევარი, უკეთესი დროსგასართობი, სულისა და გულის ამამაღლებელი, სხვა ისეთი არა ვიცით რა, სცენის მეტი. თუ ეს ძვირფასი თვისება, როგორც ხალხის წვრთნა და ზრდა, სცენას ჩამოაცილეთ, იგი მიკიტანხანად გადაიქცევა და მაშინ ჰსჯობს წაწყმდეს, ვიდრე სუფევდეს. ეს არ უნდა დავივიწყოთ ჩვენ, ქართველებმა, რაკი ის. კეთილი აზრი მოგვსვლია, რომ ჩვენი საკუთარი სცენა ვიქონიოთ. ჩვენ ჩვენს სცენას ორ ღვაწლსა ვჰსთხოვთ. პირველი − რომ მართლა განმწმენდელი იყოს ჩვენის ცხოვრებისა, ჩვენის ჭკუისა და გულის განმანათლებელი და მწვრთნელი, და მეორე − იგი უნდა იქნას იმ ადგილად, სადაც ჩვენი ენა ფესზედ უნდა წამოდგეს მთელის თავის შვენებითა და სიმდიდრითა. დღეს ჩვენს მდგომარეობაში სცენის მეტი სხვა ისეთი სახსარი არა აქვს რა ჩვენს ხალხს, რომ გონება, გული გა.იხსნას და ენაც ავარჯიშოს საჯაროდ, საქვეყნოდ. ამიტომაც საჭიროა ჩვენში სცენას იმისთანა გონებაგახსნილი ზედამხედველობა ჰქონდეს ვისგანმე, რომ ამ ორს სანატრელ საქმეს სცენა არ გადუდგეს და არ გახდეს „მშვენიერის ელენების“ სამარცხვინო სასალახნო ასპარეზად. ამბობენ, ამ საქმეში მეთაურობას ჰკისრულობს ჩვენი – ყოველ კეთილ საქმეში დაუღალავი მოღვაწე – დ. ი. ყიფიანი. ჩვენის ფიქრით, უკეთესს კაცს ვერ ჩააბარებდნენ ამ დიდს და მძიმე საქმეს, როგორც ქართული სცენაა. მან ძალიან კარგად იცის, რა ძვირფასი რამ არის ხალხისათვის სცენა, როცა იგი იმ ორს ზემოაღნიშნულს საგანს ემსახურება. თვითონ იმ თხზულებათა აღმორჩევა რომელთაც დ. ი. ყიფიანი ჰსთარგმნის ხოლმე, ცხადად გვიმტკეცებს, რომ მას სცენა მიაჩნია იმ დიდ შკოლად, საცა ოსტატად მოწვეულნი უნდა იყვნენ იმისთანა სახელოვანნი კაცნი, როგორც შექსპირი და მოლიერი და სხვა მრავალი მათი მომდევარი გამოჩენილი მწერალი. იმედია, რომ დ. ი. ყიფიანის, ხელში სცენა თავისდღეში ისე არ დაჰმდაბლდება, რომ იგი შეიქმნეს გულისა და ენის გამრყვნელად. ღმერთმა ჰქმნას, რომ რამოდენადაც დ. ი. ყიფიანი გულმოდგინედ და გულმხურვალედ მოეკიდება ამ საქმეს, იმოდენად ჩვენც შემწეობა და გულისტკივილი ამოვუჩინოთ და მაშინ ჩვენის სცენის საქმე მკვიდრს საფუძველზე იქმნება დამყარებული, ჩვენდა სანუგეშოდ ღა სასიხარულოდ.

[1879 წ., 13 თებერვლის შემდეგ]


____________________

1. აქ ცენზურის მიერ ამოღებულია ადგილი. რედ.
2. აქ ცენზურის მიერ ამოღებულია ადგილი. რედ.
3. აქ ცენზურის მიერ ამოღებულია ადგილი. რედ.
4. აქ ცენზურის მიერ ამოღებულია ადგილი. რედ.
5. აქ ცენზურის მიერ ამოღებულია ადგილი.რედ.