The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


რევაზ გაბაშვილის მოგონება (ილია: მოგონებანი გარდასულ დღეთა)
ილია: მოგონებები გარდასულ დღეთა

 

გაბაშვილი რევაზ

 

რევაზ გაბაშვილის მოგონება (ილია: მოგონებები გარდასულ დღეთა)

...მეცხრამეტე საუკუნეში მართალი იყო ქართველი საზოგადოება, რომელმაც ფრანგი მოგზაურის შეკითხვაზე: — ვინა გყავთ ყველაზე დიდი პიროვნებაო? – უპასუხა Ilya Ilia (სიტყვათა თამაშია, ფრანგულად ნიშნავს: ეს არის ილია).

...მახსოვს, ილია მოდიოდა ყოველ ახალ წელიწადს სათავადაზნაურო სკოლაში, უკან მოსდევდა მოსამსახურე ორი ვეებერთელა კალათით და თვალდაცეცებულ მოწაფეებს ბღუჯა-ბღუჯად გვირიგებდა კამფეტებს და სხვა ტკბილეულობას. ასე მგონია დღესაც, სიმბოლოდ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ილიას ეს გულუხვობა, თუ როგორ ურიგებდა მთელ ქართველ ერს თავის გულისა, გონების და ხელის ნაწარმოებსა.

...ნამდვილი ომი, — უამისოდ ვერც ერთი ქართული საქმე ვერ გასძლებს, – გათამაშდა ჩემს ყმაწვილობაში, როდესაც ილია ჯერ ცოცხალი იყო, ― „ბანკობანას“ სახელით. ხუმარანი თუ პოეტები, ჟურნალისტები თუ პუბლიცისტები, ტლანქი მოენე თუ კარიკატურისტები, მთელი ქართველი საზოგადოება იყო გაყოფილი და აყოლილი თავად-აზნაურობის ამა თუ იმ ბანაკს: „ჭავჭავაძისტები“ და „მაჩაბელისტები“ გააფთრებით ებრძოდნენ ერთმანეთს. ვანო მაჩაბელის მომხრე ქართლელი თავადაზნაურები ტივებით ჩამოდიოდნენ თბილისში და კახელნი ცხენ და ცხენ ან „დილიჟნებითა“.

ყოველი კრება იყო მძაფრი პაექრობა არა მარტო ილიას ენამჭევრობის „მძიმე არტილერიასა“ და ვანო მაჩაბლის იჭერმეტყველების „მსუბუქ ცხენოსნებს“ შორის, არამედ გონებით უფრო ნაკლებ, ვიდრე სატევრითა და რევოლვერით შეიარაღებულთა შორის.

მაგრამ ილიას ძალუმი ლოღიკა, სარკაზმებითა და მჭრელი ირონიით შეზავებული სიტყვა, არა მარტო სჯობნიდა მუდამ, არამედ, რაც მთავარია, – ანელებდა მოწინააღმდეგეთა სიმძაფრეს და კრება არასოდეს გადასცდენია პარლამენტალურ წესებს.

ერთხელ, მიხეილ მაჩაბელმა, ილიას ყველაზე მოუსვე ნარმა მოწინააღმდეგემ, ტაშიც კი დაუკრა ილიას, აღტაცებულ კრებასთან ერთად. – ბატონებო! — წამოდგა ილია, – სისულელე ხომ არა წამომცდა რა, მიშო მაჩაბელიც კი ტაშს რომ მიკრავსო?

ერთ-ერთ წინა კრებაზედ, მიხეილ მაჩაბელს, აზრის დასასურათებლად უთქვამს: „ერთხელ თიენეთს მივდიოდი, ბურუსი იყო საშინელი, გზა დამებნა და შორიდან ძაღლის ყეფა შემომესმა, ალღოთი ავყევი და გზაც გამოჩნდაო“. ამის შემდეგ ვიღაც არტილერიის ღენერალს უსაყვედურებია ილიასთვის: „ბატონო ილია, თქვენ სარგებლობთ თქვენი ცოდნითა და პრესტიჟით და საზოგადოებაზე ახდენთ გავლენას, სინამდვილეში კი მიხეილ მაჩაბელი მართალიაო“. ილიას კვლავ დაუსაბუთებია თავისი აზრი და დაუმტკიცებია: „ლოღიკისა და ცოდნის წინააღმდეგ ვერავითარ არტილერიას არაფერი შეუძლიანო, და რაც შეეხება ალღოს, მე ხომ მიშო მაჩაბელი არა ვარ, „ბურუსში ავყვე ძაღლის ყეფასაო“. მომხრეთ და მოწინააღმდეგეთ ისეთი სიცილი აუტეხიათ, რომ შემდეგ კრებებზედაც კი მის. მაჩაბელს და არტილერიის ღენერალს ხმა აღარ ამოუღიათ.

საბოლოოდ ილიამ გაიმარჯვა, მისი პირადი მეგობარი ივანე მაჩაბელი კი მისტერიულად დაიკარგა. ამ ამბავმა დიდი მღელვარება გამოიწვია, მაგრამ ზეთივით გადაესხა „ბანკობიანას“ ზღვას... სტიქიონი დაწყნარდა და მას აქეთ, ილიას მესაჭეობით, ბანკის გემს ყოველწლიურად მოჰქონდა საქართველოს სალაროში ერთი მილიონი მოგება. ნახევარი ხმარდებოდა ბანკისავე გაძლიერებას, უძრავ და მოძრავი თანხების სახით და მეორე – გამოუკლებლივ, იყო ნამდვილი ბიუჯეტი ქართული საზოგადოებისა. ილიას შემდეგაც ქართულ სალაროში ყოველწლიურად შედიოდა ნახევარ მილიონი ოქროს მანეთი...

1917 წლის ნოემბერში ხომ ილია ჭავჭავაძის დისწულმა, – ნეტარხსენებულმა კოტე აფხაზმა ქართველ ხალხს გადასცა ილიას ბანკის შენაძენი ქონება, 26 მილიონი ოქროს მანეთის ღირებულებისა...

აი, ვინ იყო კიდევ ილია, და არა მარტო პოეტი და მწველი პოლემისტი; და ნუ გაგიკვირდებათ, რომ „ბანკობიანობის“ დროს, კიდევ ერთმა გაბაშვილმა ვერ მოითმინა და ვინმე ბრწყინვალე თავადიშვილს, – ილიას რომ შეეხო უკმეხი სიტყვით, – თავზე ქოლგა დაამტვრია ბრწყინვალე ლოჟაში. ეს იყო ეკატერინე გაბაშვილი!

ლეგენდა უმატებს: როცა ილიამ გაიმარჯვა, ბრწყინვალე თავადიშვილმა ბოდიში მოიხადა, დამსჯელ ხელზე ეამბორა ეკატერინეს და უთხრა: „მართალი ბრძანდებოდით ქალბატონო, ილიას მგმობს იმაზე მეტიც ეკადრებოდაო“!