The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


კოხტა აბხაზის მოგონებანი ი. ჭავჭავაძის შესახებ

VII. კოხტა აბხაზის მოგონებანი ი. ჭავჭავაძის შესახებ

ილია და მე ერთად შევიზარდენით. რაც ჩემი თავი მახსოვს, იმ დღიდან მახსოვს ილიაც. ილია ერთის წლით (ცოტა ნაკლებით) ჩემზედ უმფროსი იყო, ის დაიბადა 1837 წ. მე კი 1838 წ. გემნაზიაშიაც ერთად ვიყავით და სტუდენტობის დროს ერთ ოთახში ვცხოვრობდით.

როგორც მახსოვს, ილია პატარაობიდანვე ლექსებსა სწერდა. მახსოვს ასეთი შემთხვევა. ილია იქნებოდა ესე 11 წლისა, ჩვენს სოფელში კარდანახში ვიყავით (ორივენი გემნაზიელები] კვირა დღე იყო და ერთი ოცი თუ თხუთმეტი ვერსის მანძილზე მამაჩემს მამითადი ჰქონდა. ჩვენც იქ წავედით. მთელი დღე ვუცქეროდით გახურებულ მამითადს. საღამოთი შინისკენ დავბრუნდით და კარდანახამდინ რო ასე 7 ვერსის სავალი დაგვრჩა, კოკისპირული წვიმა დაუშვა და მთელი ნიაღვარი მოვარდა. მეტი გზა არ იყო, შევბრუნდით ახლო მდებარე სოფელში ჩალაუბანში და ღამეც იქ გავატარეთ. მაგრამ მთელი ღამე არ მოგვითვლემია. ერთს გლეხკაცის სახლში ვიწექით და ღამე იმოდენა მკბენარი (რწყილები) დაგვეხვია, რომ გათენებისას გამოვვარდით გარეთ ლოგინებითურთ და ერთს დიდს კაკლის ქვეშ გავშალეთ და ცოტა მაინც გამოვიძინეთ. აი სწორედ აქ დაწერა ილიამ თავისი პირველი ლექსი <b>„რწყილები“</b> (47–48 წ.)_საუბედუროთ ეს ლექსი არ შენახულა, და არც ვიცი, რა უყო ილიამ. მახსოვს, მარტო რომ ამ ლექსში დიდის ოხუნჯობით და მეტად კომიკურად იყო აღწერილი ჩვენი რწყილებთან ბრძოლა, და ლექსმა ბევრი გვაცინა. უნდა მოგახსენოთ, რომ ილია პატარაობიდგანვე მართალია როგორღაც მიუკარებელი და უფრო ჩუმი იყო, მაგრამ ამასთანავე მაშინათვე ოხუნჯობის დიდი უნარი ემჩნეოდა. მეტის მეტი მოსწრებული ხუმრობა იცოდა და თუ კი ვისმე სასაცილოდ აიგდებდა, მართლადაც რომ მიწასთან გაასწორებდა.

გიმნაზიაში ილია ნიჭიერ და გონებაგახსნილ შეგირდათ ითვლებოდა, მაგრამ ზარმაციც დიდი იყო. არასოდეს გაკვეთილებს არ ამზადებდა და მარტო, როდესაც მოახლოვდებოდა გამოცდა, მაშინ ბეჯითად შეუდგებოდა სწავლას და ორს სამს საათში იმოდენას შეისწავლიდა და დასძლევდა, რომ სხვას ამისათვის ორი დღეც მოუნდებოდა. გასაკვირველი ის იყო, რომ ამგვარი შესწავლა, როგორც მოსალოდნელია, არ იყო ზერელე, პირიქით, რასაც კი შეისწავლიდა, უსათუოდ ზედმიწევნით. მოძრაობა ისე რიგათ არ უყვარდა ილიას და პატარაობიდანვე დაბალი ტანისა და ჩასხმული აგებულობისა იყო. ამხანაგებს აგრერიგად არ უახლოვდებოდა, მაგრამ ამხანაგის გამტანი და მხარის დამჭერი კი ყოველთვის იყო.

უნივერსიტეტში ილიას განსაკუთრებით პოლიტიკური და ეკონომიური სამეცნიერო საგნები აინტერესებდა. აქაც იგივე ჩვეულება ჰქონდა, მთელი წელზე წადი სამოსწავლო საგნებს ყურადღებას არ აქცევდა და სულ სხვა წიგნების კითხვაში იყო გართული, კითხულობდა სხვათა შორის ბევრს ძველ ქართულ წიგნებს. მოახლოვდებოდა ეგზამენები და ილია სწავლას შეუდგებოდა. დღეღამეში ხშირად 10— 20 საათს მუშაობდა და რამდენჯერ დამინახავს, რომ წიგნთან მჯდომარეს ჩასძინებია. მართალია ილია არ გარეულა და მონაწილეობა არ მიუღია იმდროინდელ სტუდენტების არეულობაში, მაგრამ მე და ილია იძულებულნი ვიყავით უნივერსიტეტიდან მეოთხე კურსიდან გამოვსულიყავით და სამშობლოში დავბრუნებულიყავით. ეს მოხდა ეგრეთწოდებულ „მატრიკულების“ წყალობით, რომელიც შემოღებულ იქმნა პეტერბურღის გენ.-ღუბერნ. <b>იგნატიევის</b> წყალობით და მეცადინეობით. ჩვენ თითქმის ყველა სტუდენტებმა ამის შესახებ პროტესტი გამოვაცხადეთ, და მართალია არც მე, არც ილია სტუდენტების კრებას არ დაესწრებივართ (მე ვერ მივუსწარი კრებას, როდესაც მივედით, კრებისთვის უკვე პოლიციას და ჯარს ალყა შემოერტყა), მაგრამ მაინც გამოგვიცხადეს, რომ ვინც მატრიკულებს არ დაემორჩილება, პეტერბურღიდან ოცდაოთხი საათის განმავლობაში უნდა წავიდეს თავის სამშობლოშიო. ჩვენც წამოვედით. პეტერბურღში ვცხოვრობდით მომეტებულ ნაწილად <b>ვასილევის კუნძულზედ</b> (средний проспект, дом Калгина) ზაფხულობით ჩვენი ქართველი სტუდენტობა <b>პავლოვსკში</b> ატარებდა დროს და ჩვენც, მე და ილია, ზაფხულობით იქ ვიმყოფებოდით ხოლმე. მახსოვს, ერთხელ პაელოვსკიდან ცარსკოე სელოში წავედით და იქ ვეწვიეთ ქალბ. <b>დადიანისას</b>, სამეგრელოს მთავრის ასულს. ქ. დადიანის ამ გამოიტანა და მოგვცა წასაკითხად ბარათაშვილის ლექსები, რამდენადაც მახსოვს, ბარათაშვილის საკუთარი ხელთნაწერი, ეს ლექსები იყო: <b>„ქართლის ბედი</b> და <b>„მერანი“</b>. ვერ წარმოიდგენთ, რა შთაბეჭდილება მოახდინეს ამ ლექსებმა ილიაზედ. თითქმის მთელი ერთი კვირა ყმაწვილი ჰბოდავდა ბარათაშვილით.

ჩვენ სტუდენტები ხშირად ვიკრიბებოდით და ებაასობდით როგორც საზოგადო კითხვებზე, აგრეთვე ჩვენს დაბეჩავებულს სამშობლოს მომავალზედ. ვკითხულობდით ხშირად ქართულს წიგნებს. ყველა ჩვენზედ დიდი გავლენა ჰქონდა <b>ბესარიონ ღოღობერიძეს</b>, რომელსაც „პატრიარქს" ვეძახდით.

მამულისადმი უანგარო სიყვარული პატარაობიდანვე შეჰყვა ილიას, მეტის მეტად უყვარდა ბაასი გლეხკაცებთან, მეტადრე მოხუცებულებთან, ჰკრეფდა და აგროვებდა ზღაპრებს, ანდაზებს, გამოცანებს. უყვარდა მესტვირეები და სიამოვნებით უგდებდა ყურს. საზოგადოთ კი მუსიკას არა სწყალობდა, და არც ესმოდა. მე იმისთ მარტოდ მარტო ერთი სიმღერა მახსოვს. ხშირად ოთახში ბოლთასა სცემდა და უცნაურის ლოთი ღუღუნებდა:

Английский оЛрд,

Свободен и горд

დიდი თაყვანისმცემელი იყო ილია ინგლისის სახელმწიფო წესწყობილებისა, აღმერთებდა <b>გარიბალდის</b> და პატივსა სცემდა <b>გლადსტონს</b>. ქართველების შესახებ ილია ხშირად ამბობდა: „ჩვენ ჯერ ჭოჭინი გვჭირიაო".

არ ვიცი, იყო ვინმე ისეთი პირი, რომელსაც გავლენა, ჰქონდა პატარა ილიაზედ, რომელმაც შთაჰბერა მას გულში სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვასრული და სალხური ხელოვნებისადმი სიყვარული, მე მგონია, რომ ეს შემდეგში შეიგნო ილიამ, მეტადრე როდესაც მომრიგებელ შუამავლად და მოსამართლედ იყო, სადაც ხშირად ხედებოდა და ახლოს ეცნობოდა ჩემს ხალხს.

რაც შეეხება მის შემოქმედებას და მის ნაწარმოებების ისტორიას, მე მხოლოდ „კაკო ყაჩაღის“ შესახებ მახსოვს კარგად, რომ კაკო პირდაპირ (ცხოვრებიდან არის აღებული. კაკო გახლავთ ერთი კარდანახელი გლეხი ვინმე, გაუხარაშვილი, რომელმაც მართლა ესროლა თავის ბატონ (რომელიღაც ვაჩნაძეს) და ყაჩაღად გავარდა. იმალებოდა ალაზნის* ტყეში და გამვლელ-გამომვლელს ხოცავდა. ხმა და სახელი დიდი ჰქონდა გავარდნილი.

ერთხელ ილია სწორედ იმ გზით მოდიოდა ჩვენსა კარდანახში, თან ახლდა მოსამსახურე ბიჭი. უცბად ერთ ალაგას წინ გადასდგოშია შეიარაღებული გაუხარაშვილი და შეუჩერებია, გამოუკითხამ ვინაობა და მოგზაურობის მიზანი. რომ გაუგია ჭავჭავაძის გვარი, უკითხამს: ჭაუჭავაძეს კარდანახში რა უნდაო? ბიჭს აუხსნია, რომ კარდანახში თავის ნათესავ აბხაზიანთსა მიდისო, მაშინ ყაჩაღს თოფი დაუშვია ძირს და ილია მიუწვევია თავის ბინაზე, კარგად გამასპინძლებია და დაუთვრია კიდეც. ასე რომ, როდესაც ილია ჩვენსა მოვიდა, ბარბაცებდა და მარტო იმას გაიძახოდა ენის ბორძიკით; „დამაძინეთ, დამაძინეთო!“ მეორე დღეს კი გვიამბო თავის თავგადასავალი, მხოლოდ დაუმატა, რომ გაუხარშეილი სულ ბატონებს წყევლის და აგინებსო.

ილიას საზოგადოდ ნადირობა არ უყვარდა. მახსოვს, ერთხელ ალაზანზედ წავედით რამდენიმე კაცი სანადიროდ. დავდექით ნომრებზე. ჩემს გვერდით, ცოტა მოშორებით იდგა ილია. ხშირი და დიდი ტყე იყო. ძაღლებმა უკვე დაჰყეფეს, როგორც ეტყობოდა კვალს მიაგნეს. გაფაციცებით ველი ნადირს და არ გავიდა ბევრი ხანი, რომ გამოჩნდა დიდი ირემი, მაგრამ ხეებს ისე იყო მოფარებული, რომ ვერ ვესროდი, ილიასთვის კი ირემი მეტად მარჯვედ იდგა. ველი გულის ფანცქალით, რომ აი ან ეხლა გავარდება ილიას თოფი, ან ეხლა მეთქი. თქვენც არ მომიკედეთ. კარგა ხანი გავიდა, იდგა, იდგა ირემი, მერმე ერთი დაიფრუტუნა და გადახტა და გაჰქრა ტყეში. გავქანდით ილიასაკენ, დაუწყე ჯავრობა: „კაცო, რა ჰქენი, რატომ არ ესროლე? – უხ! ისეთი ლამაზი, ისეთი მოხდენილი რამ იყო, რომ მაგას როგორ ვესროდი, როგორ გავიმეტებდიო!!!“

ილიას პირველი სატრფო გახლდათ ეთნმე <b>ტერ-ასატუროვისა.</b> ილია იქნებოდა ესე 13–14 წლისა. მისი სატრფოს მშობლები ცხოვრობდენ თამამშევის ქარვასლის მეორე სართულში. ხშირად მიუახლოვდებოდით ხოლმე მე და ილია მის ლვთაების სარკმელს და იქიდანაც ღიმილით გადმოგვხედამდა ხოლმე პატარა ქალი.

ეს სიყვარული, თუ კი სიყვარულად ჩაითვლება, იყო ნამდვილად პლატონური. საზოგადოდ ილია მეტად ადვილად „ინთებოდა“ ხოლმე, მაგრამ გულის ცეცხლი არც ისე ხანგრძლივი იყო ხოლმე. ტერ-სატუროვისას მოჰყვა ჩვენი გუმნაზიის დირექტორის <b>დემენტიევის ქალიშვილი.</b>

პეტერბურში ილია მეტად აღტაცებული იყო გენერალ <b>ჩაიკოვსკის</b> (ცნობილი რუსი კომპოზიტორის და) ქალით. ამ ოჯაში ხშირად დავიარებოდით და კარგადაც გვიღებდნენ და გვექცეოდნენ. მახსოვს, როდესაც პირველად მოვემზადეთ იმათთან სადარბაზოდ წასასვლელად, დიდ გაჭირვებაში ვიყავით, ერთი მუნდირი გვქონდა, და მარტოკა არ მინდოდა წასვლა, არც ილიას. გადავწყვიტეთ, დავჭიროთ კარეტა, ერთად წავიდეთ და სახლთან რომ მივალთ, ჯერ ერთი შევიდეს მუნდირით, მეორემ კი კარეტაში მოუცადოს. როდესაც პირველი დაბრუნდება კარეტაში, გადასცემს მუნდირს ამხანაგს. ახლა ეს ჩაიცვამს და წავა სადარბაზოდა. ამგვარად დავაღწიეთ თავი უხერხულ მდგომარეობას.

ბევრს ჰგონია, რომ ილიას უყვარდა <b>მარჯანოეის(ა) – სოლომონ ჭავჭავაძის ასული,</b> მაგრამ საქმე ნამდვილად ასე გახლდათ. ილიამ გემნაზია რომ გაათავა, დააპირა რუსეთში, უნივერსიტეტში წასვლა, მაგრამ შეძლება არა ჰქონდა, მის მამას გრიგოლსაც ძრიელ ჰსურდა, რომ შვილი უნივერსიტეტში წასულიყო, და აი, სწორედ ამ გაჭირვებით ისარგებლა შედარებით შეძლებულმა სოლომონ ჭავჭავაძემდა გრიგოლთან პირობა შეჰკრა, რომ ის გაუგზავნის ილიას თვეში ოთხს თუმანს უნივერსიტეტში კურსის დასრულებამდე, ხოლოდ სამაგიეროდ, ილია რომ დაბრუნდება, უნდა შეირთოს მისი შვილი, ეს უილიოდ მოხდა, მაგრამ ილია მაინც დაემორჩილა. ჯერ სტუდენტობის დროს მეტად ემძიმებოდა ილიას ეს დამოკიდებულება და მეტადრე დადებული პირობა, უნივერსიტეტიდამ რომ დავბრუნდით (1859 წ. 27 ენკ.). ერთ დღეს ალავერდში მივდიოდით ხატობაში და აი, აქ გზაში ილიამ სიხარულით მითხრა: „კოხტა, მომილოცე, გივითავოო, სოლომონმა აი ამტენი ფული გამომიგზავნა პეტერბურღში. ახლა მამიდა მაკრინეს დავავალე, სულ მთლად დაუბრუნე მეთქი. ახლა თავისუფალი ვარ“, მეტად ნასიამოვნები იყო ილია, რომ მძიმე ტვირთი თავიდან მოიშორა.

კოხტა აბხაზი (1838–1913) ი. ჭავჭავაძის ახლო შეგობარი, კახელი მემამულე.

ბესარიონ ლილობერიძე (1833–1879) ბელადი 60 წლ. ქართ. სტუდენტობისა პეტერბურგში.

დემენტიევი – დირექტორობდა 1850—1870-იან წლებში

ჩაიკოვსკი 1840–1893) - რუსის ცნობილ კომპოზიტორი

მარჯანოვისა - რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის დედა.