The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


კაენი
კაენი

დაუმუშავებელი და ფრაგმენტული თარგმნი

ბაირონი ჯორჯ ნოელ გორდონ

კაენი

(ნაწყვეტი, ბაირონიდან)

ადამი

ღმერთო უკვდავო! უბოლოო! მაღალთ სიბრძნე!
ვინც ერთის სიტყვით – უფსკრულისა გულსა წყვდიადსა
წელსა სინათლე გადმოასხი და ზედ მოჰფინე, –
თაყვანსა გცემ მე! ,იეგოვავ! დილისა ჟამსა
თაყვანსა გცემ მე!

ევა

ღმერთო! ვინცა დღეს საამოსა
გვაძლევ, და გაჰყავ ღამე – ბნელი, დილა – ნათელი,
რომელმანც გაჰყავ მიწა, წყალი და სამყაროსა –
მაგ ერთ ნაწილსა შენ ქმნულების – მოც სახელი,
თაყვანსა გცემ მე!

აბელი

ღმერთო! ვინცა არაფრით შეჰქმენი
მიწა, ჰაერი, ოკეანე, ცეცხლი, სივრცენი,
რომელმაც შეჰქმენ სინათლე დღის, ბნელი ღამისა, –
რადგანც ქვეყნებსა ეფინება შენივ ნათელი
და შენი ჩრდილი; შემდეგ ღამის – დღის გაჩენისა,
ღმერთო, რომელმაც შეჰქმენ ფორმა ყოველ არსისა,
რათა იხაროს, იტრფიალოს და შეიყვაროს,
რათა შენ თითონ, იოგოვავ, მან შეგიყვაროს,
ღმერთო! თაყვანს გცემ! თაყვანს გცემ მე!

ადამი

ღმერთო უკვდავო!

[1860 წ.]






 

  კაენი

ხელნაწერი:
ავტოგრაფი M №17501.

ხელნაწერი წარმოადგენს შავ ავტოგრაფს. ავტოგრაფი უთარიღოა, მაგრამ მის გვერდით მოთავსებული ლექსების შავები 1860 წელს განეკუთვნება, ამდენად აღნიშნულ ლექსსაც პირობითად 1860 წლით ვათარიღებთ. ავტოგრაფი უსათაუროა, არის გადახაზული ადგილები. აბელის სიტყვებს აქვს ორი შავი ვარიანტი:

I.

ღმერთო! ვინცა მიწა შეჰქმენი,
ჰაერი, ცეცხლი, ოკეანე, სივრცთა ზღუდენი,
რომელმაც შემდეგ დღე და ღამის დაბადებისა,
რადგანც ქვეყნებზედ ცვივა სხივი შენ ნათელისა
და შენი ჩრდილი, ტანი ყოველ არსისა
სასიხარულოდ რომ უყვარდეს,
რათა იხაროს და უყვარდეს, უყვარდე თვით შენ,
თაყვანსა გცემ მე! თაყვანსა გცემ!

II.


ღმერთო, ვინცა არაფრით შეჰქმენი,
მიწა, ჰაერი, ოკეანე, ცეცხლი, სივრცენი,
რომელმაც მოეც ფორმა, ტანი ყოველ არსებას
რათა იხაროს და უყვარდე თვით შენ.

მე-6 სტრიქონის შემდეგ გადახაზულია შემდეგი სიტყვები: „სასიხარულოთ, სატრფიალოდ და საყვარელად“.