The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


უსულდგმულო ცხოვრება

* * * (უსულდგმულო ცხოვრება)

უსულდგმულო ცხოვრება
ცის ნიჭად ნუ გგონია, -
იგი მიწის ყოფილა,
რასაც ბოლო ჰქონია!
ცხოვრებას აცისკროვნებს
სული, საქმით მეტყველი,
და ის უბოლო არის,
ვით სულის შთამბერველი.
ნეტა ვინც კარგის საქმით
აღნიშნავს თავის დროსა!
ის აქავ ეწაფება

უკვდავების წყაროსა!..
პეტერბურგი, 1860 წ.

 
ხელნაწერი: U:

ავტოგრაფი, კრებ. № 108 გვ. 129 (B).

ნაბეჭდი:

ჟურნ. «საქართველოს მოამბე», 1863, № 3, გვ. 46 (C); დედა და შვილი და რამდენიმე ლექსი თ. ილია ჭავჭავაძისა, ზ. ჭიჭინაძისა, გამ., ტფილისი, 1882, გვ. 17 (D); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 97 (A); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, გამოცემა მე-2, 1892, გვ. 379 (E); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძის, გამოცემა მე-4, ბათომი, 1900, გვ. 312. (F); ილია ჭავჭავაძის რჩეული ლექსები, წ. კ. გ. საზ-ის გამოცემა, № 80 და იგივე გამოცემა, № 81, ტფილისი, 1907 (G); ჩვენი მწერლობა,I. მგოსნები, შედგენილ-გამოცემული ს. გორგაძის მიერ, თბილისი, 1907, გვ. 54 (H).

სათაური:

უსულდგმულო ცხოვრება GH.

თარიღი:

1860 წ. ACDH; პეტერბურღი 1860 წ. B.

ხელმოწერა:

*** C; ილია ჭავჭავაძე (სარჩევში ) EF.

7 და ის უბოლო] და მით უკვდავი B, «უკვდავის» ნაცვლად ჯერ ეწერა «უბოლო», გადახაზულია. 9 კარგის] ქველურ, B დიდის DE. 10 B- ში ნაცვლად სიტყვისა «აღნიშნავს» თავდაპირველად ეწერა «აღბეჭდავს».

ლექსს ვათარღიებთ ავტოგრაფის მიხედვით

ლექსის ბოლო სტროფი, მცირეოდენი ტექსტუალური ცვლილებებით, ამოკვეთილია გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, პეტერბურგის უნივერსიტეტის დამსხაურებული პროფესორის დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის (1814-1891 წწ.) საფლავის ძეგლზე (ლენინგრადში, ნიკოლოსკოეს სასაფლაოზედ).

ეპიტაფია ასე იკითხება:

«ნეტარ, ვინც კარგი საქმით
აღნიშნავს თავის დროსა
და აქავ ეწაფება
უკვდავების წყაროსა»

იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ ილია ჭავჭავაძე 1891 წელს, რამდენიმე თვის მანძილზე - ქართული ბანკის საქმეებთან დაკავშირებით - პეტერბურგში იმყოფებოდა, ა. ვასაძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ ილია, რომელიც მისივე სიტყვით, მადლიერების გრძნობით იყო განმსჭვალული თავისი სტუდენტობის დროიდნდელი სახელვონაი მასწავლებლის და ხელმძღვანელის მიმართ, «რომელმაც ბევრი გააკეთა და სახელოვნად იღვაწა მშობლიური სიტყვიერების და ისტორიისათვის») ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, ტ. X , 1961 წ., გვ. 135), ცხადია, «ჭირისუფლობასაც გაუწევდა განსვენებულის ოჯახს პეტერბურგელ ქართველ მოღვაწეებთან ერთად... დავით ჩუბინაშვილის საფლავის ქვაზე ილიასეული ეპიტაფიის გაკეთებაც, უთუოდ, პეტერბურგში ილიას ყოფნის დროსვე გადაწყდებოდა. სავსებით გასაგებია, ილიასთვის ეთხოვათ დავით ჩუბინაშვილისსაფლავის ქვის დამშვნება ქართული სიტყვით» (ა. ვასაძე, ილიასეული ეპიტაფია დავით ჩუბინაშვილის საფლავის ქვაზე, - გაზ. «კომუნისტი», 1986 წ., 6. XII, №280). ასეთი ვარაუდი სავსებით დასაშვებია.