The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ილიას წერილი ალექსანდრე ხახანაშვილისადმი
ალექსანდრე ხახანაშვილისადმი

ჭავჭავაძე ილია

ალექსანდრე ხახანაშვილისადმი

1891 წლის 18 ოქტომბერი.

მოწყალე ხელმწიფეს, ბატონ ალექსანდრე სოლომონის ძეს ხახანაშვილს

გაგეგონებათ, რომ დავით ჩუბინაშვილის მემკვიდრეებმა მამის ბიბლიოთეკა წერა-კითხვის საზოგადოებას შემოსწირეს, მაგრამ მათ ყველა წიგნები არ შემოუწირიათ, არამედ მარტო ისინი, რომელნიც მარტო ან ქართულად არიან დაწერილნი, ან საქართველოს შეეხებიან. დანარჩენი წიგნები მათ თავიანთვის დაიტოვეს. ამიტომ, იმათ მოითხოვეს, რომ შემდგარიყო მთელი ბიბლიოთეკის კატალოგი, რათა დაენახათ, რომელი წიგნი იყო დასატოვებელი და რომელი საზოგადოებისათვის შესაწირავი. პროფესორმა ცაგარელმა კიდეც იკისრა ამ კატალოგის შედგენა, მაგრამ იმას მალე საზღვარს იქით მოუხდა წასვლა და კატალოგის შესადგენად ერთი სტუდენტი, ბ. ქართველიშვილი დაასახელა. ამ საგანზე ქართველიშვილს კიდეც ჰქონდა ერთხელ მოლაპარაკება ილია ჭავჭავაძესთან პეტერბურგში ყოფნის დროს, აუთქვა კიდეც კატალოგის შედგენა, მაგრამ ის იყო და ის. მას აქეთ ქართველიშვილი არც ჭავჭავაძესთან გამოცხადებულა, არც ჩუბინაშვილის სახლში მისულა. ეტყობა, იმან არ ინდომა რამე მიზეზით ამ საქმის გაკეთება. ამნაირად, ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკა ჯერ კიდევ განსვენებულის მეუღლესთან არის და, თუ კატალოგი არ შესდგა, ჩვენს საზოგადოებას წიგნებს არ დაანებებენ. საჭირო კია, რომ, რაც შეიძლება, მალე ჩაიბაროს საზოგადოებამ ჩუბინაშვილის წიგნები, რადგან, საფიქრებელია, რომ არ დაგვეკარგოს. ვინ იცის, იმისთანა ძვირფასს წიგნებს მუშტრები არ გამოუჩნდნენ (კიდევაც თურმე არიან) და არ დაახარბონ მემკვიდრეები, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას მხოლოდ სიტყვიერად დაჰპირდნენ წიგნების ჩუქებას. ამიტომ უნდა მივაშუროთ და, რაც შეიძლება, მალე დავეპატრონოთ. რაკი ეს კატალოგის შეუდგენლად მოუხერხებელია, საზოგადოების გამგეობა მოგმართავს თქვენ, რომლის გულშემატკივრობა წერაკითხვის საზოგადოებისა და საზოგადოდ, ყოველის საქართველოს სიკეთისადმი მან კარგად იცის, და გთხოვს, ინებოთ და თქვენს თავზე მიიღოთ შრომა ამ კატალოგის შედგენისა. თქვენ, როგორც პროფესორს, შეგიძლიათ ყოველთვის დრო ჩაიგდოთ ხელთ, როცა გნებავთ, წაბრძანდეთ პეტერბურგს და შეუდგეთ კატალოგის შედგენას. ჩვენი საზოგადოება მოგართმევს მისვლა-მოსვლის, პეტერბურგში ყოფნის და შრომის ხარჯს, როგორც კი შეთანხმდებით. გამგეობას იმედი აქვს, რომ თქვენ ყურადღებაში მიიღებთ გარემოებას, რომელიც გვაიძულებს საქმის დაშურებას, და ახლავე შეუდგებით კატალოგის შედგენას. გამგეობაც დაამზადებს ინსტრუქციას და, მოგვივა თუ არა თქვენი პასუხი, მაშინვე გაახლებთ მას.

თავმჯდომარე: ილია ჭავჭავაძე

საქმეთ-მწარმოებელი: დ. კარიჭაშვილი 

 

ალექსანდრე ხახანაშვილისადმი

ხელნაწერი: ავტოგრაფი L საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალური სახელმწიფო არქივი ფონდი, 171, საქმე 19.

ნაბეჭდი: ვ. გურგენიძე. ი. ჭავჭავაძის ორი უცნობი წერილი. – „წიგნის სამყარო“, 1977 წლის 23 მარტი, №6, გვ. 3.

თარიღი: 1891 წლის 18 ოქტომბერი.

ხელმოწერა: თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე. საქმეთმწარმოებელი დ. კარიჭაშვილი.

ი. ჭავჭავაძის ეს ბარათი მწერლის პირადი წერილების დღემდე არსებულ გამოცემებში არაა შეტანილი. დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის გარდაცვალების შემდეგ მის მემკვიდრეთაგან გადაცემული ბიბლიოთეკის აღწერა და თბილისში გადმოგზავნა „ქშწ-კგ საზოგადოების“ გამგეობას თავდაპირველად ალ. ცაგარლისათვის მიუნდვია, მას კი ეს თხოვნა ბოლომდე ვერ შეუსრულებია. აღნიშნული წერილით ირკვევა, რომ ი. ჭავჭავაძეს საქმის შესრულება ალ. ხახანაშვილისათვის დაუვალებია. ამ მიზნით თბილისიდან გაგზავნილია რწმუნების ქაღალდი და დეპეშა ხარჯების შესახებ. ამავე ფონდშია დაცული საქმე №282, რომელიც წარმოადგენს დავით ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკის აღწერილობას. ი. ჭავჭავაძის ამ წერილზე ალ. ხახანაშვილს უპასუხია: „დიდად პატივცემულო ბატონო ილია! თუმცა პეტერბურგში ცხოვრება აკრძალული მაქვს ექიმებისაგან, მაგრამ მე მზად გახლავართ, წავიდე დ. ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკის კატალოგის შესადგენად, თუ იქ პროფესორ ცაგარელს და სხვებს საწყენად არ დარჩებათ. 15 დეკემბერს შემიძლიან აქედან გავიდე და ამაზე ადრე კი ნებას არ მომცემენ. თუ ეს ვადა დაგვიანებულად არ მოგაჩნიათ, შემატყობინეთ და ინსტრუქციაც გამომიგზავნეთ“... (იხ. ვ. გურგენიძის პუბლიკაცია). ეს ინსტრუქცია ხახანაშვილისათვის ი. ჭავჭავაძეს მეორე წერილით გადაუცია.

ტომში პირველად იბეჭდება.