The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


გამოცანები

გამოცანები

1
ულვაშსრული, მელოტია,
უთაური თავიანი,
ხელთა მლოკი, ქონდრის კაცი,
დიდგულადა ბოხხმიანი.
თუმცა ტანად პატარაა,
სხვაფრივ კი კარგა დიდია,
ქვეყანა და ქვეყნის თხოვნა
იმას ფეხებზედ ჰკიდია.

2
კოხტაა და ღობემძვრალა,
პატარა და ჩამომხმარი,
ცხვირნისკარტა, ნიკაპწვეტი,
უჟამური, განს გამდგრი.
ჭკვით და გულით მოცვეთილა,
ქვეყანზედ უქმად გდია,
თვით მაღლა ზის, - ქვეყნის საქმე
მასაც ფეხებზედ ჰკიდია.

3
ბუღაა და კისერმოკლე,
პირრგვალი და ტანად სრული,
ლაჟღანდარა და მასხარა,
ქვეყნისაგან ლაფდასხმული.
გაქნილობა რომ გაუდის,
ჭკვის ხმა აქვს დავარდნილია,
მაგრამ ჭკვიანი არ არის,
იგი მარტო გაქნილია.
ტაციობით დღეს აღამებს,
გულმურტალი და ფლიდია,
ყველა ლანძღავს, მაგრამ ყველა
იმას ფეხებზედ ჰკიდია.

4
ცხვირდიდა და თვალდიდრონი
მსუნაგი და ტრაბახია,
ერთი უშნოდ აწოწვილა,
ერთი რაღაც ახმახია;
სეხნია ჰყავს სახელდიდი,
თითონ კი მარტო გრძელია,
ძველის მცოდნეა, მაგრამა
ყბედი და ჭკვაზედ თხელია,
ენაპრტყელია, გულმრუდე,
ადვილად მოსასყიდია,
ამ ყლაპიასაც ქვეყანა,
ძმანო, ფეხებზედ ჰკიდია.

5
თეთრ-წითელი ვაშლსავითა,
ხაშხაშლოყა, მსუქანია,
რაც ნახირში გაერია,
არ არის დიდი ხანია;
ქვეშქვეშაა, მელაძუა,
მორიელი, ფრთხილი, წყნარი,
თქვენ იმას კარგად არ იცნობთ,
დიდი კუდიანი არი.
ქალაჩუნა და ლუჩუნა,
ფარისეველი მშვიდია,
ამ მძრომსაც თავის ქვეყანა,
ძმანო, ფეხებზედ ჰკიდია.

6
პირტიტველა და ჭროღთვალა,
თავმდაბლად გამომხედია,
არც კარგი, არცა რამ ავი
მის ხელთ არ უმოქმედია.
ყველას უყვარს, ყველა უყვარს,
ყველასთვის მეტად ტკბილია,
ზემოთქმულ ღობემძვრალისა
უკან მიმყოლი ჩრდილია.
მე ვიცი, რომ ქვეყნისადმი
მის გულში ტრფობა დიდია,
მაგრამ საქმით კი ქვეყანა
მასაც ფეხებზედ ჰკიდია.

7
ერთი ვინმე შავგვრემანი
სუსტია და პირად ხმელი,
დიდებში ბრძნად ქებულია,
ჭკვამოკლე და ენაგრძელი.
დიდთა ქებით გაბერილა,
ვით ავის სენით ტრიკია,
ახლის აღთქმის კაცი იყო,
ეხლა ქვემძრომი ხვლიკია.
ახლისა და ძველის შუა
ის ჩატეხილი ხიდია,
ამ ტყუილს ბრძენსაც ქვეყანა,
ძმანო, ფეხებზედ ჰკიდია.

8
მოხუცია იგი ჯმუხი,
პირად ბადრი, ტანდაბალი,
საქმით წმინდა, გულმხურვალე,
სიტყვატკბილი, ჭკვამაღალი.
ძველთაგანა ეგღა დარჩა
გრძნობით სავსე, გონიერი,
მაგრამ გაუბედავია,
თუმცა უყვარს თვისი ერი.
ის ძველის და ახლის შუა
შემაერთავი ხიდია,
მაგრამ ამ კარგსაც ქვეყანა
ზოგჯერ ფეხებზე ჰკიდია.

9
მეცხრე გამოცანად ითქმის:
- ეს ვის დაუწერიაო?
ნუ გაწუხებთ და ნურც იტყვით:
- იგი ჩვენი მტერიაო,
თუ გაწყრებით, რა მენაღვლის?!
მე არ მაქვს თქვენი რიდია,
ვით თქვენ ქვეყანა, მეც წყრომა
თქვენი ფეხებზედ მკიდია.

7 დეკემბერნი, 1871 წ.

 

ხელნაწერი:

U: ავტოგრაფები - № 118 (B); კრებ. № 108, გვ. 157 (A).

თარიღი:

7 დეკემბერი, 1871 წ. AB.

B-ში მე-5 გამოცანის პირველ სტრიქონში, ნაცვლად სიტყვებისა “თეთრ-წითელი ვაშლსავითა”, ჯერ ეწერა: “ვაშლსავითა მრგვალი, წითური”, გადახაზულია; მე-8 გამოცანის მე-7 სტრიქონში, ნაცვლად სიტყვისა “გაუბედავია”, ჯერ ეწერა: “ქალაჩუნა არი”, გადახაზულია; მე-11 სტრიქონში ნაცვლად “ამ კარგსაც”, ჯერ ეწერა: “ამათსაც”, გადახაზულია; მე-9 გამოცანის მე-4 სტრიქონში, ნაცვლად სიტყვებისა “იგი ჩვენი” ჯერ ეწერა: “ის მათი” გადახაზულია. მე-5 გამოცანის მე-11 სტრიქონში გასწორდა: ამ ძრომსაც -> ამ მძრომსაც; მე-8 გამოცანის მე-10 სტრიქონში - შემმაერთავი -> შემაერთავი.

გამოცანები პირველად დაიბეჭდა ილიას გარდაცვალების შემდეგ, ჟურნ. “ნიშადურის კრებულის” 1907 წლის № 1-ში (გვ. 8-10), რაც არც ერთ გამოცემაში მითითებული არ არის (ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მ. გედევანიშვილისეული გამოცემაში - შენიშვნ. გვ. XIII, - აღნიშნული, “გამოცანები” პირველად ამ გამოცემაში იბეჭდებაო).

“გამოცანების” (და “კიდევ გამოცანების”, იხ. გვ. 135-140) დაწერის ისტორიას საგანგებოდ ეხება პ. ინგოროყვა: “უშუალო მიზეზი გამოცანების” დაწერისა - ეს ყოფილა თავადდაზნაურობის კამარილიის მოქმედება იმპერატორის ალექსანდრე II[1]ის ჩამოსვლის დროს საქართველოში 1871 წელს. თავადაზნაურობა ამზადებდა ადრესს იმპერატორისათვის მისართმევად. თავადაზნაურობის ყრილობამ, რომელიც საგანგებოდ იყო მოწვეული ამ შემთხვევის გამო, დაადგინა -“თერგდალეულთა” ჯგუფის გავლენით - მოეთხოვათ უნივერსიტეტის გახსნა თბილისში, რის შესახებაც შედგენილი იქნა სათანადო მიმართვა. მაგრამ თავადაზნაურობის მარშალმა რევაზ ანდრონიკაშვილმა მეფისნაცვლისა.. და თავადაზნაურთა რეაქციული ჯგუფის სურვილის თანახმად, გვერდი აუარა ამ დადგენილაბას და წარადგინა სხვა ადრესი, სადაც ნაცვლად უნივერსიტეტისა, მოთხოვნილი იყო კადეტთა კორპუსის გახსნა თბილისში... ეს ადრესი შედგენილი იყო... კომისიის მიერ, რომელშიც შედიოდნენ: გიორგი მუხრან-ბატონი, დიმიტრი ჯორჯაძე, იესე ჭავჭავაძე, ბესარიონ ღოღობერიძე და მიხეილ თუმანიშვილი.

ადრესის ისტორიამ და საერთოდ იმ ლაქიურმა სულმა, რომელიც დატრიალდა თავადაზნაურობის მოთავე წრეებში იმპერატორის ჩამოსვლის გამო, გამოიწვია ილიას ეს გამოცანები” ( ილია ჭავჭავაძე, თხზულებათ სრული კრებული, I, 1951. სარედაქციო შენიშვნები, გვ. 388).

“გამოცანებმა” დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია მკითხველ საზოგადოებაში. გრ. ორბელიანს, რომელიც გასცნობია “გამოცანებს”, ასე უთქვამს: “არა, არა მწყინს. მამას არ უნდა ეწყინოს სილა თავის პატარა შვილისა. ერთი რამ მაწუხებს მხოლოდ: იქ ზემოდ მივა ეს ამბავი და არ ივარგებს. არავინ უნდა იცოდეს ჩვენი იდუმალი გულისზრახვანი” (იხ. ილია ჭავჭავაძის თხზულებანი, ტ. I, 1914 წ., - გრ. ყიფშიძე, ილია ჭავჭავაძე, გვ. XXXVIII.

“გამოცანები” იმ დროს ხელნაწერის სახით გავრცელდა, რადგან ყველა იქ გამოყვანილი პირი ცნობილი პიროვნება იყო და, რაც მთავარია, ცოცხალი. ამიტომ “გამოცანების” ავტორის გამჟღავნებას ყველა ერიდებოდა. თვითონ ილიაც მალავდა თავის ავტორობას, თუმცა კი ლექსის გავრცელებას ხელს უწყობდა. ამის შესახებ იგი 1871 წლის 11 დეკემბერს დ. ერისთავს სწერს: “დათიკო! გიგზავნი “გამოცანებს”, რომ წაიკითხავ და დააკვირდები, მგონია, მიხვდე, ვინც არიან აწერილნი, საქმე იმაშია, რომ არავინ - არც შენმა მახლობელმა და არც ჩემმა - არ უნდა იცოდეს ვისგან არის დაწერილი და ხალხში გავრცელებული. შენ იცი, როგორც შეინახავ ჩემს სახელს საიდუმლოდ. დაბეჭდვა მაგ ლექსისა არ იქნება, - ეგ ისე უნდა გავრცელდეს ქალაქში. მაგ გავრცელებაშიაც ძალიან ფრთხილად უნდა მოიქცე, თორემ, ჩვენდა სამტროდ, “ისინი” ყოველსფერს სიმურტლეს იკადრებენ და მაშინ ჩიტი პრტყვნად აღარ ეღირება. გამომიცხადებია, რომ შენს მეტს მანდ ქალაქში არავის ვანდე ეგ ჩემი ლექსი. შენ იცი, როგორც უპატრონებ” ( ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, ტ. X, 1961, გვ. 33).

დ. ერისთავს ძალიან მოსწონებია ეს გამოცანები და რუსულადაც უთარგმნია. ამის შესახებ კვლავ სწერს ილია დ. ერისთავს: “ძმაო დათიკო! შენი წიგნი თარგმანითურთ მივიღე, ზოგიერთი ხანა ძალიან კარგად არის ნათარგმნი.. მიკვირს მე- VII გამოცანა რატომ აღარ გადაგიღია. მე შევიტყვე, რომ “პასუხი”, “პასუხის[1]პასუხი” და სხვანი გადაგვიღია. თუ გიყვარდე, გამომიგზავნე, ან გადმოდი და თან წამომიღე... თუ ღმერთი გწამს... გადმოდი, ერთი მასალაათით სული მოვიბრუნოთ” (ილია ჭავჭავაძე, თხზ., ტ. X, 1961. გვ. 34). ილიასაც უცდია თავისი გამოცანების თარგმნა. უთარგმნია კიდეც პირველი ორი გამოცანა და გაუგზავნია დ. ერისთავისთვის: “აბა ჩემი ნათარგმნიც ნახე, ჭაშნიკად გიგზავნიო”.

I
Он плешив и усаст,
Руколиз и бас густой,
Хоть и карлик, а забияка,
С бестолковой головой.
Мал он ростом, но ведь важен,
Во всем прочем, остальном,
На дела родного края
Ему плюнуть нипочем.

II
Франтик он, да и пролаза,
Мал тож ростом, худощав,
Клювонос он, вечно хмурый,
Нелюдим и крутонрав.
В нем истерлись ум и сердце,
Праздно дремлет в мире сем,
И ему на дело края
Плюнуть также нипочем.

 “გამოცანები” ცხრა გამოცანისაგან შედგება. მასში გამოყვანილი პირები დადგენილია და ცნობილი. მათზე კომენტარები დაიბეჭდა 1914 წელს, მიხ. გედევანიშვილისეულ გამოცემაში. კომენტარები შეასრულა ასიკო ერისთავმა (იხ. ამ გამოცემის შენიშვნები, გვ. XIII-XIV). 1925 – 1951 წწ. გამოცემებში გამოყენებულია იგივე კომენტარები, რომლებიც შევსებულია ნ. ნიკოლაძის დამატებითი ცნობებით (იხ. ილია ჭავჭავაძე, თხზ., ტ. I, 1951, გვ. 387-389). უფრო დაწვრილებით კი “გამოცანებს” და მასში მოხსენებულ პირებს შეეხო გ. ჯიბლაძე მონოგრაფიაში “ილია ჭავჭავაძე” (1966, გვ. 210-223).

“გამოცანებში” დასახელებულ პირთა კომენტარს ვიძლევით “გამოცანების” თანმიმდევრობის დაცვით:

I, რევაზ ივანეს ძე ანდრონიკაშვილი (1818-1877), ერთ-ერთი მეთაური რეაქციონერთა დასისა, გენერალ-ლეიტენანტი. 1871 წ., იმპერატორ ალექსანდრე II-ის საქართველოში ჩამოსვლის დროს, თბილისის გუბერნიის თავად[1]აზნაურთა წინამძღოლი იყო.

II, გიორგი კონსტანტინეს ძე მუხრან - ბატონი ( მუხრანსკი ) (1820-1877), იმ დროს სენატორი, შემდეგ სახელმწიფო საბჭოს წევრი. ავტორი ბროშურისა «О существе национальной индивидуальности и об образовательном значении крупных народных единиц» (იხ. აგრეთვე გვ. 424).

III, ივანე კონსტანტინეს ძე მუხრან - ბატონი (მუხრანსკი ), გიორგი მუხრან-ბატონის ძმა, დიდი მემამულე და გავლენიანი პირი. იმ დროისათვის გადამდგარი გენერალი.

IV, პლატონ იოსელიანი (1809-1875), ცნობილი ისტორიკოსი, რომელიც, ილიას აზრით, რეაქციონერთა თანამგრძნობი იყო.

V, დიმიტრი ჯორჯაძე (1822-1883), კავკასიის მეფისნაცვლის საბჭოს წევრი.

VI, იასე ჭავჭავაძე, იმ დროისათვის საგუბერნიო სამმართველოს წევრი.

VII, ბესარიონ ლევანის ძე ღოღობერიძე (1833-1879), პედაგოგი. ბოლო დროს მსახურობდა ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკში. თავდაპირველად “თერგდალეულთა” ჯგუფს ეკუთვნოდა, შემდეგ “მამათა” ბანაკს მიემხრო.

VIII, გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანი (1804-1883), ცნობლი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, “მამათა” ბანაკის წარმომადგენელი.

IX, გამოცანა ეხება თვით ილია ჭავჭავძეს.

“გამოცანებს” და შემდეგ “კიდევ გამოცანებს” (იხ. გვ. 131-140) მოჰყვა გრ. ორბელიანის ცნობილი “პასუხი შვილთა”, რომელსაც ილია გამოეხმაურა ლექსით “პასუხის პასუხი” (იხ. გვ. 141).

გრიგოლ ორბელიანი

პასუხი შვილთა

ჰე, განუსჯელნო,  

უმადლო  შვილნო,

საუბედუროდ ცუდ დროს შობილნო,

სადღაც მიმალვით, რას ჰროტავთ, ჰკნავით,

გაბოროტებით რათა ჰსწყევთ მამათ?
უკადრისობით
და უმეცრებით
ვერ დააბნელებთ მათ სახსენებელს,
მხოლოდ თქვენ სიტყვებთ
თქვენვე ინანებთ,
თქვენსვე გულს უკბენს უსამართლობა!
დრო მამებისა,
მამაცობისა,
წარვიდა მათთა სახელთა ქებით,∗
მამანი თქვენნი,
თავის დროს ძენი,
თავის დროს იყვნენ სახელოვანნი!
ოსმალ-სპარსები,
დაღისტნის მთები,
ქებით გეტყვიან დიდთა მათ საქმეთ!
მათ დაიფარეს,
სისხლით დაიცვეს
სისხლ-შემოსილი მამული თვისი,
და სასო ღვთისა,
მცველი ერისა,
ენა საყდარი, სარწმუნოება!..
დრო შეიცვალა,
გამეფდა სწავლა,
გაგეღოთ შვილებს სახლი სიბრძნისა!
სწავლის მამები,
პროფესორები,
თქვენთვის მოცლილნი, თქვენთვის მქადაგნი,
თქვენ გასწავებდენ
და მზად გაძლევდენ
რაც შეეძინათ საუკუნოებს!..
ჩვენც ვჰნუგეშობდით,
გულით ვჰხარობდით,
შვილი მამასა ემჯობინება!
და მოგელოდით
დიდის იმედით
სიხარულისა ღელვით აღვსილნი!
ვითმინოთ, მოვლენ,
და გაგვინათენ

ჰსწავლისა ლამპრით დავრდომილს მხარეს! 

ჩვენც მივეგებოთ

მხიარულებით,

ღირსთა შვილებთა  კურთხევის სიტყვით!..

* * *

მოვიდენ... და რა?
სულ ჩაგვამწარა...
ვაი ჩვენს იმედს... ვაი თქვენს მოსვლას!..
პირველად იწყეს,
შკოლა გამართეს...
ვსთქვით ახლა მხარე გაგვინათლდება!..
ყმანი საწყალნი,
უბიწო გულნი,
ჰსწავლად მისულნი, წაჰხდნენ ზნეობით!..
უსასოება,
ურწმუნოება,
უმანკოთ გულში ღრმად ჩაუნერგეს;
“- ლოცვა რათ გვინდა?
ღმერთი რათ გვინდა?∗
ჩვენი გონება არს ჩვენი ღმერთი!”
და დაიწყევლა
თქვენი აქ მოსვლა,
და თქვენი სიბრძნის ნაყოფი შხამი!
ღმერთი არ არის?..
შენთვის ნუ არის!
შენ რა გაწუხებს, რომ ჰსუფევს სხვისთვის

 

*  *  *

სხვათა ხელი ჰყვეს
კეთილსა საქმეს:

სტამბით  მოჰფინონ სწავლა მამულსა!..

აღჩნდნენ  მწერლები,  

ჟურნალისტები,
ვაი საბრალოს... ვაი ჩვენს ენას!..
მათ უსწავლელთა,
ცრუ რუსთაველთა,
სრულ წაგვიბილწეს ენა მდიდარი,
ენა მაღალი,
მის ძალი, მადლი,
უწყალოდ წახდა უწმინდურთ ხელში!..
ერის ცხოვრება,
მისი დიდება,
მის ისტორია დაცულ არს ენით;
რა ენა წახდეს,
ერიც დაეცეს...
წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას!..

* * *
ახლა რას ელით?
მამათ რად ჰსწყევლით?
ვიგემეთ თქვენის ღვაწლის ნაყოფი!
ძველთ უძველესი
არს ესე წესი,
რაც ვერ ჰქმნეს მამათ, ისი ჰქმნან შვილთა!
შვილნო, გამოჩნდით,
ჰსწავლითა, საქმით!
მამის გალანძღვა შვილს ვერ ადიდებს!

 

ცუდ მეტყველებით

ვერ ამაღლდებით,
დიდებას ეძებთ? კეთილი ჰქმენით!
თქვენი დიდება
ჩვენც გვეამება:
მის სხივის შუქიც ჩვენც მოგვინათებს!..
აჰა დიდების
და სახელ-ქების
ასპარეზია თქვენთვის დაცლილი!..
რაღასა ელით?
რატომ გვირგვინით
არ შეიმოსვის ვინცა გყავთ ღირსი?..
რომ ბრძოლის ცეცხლი
ასტყდეს ფიცხელი,
ხმლისა ტრიალით, ძლევის ყიჟინით,
იმ თქვენმა გმირმა,
სულით ძლიერმა,

ხელს ბაირაღით ძირს დასცეს ყარსი

რომ მისმა ხმამა,
ქუხილის მსგავსმა,
შეჰსძრას ქვეყანა მის აღსადგენად?..
ვაი საბრალოს,
ჩვენს საქართველოს,
თქვენ დაებადეთ მის სადიდებლად!..

 

* * *
ან სად არიან?
აღარ ისმიან
თავისუფლების მაღალ ფრაზები:
“მოყვასს — შეწევნა,
ბოროტსა — დევნა,
საზოგადობის სულით აღდგენა!..
ერთობა, ძმობა,
ზნეთ ამაღლება,
მამულისათვის თავის განწირვა!..”
სიტყვა — სიტყვაა,
საქმე კი — სხვაა...
ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას!..


* * *
გონების ბრწყინვას,
ჰაზრების ელვას,
წმინდისა გულით კეთილის თესვას,
ნეტავი მიხვდეთ,
ნეტავი მისწვდეთ,
მაღალსა ცაში შავარდნის ფრენას!..
და გულით ოჰხრავს
ის, ვინცა ჰხედავს
თქვენსა სიცოცხლეს ფუჭად მიმავალს...
თქვენსა უქმობას,
არარაობას,
და უმეცრების ამაყობასა!..

* * *
ჰე, სასურველო
გმირთა მამულო,
ნუთუ შენ მართლად ესრედ დამცირდი,
რომ შენსა ბედსა,
შენსა იმედსა,
დაეხელმწიფნენ ცრუ პოეტები?
ცრუ ლიბერალნი,
პატრიოტები,

მ[ე]ს[ხ]ი, მეველე, მელიქ აღები.    

 

1874 წ.