The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


სიმღერა

სიმღერა

სად მიგყევარ, მდინარევ
მოწყენილ სიცოცხლისავ!
ჩემს მცირეს ნავს რას არხევ,
ზვირთო წუთისოფლისავ!
რას შემამთხვევ, ვინ იცის
აზრი შენის ცივის წყლის?
აწმყო კეთილს არ ამბობს
და წარსულიც მას სთანხმობს. შორს მომავლის ვარსკვლავი
თუმც არის უხილავი,
მაგრამ, ვგრძნობ, შეხვალ დიდ ზღვას
და იქ ჩაჰღუპავ ჩემს ნავს,
და მარდად შენი წყალი
წაშლის ჩემს ურგებს კვალსა...
თუ ეს მაქვს გარდუვალი,
ვსწყევლი ჩემ შობის წამსა.
რად მინდოდა სვლა ქვეყნად,
თუ ეგ ბოლო მხვდა მხვედრად?..
ვინც კი ეგრედ მსვლელია,
შესაბრალებელია!...
ორსა, ობლად მცურავსა,
მე და ჩემს მცირეს ნავსა,
ჰოი, გვედრებ, მდინარევ,
იმ დიდ ზღვაში ნუ შეგვრევ!
1858-სა წელსა, 4-სა ივნისს,
ს.-პეტერბურღი.
  ხელნაწერი: M: ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 14 (B); U: ავტოგრაფი, კრებ. №108, გვ. 44 (С).

ნაბეჭდი:

თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 17 (А); ჩვენი მწერლობა, I. მგოსნები, შედგენილ-გამოცემული ს. გორგაძის მიერ, თბილისი, 1907, გვ. 37 (D).

თარიღი:

1858-სა წელსა, 4-სა ივნისს, ს. პეტერბურღი B, 1857 АD.

48. 3 რას]რათ B. 4 წუთისოფლისა] წუთის-სოფლისავ С. 5 რას] რა С; შემამთხვევ] შამამთხვევ B. 8 სთანხმობს] თანხმობს BС. 11. მაგრამ] მარამ B; მაგრამ... დიდ] ვგრძნობ, რომ შეხვალ დიდსა С. 12 ჩაჰღუპავ] ჩაღუპამ BС. 13 მარდად] მარდათ BС. 14 ჩემს ურგებს] ჩემ ურგებ С. 15 გარდუვალი] წარუვალი BС. 17 რად] რათ BС; ქვეყნად] ქვეყნათ BС. 18 მხვდა მხვედრად] მყვა მხვედრათ С. 19 ეგრედ] ეგრეთ С.

49. 1 ორსა] ორთა BС; ობლად] ობლათ АBС. 3 ჰოი] ჵ BС. 4 შეგვრევ] შაგვრევ B.

ლექსი დავათარიღეთ ავტოგრაფების მიხედვით. ვიცავთ С-ს დათარიღების სტილს.

ი.ჭავჭავაძისთხზულებათა1914წლისგამოცემაში«სიმღერა» დათარიღებულია 1857 წლით (სარჩევში, გვ. I).