The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ეკატერინე გაბაშვილის მოგონება (ილია: მოგონებანი გარდასულ დღეთა)
ილია: მოგონებები გარდასულ დღეთა

 

გაბაშვილი (თარხნიშვილი) ეკატერინე რევაზის ასული 

 

ეკატერინე გაბაშვილის მოგონება (ილია: მოგონებები გარდასულ დღეთა)

საუბედუროთ ერთი ნაწილი ჩემის მოგონებათა ილია ჭავჭავაძის პირად ცნობისა და მის ოჯახური განწყობილებისა, ჩემი სიბელებით და უთაურობით, დავკარგე, თუმცა მაინც და მაინც ბევრის თქმა რისამე არ შემეძლო. მე საზოგადოთ ძალიან გაუბედავი და მოკრძალებული ხასიათის ადამიანი ვარ და თვით ილიაც, თავისის მკაცრი თუ ჩემ გვარათვე მოკრძალებული და გაუბედავი თვისებით, არ მაძლევდა ნებას შინაურულად დავაახლოებულვიყავ იმათთან. ოლღა, ილიას მეუღლე, ხშირად მპატიჟობდა მას შემდეგ, როცა მე არჩეული ვიყავ წერა-კითხვის საზოგადოების მართველობაში წევრად და ერთად გვიხდებოდა მე და იმას ამ საზოგადოებისთვის მუშაობა, იმის შეძლების გაძლიერებისთვის საქველმოქმედო ბაზრობა, რომელიც პირველ ხანებში ძლიერ დიდ შემოსავალს იძლეოდა და დიდი შრომა და დიდი დროც სჭირდებოდა იმის მოწყობას, ხელმძღვანელობას.

შემდეგში ხომ უფრო დავახლოვდით მე და ოლღა, როდესაც ჩემ სახლში და ჩემის ზედამხედველობით დაწესდა ქალგთა პროფესიანური სკოლა – „ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების“ სახელობით და რომლის თავჯდომარეთაც იყო ოლღა ჭავჭავაძე არჩეული. ეს ნაცნობობა საერთო ინტერესებით და საქმით შეერთებული თითქმის მეგობრობთ იქცა ჩვენ შორის... ხშირად მთხოვდა ოლღა, ვწვეოდი ს:გურამოში, მაგრამ მე იმოდენა გამბედაობა არა მქონდა, რომ ხშირად შემეწუხებინა ჩემის სტუმრობით და არც თუ მოცალება მქონდა, რადგან საზოგადო საქმის გარდა, ოჯახი და წვრილშვილობა ხელს არ მიწყობდა სეირნობისათვის. ასე რომ, ჩვენი ნაცნობობა, ოფიციალური დამოკიდებულებით სწარმოებდა, ილიაობას კი რამდენჯერმე დავესწარი, რადგან მიღებული იყო, ამ შესანიშნავ დღეს, ყველა ქართველისათვის, მისულიყო და პატივი და თაყვანისცემა მიეძღვნა დიდებულს კაცისათვის.

პირველ ხანებში ილია სცხოვრობდა პატარა ხის ოთხ ოთახიან სადგურში, რომელიც კარგა მაღლობზედ, ზედაძენის ტყის ძირას იდგა. სახლი უკან პირით მიქცეული იყო პატარა ეზოსკენ, რომელიც დაჩრდილული იყო რამდენიმე კაკლის ახოვანი ძირით და იქვე, ტყის ძირას, კაკლებ შუა ეზოში სჩქეფდა პატარა წყარო, ლამაზი ქვათლილის აუზით. და როგორც პატარა იყო სადგური, ისეც სტუმრობა „ილიაობას“ არ იყო მრავალრიცხოვანი, ყოველთვის ახლო მეგობრებით და პირად ილიას გაზეთის თანამშრომელთა რაოდენობით. კარგად მახსოვს ჩემი საგურამოს პირველად მისვლა. მე და ტასო თუმანიშვილი, რომელიც გათხოვებამდე ჩემი განუყრელი თანამშრომელი იყო ყოველ საქველმოქმედო საქმეებში და წ. კ. საზ. ალეგრაშიაც, რასაკვირველია ოლღასთანაც მუშაობდა, წავედით 19 ივლისს ილიას დასთან საგინოვის ცოლთან ერთად საგურამოს, ილიას ცნობილი კალიასკით, ჩვენთან თბილისიდგან ერთად ლიზას ორი მეგობარი, ოდესღაც მშვენიერი, დოდაშვილის ცოლი თამარი და მეორე არა ნაკლებ მშვენიერი (ვეღარ მოვიგონე სახელი). მისვლის უმალ, ლიზა თავის ოსტებით და თავის თან მოყოლილი მოახლით, თავის ოთახში შევიდა და აღარ გამოსულა, ჩვენ დავრჩით ბალკონზედ და ჩაი იქ მოგვართვეს. ლაპარაკი როგორღაც არა ხერხდებოდა. ილიას ყოველთვის ამგვარი გავლენა ჰქონდა იმ ქალებზედ, რომელნიც შეკრთებიან ხოლმე წარჩინებულ ადამიანის საზოგადოებაში, ოლღა კი მასპინძლობაში იყო გართული.

ილიას აგარაკი ფრიად სადად და უბრალოდ იყო გაწყობილი. მაღალი, ძრიელ მაღალ ფეხებიანი ტახტი, რაღაც უბრალო მებელის ჩითით გადაფარებული, უბრალო შეუღებავი სტოლი, გრძელი ხის სკამები, უბრალოვე პატარა ლამპა სტოლზედ, უფრო ღარიბ აზნაურის სადგურს ამსგავსებდა, მინამ დიდის თავადის და ბანკის მმართველის ოჯახს. მე ეკიპაჟში ძრიელ ვიწროება განვიცადე (ექვსნი ვისხედით) და ტახტზე ავიკეცე დახუთული მუხლები და ქართულად მოვიკეცე. ილიამ უთუოდ სიტყვის მასალათ და ლაპარაკის ჩამოსაგდებათ, შემნიშნა და მითხრა: „კარგია განათლებული ქალი მოკეცას კადრულობო? მე სიცილით მიუგე: „თქვენი ტახტი, ბატონო, ისეთი მაღალია, რომ მაზედ ევროპიულად ჩამოჯდომა შეუძლებელია-მეთქი, თორემ არც მე ვეწყობი აგრე რიგად, მუხლების მოკეცვას-მეთქი!“ და უეჭველია, ამ უზდელი პასუხით, უფრო ჩავაჩუმე და მთელი საღამო ხმა აღარ ამოუღია. ლაქიამ, ახმახმა და რიგიანად გამოწყობილმა, ჩაი მოგვართვა. ოლღამ ამ ვაჟკაცს მკაცრათ შენიშვნა გაუკეთა: „თვალები არ გასხია, რომ სარძევე ასე ჭუჭყიანი მოგქონდაო? რამაც გამოპრანჭული ლაქია ძრიელ შეარცხვინა და საჩქაროდ დასდგა სტოლზედ ფადნოსი ჩაით და გავიდა. მოსამსახურის გასვლის შემდეგ ილია წამოდგა ზეზე და თითონაც არა ნაკლების სიმკაცრით ცოლს უთხრა: „რა დაგემართა, ოლღა, რომ ამოდენა კაცს, ამ უცხო ქალებთან მაგვარი შენიშვნა გაუკეთეო და გააწითლეო!“ ჩვენ კი არ შეგვინიშნავს ლაქია გაწითლდა, თუ არა, მაგრამ კნეინა კი ძრიელ გაწითლდა და ჩვენი სიჩუმე ამის იქით, სრულ სიმუნჯეთ გადაიქცა. ასე რომ, პირველი სანატრელი და სასიხარულო ნაბიჯი დიდებული კაცის სახლში შესვლისა, სრულის ფიასკოთი გათავდა ჩემთვის და მთლად მოშალა ჩემი სადღესასწაულოდ მომზადებული აღმაფრენა. კარგი, რომ მალე მოვიდნენ სხვა სტუმრები და ჩვენი უგემურობა გააქარწყლეს თავიანთი ახმაურებით...

რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ილიამ დიდი და მშვენიერი სახლი აიშენა საგურამოში, სტუმართა რიცხვი დიდათ გაიზარდა, ილიას პატივმცემელთა ინტელიგენტთ და მეგობარ-ნათესავთ გარდა, ბევრი ხეპრე, შეუგნებელი და არა მცოდნე ილიას ნამდვილი ვინაობის ღირსებისა, მარტო „ილიაობა-ჯვარობაზედ“ თავის გამოსაჩენათ, საქეიფოთ მოდიოდა. ერთხელ, მახსოვს სხვათა შორის, ერთი კუდაბზიკა თავადი, რომელიც ჩუსტებით და წელზედ აკვანის თასმით მოჭერილი მინახავს ბანკიდგან ფულის მიღებამდე, ეხლა ბანკის ფულით გამოწყობილი თეთრ ჩერქესკაში და ვერცხლის ქამარ-ხანჯლით შეიარაღებული, ორთხცხენიანი ფაეტონით მოგრიალდა პირდაპირ შუა ეზოში და თავმოწონებით გადმოიღო ეკიპაჟიდან დიდი ბოჩკა „ცოცხალით“ და კარგა მოზდილი ტიკით კახური „კამპანიაში“ საქეიფოთ.

როდესაც საქეიფოთ მოსული დავინახე და ვიცან იმაში ჩემი ნათესავი პინპულაძე, კინაღამ დამბლა დამეცა, სირცხვილის' ოფლში გავიწურე, იმან კი ჩემ დანახვაზედ შეჰღრიალა:

ერთი სიტყვიფო ღვინო იდგა. ეს უშველებელი გრუპიტრი

„ოჰ, შენც აქა ხარ! კარგი ალაგი ყოფილა მე და ჩემმა ღმერთმა ეს საგურამო, ნამდვილი საქეიფო და სალხინო. და თან თავის ვითომ გასაოცარ საოხუნჯო სიტყვებს ხარხარი დაუმატა.

იმ წელს მრავალი ხალხი მოვიდა თბილისიდან, ქუთაისიდან, თუ არა ვცდები, პროფესორი ჩუბინაშვილიც იყო, მაშინდელი პეტერბურგის სამხრეთული ენების მასწავლებელი, ილია წინამძღვრიშვილის სკოლა მასწავლებლებით, საგურამოს პატივცემული დარბაისელი გლეხობა. დიდი სამზადისი იყო ამოდენა ხალხის დასახვედრად. ახალი სახლის გასწვრივ, რამდენიმე ალეია იყო გაყვანილი და ხალხი, სკოლა იმ განიერ გასუფთავებულ გზებზე ორპირად ჩამომწკრივდა, შუაში ლურჯი სუფრები გაიშალა. პური, ყველი, მწვანილი, კიტრი და სხვა სანოვაგე მრავალი ეწყო და უშველებელი გოზაურებით ახლო-ახლო ღვინო იდგა. ყანწები, სტაქნები, ჯამები. ერთი სიტყვით, ყველაფერი დიდის წესიერებით და გულუხვობით იყო მომზადებული. ილია თანხლებით ინტელიგენციისა და რჩეული სტუმრებით, დადიოდა მოქეიფე გლეხობის გარშემო, ალაგ-ალაგ ჩაჯდებოდა მათ შუა, ელაპარაკებოდა, მათ სადღეგრძელოს სვამდა. საგანგებოთ მოწვეული მომღერალნი მღეროდნენ „მრავალჟამიერს“, „სუფრულს“. მე დამავიწყდა მეთქვა, რომ იმ დილით, სანამ გლეხობა შეგროვდებოდა, უცებ სტუმრებ შუა რაღაც ხმაურობა ასტყდა, მოსამსახურეები შემოცვივდნენ ოთახებში და არაგვის მხარეს დიდი ბალკონისკენ გაცვივდნენ. ქალები ეზოს ბალკონზედ ყავას, საუზმეს შევექცეოდით ოლღასთან, ილია ზემოთ ეტაჟაში, თავის კაბინეთში კაცებთან ბაასობდა, თუ საუზმობდა, არ ვიცი. ამ მოულოდნელ ხმაურობაზედ ჩვენც წამოვდექით. ზემოდანაც სიჩქარით ჩამოვიდნენ და გარეთ ბალკონისკენ გავეჩქარენით ყველანი. მშვენიერი სურათი წარმოგვიდგა ყველას თვალწინ: ორმოცამდე ცხენოსანი, სულ ყმაწვილი კაცები, ქართულ ტანისამოსში გამოწყობილი, ხავერდის ქულაჯებით, ძვირფასის იარაღით ასხმულნი, მშვენიერ დარახტულ ცხენებზედ, წყვილ-წყვილათ, ნელა ნელა მოდიოდნენ და „მგზავრულს“ მწყობრათ მღეროდნენ. მალე მოუახლოვდნენ იმ გორას, რომელზედაც ილიას სახლი იყო აშენებული და თქარათქურით ამოიჭრნენ ზემოთ, წინ მოუძღოდათ გრიშა აბაშიძე თეთრ ტანისამოსში, თეთრ ცხენზე მჯდომი და ხელში ეჭირა უშველებული ბაირაღი ალისფერი ატლასისა ოქრომკედის ბაფთით მოვლებული და ზედ ამოკერილის ილიას ლექსით, არ მახსოვს რომელი ლექსით.

მალე ყველანი ბალკონზედ შეიკრიბნენ და აბაშიძემ თავის ოქროპირულის ორატორული ნიჭით სიტყვა მოახსენა და მიულოცა ილიას ახალი სახლის აშენება და დღეობა. როგორც ყოველთვის გრიშას სიტყვამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა: ქალები, მოსამსახურენი სიხარულით თუ სიტყვის შინაარსით ავტირდით. თითქო ილიასაც თვალები აევსო ცრემლებით, გადაეხვია აბაშიძეს, ჩამოართვა ბაირაღი და დიდი მადლობით რამდენიმე სიტყვა უთხრა მოსულებს. ბაირაღი საჩქაროთ ვიღამაც გაიტაცა და მესამე ეტაჟთ ამართულ ილიას კაბინეტის თავზე დაარჭო. და დიდებულად აფრიალდა წითელი დროშა მთელი გარემოს დასანახავათ. ამ დროს მთელი საგურამოს რჩეული გლეხკაცობა ოჯახობით შეიკრიბა. საგურამოს ბაღის მებაღეთა კრებული სახლებით, საუკეთესო ხილით სავსე და ვარდის თაიგულებით, გარს შემოერტყა კრებულს და საერთო სიმღერა და მრავალჟამიერი გაისმა. დიდებული სურათი იყო. ილია მთლად გარინდებული, გარდამეტებულის გრძნობით გამსჭვალული, სიტყვას ვერ ახერხებდა ეთქვა, მხოლოდ ნათელი ედგა იმის ძვირფასს სახეს და ნამდვილ კმაყოფილებას გამოსახავდა.

შემდეგ ხალხი დალაგდა, გაიმართა ნადიმი და თითქმის საღამომ მოატანა, როდესაც ხალხი აიშალა. ახლა გაიმართა ჭიდაობა, ლეკური და ბოლოს ჩვეულებრივი აურზაურით დამთვრალი ხალხის მომატებულად აღრეული ღვინით გაჟღენთილი ხმაური. როდის, როდის დაწყნარდა ყველაფერი და რჩეულნი სტუმარი მხოლოდ მაშინ შეუდგნენ ნადიმს კაკლებ ქვეშ, ძვირფასად გაშლილ სუფრას და დაიწყო სიტყვათა შადრევანი. ვინ ვის ასწრობდა მასპინძელთა მადლობას, ქების შესხმას, არა ჰქონდა დასრულება. სადილ შემდეგ ჩაი, ჩაის შემდეგ ვახშამი და ასე თითქმის გათენებამდე გაგრძელდა ნადიმი ილიას „ილიაობის“ დღესასწაულისა...

* * *

|როდესაც პოლტარაცკიმ განაახლა ნაცნობობა ილიასთან, სხვათა შორის, ილიას ცოლის შერთვაზედ ერთხელ მიამბო შემდეგი: გასაოცარი რომანტიკოსია, ეს თქვენი ბრწყინვალე ლიტერატორი და პირველი სორტის ქართველი ილიაო. ბევრი ტანჯვა და ვაი-ვაგლახი გადაიარეს ოლღამ და ილიამ, მანამ ერთმანეთს დაუახლოვდნენ და მერე შეუღლდნენო. მე ერთ ფაქტს იმის გადარეულის სიყვარულისას გიამბობთ მხოლოდ და იქიდგან შეგიძლიანთ შეიტყოთ, თუ სადამდის ძლიერი იყო იმისი რომანტიკული სიყვარულიო. ოლღა და ეკატერინე გურამიშვილები, ჩვენი სადგურის მოახლოვებით სცხოვრობდნენ ბებიასთან. სავარსამიძის ცოლი, რომელიც ფრიად შეძლებული და მაღალ საზოგადოებაში მიღებული დედაკაცი იყო და თავის ორ ობოლს, მშვენიერ შვილიშვილს, დიდათ ანებივრებდა, ულოლიაებდა, რთავდა და მაშინდელ საზოგადოებაში გამოჰყავდათ ახლად ინსტიტუტიდან გადმოფრენილნი კნიაჟნებით.

ბებიასთან იმიტომ სცხოვრობდნენ თადეოზ გურამიშვილის ქალები, რომ იმან მეორე ცოლად შეირთო დავით დიასამიძის ქალი მარიამი, რომელთანაც შეეძინა მემკვიდრე ვაჟიშვილი და ქალიც, რამდენი ხნის შემდეგო. ოჯახი თადეოზისა სცხოვრობდა სოფ. ავჭალაში და თვით თადეოზი კი საგურამოს, თავის დიდ და კულტურულად დამუშავებულ მამულში ვარანცოვის განკარგულებით და დახმარებით მოწყობილში, ასევე როგორც ზემო ქართლში დიასამიძის მამულში და შუა ქართლში, მიხეილ მაღალაშვილის მამულშიო. ბებიას კი შეუძლებლად მიაჩნდა ინსტიტუტ დამთავრებული გოგონები ავჭალის ციხე-გალავანში შეემწყვდია და ისიც დედინაცვალთან და იმის ცნობილ იდიოტ შვილებთანაო. გურამიშვილების ქალების დიდ მზითვიანობას ვინ იფიქრებდა, როცა მემკვიდრე ვაჟი ჰყავს თადეოზს, მაგრამ, როგორც ლამაზებს და მაშინდელ დროების შესაფერად აღზრდილებს, ბევრი თაყვანისმცემლები ჰყავდათ და უკიდურესად გადარეული იყო - ჩვენი ილია უმცროსი დის ოლღას მშვენებით, მაგრამ მაშინ ძლიერ ხელმოკლე თავადი ჭავჭავაძე და მასთან მწერალი და ლიბერალი, სასურველ სიძეთ ვერ ჩაითვლებოდა და თავის ტრფიალს მალამდაო და ამის გამო ორ ახალგაზრდა მიჯნურთა შუა, ჩუმი მიწერ-მოწერა იყო შუამავალიო. ილია მთლად გადარეული იყო თვალჭრელა ოლღასთვის და მთელი დღე და ღამე იმის გზას და კვალს ეძებდაო. და თუ რამდენად ძლიერი იყო ილიას გატაცება თავის სატრფოთი, ერთი მაგალითი გვიამბო: ილიას ჰყავდა ლალა (სახელი დამავიწყდა) შუა ხნის კაცი, ყოფილი ყმა, რომელიც უნივერსიტეტშიაც თან ახლად და წამით არ შორდებოდა თავის საყვარელ აღზრდილ ნებიერსაო და ეხლაც ორ მიჯნურთა შუა, ეს ლალა იყო მათი მესაიდუმლეო.

ერთ საღამოს ჩვენთან უნდა შეგროვილიყვნენ საერთოდ მეგობრები, ილიას მსახურმა სუყველაფერი დაამზადა, ცხელცხელი სამოვარი მოგვართვა და თითონ კი საღაცა მიიმალაო. ილია კი საშინელ მოუსვენრობას იჩენდა, ერთ ალაგას ვერა ჯდებოდა, ლაპარაკს სწყვეტდა, პასუხს შეკითხვებზე რიგიანად ვერ იძლეოდა და მოუთმენლად შედიოდ-გადიოდა. შუა ღამე გადასული იყო, როდესაც ქუჩის კარებში დარბაისელმა მსახურმა თავი შემოყოო და ვერ წარმოიდგენთ, თუ რა მოხდაო. ეს ჩვენი ლიბერალი და თავისუფლების მოტრფიალე პოეტი, სწვდა თავის მოამაგე ლალას საყელოში და რაც ძალი და ღონე ჰქონდა ისე დაუწყო ჯანჯღარი და თან უშვერად ლანძღავდა და აგინებდაო: „მხეცო, ჩერჩეტო, უგუნურო პირუტყვო, სად იყავი აქამდეო? სად ოხრობაში დაეთრეოდი, განა არ იცოდი რომ გელოდი, რომ სული კბილით მეჭირაო! რომ შემეძლოს კბილით დაგგლეჯამდიო“ და სხვა. „ყმაწვილო, ყმაწვილო, ილიკოჯან, ნუ დამახჩე, დამაცალე, მათქმევინე, რაშიაც იყო საქმეო!“ ღრიალებდა საწყალი მოამაგე ბებერიო. თან ჩვენ წავეშველეთ, შევთათხეთ ილია, ამ გვარის თავხედობისთვის და ხელიდგან ძლივს გამოვგლიჯეთ თავის ერთგული შიკრიკიო, რომელმაც მხოლოდ ეხლა მოახერხა უბიდამ გამოეღო ხელის ოდენა საიდუმლო ბარათიო და ბრძოლისაგან მიქანცულმა მოხუცმა, გადასცა მოუთმენელ არშიყს და თან თავის მართლებას შეუდგაო. „ქალი „ვე• ჩერში“ ბრძანდებოდა ნამესტნიკთან, თორმეტ საათზე მო- ვიდა, სანამ თავის ოთახში შევიდა, სანამ მოახლემ შენი ბარათი გადასცა სანამ საპასუხო უსტარი დასწერაო, დრო იყო - საჭირო თუ არაო?“

- მაპატიე, მაპატიე, ჩემო კარგო მეგობარო! — ლმობიერათ მხარზე ხელი დაადო ილიამ ლალას, მხოლოდ მაშინ, როდესაც ბარათი გადაიკითხაო.

- მერე რო იცოდეთ რა იშვიათი კაცი იყო, რა უზომო ერთგული და მოსამსახურე, როგორის დედა-შვილურის სიყვარულით უყვარდა, უვლიდა და ყოველს იმის სურვილს ასრულებდაო. არც ერთი დედა, არც ერთი აღმზრდელი, ვერ გამოიჩენდა ამოდენა ალერსს, ამდენ სინაზეს, როგორც ის უბრალო გლეხი, თავის აღზრდილისადმი, გახდიდა ტანთ, როგორც ბალღს, ჩააწვენდა გამზადებულ ლოგინში, დაუჯდებოდა ფეხთით და... და თან ზღაპრებს უამბობდაო, მანამ დეეძინებოდა ნებიერს და მერე პირჯვარს გადასწერდა სასოებით და ფეხის აკრეფით გავიდოდა სამზარეულოში.

ამ სიტყვებით დაასრულა პოლტარაცკიმ თავისი ამბავი ილიას მიჯნურობის შესახებ და ეს ლაპარაკი უშუალოდ მოწმობს, რომ ილიას და ოლღას სიყვარული ყოველგვარ ანგარების გარეშე იყო ჩასახული და ორი ახალგაზრდა, სრულნი ყოველგვარი პიროვნების ღირსებით, შეყვარებულნი იყვნენ და დიდხანს, დიდხანს ერთად და ერთგულებით ეწეოდნენ ღარიბი ცხოვრების ჭაპანსო და მამულის კანონიერი მეთოთხმეტედი მიიღეს მხოლოდ, ხანში შესულობის შემდეგ, როცა თადეოზი გარდაიცვალა და მემკვიდრეობა კანონის ძალით გაინაწილეს სუყველა შვილებმა.

ოლღა ფრიად მშვენიერი ქალი იყო, ილიაც არ ჩამოუვარდებოდა სილამაზეშიო და როგორც ყოველთვის მოხდება ხოლმე, ორ ყმაწვილ და ბედნიერ არსებათ შორის, შეუყვარდათ ერთმანეთი გატაცებით და არავითარ მატერიალურ ანგარიშს ალაგი არა ჰქონია იმათ შორის და არც შეიძლებოდა რომ ჰქონოდაო. მე მოწამე ვარ იმათი იდეალური სიყვარულის და რომანტიულის გატაცების, რის შედეგიც იყო ბებიის სახლიდან ოლღას გამოპარვა და ჩვენი ამხანაგების დახმარებით იმათი საიდუმლოთ დაქორწინებაო...

მე მრცხვენია, რომ ეს ჩემი წერილები და მოგონებანი ასე ბელეშურად და დაუმუშავებლად მაქვს დატოვებული, მაგრამ ჩემი ცხოვრების გარემოება და ღრმა სიბერის უღონობა, მაბედვინებს მომავალს მემატიანეს დაუტოვო ის, რაც ვიცოდი ნამდვილათ და რის აღდგენაც ჩემ ხელთ იყო... ვიმედოვნებ მით, რომ სხვანი უფრო ვრცლად, უფრო თავდარიგიანი აღნიშვნებით გააშუქებენ ილიას წარსულს და მომავალს. გააშუქებენ იმ ნათელი შუქით, რომელიც ეკუთვნის იმის მდიდარს ბუნებას.