The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ილია ჭავჭავაძის ორი პროზაული თარგმანი

ჟორდანია ნოე

გაზ. „ივერია“ და ეროვნება

ამ ბოლოს დროს „მოამბემ“ (№1) და „ივერიამ“ (№15) ერთ საყურადღებო კითხვის შესახებ აღძრეს ბაასი, — ეს არის პარტიობის არსებობა ჩვენში. კითხვა თავიდანვე ასე დადგინდა: სასურველია თუ არა პარტიების აღორძინება? „მოამბემ“ გამოთქვა, სასურველიაო, „ივერიამ“ არ არის სასურველიო. ჩვენ ამ საგანს სხვა მხრივ გავშინჯავთ. საქმე იმაში კი არ არის, მოვლენათა გუნდი ორათ გაყო, ერთს უწოდო ცუდი, მეორეს კარგი, ერთით აღტაცებაში მოხვიდოდე, მეორე კი გეზიზღებოდეს. ვისაც საგნის გაცნობა სურს, ის პირველათ იკითხავს: აქვს თუ არა საფუძველი ამა თუ იმ მოვლენას. თუ მოვლენა ჯერ კიდევ არ გამოაშკარავებულა ერთიანათ და სავსებით, მაშინ კითხვა ასე უნდა დადგეს: შესაძლებელია ამ გვარი მოვლენის გამოჩენა? ერთი სიტყვით გამორკვეული უნდა იქმნას მიზეზი მისი არსებობისა, უნდა გადიშინჯოს ნიადაგი და მისი შემადგენელი ახალი და ძველი ელემენტები გამოიჩხრიკოს. შეიძლება მოვლენა სრულიათაც არ იყოს სასურველი, მაგრამ ისეთი ნიადაგი მომზადდეს, რომ მისი აღმოუცენლობა შეუძლებელი გახთეს; ან კიდევ ძლიერ სასურველიც იყოს, მაგრამ საკმარისი მიზეზები არ მოეპოვებოდეს და სამუდამოთ გაჰქრეს. დასები ვერც დაიბადება და ვერც მოისპობა თითო-ოროლას სურვილით, ხელოვნურათ. ისინი ცხოვრების განვითარების მიერ უნდა იქმნენ წარმოშობილნი და ფესვები გამაგრებულნი. ამისათვის ჩვენ ვიკითხავთ: შესაძლებელია თუ არა ჩვენში დასების გაჩენა? ე. ი. არის ისეთი საზოგადო კითხეები, რომელთაც ყოველნი და ყველანი ერთნაირათ არ გადაჭრიან? სანამ ამაზე მიუგებდეთ, საჭიროა ცხოვრების გულში ჩახედვა. იქნება თვითონ ცხოვრებამ მოგეცეს — თვალთა ხედვის წერტილი მოვლენათა გასათვალისწინებლათ და გასაგებათ.

ჩვენი ცხოვრების შესახებ ჩვენი აზრი გამოეთქვით ორს წერილში („ეკონომიური წარმატება და ეროვნება“ „მოამბე“ №5-6), რომლის დედააზრს აქ მოვიყვანთ; საქართველოს დღევანდელი განვითარება შეიცავს ორ მხარეს, ორივეს აუცილებელს და ერთმანეთთან მჭიდროთ შეკავშირებულს: ნივთიერათ გ ა ე რ თ ი ა ნ ე ბ ა საქართველოს სხვა-დასხვა კუთხის და ნივთიერათ დ ა ყ ო ფ ა ქართველი ხალხის. ორივე ხდება აღებ-მიცემობის, კაპიტალის წყალობით. პირველ შემთხვევაში თუ ერი ერთიანდება იდეებით ეროვნული თვითცნობიერების ნიადაგზე, მეორე შემთხვევაში იგივე ერი ნაწილდება ინტერესებით ეკონომიური თვითცნობიერების ნიადაგზე ყოველივე ფეხის ნაბიჯი ჩვენ მიერ წინ გადადგმული მოასწავებს ეროვნული შრომის, საწარმოვო ძალის განვითარებას—ერთი მხრით, კლასსიკური განხეთქილების, სოციალური ანტაგონიზმის აღორძინებას — მეორე მხრით. ეს ორი მხარე ერთი მეორის შვილია, პირველი იწვევს მეორეს, მეორე ავითარებს პირველს. ჩვენი ცხოვრება, რომლის შინაარსს წინათ წოდებრივი წყობილება და პატრიარქალურ-იდილიური დამოკიდებულება შეადგენდა, დღეს გაევროპიელების გზას დაადგა.

წოდებების ფაქტიურათ გაუქმება და ხალხის დაყოფა თანახმათ სიმდიდრე სიღარიბისა — აი, ეს გზა. აქ ირღვევა ძველებური იდილიური განწყობილება და მის ალაგას გულცივი, მშრალი ბურჟუაზიული ანგარიში დგება. ამგვარათ ეროვნული და სოციალური კითხვა აი, ის ორი ფეხი, რომელზედაც ცხოვრება შედგა და საშინელი სისწრაფით წინ მიექანება. ეს ჩვენი არსებობის დედა-ძარღვია, ეს ჩვენი წარმატების საფუძველია. ასეთია სინამდვილე. შეიძლება აქ დასების გაჩენა? „ივერია“ გვეუბნება, მათი „არსებობა ჩვენი ცხოვრების ბუნებრივ(!) მოთხოვნილებას არ შეადგენსო“, რადგანაც ჩვენ ყველას ერთი საქმე, ერთი მიზანი გვაქვს —ეროვნობის დაცვაო. ეს აზრი „ჩვენი უპირველესი წადილია და უახლოესი საფეხური, ეტაპი, რომელსაც უნდა მივაღწიოთ. ხოლო როდესაც ამ საფეხურს ავაღწევთ, მაშინ თვით ცხოვრება მოითხოვს ჩვენს დანაწილებას სხვადასხეა მიმართულებათ“. ამ სახით „ივერიას“ ჰგონია, ცხოვრება ასეთი მის მიერ დამწკრივებული საფეხურებით მიმდინარეობს, ჯერ ერთი, მერე მეორეო. ნამდვილათ კი ყოველივე მოვლენას ორი მხარე აქვს: კონსერვატიული და პროგრესიული. ამ ორი წინააღმდეგობის შეტაკებით მოძრაობს თვით მოვლენა. ჩვენი თანამედროვე ცხოვრების სარჩული ეკონომიური წარმატებაა, რამაც დაბადა ეროვნული გაერთიანება და სოციალური დანაწილება. საქართველო ერთი, განუყოფელი; საქართველო ორი, სიმდიდრ-სიღარიბის მიხედვით დაყოფილი. თუ პირველ კითხვაზე ვერთდებით, მეორეზე ვიყოფით. თუ შინაურ ცხოვრებაში ვიბრძვით, გარეშე მტრის წინააღმდეგ ერთათ ვდგევართ, ეს არის არსებითი თვისება უმაღლესი განვითარების. როცა „ივერია“ ამბობს, „ჩვენში დასები არ არისო, ამით მხოლოთ იმას ამტკიცებს, რომ ჩვენი ცხოვრება ჯერ ჩვილი, განუვითარებელიაო. ხოლო როცა გვარწმუნებს, რომ ჩვენში დასები არც უნდა იყოსო, ამით მხოლოთ ჩვენი განუვითარებლობა პრინციპათ აყავს და აკანონებს, ჩვენ ვერ განვითარდებითო.

განვიხილოთ ეგევე კითხვა სხვა მხრივ. „ივერია“ წერს: „ხალხს და ლიტერატურას ჰყოფს მრავალ პარტიათ თავისუფალი პოლიტიკური ცხოვრება“. რუსეთში ამგვარი თავისუფლება არ არის, მაგრამ მისი ამ საუკუნის ისტორია, პარტიების ისტორიაა. განა დღესაც არ არსებობს რუსულ მწერლობაში სხვა-და-სხვა მიმართულება? სანამ ევროპაში პოლიტიკური თავისუფლება დამკვიდრდებოდა, მანამდისაც არსებობდენ პარტიები. საფრანგეთში ენციკლოპედისტები (XVIII საუკ.), გერმანიაში მემარცხენე ჰეგელიანები და რადიკალები (ამ საუკუნის პირველი ნახევარი), ინგლისში ნიველისტები და სხ. (მე-XVII საუკ.). ამათი წინააღმდეგნი იყვენ სხვა-და-სხვა კონსერვატორული დასები. როცა ასეთმა პარტიობამ მოიკიდა ფეხი, მაშინ ცხოვრებამაც ძირითადი ცვლილება მოახდინა, რაც ამტკიცებს იმას, რომ პარტიობა სიმწიფის ნიშანია. „ივერია“ გვეტყვის: ყველა ეს დამოუკიდებელ ერში წარმოებს, დამოკიდებული, დაჩაგრული ერი ასე არ ჰყოფს თავის ძალასაო. მართალია ეს? გავშინჯოთ ისტორია და დღევანდელი ცხოვრება.

ი რ ლ ა ნ დ ი ა. აქ დაარსდა სამი დასი, რომელნიც იღვწოდენ ირლანდიის ხალხისათვის. 1878 წელს მიხელ დავითი შეიქმნა „აგრარიული ლიგის“ მოთავე და გამოაცხადა შემდეგი: „ირლანდიის კითხვა არ არის მარტო პოლიტიკური. კითხვა როგორც პარნელს და მის დასს ჰგონია (ჰომრულერებს)— არა, ის სოციალური კითხვაა, უნდა ჩამოერთვას მიწები ლორდებს და უმიწაწყლო ფერმერებს დაურიგდესო. ამ ეკონომიურ პროგრამას ემხრობოდა მეორე დასი — ფენიები — იმ გარჩევით, რომ ის მიილტვოდა ირლანდიის სრული განთავისუფლების და რესპუბლიკის დამყარებისაკენ. ჰომრულერებს კი სურდათ მხოლოთ ირლანდიის თვით-მმართველობა ინგლისის მეფის წინამძღოლობით, იმდროს დავითი დაიჭირეს, სასტიკი სასჯელი მიუსაჯეს. ამან ააღელსვა „ლიგა“ და შეიქნა საშინელი მოძრაობა. პარნელმა სასწორი მართლმსჯელობისა „ლიგისკენ“ გადახარა და მის მოთავეთ შეიქმნა. მისი დასიდან ზოგი მიემხრო, ზოგი არა. ამ ორმა დასმა მთელი ირლანდია შეძრეს საიდუმლო, თუ აშკარა, მოქმედებით, რისთვისაც გლადსტონი (1881 წ.) იძულებული შეიქნა განსაკუთრებითი წესები შემოეღო და პარნელიც დაეჭირა. ამდროს გამოჩნდა მესამე დასიც — რიბოლები. ეს დასი ძველია, მისი დაარსება ეკუთვნის 1820 წ. 1835 — 55 წ. გაძლიერდა და მერე კი მისუსტდა. ახლა ხელახლა ადგა. მისი პროგრამმა ვერ არის რიგიანათ გარკვეული, უფრო რადიკალურია, თითქმის სოციალისტურიც. ყველა ეს დასები სამაგალითო ერთსულობას იჩენდენ მთავრობასთან ბრძოლაში, შიგნით კი სხვა-და-სხვა ნაირათ იღვწოდენ. ამათ წინააღუდგენ ირლანდიის ლორდები და ინგლისს დაუკავშირდენ. არეულობა გაძლიერდა, როგორც ამ ლორდების, ისე ინგლისის წინააღმდეგ. მაშინ გლადსტონმა მოისურვა ზომიერ დასთან შერიგება. ინახულა სატუსაღოში პარნელი და თანხმობის პირობაც შეკრეს. ირლანდიის თვით-მაროველობა და ფერმერთათვის საკუთარი მიწის მიცემა — ეს იყო ამ პირობის უმთავრესი მუხლი. ორი დანარჩენ დასმა ეს საქმე პარნელს ღალატობაში ჩამოართვეს. გლადსტონმა კი ჯერეც ვერ შეასრულა დაპირებული. ამ ნაირათ, როგორც ხედავთ, ირლანდიას ოთხი დასი ჰყოლია.

ჩ ე ხ ი ა. ამ ათი წლის წინათ ჩეხიაში ფესვი გადგმული ჰქონდა ეგრეთ-წოდებულ ძველ-ჩეხთა დასს, რომელიც ნაციონალური პირბადით შეძლებულთა ინტერესს იცავდა. დროთა-ვითარებამ მათი ნამდვილი მიზანი საქვეყნოთ გახადა. 1881 წ. ზოგიერთი მადნების მუშებმა მუშაობა აკვეთეს, მოითხოვეს დღიური ქირის მომატება, ათი საათის სამუშაო დღის შემოღება და სხ. მაშინ ტააფეს (მინისტრო იყო, რომელმაც მოიწადინა ავსტრიის სხვადა-სხვა ერთა მორიგება) მუშათა მოძრაობამ ძლიერ გააოცა მთავრობა და ჯარით დაამშვიდა. ძველ-ჩეხთა დასმა ხელი შეუწყო საქმის ასეთ დაბოლოვებას. ასეთი მუშაობის აკვეთა და ასეთი დამშვიდება გახშირდა. ამას მიემატა გლეხთა მოძრაობა უზომო გადასახადების და სხვა უკანონობის წინააღმდეგ. მიტინგებით მოიფინა ქვეყანა. წინ წამოაყენეს ეკონომიური ინტერესები. გლეხთა უმთავრეს კომიტეტმა ამნაირი პროკლამაცია გამოსცა 1) (ივნის 1881 წ.): „იმპერატორმა ჩვენ გაგვათავისუფლა ბატონ ყმობისაგან მაგრამ ჩვენ ახლა მეორე უღელი დაგვადგა: დიდი კაპიტალი და ფულიანი ბარონები, ამათ რომ ჩვენი ყურადღება გარეთ გაიტყუონ, უშინაარსო პროგრამას ხელს ჰკიდებენ, აბა, რომელი ერი შეიქნება ბატონიო. ამავე დროს ყოველივე უპირატესობა და დახმარება ეძლევა კაპიტალისტებს და ფულიან ბარონებს. ყველა ეს, რასაკვირველია, ჩვენს ხარჯზეა. ჩვენზე არავინ წუხს. გლეხებს არ ყავს მეგობარი არც ქრისტიანებში, არც ურიებში, არც მდიდრებში, არც ღარიბებში. გლეხობა არსებობს იმიტომ, რომ „დიდი-კაცები“ დეპუტატებათ გამოირჩიონ; შემდეგ, ურჩევს ყველა გლეხებს ეროვნობის განურჩევლათ, კავშირის შედგენას და თავიანთთვის ბრძოლას. გამოითქვა აგრეთვე ის აზრი, რომ გლეხი მუშა და წვრილი მწარმოებელნი ერთათ შეერთდენ მსხვილი კაპიტალის წინააღმდეგ. აი, აქ დაეკარგა ავტორიტეტი და სახელი ძველ დასს. უნდა გამოჩენილიყო ახალი პოლიტიკური დასი და კიდეც გამოვიდა, ამან თავისი პროგრამა ააშენა ორი უმთავრეს მუხლზე: ხალხის ნივთიერი ინტერესების და ეროვნული თვით-არსებობის დაცვა. ამ დასს დაერქვა ახალ ჩეხთა დასი, რომელმაც საშინლათ დაამარცხა მოწინააღმდეგე ძველი დასი. ამ ბოლოს დროს ჩეხიაში ფეხი მოიკიდა სოციალ-დემოკრატთა დასმა, მაგრამ ეს და ახალი ჩეხები თანდათან უახლოვდებიან ერთმანეთს. ამათ გარეთ კიდეე არიან წვრილი დასები.

ვ ე ნ გ რ ი ა შ ი. სანამ ის თვით მმართველობას მოიპოვებდა, ორი დასი მუშაობდა: კოშუტის და დეაკის (იხ. მოამბე“ №4. „კვალი“ №25 94 წ.).

პ ო ლ ო ნ ი ა შ ი. ორი დიდი დასი მოღვაწეობს ვარშავის მწერლობაში, ორი უმთავრესი მიმართულება: კონსერვატორული და პროგრესიული (უკანასკნელის ორგანო არის საკვირაო ჟურნალი glos).

ოსმალეთის ს ო მ ხ ე თ შ ი ორი დასი იბრძვის: ჰონჩაკელები და დროშაკელები. თფილისის სომხობაში ორი დასია: პროგრესიული („მშაკი“) და კონსერეატიული („ნორდარი“).

ერთი სიტყვით ყველა წინ-წაწეულ, გარეშე სახელმწიფოს მიერ დამონებულ, ერებში დასები ყოფილა და არის. მხოლოთ თბილისში ქართული გაზეთი „ივერია“ გამომდგარა და იძახის: „დასების არსებობა ჩვენს ბუნებრივს მოთხოვნილებას არ შეადგენსო“. ჩვენ სულ იმას ეფიქრობთ, ვაი თუ „ივერია“ ამით მხოლოთ იმას გეეუბნებოდეს, რომ ყველამ „ივერიის“ თავი მოიბით და ჩვენ თანახმათ იფიქრეთო. ამ შემთხვევაში „ივერია“ გამოდის გონების ინკვიზიციის მოძღვრათ. ეს-ღა აკლდა ჩვენს ობ-მოკიდებულ უაზრობას!

II

რაკი „ივერიამ“ ერთხელ აღიარა, არ არის საქართველო გარდა საქართველოსი და ერთათ-ერთი მისი ორგანო „ივერიაა“-ო, რასაკვირველია, ამით მან ბრძოლა გამოუცხადა ყოველი ახალი აზრის გაფუჩქნას და შემუშავებას, მიმართულების და ცხოვრების ახალი პრინციპით გამოკვლევას და, აი, სწორეთ რამდენსამე დღეს შემდეგ „ივერიაში“ ვკითხულობთ ერთ ფელეტონს, სადაც იგივე აზრია გატარებულ (№19). „კვალი“ წერდა: მესამე დასმა წინააღმდეგ „ივერია“.„მოამბისა“ ახალი ეროვნული პრინციპი წამოაყენა: „ჩვენ უნდა ვეცადოთ, მხარი მივცეთ ყოველს ისეთს გარემოებას, ყოველს ღონისძიებას, რომელსაც შეუძლია საქართეელოს ერი განამტკიცოს, გააღონიეროს ერთიანობით, პოლიტიკურათ და ეკონომიურათ; აგრეთვე უნდა ვეწინააღმდეგოთ ყოველს მეცადინეობას, რომელსაც შეუძლია რომელიმე ნაწილი ამ შემკრებელობით ერთიანობისა გააბატონოს და დააწინაუროს სხვა მის ნაწილებზე“ და სხ. (№5) . „ივერია, თავის თავის დაცვის მაგიერ, სიტყვას ბანზე აგდებს და ასეთ პასუხს იძლევა: „მესამოცე წლების მოღვაწეებმა დასახეს ეროვნების პრინციპი სრულიად სავსებით და არა ცალ-კერძოთ“. ისინი დემოკრატული პროგრამმით იღვწოდენო, საოცარი პასუხი: მას ამტყუნებენ დღეს კონსერვატორი ხარო და ის კი მესამოცე წლებზე ლაპარაკობს! შემდეგ ასე განაგრძობს: „გ. წერეთლის აზრით კი ეს პრინციპი ახლა გამოთქვაო. მისგან ჩოჩხათის სასაფლაოზე ამოჩენილმა „მესამე დასმა“. ერთი უნდა ვკითხო „ივერიას“, რას ნიშნავს „ეროვნების პრინციპი“? ეს უბრალო სიტყვაა, თუ რამე შინაარსი აქეს. უკანასკნელ შემთხვევაში ის წყაროს ცხოვრებიდან უნდა ღებულობდეს, ის კითხვები, რომელნიც ცხოვრებაში ტრიალებენ „ეროვნულ პრინციპს“ საფუძვლათ უნდა დაედვას და შინაარსათ გაუხდეს. ზევით მოყვანილ ისტორიულ მაგალითებიდან ნათლათ ჰჩანს, თუ როგორ იცვლება „ეროვნული პრინციპის“ შინაარსი, როგორ ჩნდება სხვა-და-სხვა დროს სხვა-და-სხვა დასი. თუ ჩვენ „ივერიას“ დავუჯერეთ და დასის გამოსაცნობათ მისებური ეროვნულ პრინციპით ვიხელძღვანელეთ, მაშინ ყველა ეს დასები ერთ და იმავე დასად უნდა მივიღოთ, რადგანაც ყველა „ეროვნულის პრინციპის“ დროშას ქვეშ იბრძოდე, როგორც ვიცით, ეს ასე არ არის. „ივერიას“ იმიტომ მოსვლია ეს შეცთომა, რომ სიტყვა საქმეთ მიუღია, „ეროვნული პრინციპი“ ერთხელ და სამუდამოთ განსაზღერული ჰგონებია. რასაკვირველია, დაცვა ვინაობის, ენის, პირადობის, თავისუფლების არსებობითი თვისებაა ეროვნებისა, მხოლოთ საქმე იმაშია, თუ ეს ვის როგორ ესმის და რა საშუალებით დაინტერესებს ამაში ხალხს. ერს რა გზით შეეძლება მისი ცნობიერების აღდგენა. აი, აქ არის მთელი კითხვა. ჩვენ, ეკონომიური მატერიალიზმის მომხრენი, ვამბობთ: ხალის პოლიტიკური და ეკონომიური ვითარება უნდა იყოს ერთთ-ერთი შინაარსი მისი ყოველ-გვარი ცნობიერებისა. ყველა ზევით ჩამოთვლილი თანამედროვე დასები ეკონომიურ საფუძველზე დგანან, ამისთვის შეიქნენ ისინი ძლიერნი, რის წინაშე გლადსტონმაც კი ქედი მოიხარა. „ივერია“ თავისი „ეროვნული პრინციპით“ გვაგონებს ბავშს, რომელიც მთვარეს თხოულობს, მომეცითო და, როცა არ აძლევენ, ტირილს მორთავს. ნატვრა, კეთილი განზრახვა, ვერაფერი თავდებია საქმის განხორციელების და მიზნის მიღწევის. „ივერია“ ნატრობს, ნეტავ ეს შემასრულებიაო, ჩვენ კი გვსურს თვით ცხოვრებაში მოვნახოთ ის მატერიალური პირობები, რომელნიც შეადგენენ სამოქმედო ნიადაგს. აქ კი ვხედავთ დიდ უმრავლესობას ეკონომურათ დაჩაგრულს, ბევრ უფლებებს მოკლებულს და თუ მოკლებულს არა, სიღარიბის გამო ცხოვრებაში გამოუყენებელს (წვრილი აზნაურობა). ნამდეილი ეროვნული დასი ამათი ინტერესების დამცველია, ამათი ცნობიერების და ადამიანობის აღმდგენია. ახლა ვიკითხოთ, მესამოცე წლებში იქნებოდენ კითხვები, რომელნიც მერმინდელ ცხოვრებამ წამოაყენა? მაშინდელი კითხვა მდგომარეობდა ბატონყმობის გაუქმებაში. ეს იყო საერო, სახალხო საქმე. ჩვენი პროგრესიული მოღვაწენიც ამ ნიადაგზე იდგენ და ებრძოდენ ძველ თაობას, ბატონ-ყმობის მომხრეს (იხ. „კვალი“ №6, 1895 წ.). ამ მოღვაწეობით ჩვენ ნამდვილათაც ვამაყობთ, რაც გამოთქმული იყო „კვალში“ (№35, 1894 წ.). მაგრამ მაშინდელი ეროვნული პრინციპის“ შინაარსი დღეს ჩალათაც არ ღირს. ბატონ-ყმობის მოსპობას ყველა წოდება შეურიგდა და შეეჩვია. ცხადია, დემოკრატულ დასმა ახალი ნიადაგი უნდა მოძებნოს და მით შეიქნეს ძველი პროგრესიული დასის გამაგრძობი. „ივერიამ“ ასეთი ნიადაგი თავად-აზნაურობაში ჰპოვა“. ჩვენ ამ ნიადაგს ვეძებთ ერის უმრავლესობაში, მიუხედავათ წოდებისა. ეს უმრავლესობა ახალი ვითარებით საშინელ მდგომარეობაშია ჩავარდნილი, უნდა გაცნობიერდეს, შეგნებულათ შეეყაროს მომავალს. მაშასადამე, როცა „ივერია“ ამბობს ახლანდელი „ეროვნული პრინციპი“ და მესამოცე წლების ერთი და იგივეაო, ან სიტყვას საქმეთ ღებულობს, ან და არ უწყის, რასაც ამბობს.

* თუ დღეს ამას უარს ჰყოფს „ივერია“, ჩვენ პირველათ გაუწვდით სულს, როგორც ეს შენიშნული იყო „კვალში“ №6.

აი, აქ ერთდება ეკონომიური და პოლიტიკური მხარეები; „ივერია“ კი ამას ვერ მიმხვდარა. მას რომ დავუჯეროთ, ბ. გ. წერეთელი უფრო პოლიტიკურ მხარეს უთმობს ადგილს, ყარიბი და პეტრიძე ეკონომიური მატერიალიზმის პრინციპებს აძლევენ უპირატესობას. ამის ავტორს რატომ არ გაეგება ის, რომ ყოველივე ეკონომიური ბრძოლა არის ბრძოლა პოლიტიკური (მარქსი) თუ ერთი მწერალი უფრო ერთ კითხვას აქცევს ყურადღებას და მეორე მეორეს, ეგ მხოლოთ შრომის დაყოფა და არა მათი აზრთა წინააღმდეგობაა. მაგრამ „ივერიის“ სიტყვები სიმართლესაც მოკლებულია. პეტრიძის წერილებში ორივე კითხვაა აღძრული (იხ. „კვალი“ №№16—17, 25, 34-35 ). თუ „კვალში“ ჩნდება ხანდახან ისეთი წერილი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს დედა აზრებს (მაგ. ფხას წერილი), ეს ამტკიცებს იმას, რომ რედაქცია ფართო შეხედულობით ხელმძღვანელობს, ჰსურს აზრი გამოირკვეს და „ივერიასავით“ გონების შემბოჭველათ არ შეიქნეს. უეჭველია, ასეთი აზრით ხელმძღვანელობდა „მოამბეც“, როცა ჩვენი წერილები დასტამბა, თუმცა მთელი მისი პუბლიცისტიკა ამ წერილების წინააღმდეგია. დიახ, ჰჯობს ერთმანეთში მოურიგებლობა, იდეების შეტაკება და რისამე გამორკვევა, ვინემ „ივერიელობა“, რომელიც სხვისი გონების მოძრაობას ასე სასტიკათ ეპყრობა და საქვეყნოთ აღიარებს, ყველამ ჩემსავით იფიქრეთო.

„ივერია“ ამ ბოლოს დროს ხშირათ ლაპარაკობს სოციალ-დემოკრატების შესახებ. ეს დასი მისთვის აქამდი არ არსებობდა, ახლა აღმოუჩენია, თუმცა ეს აღმოჩენაც თავისებურია. ის გაკვირვებით კითხულობს: რა კავშირი აქვს ამ დასს ჩვენ ცხოვრებასთანო. ჩვენ ვიტყვით, რომ ამ დასს კავშირი აქვს არა თუ ჩვენთან, არამედ ჩვენზე უფრო უკან ჩამორჩენილ ხალხებთანაც. ავხადოთ ფარდა „ივერიის“ საგულისხმიეროთ. სოციალ-დემოკრატების მოძღვრება შედგება ორი ნაწილისაგან: ისტორიულფილოსოფიური და პოლიტიკურ-ეკონომიური. პირეელი შეიცავს თეორიას ეკონომიური მატერიალიზმისას, მეორე კი თანამედროვე წყობილების შეგნებას, კრიტიკას და ამის თანახმათ ბრძოლას. პირეელი გვეუბნება, რა არის ისტორიის დედა ძარღვი. როგორ და რა ნაირათ მოვდივართ, საითკენ მივდივართ, მეორე იკვლევს სპეციალურათ კაპიტლისტურ წყობილებას და გამოყავს ის დასკვნა, რომ ეს წყობილება უნდა დაინგრეს, მისი უმაღლესი განვითარება მისივე სამარეაო. (იხ. „კვალი“, „პარიჟი“ V — VI). ჩვენი წარსულის და აწმყო მდგომარეობის გასაგებათ ვხელმძღვანელობთ ეკონომიური მატერიალიზმით, ხოლო რამდენათ ვითარდება კაპიტალისტური წყობილება, იმდენათ მეორესაც ხელს ვკიდებთ ერის დაჩაგრული ნაწილის გასაცნობიერებლათ ახალი მოვლენის წინაშე*. ცხადია, ცოდნა თვით მოძღვრების და ჩვენი ცხოვრების შეადგენს ქვა-კუთხედს პროგრესიული მოღვაწეობისათვის. ერთი სიტყვით, სოციალ-დემოკრატთა მოძღვრება როგორც ისტორიული, ისე ეკონომიური მეცნიერებაა. რომელსაც ბურჟუები ებრძვიან ანგარიშით და არა ჭეშმარიტების მოყვარულობით (და სავლეთ ევროპაში); „ივერია“ კი კითხულობს, რა კავშირი აქვს ჩვენთან მეცნიერებასო!

* „ივერია“ ამბობს, შეიძლება ჩვენმა ერმა თავისებური, არა კაპიტალისტური, უკონომიური ფორმა შუიმუშავოსო. კარგი იქნება, რომ ამ საიდუმლოებას გაგვიმხელდეს, ამ თილისმას გვაცნობებდეს!?

ამით ვათავებ ამ ჟამათ „ივერიასთან“ საუბარს.

III

1893 წ. განსვენებულ ეგ. ნინოშვილმა „კვალში“ ორი პუბლიცისტური წერილი დასტამბა, რითაც ჩვენ დიდ ხნით მიძინებულ „ივერიას“ ძილი დაუფრთხო და ზეზე წამოაგდო. ასეთი თავხედობა, რასაკვირველია, დარბაისელმა გაზეთმა არ აპატივა ახალგაზდა მწერალს და სამაგიერო მიუზღო: ეს ახალგაზდათა „ხტუნაობა, კუნტრუში და ლიკლიკობაა“ მეტი არაფერიო (№29) 1894 წ. გადაიცვალა იგივე ნინოშვილი და მის დასაფლავების მეორე დღეს „კვალმა“ გამოაცხადა: ჩვენში თურმე ახალი დასი შემდგარა, რომლის მეთაური ნინოშვილი ყოფილაო. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს არაფრათ ეჭაშნიკა იმავე „ივერიას“ და ყვირილი მორთო: რის დასი, რა დასი, ჩვენ ვართ და ჩვენო. 1895 წ. მოხდა სასწაულება, გადაბრუნდა ქვეყანა. იგივე „ივერია“ თავის ძველი ბუდიდან გადმომხტარა და საყოველთაო განსაცვიფრებლათ ახალი დასის შუაგულში დასკუპებულა. საუბედუროთ ნახტომი შეშლია და კუდი ისევ ძველ ბუდეში დარჩენია. ამნაირათ ასეთ ჩახლართულ მდგომარეობაში ჩავარდნილა. რა ქნას, საით წავიდეს?.. წინ? მაშინ ხომ სრულათ შეუერთდა მის მიერ ათვალწუნებულ დასს, ეს კი ასე საძნელოა „ივერიული“ თავმოყვარეობისათვის. უკან? — ეს ერთობ გასაჭირია, უბრალო სტრატეგიული მოსაზრებაც კი ეწინააღმდეგება ამას. აბა, რა სივაჟკაცეა მტრისკენ ზურგის მიბრუნება. ეს ექვსი თვეა ამ განსაცდელშია ჩვენი ერთათ-ერთი ყოველ დღიური გაზეთი. ხან იქით გაექაჩება, ხან აქეთ, მაგრამ ამაოთ, თავის ადგილიდან ვერ ინძრევა. ცალი ხელი პროგრესისტებისაკენ გაუწვდია, მეორე კონსერვატორებისკენ. სურს ესენი შეაერთოს, დაამხანაგოს, დასობა ვის გაუგონია. ყველა ერთდა იმავე დასს წარმოვადგენთო, მაგრამ არ იქნა და არა, შეგირდებს არაფერი ესმით, ჯიუტები ყოფილან. ეს ამდენი შეგირდების ბრალი არ არის, რამდენიც თვითონ მასწავლებლის საქმე იმაშია, რომ ამ დასთა მომრიგებელ მოსაშუალეს სრულიად უყურადღებოთ დაუტოვებია კონსერვატორები და ბრძოლა დარიგება მხოლოთ პროგრესისტებისაკენ მიუმართავს. მას არ ასვენებს ერთი გარემოება: რატომ უთუოთ ჩოჩხათის სასაფლაოზე აღმოჩნდა ახალი დასი და არა სხვაგანო? ხოლო ამ უსიამოვნო ამბავს რომ თავი დააღწიოს, ის იმშვიდებს გულს არავიარი დასი არ აღმოჩენილა, მარტო გაზეთი „კვალი“ გამომდგარა და იძახის ცალკე—მესამე დასი ვარო? მიუხედავათ ამისა, შემთხვევას არ უშვებს თავისი ისარი მისგან უარყოფილ დასს შესტყორცნოს და ამით კიდევ ერთხელ ეწინააღმდეგოს თავის თავს. ერთი ამგვარი ისრის ნატეხი, სხვათა შორის ჩვენამდისაც მოვიდა და იმედია შემდეგშიაც ასეთი წყალობა არ მოგვაკლდება. ეს მოწყალება კი გამოიწვია ჩვენმა წერილმა, რომელიც დასტამბულ იყო „კვალში“ და შეეხებოდა „ივერიის“ ახალ მიმართულებას. სიმართლე მოგახსენოთ, ჩვენ ძლიერ მოხარული ვართ „ივერიის“ ასეთი მოულოდნელი ცვლილებისათვის. ამიტომ სწორეთ მადლობის ღირსია მისი ახალი თანამშრომელი ბ. ლალი, უეჭველათ პროგრესიული მოღვაწეა; მაგრამ მოგეხსენებათ, მარტო კეთილი განზრახვა, რიგიანი მისწრაფება საკმარისი არ არის. „ივერიის“ პუბლიცისტს, მართალია, ჩინებული მიზანი აქვს, მაგრამ ის საშუალება რასაც ის ასახელებს, ის მოძღვრება ჩვენი ცხოვრების შესახებ, რომლის ქადაგს ის შედგომია, ერთობ კონსერვატორიულია და არავითარი კავშირი არ აქვს არც მის მიერ მოწონებულ მეცნიერებასთან და არც მის იდეალთან. შეიძლება, მკითხველს ეს გაუკეირდეს, დასარწმუნებლათ ვთხოვთ, ჩვენ გამოგეყვეს და მცირედი ყურადღება მოგვაპყრას, პირველათ აღვადგინოთ საკამათო საგანი. ეს მით უფრო საჭიროა, რომ კამათობაში ხშირათ ივიწყებენ მას, რამაც კამათობა გამოიწვია და ერთი ფეხ-მარდი გადახტომით სრულებით სხვა ნიადაგზე გადადიან.

„ივერია“ წერდა: „ხალხს და მის ლიტერატურას ჰყოფს მრავალ პარტიათ თავისუფალი პოლიტიკური ცხოვრება“ ცოტა ქვევით ასე განაგრძობს: მესამოცე წლების მწერლებმა „აღძრეს ერთი დიდი საგანი, ეროვნული თვითცნობიერება, ეროვნული თავის დაცვა და განვითარება ერისა ევროპიული სწავლა-მეცნიერების საშუალებით. დღეს დროთა ვითარების გამო ჩვენ ყველანი შევადგენთ ერთს პარტიას, ერთის აზრით გამსჭვალულს. საშუალება და სახსარიც ერთი და იგივე გვაქვს ამ აზრის განსახორციელებდ ათ; მაგრამ თუ ვინმე ახალს რომელსამე საშუალებას დაგვისახელებს, დავეთანხმებით, ოღონდ კი ეს საშუალება არ ეწინააღმდეგებოდეს ჩვენს აზრსა და არ არღვევდეს ჩვენის ერის საჭირო ერთობას. ზემოხსენებული აზრი ჩვენი უპირველესი წადილია და უახლოესი საფეხური, ეტაპი, რომელსაც უნდა მივაღწიოთ“ (№15) . ახლა ვიკითხოთ, რა ეტაპი აქვს ავტორს მხედველობაში! თავისუფალი პოლიტიკური ცხოვრება, თუ ეროვნული თავის დაცვა? ამის გამოსაცნობათ დავიხმაროთ მისი მეორე წერილი (№19). აქ ვკითხულობთ: „ყოველმა ჩამორჩენილმა ერმა უნდა იმუშაოს თავის კულტურის ამაღლებისა და წარმატებისათეის. „მაგრამ ამას ეწინააღმდეგებიან ერთხელვე დამკვიდრებული ჩვენში ისტორიული გარემოებით გარეშე ძალები“: მაშ, თუ ეს ასეა, ეკონომიურა ბრძოლა აქ არაფერს შუაშია, და დიდათ საეჭვოა, რომ ამ ნიადაგზე აღმოცენებულმა ბრძოლამ სამოთხის კარებამდის მიიყვანოს ბ. გ. წერეთელი და მისგან აღმოჩენილი მესამე დასიო“, ახლა პასუხი აშკარაა, ავტორს მხედველობაში აქვს ეროვნული კითხე და არა პოლიტიკო-ეკონომიური. ჩვენ ეს ასე გავიგეთ და თანახმათ ამისა ვუპასუხეთ: დამოკიდებულ ერებში, მიუხედავათ იმისა პოლიტიკური თავისუფლება არის თუ არა, დასები ყოფილან და არიან. ამის გამო „ივერიამ“ დასტამბა ჩვენდა საპასუხოთ ორი ფელეტონი ასეთი სათაურით: „უახლობელესი საფეხური და ინტელიგენციის მოვალეობა“. (№65 , 69). აქ საკამათო საგანი სრულებით დაუვიწყია და მხოლოთ ბიუროკრატიულ „ზედ-შენობის“ შესახებ ლაპარაკობს. ეროვნული თავის დაცვა და „ზედ-შენობა“ —ეს ორი სხვა-და-სხვა კითხვაა მათი ერთმანეთში არევა, ერთის მაგიერ მეორის ჩასმა პოლემიკური ხერხია და მეტი არაფერი. ჩვენს ინტელიგენციაში ჯერ კიდეე სადაოა, ამ ორ კითხვას შორის არსებობს რაიმე კავშირი თუ არა, თვითონ „ივერიას“ არა ერთხელ გამოუცხადებია, რომ ჩვენ სრულებით არ გვაინტერესებს ის, რაც რუსეთის ახალგაზდობას ამოძრავებსო. აი, მაგ. მისი სიტყვები: „ვისურვებთ, რომ ჩვენი ახალგაზდობა საფუძვლიანათ ჩაუფიქრდეს და აწონოს ისა, თუ რა ძირითადი განსხვავება არსებობს რუსეთის განათლებულ თაობასა და ქართველ განათლებულ თაობას შორის, რაც შეუძლია და შეშვენის დიდ ოჯახს, პატარა ოჯახი იმას ვერ აიტანს და ახირებული იქნება ასეთი პრეტენზია დიდ-კაცობაზე პატარისაგან (1893 წ. ივლისი)“. რაკი ეს ორი სხვა-და სხვა საგანია, მაშ რა უფლება ჰქონდა, ჩვენს მოპასუხეს კამათი ერთისაგან მეორეზე გადაეტანა და თუ გადაიტანა, რატომ არ აღნიშნა? ამით ჩვენ ის კი არ გვინდა ვთქვათ, რომ ამ ორ კითხვას შორის მართლა არავითარი კაეში არ არსებობდეს; არა, ჩვენ გვსურს მხოლოთ კამათობის წეს-რიგის დაცვა და მწერლობიდან ხრიკების განდევნა.

ახლა კი გადავყვეთ ავტორს იქით, საითკენაც თვითონ გამგზავრებულა, ხოლო გზა-და-გზა გავშინჯოთ მისი ეკონომიური წერილებიც და ბოლოს გამოვიყვანოთ, თუ რა რჯულის პროგრესისტებს უნდა ვაკუთვნოთ, განახლებული: „ივერია“ და მისი ახალი თანამშრომელი.

პირველი კითხვა, რომესაც „ივერია“ წაატყდა და გადაჭრით კი ვერ გადაჭრა არის კითხვა ეროვნობის შესახებ. რას ნიშნავს ეროვნული პრინციპი, ეროვნული განვითარება, ეროვნობა? აი, რა არის გასარჩევ-გასარკვეველი. ივერია“ ხშირათ უტრიალებს ამას, უვლის გარშემო, ებღაუჭება ხან ერთი მხრით, ხან მეორეთი, მაგრამ ამაოთ? კითხვა მაინც კითხეათ რჩება. „ივერიიდან“ ჩვენ ვტყობილობთ შემდეგს: ეროვნული პრინციპი წამოყენებულ იქმნა მესამოცე წლებში და გადმ0ეცა დღევანდელ მწერლობას; 2) ეროვნობის საქმეში „ეკონომიური ბრძოლა არაფერს შუაშიაო“*; 3) „ჩვენს („ივერიისას“) ეროვნულ პრინციპს საფუძვლათ უდევს მთელი ერის ყოველმხრივი განვითარება, რათა ამით ჩვენს ერსაც შეეძლოს თავის მხრივ შეიტანოს წელილი კაცობრიობის საერთო კულტურაში“ (№19, 69) https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/60274/1/Iveria_1895_N19.pdf. ამ გვარათ, ეროვნული განვითარება ყოფილა ერის ყოველ მხრივი ვითარება, ეკონომიური განვითარების გამოკლებით. ასეთია პასუხი, ასეთა მისი ეროვნება! რა არის საჭირო ერის ასეთი უშინაარსო განვითარებისათვის? „ამისათვის საჭიროა, რომ ერის ცხოვრებას ხელს არ უშლიდეს არავითარი გარეშე გარემოებაო“, გვეუბნება გაზეთი, მაგრამ, ერმა, რომ ეს გარეშე გარემოება დაძლიოს, თავიდან მოიშოროს, საჭიროა, ის იყოს განვითარებული, გაღონიერებული. „ივერია“ კი გვეუბნება, ის ვერ გაღონიერდება მანამდი, სანამ თავისუფალი არ არისო. რანაირათ გამოვიდეთ ამ მოჯადოებულ წრიდან? განუვითარებელია, იმიტომ რომ თავისუფალი არ არის. თავისუფალი არ არის, იმიტომ რომ განუვითარებელია, საით არის გასავალი? ავიღოთ მეორე მაგალითი: „ივერია“ ამბობს: „რომ ხალხის თვითცნობიერება იქმნას აღდგენილი, სოფელში უნდა დატრიალდეს ინტელიგენცია და ამ მხრით იმოღვაწყოს, ხოლო, ასეთ მოღვაწეობას კი წინ ეღობება იგივე „ზედ-შენობა“, რომელმაც რუსეთის ინტელიგენციის მოძრაობა შეაჩერა“. აქაც წრეში ვტრიალებთ: ხალხი თვით-ცნობიერებას მოკლებულია იმიტომ, რომ „ზედ-შენობა“ ხელს უშლის. „ზედ-შენობა ხელს უშლის, იმიტომ რომ ხალხი თვითცნობიერებას მოკლებულია; ხალხის განუვითარებლობა „ზედ-შენობის“ ბრალია, ზედ-შენობის არსებობის მიზეზი ხალხის განუვითარებლობაა და სხ. ან კიდევ: კაპიტალიზმის არსებობისათვის საჭიროა პროლეტარიატის არსებობაო, მაგრამ მეორე მხრით, პროლეტარიატის არსებობისათვის საჭიროა კაპიტალიზმის არსებობაო. კაპიტალიზმი ვერ გაჩდება უპროლეტარიატოთ, პროლეტარიატი უკაპიტალიზმოთ. კაპიტალი აჩენს პროლეტარს, პროლეტარი—კაპიტალს. ერთი სიტყვით ეს კითხვები ატრიალეთ როგორც გსურსო, ვერც თავს უპოვით და ვერც ბოლოს ივერიამ“ და „მოამბემ“ ჩაგვიკეტეს კარები და დაგვტოვეს. საკვირველი ის არის, რომ ასეთ ნაობახში დამწყვდეულთ გვარიგებენ, „იმოქმედეთო“. „ივერია“ წერს, ჩვენში მშრომელი ხალხი სოფლათ არის და არა ქალაქად, მაშასადამე ინტელიგენციაც სოფელში უნდა წავიდეს, ამას კი გარეშე გარემოება ეღობება წინ. დასკვნა ასეთია: „ამ გარემოების მიხედეით ჩნდეაბა მოღვაწეობის ასპარეზი ახალგაზდობის მოწინავე რაზმისა, მოდით და გაიგეთ ეს! ქალაქში საჭირონი არ არიან. სოფლათ კი ვერ წავლენ, მაშ სად უნდა იმოღვაწონ? მეორე პლანეტაზე? ცხადია, სამოქმედო ასპარეზი აღარ ყოფილა და სიტყვა „იმოქმედეთო“ ფუჭი და უშინაარსოა. აი, რანაირ მახეში გაბმულა ჩვენი „ივერია“. აქედან გამოსვლა რამდენიც უნდა იმეცადინოს, აღარ შეუძლია.

* „ივერიის“ წერილების გარჩევა ერთობ ძნელია. არ არის არც ერთი დედააზრი შიგ გამოთქმული, რომელიც იქავე, ან მეორე ალაგს არ იყვეს დარღვეული. ეს აშკარათ გამოარკვია ბ. „ქართველ მკითხველმა“! ამისათვის შეიძლება ჩვენც ისეთი პასუხი მივიღოთ როგორიც მიიღო ქართველ მკითხველმა მაგ კითხვების პასუხი იქავე, ჩემს წერილებშიო. სწორეთ რომ არის, ერთ ალაგას ამბობს „ეკონომიური ბრძოლა არაფერს, შუაშიაო“, ხოლო როცა ჩვენ შევნიშნეთ, რომ ეროვნული ბრძოლა შენდება ეკონომიურ ინტერესებზე-მეთქი, ასე წერს: „რომ ხალხმა შეიგნოს და შეიყვაროს ეროვნული იდეალი საჭიროა მის სარჩულათ დაედვას მტკიცე — განსაზღვრული რეალური ინტერესებიო“. ჩვენ აქ არ გამოვუდგებით ლოღიკურ ნახტომებს. ჩვენ გვსურს მხოლოთ ამ არეულობაში სისტემა შევიტანოთ. რაც ძალათ მიწებებულია გამოვაცალოთ და გულ-ღვიძლი გადმოუშალოთ.

ასეთი უკუღმართი მსჯელობა ხშირია ევროპიულ მწერლობაშიაც. აქ ერთს მაგალითს დავასახელებთ. 1847 წ. მარქსი და ენგელსი ცნობილ „მანიფესტში“ მუშა ხალხს ურჩევდენ პოლიტიკური უფლების მოპოებას და ამის საშუალებით ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესობას. ამის წინააღმდეგ ამხედრდა მაშინდელი პროგრესიული მწერლობა და გაიმართა პოლემიკა. ესენი ამბობდენ: ეს აზრი ჩინებულია, მაგრამ განხორციელება ყოვლადშეუძლებელია, პოლიტიკური უფლების შეძენის და მოხმარებისათვის საჭიროა ცოდნა, განათლება, მაშასადამე სიმდიდრე. მუშა ხალხი კი ღარიბია, მაშასადამე უვიციც. რანაირათ შეუძლიათ ამ უვიცს განათლებულ ბურჟუაზიას შეებრძოლოს და პოლიტიკური ძალა წაართვას? ამნაირათ ასეთი წრე გაკეთდა: მუშა ხალხი უვიცია, იმიტომ რომ ღარიბია, ღარიბია იმიტომ რომ უვიცია, უვიცია, იმიტომ რომ ღარიბია, და ასე მუდამ. კაცს ჰგონია ამაზე უძლიერესი ლოღიკა არც კი შეიძლებაო. შემდეგ ცხოვრებამ გვიჩვენა, თუ რამდენათ უსაფუძვლო იყო ასეთი მოსაზრება. მუშა ხალხი დაადგა მარქსის მიერ ნაჩვენებ გზას და ისე გაძლიერდა, როგორათაც დღეს ვხედეთ. — ბუნების მეტყველებაში ერთხელ დავა იყო, ქათამი გაჩნდა უმალ, თუ კვერცხიო. თუ ქათამი არ იყო, კვერცხიც ეერ იქნებოდა, რადგანაც კვერცხს ქათამი იძლევა; თუ კვერცხი არ იყო, ქათამიც ვერ გაჩნდებოდა, რადგანაც ქათამი კვერცხიდან იჩეკება. კვერცხი ვერ გაჩნდება უქათმოთ, ქათამი უკვერცხოთ. ლოღიკა ნამდვილია. ამის გადაჭრა არ შეეძლო მაშინდელ მეცნიერებას. რატომ ხდება ყველა ეს? საქმე იმაშია, რომ ესენი მეტაფიზიკები არიან. ცხოვრებას უყურებენ არა, როგორც პროცესს, განვითარებას, არამედ, როგორც გათავებულ, დაოთხკუთხებულ მოვლენას. ლამარკი-დარვინის თეორიამდი ბუნების მეტყველებაში ის აზრი იყო, რომ ცხოველთა გვარნი ცალ-ცალკე, ერთმანეთის ხამოუკიდებლათ არიან გაჩენილიო, (აგასისი). მაშასადამე ახსნაც არ შეიძლება კვერცხი გაჩნდა უმალ, თუ ქათამი. მხოლოთ დარვინის ევოლიუციონურ მოძღვრებამ საშინელ უბრალოთ გახსნა ეს კვანძი. ასევე იყო სოციოლოგიაში, რის გამოკვლევა ვერ შეიძლეს მეთვრამეტე საუკუნის ფილოსოფოსებმა და მეცხრამეტე საუკუნის ისტორიკოსებმა, ის კარლ მარქსმა გაარკვია და თვალსაჩინოთ გახადა.* „ივერია“ იმით განირჩევა ყველა ამაებისაგან, რომ ის შემცდარი აზრები, რომელნიც ევროპაში ამ 50 წლის წინათ მეფობდენ, დღეს მას შეუთვისებ-შეუსისხლხორცებია. აი, ამ სათავიდან მომდინარეობენ „ივერიის“ ყველა დანარჩენი შეცთომები. მართლაც, თუ კი ცხოვრებას დავანაწილებთ და თითოეულ ნაწილს ცალ ცალკე, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლათ გავსინჯავთ, უთუოთ ზემოთ მოყვანილ ლოღიკურ უკუღმართობას მივადგებით. თუ კი მოვლენას ვუცქერით ისე, როგორც დამთავრებულ დაბოლოვებულ რასმე, აშკარაა „ივერიას“ უნდა დავეთანხმოთ, როცა ამბობს: „ჩვენში კაპიტალის პატრონთა რიცხვი ძლიერ ნაკლებია და ფულიც იმათ ხელში ცოტა ტრიალებს“, აგრეთვე ცოტა უმიწა წყლო მუშათა რიცხვი და მესამეთ, ბაზარიც აღარ გვაქვსო. აი ეს სამი გარემოება აფერხებს კაპიტლიზმის დამყარებას და ვერც დამყარდებაო.** (34). როგორც ხედავთ, ვეღარც კაპიტალი იმატებს, ვეღარც მუშათა რიცხვი და ვეღარც ბაზარი გაფართოვდება. რაღაც თილისმას, წინააღმდეგ განვითარების კანონებისა, ესენი ერთ ალაგას გაუჩერებია, გაუყინავს და „ივერიისთვის“ ჩაუბარებია, აბა, შენ იცი ამ ჩემ სასწაულ-მოქმედებას როგორი სამეცნიერო საფერავით გაალამაზებო. ასეთია ლოღიკა, ასეთია შეხედულობა. ამ ნაირათ ჩვენ გამოვარკვიეთ „ივერიის“ თვალთახედვის ისარი, მისი მეცნიერული საზომი. ეს ყოველგან ერთი და იგივეა: მოვლენის განხილვა არა, როგორც განვითარება, არამედ როგორც ერთ წერტილზე დამდგარი, გაქვავებული, უძრავი; მოვლენა არსებობს, ან არ არსებობს, არის „ჰო“ — ან „არა“. მეთოდი მეტაფიზიკურია. ხოლო მეცნიერებამ უკვე იცის, რომ ერთი და იგიგე მოვლენა ერთ და იმავე დროს არსებობს და არც არსებობს. „ჰოც“ არის და „არაც“. არსებობს — ეს იქიდან ჩანს, რომ მოვლენა წარმოებს, არ არსებობს — ეს კი იქიდან, რომ ის მუდამ ცვლილებაშია, ერთი მისი შემადგენელი ელემენტი ირღვევა და მის ალაგას მეორე, ახალი დგება. ეს რღვევა-შენება, წარსული და მომავალი, რეგრესი და პროგრესი შეადგენს მოვლენის განვითარებას, მის ევოლიუციას. ამ პროცესს გარეთ მოვლენა არ არის. მეთოდი მეცნიერულია.

* იხ. "Монистическій взглядъ на исторію" Н. Бельтова С.-П. 1895 г.

** ალბათ ამიტომ აცხადებს წინდაწინ ეროვნობის სამეში ეკონომიურ ბრძოლას ადგილი არ აქვსო.